3გ-ად-480-კ-02 28 იანვარი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს გ. ფ.-მ, შ. გ.-მ და ბ. მ.-მ მოპასუხე საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის – საქსტანდარტის მიმართ და მოითხოვეს საქსტანდარტის თავმჯდომარის 2001წ. 8 ოქტომბრის ¹79/კ ბრძანების არაკანონიერად აღიარება, სამუშაოზე აღდგენა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება. მოსარჩელეები საქსტანდარტის თავმჯდომარის 2001წ. 8 ოქტომბრის ¹79/კ ბრძანების არაკანონიერად აღიარებას ითხოვდნენ შემდეგი საფუძვლებით:
1. გასაჩივრებული ბრძანება გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევით. კერძოდ, ბრძანების სამოტივაციო ნაწილში მითითებულია: «მიმდინარე წლის 20 ივნისს საქართველოს მთავრობის სხდომაზე საქსტანდარტის მაშინდელი თავმჯდომარის (ბ-ნი ჯ.მ.-ე) ინფორმაციამ საკვები პროდუქტების ფალსიფიკაციის აღმკვეთი ღონისძიებების შესახებ დაიმსახურა მთავრობის სხდომის უარყოფითი შეფასება».
მოპასუხე მხარის დაყრდნობა საქართველოს მთავრობის 2001წ. 20 ივნისის სხდომის ოქმზე ყოვლად დაუშვებელია, რადგან ამ ოქმის ჩანაწერი არის ზოგადი ხასიათის. მთავრობის სხდომაზე პერსონალურად მოსარჩელეების: გ.ფ.-ის, ბ.გ.-ის და ბ.მ.-ის მიმართ კი არა, არამედ უშუალოდ საქსტანდარტის მისამართითაც კი არ არის მითითებული და ამიტომ მოპასუხის მოსაზრება ამ ნაწილში ყოვლად უსაფუძვლოა, მით უფრო, რომ ამ საკითხზე ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 9 აგვისტოს და 3 სექტემბრის გადაწყვეტილებების სამოტივაციო ნაწილებით მოსარჩელეების სასარგებლოდ არის მიჩნეული აღნიშნული გარემოებები, ვინაიდან სსკ-ს 106-ე მუხლის «ბ» პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილად აღიარებული გარემოებები არ ექვემდებარებიან მტკიცებას, ამიტომ გასაჩივრებული ბრძანების ეს ნაწილი აღიარებული უნდა იქნეს არაკანონიერად.
2. გასაჩივრებული ბრძანება ასევე ეყრდნობა საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის 2001წ. 17 სექტემბრის ¹11/1 დადგენილებას, რომლის სამსახურიდან განთავისუფლების საფუძვლად გამოყენების უფლებაც მოპასუხეს არ ჰქონდა, ვინაიდან «საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ» საქართველოს 1997წ. 15 აპრილის კანონის 22-ე მუხლის «თ» პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად კონტროლის პალატის პრეზიდიუმის მიერ მიღებული დადგენილების რეალიზაცია ხორციელდება კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანებით. კონტროლის პალატის თავმჯდომარის სათანადო ბრძანების მითითების გარეშე საქსტანდარტის თავმჯდომარის 2001წ. 8 ოქტომბრის ¹79/კ ბრძანება მოკლებულია ყოველგვარ იურიდიულ საფუძველს და ამიტომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით აღიარებული უნდა იქნეს ბათილად.
3. უსაფუძვლოდ მიაჩნიათ სამსახურიდან განთავისუფლების საფუძვლად მოპასუხის მიერ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მე-3 პუნქტის გამოყენება, ვინაიდან აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს მოხელის სამსახურიდან განთავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობის უხეში დარღვევის შემთხვევაში. გასაჩივრებული ბრძანებიდან არანაირად არ დგინდება სამსახურებრივი მოვალეობის უხეში დარღვევის ისეთი ფაქტები, რის საფუძველზეც მოპასუხე უფლებამოსილი იყო, მიეღო ასეთი გადაწყვეტილება.
4. მოპასუხემ გასაჩივრებული ბრძანების გამოცემისას იხელმძღვანელა რა იურიდიულ ძალას მოკლებული საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის 2001 წ. 17 სექტემბრის დადგენილებით, არ ჩაატარა სამსახურებრივი მოკვლევა, რითაც დაარღვია კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები. საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის 2001წ. 17 სექტემბრის ¹11/1 დადგენილება დისციპლინური გადაცდომის ფაქტებთან დაკავშირებით ატარებს ზოგად ხასიათს და მასში მოყვანილი ფაქტები ექვემდებარებოდა გადამოწმებას, რაც არ განხორციელებულა. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციის ინიციატივით მოხელის თანამდებობიდან განთავისუფლება, მაგრამ მოხელისათვის დისციპლინური სასჯელის დადების დროს ადმინისტრაცია ვალდებული იყო, ეხელმძღვანელა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის და შკკ-ს 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებით, რომელთა შესაბამისად დაუშვებელია მოხელეზე დისციპლინური სასჯელის გამოყენება გადაცდომის ჩადენის ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემთხვევაში.
მოპასუხე სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტმა – საქსტანდარტმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ კონტროლის პალატის 1997 წელს ჩატარებული შემოწმებით, რომელმაც მოიცვა 1994-97 წლების პერიოდი, სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სფეროებში გამოვლინდა უხეში დარღვევები, «საქსტანდარტის» საქმიანობა შეფასებული იქნა არადამაკმაყოფილებლად. მისმა ხელმძღვანელობამ მიიღო სათანადო რეკომენდაციები შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად. ანალოგიური დარღვევები გამოვლინდა კონტროლის პალატის 1999 წელს ჩატარებული კომპლექსური და თემატური შემოწმების შედეგად.
