Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-474-კ-02 19 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

სარჩელის საგანი: იმპორტის რეჟიმში განბაჟება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 15 მაისს მოსარჩელემ სსიპ «ფოთის ნავსადგურმა" სარჩელი აღძრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ საქონლის საბაჟო რეჟიმში მოქცევის თაობაზე.

მოსარჩელემ სარჩელში აღნიშნა, რომ ფოთის საზღვაო ნავსადგურის მიერ საქართველოს საბაჟოOტერიტორიაზე შემოყვანილ იქნა ნიდერლანდებში აშენებული მიწახაპია გემი «ნ. ნ-ე". საბაჟო კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად საქონლითა და სატრანსპორტო საშუალებებით საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას საქონელი და სატრანსპორტო საშუალებები ექვემდებარება საბაჟო ორგანოში დეკლარირებას. ამავე კოდექსის 84-ე მუხლით დეკლარირება ხდება დადგენილი ფორმის განცხადებით, რომელიც შეიცავს ცნობებს მათი საბაჟო რეჟიმის შესახებ. კოდექსის მე-9 მუხლი კი ადგენს, რომ პირს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს აირჩიოს ნებისმიერი საბაჟო რეჟიმი, ან შეცვალოს იგი მეორეთი საქონლის ხასიათის, რაოდენობის, მწარმოებელი ან დანიშნულების ქვეყნის მიუხედავად.

მოსარჩელის განმარტებით, მიწახაპია გემის საბაჟო გაფორმების საკითხის გადაწყვეტისას შესაბამისი საბაჟო რეჟიმის შერჩევა და გაცხადება მხოლოდ და მხოლოდ დეკლარანტის კანონით მინიჭებული უფლება იყო, კონკრეტულ შემთხვევაში _ სსიპ «ფოთის ნავსადგურის". საბაჟო კოდექსში მინიშნებაც კი არ არის იმის თაობაზე, რომ დეკლარანტის მიერ არჩეული საბაჟო რეჟიმი შესაძლებელია მიუღებელი იყოს საბაჟო ორგანოსათვის და რომ დეკლარანტმა უნდა ამტკიცოს საბაჟო ორგანოს წინაშე მის მიერ შერჩეული საბაჟო რეჟიმის გამოყენების საფუძვლიანობა. საბაჟო ორგანო ვერ უკარნახებდა საქონლის საბაჟო საზღვარზე გადამაადგილებელ პირს, თუ რა საბაჟო რეჟიმში უნდა მოქცეულიყო მისი საქონელი.

სარჩელის თანახმად, სსიპ «ფოთის ნავსადგური" უფლებამოსილი იყო, თვითონ შეერჩია ის საბაჟო რეჟიმი, რომლის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო საბაჟო ორგანოში ამ გემის მიმართ საბაჟო პროცედურების ჩატარება. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მოცემულ შემთვევაში ფოთის ნავსადგურში შემოყვანილი მიწახაპია გემი «ნ. ნ-ე" მიზანშეწონილი იყო მოქცეულიყო საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში, ხოლო ამ საბაჟო რეჟიმის გამოყენების საჭიროება განპირობებული იყო შემდეგით:

