Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹ 3გ-ად-475-კ-02 31 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: ორი სახეობის პენსიის დანიშვნა.

აღწერილობითი ნაწილი:

გ. ს-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, რომელშიც აღნიშნა, რომ არის 86 წლის სამამულო ომის მონაწილესთან გათანაბრებული პირი, II ჯგუფის ინვალიდი, დანიშნული აქვს 35 ლარის ოდენობის პენსია. მოსარჩელე 1941 წლიდან მუშაობდა სხვადსხვა რაიონის პროკურორად. პროკურატურის ორგამოებში 30 წლის მუშაობის შემდეგ გავიდა პენსიაში. დუშეთის რაიონის პრუკურატურაში მუშაობის პერიოდში გაერთიანებული იყო შსს-ს დუშეთის რაიონული განყოფილების გამანადგურებელ ბატალიონში და დუშეთის რაიონში ებრძოდა დეზერტირებს, ბანდიტებს და დესანტებს. “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლის საფუძველზე მოითხოვა მეორე სახის პენსიის დანიშვნა 14 ლარის ოდენობით, რაზედაც სოცუზრუნველყოფის განყოფილებამ უარი განუცხადა. მოსარჩელემ მოითხოვა საცუზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის საქალაქო განყოფილებისათვის მის სასარგებლოდ ყოველთვიურად 14 ლარის გადახდის დაკისრება.

ქუთაისის საქალაქო სასამრთლოს 24.06.02წ. გადაწყვეტილებით გ. ს-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, მას 2002წ. 24 მაისიდან დაენიშნა მეორე პენსია 14 ლარის ოდენობით. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის საქალაქო განყოფილების მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეგებებული სააპელაციო საჩივარი იქნა შეტანილი აგრეთვე გ. ს-ს მიერ, რომლითაც გ. ს-მ მოითხოვა საქალაქო სასამრთლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება, ქუთაისის საქალაქო განყოფილების სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 03.10.02წ. გადაწყვეტილებით დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ს-ა ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-45 წლების ომში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების მონაწილეებთან გათანაბრებული პირია და 75 წლის ასაკის მიღწევისას ღებულობს პენსიას 35 ლარის ოდენობით. პალატამ აღნიშნა, რომ გ. ს-მ მოითხოვა მეორე სახეობის პენსიის დანიშვნა 14 ლარის ოდენობით, თუმცა “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლი მას უფლებას აძლევდა მოეთხოვა დანამატი მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ს 381-ე მუხლის საფუძველზე, მოწინააღმდეგე მხარის უარის მიუხედავად, მიზანშეწონილად ცნო სააპელაციო სასამართლო ინსტანციაში გ. ს-ს მიერ დავის საგნის გადიდება და აღნიშნა, რომ “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლი უპირობოდ აძლევს უფლებას 1941-45 წლებში ომში გამარჯვების მონაწილეებს და მათთან გათანაბრებულ პირებს ერთდროულად მიიღონ ორი სახეობის პენსია, მათ შორის მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსია, რომლის ოდენობა 28 ლარს შეადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის 03.10.02წ. გადაწყვეტილებით სოცუზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის საქალაქო განყოფილების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 24.07.02წ. გადაწყვეტილება, ახალი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა გ. ს-ს სარჩელი, მას დაენიშნა მოხუცებულობის პენსია 2002წ. 24 მაისიდან ყოველთვიურად 28 ლარის ოდენობით.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 03.10.02წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სოცუზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის საქალაქო განყოფილების (ამჟამად სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალის) მიერ. კასატორი ითხოვას სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას, გ. ს-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და აღნიშნავს, რომ “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლი ეხება ომის პერიოდში დაინვალიდებულ კადრის სამხედრო მოსამსახურეებს ან პირებს, რომლებმაც ომის დამთავრების შემდეგ გააგრძელეს კადრის ოფიცრად სამსახური და ინვალიდობის ან წელთა ნამსახურობის გამო დათხოვნილი იქნენ თადარიგში. მე-60 მუხლით გათვალისწინებული მეორე პენსია ენიშნებათ 1-ლი ან მე-2 ჯგუფის ინვალიდებს. გ. ს-ა საერთოდ არ არის ომის მონაწილე, სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილი პირი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 04.11.97წ. გადაწყვეტილების თანახმად ვადიანი სამხედრო სამსახურიდან რეზერვში დათხოვნილი პირები არ იპოვებენ მეორე პენსიის მიღების უფელებას. კასატორი აღნიშნავს აგრეთვე, რომ მოქმედი კანონმდებლობით იკრძალება ერთი ორგანიზაციიდან ორი სახეობის პენსიის დანიშვნა, საოლქო სასამართლოს მხედველობიდან გამორჩა, რომ ქვეყანაში არ დამტკიცებულა მინიმალური პენსიის ნორმა, მოქალაქეებზე გაიცემა პენსია ფიქსირებული ნორმით – თვეში 14 ლარის ოდენობით, რაც არ ნიშნავს მინიმალური პენსიის ნორმას.

სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 მაწილის და სასკ-ს 261 მუხლის საფუძველზე საქმე არსებითად იქნა განხილული საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შემდეგ თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

გ. ს-ა დაჯილდოვებულია მედლით “1941-45 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის”, ამდენად, “ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, გ. ს-ა ითვლება მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან გათანაბრებულ პირად, რის გამო სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონმდებლობით მას პენსია განესაზღვრა 35 ლარის ოდენობით.

“სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 1-ლი მუხლი განსაზღვრავს ამ კანონით გათვალისწინებული საპენსიო უზრუნველყოფის მქონე პირებს. აღნიშნული მუხლის თანახმად ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებით და წესებით საპენსიო უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები. გ. ს-ა კანონის პირველ მუხლში მითითებული ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილი პირი არ არის. ხსენებული კანონის 1- ლი მუხლის “ა” ქვეპუნქტი ეხება ოფიცრებს, ზევადიან სამხედრო მოსამსახურეებს, შს ორგანოების რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირებს; “ბ” ქვეპუნქტი _ სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებულ სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებს; “გ” ქვეპუნქტი _ საკონცენტრაციო ბანაკებში იძულებით მყოფ მეომრებს და სხვა პირებს; “დ” ქვეპუნქტი _ მეორე მსოფლიო ომის დროს საკონცენტრაციო ბანაკებსა და გეტოებში მყოფ არასრულწლოვან პატიმრებს. გ. ს-ა აღნიშნულ არცერთ კატეგორიათა რიგს არ განეკუთვნება, კანონის 1-ელ მუხლში მოცემულია სუბიექტთა ამომწურავი ჩამონათვალი, რომლის განვრცობითი განმარტება არ დაიშვება, შესაბამისად მასზე ვერ გავრცელდება მითითებული კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული ორი სახეობის პენსიის _ ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო ერთდროულად მიღების, მოხუცებულობის პენსიაზე დანამატის _ მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით დანიშვნის უფლება, ვინაიდან მე-60 მუხლი ვრცელდება მხოლოდ ხსენებული კანონის 1-ლი მუხლით განსაზღვრულ სუბიექტებზე მე-60 მუხლით გათვალისწინებული საპენსიო შეღავათის მიღების უფლებაც მხოლოდ ამ კანონის შესაბამის სუბიექტებს აქვთ მინიჭებული. “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლით დადგენილი საპენსიო შეღავათების მოპოვებისათვის კანონის 1-ლი მუხლით გათვალისწინებული პირი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 27.12.02წ. განჩინების თანახმად, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: იგი უნდა იყოს 1941-45 წლების ომის მონაწილე, შესრულებული უნდა ჰქონდეს 75 წელი, უნდა ჰქონდეს ოფიცრის წოდება და/ან იყოს სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებული ომის I ან II ჯგუფის ინვალიდი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ გ. ს-ა ზემოაღნიშნული კანონით განსაზღვრულ საპენსიო უზრუნველყოფის მქონე პირთა კატეგორიას არ განეკუთვნება, რადგან იგი არ არის ომის მონაწილე, სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილი პირი, სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებული ვადიანი სამხედრო სამსახურის მოსამსახურე ან სამხედრო ტრამვის (ჭრილობა, დასახიჩრება, კონტუზია) შედეგად დაინვალიდებული პირი, საქმის მასალებში არ მოიპოვება კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის კომისიის დადგენილება ინვალიდობის შესახებ, იგი არ არის კანონის 1-ლი მუხლის “ბ” ქვეპუნქტით და მე-19 მუხლის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-45 წლების ომის ინვალიდი, რის გამო მას დანიშნული არ აქვს სამხედრო სამსახურის დროს მიღებული ინვალიდობის პენსია (45ლ). “ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის მე-15 მუხლის 26-ე პუნქტის მიხედვით ომის ინვალიდობისათვის დაწესებული ყველა შეღავათი ეძლევათ საერთო დაავადებების, შრომითი და სხვა მიზეზების შედეგად (გარდა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების შედეგად დაინვალიდებული პირებისა) დაინვალიდებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს. გ. ს-ა არ არის ომის მონაწილე, საქმეში საერთოდ არ მოიპოვება მისი ინვალიდობის დამადასტურებელი საბუთი. პალატა თვლის, რომ გ. ს-ს საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი უნდა გადაწყდეს არა “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის, არამედ “ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის და სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონმდებლობის საფუძველზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სახეზეა 393-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა იგი, რის გამო გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი, რაც წარმოადგენს მისი გაუქმების და სარჩელზე უარის თქმის საფუძველს. საკასაციო პალატა “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის “რ” ქვეპუნქტის საფუძველზე ათავისუფლებს კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 249-ე, 411-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 03.10.02წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. გ. ს-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.