Facebook Twitter

¹ 3გ-ად-479-კ-02 2 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე,

გ. ქაჯაია

სარჩელის საგანი: მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

1999წ. 23 ივლისს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ე. ჩ.-მ ქ.Oთბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის მიმართ.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ქ. თბილისში, ... მდებარე მაღაზია “ჩ.-ი” ირიცხებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტის ბალანსზე. 1996წ. აგვისტოში მოსარჩელე ე. ჩ.-მ კონკურსის წესით მოახდინა აღნიშნული მაღაზიის ძირითადი საშუალებების აქტიური ნაწილის პრივატიზება. მოსარჩელემ, აგრეთვე, ქ. თბილისის ქონების მართვის სამმართველოსაგან მიიღო არასაცხოვრებელ 164 კვ.მ-ზე 10 წლით იჯარის უფლება. მოსარჩელემ განმარტა, რომ აღნიშნულის შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტმა სარჩელი აღძრა თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლოში ინდივიდუალური მეწარმე “ე. ჩ.-ის” მიმართ, სადავო ქონების გამოთხოვისა და გამოსახლების მოთხოვნით. კრწანისის რაიონის სასამართლოს 1998წ. 26 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ინდივიდუალური მეწარმე “ე. ჩ.-ე” გამოსახლდა სადავო ფართიდან.

სასარჩელო განცხადებაში მითითებული იყო, რომ ადმინისტრაციულ ორგანოთა უკანონო მოქმედებით შეილახა მოსარჩელის უფლებები და კანონიერი ინტერესები. მოსარჩელემ განიცადა მატერიალური და მორალური ზიანი, რაც გამოიხატა მის მიერ მაღაზიის აღდგენაზე გაწეული ხარჯების გაწევასა და მიუღებელ მოგებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ქ. თბილისის ქონების მართვის სამმართველოსაგან მიყენებული მორალური და მატერიალური ზარალის ანაზღაურება 58372 აშშ დოლარის ოდენობით.

მოპასუხე ქ. თბილისის ქონების მართვის სამმართველომ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სადავო ფართზე მხარეებს შორის საიჯარო ხელშეკრულება არ გაფორმებულა, მოსარჩელემ კი თვითნებურად აღადგინა აღნიშნული მაღაზია. შესაბამისად, მოპასუხე არ იყო ვალდებული აენაზღაურებინა მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯები.

2000წ. 28 ივლისის გადაწყვეტილებით კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელე ე. ჩ.-ის სარჩელი.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელე ე. ჩ.-მ გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატაში.

2002წ. 16 მაისის განჩინებით თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა მოსარჩელე ე. ჩ.-ის სააპელაციო საჩივარი და ძალაში დატოვა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 28 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

2001წ. 30 ნოემბრის განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ ე. ჩ.-ის საკასაციო საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ: გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001წ. 16 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ჯერ მესამე პირად, ხოლო შემდეგ მოპასუხედ ჩაება შსს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის მთავარი სამმართველო.

2002წ. 10 ოქტომბრის განჩინებით თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ საქმის ხელახალი განხილვის შემდეგ არ დააკმაყოფილა მოსარჩელე ე. ჩ.-ის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დატოვა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 28 ივლისის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება მოსარჩელე ე. ჩ.-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 ოქტომბრის განჩინება უკანონოა და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითება და საქმის განხილვისას არ გამოიყენა სკ-ს 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 163-ე მუხლის მე-2 ნაწილი და არ იხელმძღვანელა სკ-ს მეორე კარის მესამე თავის ნორმებით.

კასატორი განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული საქმის განხილვის ერთ წელზე მეტი ხნით გახანგრძლივებით დაარღვია მოქმედი კანონი. კასატორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანის დროს იხელმძღვანელა საქართველოს შსს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის სამმართველოს მიერ წარმოდგენილი მცდარი გაანგარიშებით, რომელიც ვითომ ადასტურებდა, რომ აღნიშნულმა სამმართველომ 1997-98 წლებში სადავო ფართზე ჩაატარა კაპიტალური რემონტი და აღდგენითი სამუშაოები. კასტორის განმარტებით, სადავო ფართზე კაპიტალური რემონტი და აღდგენითი სამუშაოები ჩატარებულია მხოლოდ მის მიერ.

კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მას სრულად აქვს კომპენსირებული სადავო ობიექტზე გაწეული სარემონტო და აღდგენითი სამუშაოების ხარჯები და შესაბამისად, არ არსებობს სკ-ს 163-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გაწეული ხარჯების უკან მოთხოვნის საფუძველი. კასატორის განმარტებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსი წინააღმდეგობრივია იმდენად, რამდენადაც სასამართლო გადაწყვეტილების ერთ ნაწილში არ აღიარებს მოსარჩელის მიერ სარემონტო და აღდგენითი სამუშაოების ჩატარებას, მეორე ნაწილში კი აცხადებს, რომ მოსარჩელემ ამ სამუშაოებზე გასწია სამუშაო ხარჯები.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ არ არსებობდა სკ-ს 987-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობა, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრებას. კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო ობიექტზე გაწეული სამუშაოების ხარჯებით შსს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტი უსაფუძვლოდ გამდიდრდა, რაც შეესაბამება ზემოაღნიშნული ნორმის მოთხოვნებს.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2001წ. 30 ნოემბრის განჩინებით დადგენილი მითითებანი, ზედაპირულად იმსჯელა აღნიშნულ საკითხებზე და საქმის განხილვის პროცესში არ გაითვალისწინა მოსარჩელის, როგორც კანონიერი მესაკუთრის, უფლებები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 ოქტომბრის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების გამოტანას, რომლითაც დაკმაყოფილდება მისი სარჩელი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 ოქტომბრის სხდომის ოქმის მიხედვით მოსარჩელე ე. ჩ.-მ დაადასტურა, რომ 1997-1998 წლებში შსს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტმა რემონტი ჩაატარა სადავო ფართში მას შემდეგ, რაც იგი გაარემონტა ე. ჩ.-მ. იმავე ოქმის მიხედვით ე. ჩ.-მ აღნიშნა, რომ მის მიერ გაწეული სარემონტო ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები მას არ გააჩნდა, ხოლო მუშების მიერ სამუშაოს შესრულების ხარჯი არსად დაფიქსირებულა.

საქმის მასალებში წარმოდგენილია დამოუკიდებელი აუდიტორის, “ა.-ის", 1999წ. 17 მარტის დასკვნა, რომლის თანახმად სადავო ფართში, მაღაზია “ჩ.-ში", ჩატარებული სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 3403,09 ლარს.

კასატორმა ე. ჩ.-მ საკასაციო საჩივარში აღნიშნა, რომ მას სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე არ დაუდასტურებია შსს საგანგებო-სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტის მიერ სადავო ფართში რემონტის ჩატარება.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თუ ე. ჩ.-ე არ ეთანხმებოდა სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმს, სსკ-ს 291-ე მუხლის თანახმად სხდომის ოქმზე ხელმოწერის შემდეგ სამი დღის განმავლობაში ე. ჩ.-სა და მის წარმომადგენელს შეეძლოთ წარედგინათ თავიანთი შენიშვნები ოქმის მიმართ და მიეთითებინათ უსწორობაზე, რაც მათ არ გაუკეთებიათ.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის 2002წ. 10 ოქტომბრის სხდომის ოქმი სადავო არ არის.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად მოსარჩელე ე. ჩ.-მ სასამართლოში ვერ წარადგინა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის მიერ შესრულებული სამუშაოების რეალობას და ე. ჩ.-ის მტკიცება, რომ დამოუკიდებელი აუდიტორი “ა.-ის" 1999წ. 17 მარტის დასკვნით 3403 ლარად შეფასებული სამუშაო მან შეასრულა, საფუძველს მოკლებულია.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორ ე. ჩ.-ის მოსაზრებას, რომ თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსთან 1996 წელს დადებული ათწლიანი იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სკ-ს 411-ე მუხლის თანახმად, მას ადგება ზიანი მიუღებელი შემოსავლისათვის, რომელიც უნდა მიეღო მაღაზიის მოგებიდან 10 წლის განმავლობაში და მორალური ზიანი თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს უკანონო მოქმედების გამო.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ, ვინაიდან არსებობს ქ. თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლოს 1998წ. 26 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც ინდივიდუალური მეწარმე “ე. ჩ.-ე" გამოსახლდა ქ. თბილისში, ... მდებარე, შსს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტის სახელზე რიცხული შენობის არასაცხოვრებელი ფართიდან, ამიტომ არ არსებობს სკ-ს 411-ე მუხლით გათვალისწინებული მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანისა და ამავე კოდექსის მე-18 მუხლით განსაზღვრული მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. ჩ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 ოქტომბრის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.