«ფოთის საზღვაო ნავსადგურის" უფლებრივი მდგომარეობა 600 მ3 მიწახაპია მცურავი საშუალების (გემი) «ნ. ნ-ის" მიმართ დამყარებული იყო სამმხრივ სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, რომლის მონაწილენიც, ფოთის ნავსადგურის გარდა, იყვნენ ნიდერლანდური გემთმშენებელი კომპანია «დ. შ. გ." და მისი შვილობილი, კვიპროსის კომპანია «ნ. ლ.". მოცემულ ურთიერთობაში «ფოთის ნავსადგურის" სამართლებრივ მდგომარეობას განაპირობებდა მის მიერ «დ-თან" 2000წ. 12 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც, თავის მხრივ, სათავეს უდებდა სამმხრივი სამართალურთიერთობის წარმოშობას და თავისი არსით წარმოადგენდა სსიპ «ფოთის ნავსადგურის" მიერ «დ-ის" წინაშე მიწახაპიას გადახდის განვადებით შეძენაზე თანხმობის მიცემას. ამავე ხელშეკრულების 1-ლი პუნქტით დადგენილი იყო, რომ მიწახაპია გემის მიწოდებაზე კონტრაქტი უნდა გაფორმებულიყო ფოთის ნავსადგურსა და კლიენტად წოდებულ სპეციალური დანიშნულების კომპანიას შორის, რომელიც ამ მიზნით ჩამოყალიბდა «დ-ის" (გემის მშენებელი) შვილობილ კომპანიად. ამგვარ კომპანიას კი წარმოადგენდა კვიპროსში რეგისტრირებული კომპანია «ნ. ლ.". მითითებული კომპანია, თავის მხრივ, 2000წ. 12 დეკემბრის კონტრაქტის მე-6 პუნქტით მიწახაპიას პატრონად რჩებოდა სსიპ «ფოთის ნავსადგურის" მიერ გემის საფასურის სრულად ანაზღაურებამდე და უფლებამოსილი იყო, «ფოთის ნავსადგურის" მხრიდან ანაზღაურებასთან დაკავშირებით შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში უკან დაებრუნებინა მიწახაპია. რაც შეეხებოდა გემის საფასურის ანაზღაურების წესს, ხსენებული ხელშეკრულების მე-3 პუნქტის თანახმად, «ფოთის ნავსადგურს" წინასწარ უნდა გადაეხადა «ნ. ლ-სთვის" გემის ღირებულების 35%, ხოლო დანარჩენი 65% შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით უნდა აენაზღაურებინა თანაბარ წილად 36 თვის განმავლობაში გემის მიწოდების დღიდან. გამომდინარე აქედან, მიწახაპია «ნ. ნ-ე" ფოთის ნავსადგურში შემოსვლის დღისთვის არ წარმოადგენდა «ფოთის საზღავო ნავსადგურის" საკუთრებას, რის გამოც «ფოთის საზღვაო ნავსადგური" მოკლებული იყო საფუძველს, გემის მიწოდების მომენტისათვის ჰქონოდა მიზანი მიწახაპია გემის მუდმივად დატოვებაზე, ანუ მის მიმართ იმპორტის განხორციელებაზე.

მოსარჩელის განმარტებით, «ფოთის საზღვაო ნავსადგური" მიწახაპია გემის მიწოდების დღისათვის აღჭურვილი იყო მხოლოდ გემის სარგებლობის უფლებით და იმავდროულად, გამომდინარე სახელშეკრულებო ურთიერთობების არსიდან, იდგა რისკის წინაშე, საკუთრებაში ვერ მიეღო იგი. შესაბამისად, სარგებლობაში გადაცემული მიწახაპია გემი «ნ. ნ-ის" საბაჟოOგაფორმების მიზნით მის მიმართ გამოყენებული უნდა ყოფილიყო საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმი, გათვალისწინებული საბაჟოს კოდექსის 41-ე მუხლით.

ყოველივე აღნიშნულზე მითითებით, მოსარჩელემ მოსთხოვა მოპასუხეს, ნება დაერთო გემი «ნ. ნ-ე" განებაჟებინა საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში, რაზედაც ¹02-15/3576 13.05.02 წერილით მოსარჩელეს უარი ეთქვა.

მოსარჩელემ სარჩელით ითხოვა მიწახაპია გემი «ნ. ნ-ის" საქართველოს დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში განბაჟება და საბაჟო დეპარტამენტისათვის შესაბამისი განკარგულების გაცემის დავალება საბაჟო «ფოთის" მიმართ.

საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა 2002წ. 23 მაისს შეგებებული სარჩელი აღძრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე სსიპ «ფოთის ნავსადგურის" მიმართ.

შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა ემყარებოდა შემდეგ მოთხოვნებს:

საბაჟო დეპარტამენტის განმარტებით, მიწახაპია მცურავი საშუალების (გემის) საბაჟოO გაფორმების მიზნით მოპასუხემ მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და საბაჟო კოდექსის მე-9 მუხლზე დაყრდნობით მოითხოვა იმპორტირებული საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში გაფორმება, რაზედაც მიიღო უარი და განმარტა, რომ საბაჟო კოდექსის მე-9 მუხლის ინტერპრეტაცია და მოყვანილი არგუმენტაცია არის საფუძველს მოკლებული, რადგან საქონლის საბაჟო რეჟიმებში მოქცევის სპეციფიკიდან გამომდინარე, საბაჟო კოდექსის მე-9 მუხლი ერთმნიშვნელოვნად აღიარებს საბაჟო კოდექსის სხვადასხვა მუხლებში გათვალისწინებული მოთხოვნების პრიორიტეტს.

შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, მოპასუხე თვითონვე მიუთითებდა, რომ ფირმა «დ. შ. გ-თან" დადებული ხელშეკრულება წარმოადგენდა საქონლის განვადებით შეძენის ხელშეკრულებას, რაც თავისთავად გამორიცხავდა ქვეყნის ტერიტორიაზე ექსპლუატაციის შემდეგ მიწახაპია მცურავი საშუალების (გემის) უკან გატანის ვალდებულებას. ამასთან, საბაჟო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ასეთი ვალდებულების არსებობა ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენდა საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად.

საბაჟო დეპარტამენტი აღნიშნავდა, რომ მოპასუხემ თავისი მოქმედებით დაარღვია საბაჟო კანონმდებლობის მოთხოვნები, კერძოდ, საბაჟო კოდექსის 82-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმა და საბაჟო ორგანოს მითითების მიუხედავად, განაგრძობდა იმ საქონლის გამოყენებას, რომლის მიმართ საბაჟო გაფორმება დასრულებული არ იყო.

საბაჟო დეპარტამენტი აღნიშნავდა, რომ მიწახაპია მცურავი საშუალების (გემის) შემოყვანის სახელშეკრულებო პირობები სრულად შეესატყვისებოდა საბაჟოOკოდექსის მე-3 თავით გათვალისწინებული საბაჟო რეჟიმის არსს.

ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე, რომელიც იყო საქონლის მესაკუთრე, უკვე ექსპლუატაციას უწევდა მის მიერ შემოტანილ საქონელს, ამიტომ ეს უკანასკნელი უნდა გაფორმებულიყო საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში და დარიცხვოდა კანონით გათვალისწინებული გადასახდელები.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიწახაპია მცურავი საშუალების (გემის) იმპორტისათვის მოპასუხე ვალდებული იყო, გადაეხადა კანონით დადგენილი საბაჟო გადასახდელები, რაც შეადგენდა:

ა. საბაჟო მოსაკრებელს _ 2000 ლარის ოდენობით და

ბ. საბაჟო გადასახადს _ 660440 ევროს ეკვივალენტ ლარს.

შეგებებული სასარჩელო განცხადებით საბაჟო დეპარტამენტმა ითხოვა:

საბაჟო კოდექსის მე-11, მე-12, 71-73-ე და 82-ე მუხლების, «საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ" კანონის მე-16 და მე-19, «საბაჟო მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-5, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100, 109-ე და 112-ე მუხლების საფუძველზე მოპასუხისათვის ჰოლანდიიდან საქართველოში მიწახაპია მცურავი საშუალების იმპორტზე საბაჟო გადასახდელების: საბაჟო მოსაკრებლის _ 2000 ლარისა და საბაჟო გადასახადის _ 660.440 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდის დაკისრება.

ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 28 მაისის განჩინებით მოცემული საქმე განსჯადობის მიხედვით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოში დამატებითი სარჩელი შეიტანა სსიპ «ფოთის ნავსადგურმა" და აღნიშნა, რომ 2002წ. 15 მაისს სსიპ «ფოთის ნავსადგურის" მიერ ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში შეტანილ იქნა სასარჩელო განცხადება ფოთის ნავსადგურში შემოყვანილი 600მ3 მიწახაპია მცურავი საშუალების (გემის), «ნ. ნ-ის" საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცევის თაობაზე. მოცემული საქმის სასამართლოში განხილვამდე, 2002წ. 7 მაისს, «საბაჟო ტარიფებისა და გადასახადების შესახებ" 1998წ. 20 მარტის საქართველოს კანონში შეტანილ იქნა ცვლილებები და დამატებები, კერძოდ, აღნიშნული კანონის მე-18 მუხლს დაემატა «უ" ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც საბაჟო გადასახადისაგან განთავისუფდა მთელი რიგი სასაქონლო ნომენკლატურით გათვალისწინებული სხვადასხვა საქონლის იმპორტი, მათ შორის, საზღვაო ექსპლუატაციისათვის განკუთვნილი გემები. აღნიშნული ცვლილებები ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე, ანუ 2002წ. 29 მაისს.

