Facebook Twitter

3გ-ად-478-კ-02 13 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

მხარეთა დასწრების გარეშე შეამოწმა კასატორ ვ.გ.-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა, რომლითაც იგი ითხოვს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 17 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას. აღნიშნული განჩინება, როგორც ზემდგომი სასამართლოს განჩინება, სსკ-ს 276-ე, 419-ე მუხლების საფუძველზე გამოტანილია ქუთაისის მერიისა და ო. მ.-ის, ქ. კ.-ის, ს. ს.-ის კერძო საჩივრებთან დაკავშირებით. სახელდობრ, ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 17 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა კერძო საჩივრები; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 9 ოქტომბრის განჩინებები საპროცესო ვადის აღდგენის, 1995წ. 25 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, ასევე გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 5 აპრილისა და 30 აპრილის განჩინებები ქუთაისის მერიის სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. კასატორმა ვ. გ.-მ საკასაციო საჩივარი შეიტანა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 17 ოქტომბრის განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

საკასაციო პალატა თვლის, რომ ვ. გ.-ს საკასაციო საჩივარი ქუთასისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 17 ოქტომბრის განჩინებაზე განუხილევლად უნდა იქნეს დატოვებული, დაუშვებლობის მოტივით, შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსების პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომელიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დროს. სსკ-ს 391-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი სააპელაციო სასამართლოს მიერ მხოლოდ საქმის არსებითად განხილვის შედეგად გამოტანილი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო სასამართლოში.

კონკრეტულ შემთხვევაში, კასატორი ვ.გ.-ა საკასაციო საჩივრით ასაჩივრებს ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 17 ოქტომბრის განჩინებას, რომელიც პროცესუალურად წარმოადგენს სსკ-ს 419-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ზემდგომი სასამართლოს განჩინებას ქუთაისის მერიისა და მესამე პირების კერძო საჩივარზე, რომლითაც 276-ე მუხლის შესაბამისად, გასაჩივრდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 30 აპრილის განჩინება ქუთაისის მერიის სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ზემოაღნიშნული 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 17 ოქტომბრის განჩინება, როგორც კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება, აღარ საჩივრდება და დაუშვებელია მისი გასაჩივრება კერძო ან საკასაციო საჩივრით. ვინაიდან ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 17 ოქტომბრის განჩინება სამართლებრივად არ წარმოადგენს სსკ-ს 391-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ საკასაციო წესით გასაჩივრებად გადაწყვეტილებას, ანუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განხილვის შედეგად გამოტანილი სასამართლო აქტი კი არ არის, არამედ ამავე კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ზემდგომი სასამართლოს განჩინებაა კერძო საჩივრის თაობაზე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვ. გ.-ს საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და განუხილელად უნდა იქნეს დატოვებული.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ.გ.-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 17 ოქტომბრის განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული დაუშვებლობის მოტივით;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.