2002წ. 17 ივლისს სსიპ «ფოთის ნავსადგურის" მიერ ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე საბაჟო «ფოთში" წარდგენილ იქნა საბაჟო დეკლარაცია სათანადო საბუთებით და შესაბამისად, გადახდილ იქნა საბაჟო მოსაკრებელი 2000 ლარი, რათა მოეხდინათ გემი «ნ. ნ-ის" განბაჟება.

საბაჟოOკოდექსის 134-ე მუხლის თანახმად საბაჟო «ფოთი" ვალდებული იყო, სამი დღის განმავლობაში მოეხდინა საბაჟო დეკლარაციის, საბუთების შემოწმება და გემის საბაჟო გაფორმება, რაც არ განხორციელებულა.

აღიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ შეცვალა პირვანდელ სასარჩელო განცხადებაში მითითებული მოთხოვნა გემი «ნ. ნ-ის" საქონლის დროებით შემოტანის რეჟიმში მოქცევის შესახებ და ითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტსა და საბაჟო «ფოთს" დავალებოდათ მოსარჩელის მიერ 2002წ. 17 ივლისს წარდგენილი საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე გემი «ნ. ნ-ის" განბაჟების მოხდენა იმპორტის რეჟიმით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ქუთაისის საოლქო სასამართლოში საქმის განხილვისას 2001წ. 1 აგვისტოს საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში თანამოპასუხედ ჩაება საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო «ფოთი".

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სსიპ «ფოთის ნავსადგურის" სარჩელი. ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტსა და საბაჟო «ფოთს" დაევალათ მიწახაპია გემი «ნ. ნ-ის" განბაჟება 2002წ. 17 ივლისს მოქმედი «საბაჟო-ტარიფებისა და გადასახადების შესახებ" კანონის თანახმად: ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის შეგებებულ სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.

ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 20 აგვისტოს გადაწყვეტილება. კასატორის განმარტებით, გადაწყვეტილება გამოტანილია კანონის დარღვევით და უნდა გაუქმდეს, რადგან სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა ის კანონი, რომელიც გამოიყენა.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ საბაჟო დეკლარაციის ასლი, რომელიც სსიპ «ფოთის ნავსადგურის" წარმომადგენლის მიერ იქნა წარმოდგენილი სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, არ შეიძლება ჩაითვალოს საბაჟო ორგანოში წარდგენილად, რადგან არანაირი მტკიცება, რომ იგი წარედგინა საბაჟო ორგანოს, საქმეში არ მოიპოვება. ამასთანავე, საბაჟო კოდექსის 84-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დეკლარირება ხდება დადგენილი ფორმის (წერილობითი, ზეპირი მონაცემების ელექტრონული გადაცემის გზით) საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების, მათი საბაჟო რეჟიმების შესახებ და საბაჟოOმიზნებისათვის საჭირო სხვა ცნობებით. სსიპ «ფოთის ნავსადგურის" წარმომადგენლის მიერ სასამართლოში წარდგენილ დეკლარაციაზე არ არის მითითებული რამდენიმე აუცილებელი რეკვიზიტი, კერძოდ, ცარიელია მე-3 გრაფა, ე.ი. არ არის არჩეული შესაბამისი საბაჟო რეჟიმი; საბაჟო დეკლარაციაში არ არის არანაირი მონაცემები საბაჟო მიზნებისათვის საჭირო სხვა ცნობების შესახებ; დეკლარაცია არ არის საბაჟო ორგანოში რეგისტრირებული, რითაც საბაჟო კოდექსის 87-ე მუხლის მიხედვით დადასტურდებოდა საბაჟო ორგანოში დეკლარაციის წარდგენის ფაქტი, მით უმეტეს, რომ ამავე მუხლის მიხედვით საბაჟო დეკლარაცია რეგისტრაციის მომენტიდან იქცევა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტების დამადასტურებელ საბუთად.

საბაჟო კოდექსის 134-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, საბაჟო გაფორმებისათვის დადგენილი ვადის ათვლა ხდება საბაჟოOდეკლარაციის მიღებისა და საბაჟო მიზნებისათვის აუცილებელი დოკუმენტებისა და მონაცემების წარდგენის მომენტიდან. საბაჟოOდეკლარაცია მიღებული არ ყოფილა; დეკლარაციის 41-ე გრაფაში, სადაც აღირიცხება გაფორმებისათვის აუცილებელი დოკუმენტები; არ არის მითითება არც ერთ დოკუმენტზე (გარდა გემის მშენებლობასთან დაკავშირებული ხელშეკრულებისა), რომლის წარდგენაც სავალდებულოა საბაჟო ორგანოსათვის, საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001წ. 21 ნოემბრის ¹798 ბრძანების შესაბამისად. თუ ჩაითვლება, რომ სატვირთო საბაჟო დეკლარაცია წარდგენილი იყო 2002წ. 17 ივლისს, საბაჟოOკოდექსის 134-ე მუხლით დადგენილი ვადის დინება ჯერ არ დაწყებულა, რადგან სატვირთო საბაჟო დეკლარაციასთან ერთად არ არის წარდგენილი საბაჟო გაფორმებისათვის აუცილებელი ყველა დოკუმენტი.

საბაჟო კოდექსის მე-4 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად საბაჟოOურთიერთობების სფეროში გამოიყენება საბაჟო კანომდებლობის გამოქვეყნებული აქტები, რომლებიც მოქმედებს საქონლის მფლობელის ან მესაკუთრის სრულ განკარგულებაში გადაცემის დღისათვის. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად საქონელი მფლობელის ან მესაკუთრის სრულ განკარგულებაში გადადის საქართველოს საბაჟო გაფორმების დამთავრების შემდეგ. გამომდინარე იქიდან, რომ ფოთის ნავსადგურის მიერ საქართველოში იმპორტირებული საქონლის საბაჟო გაფორმება დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმის მოქმედების პერიოდში არ დაწყებულა და არც დამთავრებულა, შესაბამისად ამავე პერიოდში საქონელი არ ყოფილა გადაცემული მფლობელის ან მესაკუთრის სრულ განკარგულებაში, მოთხოვნა საქონლის შეღავათიანი რეჟიმით დაბეგვრის თაობაზე არამართლზომიერია.

საბაჟო კოდექსის მე-7 მუხლის შესაბამისად საქართველოს საბაჟოOსაზღვრის საქონლითა და სატრანსპორტო საშუალებებით გადაკვეთა ხდება მათი საბაჟოOრეჟიმების შესაბამისად საბაჟო კოდექსით დადგენილი წესით. საბაჟო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად დადგენილია, რომ საზღვაო ხომალდის დეკლარირება ხდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დანიშნულების ნავსადგურში შესვლისას. ამავე კოდექსის 86-ე მუხლის თანახმად «ფოთის ნავსადგური" ვალდებული იყო, მცურავი საშუალების ნავსადგურში შესვლიდან ორი დღის ვადაში მოეხდინა მისი დეკლარირება და მოექცია იგი შესაბამის საბაჟო რეჟიმში. მიწახაპია გემმა საქართველოს საბაჟოOტერიტორიაზე საქონელი შემოიტანა 2002წ. მარტში და ზემოთ მითითებული ნორმების საფუძველზე მისი დაბეგვრა უნდა მოხდეს ამ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ნავსადგურის მიერ კანონის დარღვევა არ უნდა გახდეს ნავსადგურის მიერ გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების საფუძველი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 20 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმებას, გამოტანილი ახალი გადაწყვეტილებით სსიპ «ფოთის ნავსადგურის" სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და საბაჟო დეპარტამენტის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას ფოთის ნავსადგურისათვის 660.440 ევროსა და 2000 ლარის დაკისრების თაობაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, რადგანაც კასატორს არ წამოუყენებია დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით.

საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2002წ. 7 მაისს «საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ" კანონში შევიდა დამატებები, რომელიც გამოქვეყნდა იმავეწ. 29 მაისს. აღნიშნული კანონის თანახმად, «საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ" კანონის მე-18 მუხლს დაემატა «უ" ქვეპუნქტი, რომლის თანახმად საბაჟო გადასახადის გადახდისაგან განთავისუფლდა საგარეო-ეკონიმიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 8905-ე ჯგუფით გათვალისწინებული საქონელი, რომელსაც მიეკუთვნებოდა მიწახაპია გემი «ნ. ნ-ე". სწორად ამიტომაც ითხოვა სსიპ «ფოთის ნავსადგურმა" მიწახაპია გემი «ნ. ნ-ის" განბაჟება იმპორტის რეჟიმში. საბაჟო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად კი პირს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს აირჩიოს ნებისმიერი საბაჟო რეჟიმი ან შეცვალოს იგი მეორეთი.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ რადგანაც აღნიშნული კანონის მოქმედების პერიოდში, 2002წ. 17 ივლისს, სსიპ «ფოთის ნავსადგურმა" საბაჟო დეპარტამენტის საბაჟოO»ფოთში" წარადგინა საბაჟო დეკლარაცია სათანადო საბუთებით და საბაჟო მოსაკრებლის (2000 ლარი) ქვითარი, რომლის გადახდასაც თავად საბაჟოOდეპარტამენტის წარმომადგენელიც არ უარყოფს, ამიტომ საბაჟოO»ფოთს" მიწახაპია გემი «ნ. ნ-ე" უნდა განებაჟებინა იმ დროს მოქმედი «საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე" კანონის თანახმად.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ საბაჟო «ფოთი" უკვე 2002წ. 4 ივლისს იყო ვალდებული, დაეკმაყოფილებინა სსიპ «ფოთის ნავსადგურის" მოთხოვნა და მიწახაპია გემი «ნ. ნ-ე" განებაჟებინა «საბაჟოOტარიფისა და გადასახადის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის შესაბამისად, რადგანაც სწორედ 2002წ. 4 ივლისს მიმართა წერილობით სსიპ «ფოთის ნავსადგურმა" საბაჟო «ფოთის" უფროსს და სთხოვა მიწახაპია გემი «ნ. ნ-ის" განბაჟება იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად. აღნიშნულთან დაკავშირებით საბაჟო «ფოთმა" იმავე დღეს შეტყობინება გაუგზავნა საბაჟო დეპარტამენტს და ითხოვა მითითებები მიწახაპია გემი «ნ. ნ-ის" მოქმედი კანონმდებლობით განბაჟებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, 2002წ. 25 ივლისს სსიპ «ფოთის ნავსადგურმა" კვლავ მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და საბაჟოO»ფოთს" წერილით, რომლითაც შეატყობინა, რომ 2002წ. 17 ივლისს სსიპ «ფოთის ნავსადგურმა" საბაჟო «ფოთს" წარუდგინა საბაჟო დეკლარაცია სათანადო საბუთებით და საბაჟო მოსაკრებლის (2000 ლარი) ქვითარი მიწახაპია გემი «ნ. ნ-ის" განსაბაჟებლად, რაზეც საბაჟოOკოდექსის 134-ე მუხლის თანახმად საბაჟო «ფოთი" ვალდებული იყო, სამი დღის განმავლობაში მოეხდინა მიწახაპია გემის საბაჟო გაფორმება, რაც არ განუხორციელებია. სსიპ «ფოთის ნავსადგურმა" საბაჟო დეპარტამენტს და საბაჟოO»ფოთს" სთხოვა აღნიშნული საკითხის დროულად და კანონიერად გადაწყვეტა.

აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საბაჟო «ფოთი" ვალდებული იყო, «საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე" კანონის მოქმედების პერიოდში, ე.ი. 2002წ. 27 ივლისამდე, მოეხდინა მიწახაპია გემი «ნ. ნ-ის" განბაჟება.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სწორად დააკმაყოფილა სარჩელი. რაც შეეხება შეგებებულ სარჩელს, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ საბაჟო დეპარტამენტის შგებებული სასარჩელო მოთხოვნა სსიპ «ფოთის ნავსადგურისათვის" საბაჟო გადასახადის სახით 660440 ევროს ეკვივალენტი ლარისა და საბაჟო მოსაკრებლის, 2000 ლარის, დაკისრების თაობაზე საფუძველს მოკლებულია, რადგანაც სსიპ «ფოთის ნავსადგურმა" საბაჟო მოსაკრებელი, 2000 ლარი, გადაიხადა 2002წ. 17 ივლისს, რაც თავად საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა დაადასტურა, ხოლო საბაჟოOგადასახადის, 660440 ევროს ეკვივალენტი ლარის, გადახდა სსიპ «ფოთის ნავსადგურს" არ ეკუთვნის «საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თობაზე" კანონის თანახმად.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორი გადაწყვეტილება გამოიტანა და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 20 აგვისტოს გადაწყვეტილება.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.