კონტროლის პალატის მიერ 2000 წლიდან 2001წ. 1 მაისამდე პერიოდის შემოწმებისას კვლავ გამოვლინდა დარღვევები, აგრეთვე _ დანაშაულის ფაქტები. კონტროლის პალატის დადგენილებიდან ირკვევა, რომ გ.ფ.-ი არაჯეროვნად ასრულებდა თავის მოვალეობებს, გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და დააწესა კანონით გაუთვალისწინებელი მოსაკრებლები.
შ. გ.-მ გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, შემოიღო დროებითი წესი საორიენტაციო ხარჯთაღრიცხვის, რითაც დაარღვია საქსტანდარტის დებულება და «ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ» კანონის მოთხოვნები.
აკრედიტაციისა და ლიცენზირების სამმართველოს უფროსი ბ.მ.-ი სამსახურებრივ მოვალეობებს ასრულებდა არაჯეროვნად, რამაც გამოიწვია მძიმე დარღვევები, სერტიფიკაციის ორგანოებში არ ხორციელდებოდა სახელმწიფო სტანდარტებით განსაზღვრული კონტროლის მოთხოვნები.
ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 28 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა სამსახურიდან განთავისუფლების დროს ადგილი არ ჰქონდა საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მოთხოვნათა დარღვევას, ვინაიდან საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის 2001წ. 17 სექტემბრის ¹11/1 დადგენილებაში მიუთითა მოსარჩელეთა მხრიდან მათზე დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისა და უფლებამოსილების გადამეტებაზე. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 99-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს:
სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელეთა განმარტება იმის თაობაზე, რომ კონტროლის პალატის პრეზიდიუმის 2001წ. 17 სექტემბრის ¹11/1 დადგენილება იურიდიულ ძალას მოკლებული იყო, ვინაიდან არ არსებობდა კონტროლის პალატის თავმჯდომარის სათანადო ბრძანება. კონტროლის პალატის პრეზიდიუმის 2001წ. 17 სექტემბრის ¹11/1 დადგენილება ძალაში შევიდა კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2002 წ. 17 სექტემბრის ¹91 ბრძანებით.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა და მოითხოვეს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 28 მარტის ¹2/120 გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
1. სასამართლომ ნაცვლად იმისა, რომ ყველა მტკიცებულება ერთობლიობაში განეხილა და დაედგინა, ჰქონდა თუ არა ადგილი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას, დადგენილად მიიჩნია კონტროლის პალატის დადგენილებით გამოვლენილი გარემოებები.
2. სასამართლომ საჭიროდ არ მიიჩნია შკკ-ს 136-ე მუხლის გამოყენება, სწორად ჩათვალა, რომ განთავისუფლების საფუძვლად უნდა გამოყენებულიყო «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 99-ე მუხლის მე-3 ნაწილი.
3. სასამართლომ თავისი დასაბუთება დაამყარა ადმინისტრაციულ აქტებზე, რომლებიც ძალაში არ იყო შესული.
4. სასამართლომ არასწორად განმარტა დისციპლინური დარღვევების ხანდაზმულობის საკითხი.
მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივარი არ ცნო იმავე საფუძვლებით, რითაც _ რაიონულ სასამართლოში და მოითხოვა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 28.03.02 გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა გ. ფ.-ის, შ. გ.-ის და ბ. მ.-ის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ.ფ.-მ, შ.გ.-მ და ბ.მ.-მ. საკასაციო საჩივრის ავტორები მიუთითებენ რომ:
1. არასწორია სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ კონტროლის პალატის დადგენილება «კონტროლის პალატის შესახებ» კანონის 51-ე მუხლის თანახმად არის წარდგინება, ვინაიდან საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ კონტროლის პალატის დადგენილება სამართლებრივად არ წარმოადგენს «კონტროლის პალატის შესახებ» კანონის 51-ე მუხლით გათვალისწინებულ წარდგინებას». ზემოაღნიშნული კანონი ჩამოთვლის რა საქართველოს კონტროლის პალატის აქტებს, დადგენილებას და წარდგინებას სხვადასხვა აქტებად აღიარებას. მიაჩნიათ, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა და გამოიყენა კანონი.
2. არასწორი იყო სასამართლოს ქმედება, როდესაც მან არ გაარკვია, ჰქონდა თუ არა ადგილი თანამდებობიდან განთავისუფლების ბრძანებაში მითითებული სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევის ფაქტებს სინამდვილეში და ნაცვლად იმისა, რომ ერთობლიობაში განხილვით დაედგინა, დადგენილ გარემოებად მიიჩნია კონტროლის პალატის დადგენილებით გამოვლენილი დარღვევები, რითაც დაარღვია სსკ-ს 105-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა.
3. სააპელაციო სასამართლომ კანონდარღვევად არ მიიჩნია რაიონული სასამართლოს მიერ კონტროლის პალატის დადგენილებაზე დაყრდნობა მაშინ, როდესაც მისი მოქმედება შეჩერებული იყო და თავადაც დაეყრდნო შეჩერებულ ადმინისტრაციულ აქტს, მაშინ, როდესაც შეჩერებული აქტი თავის არსებობას წყვეტს. თუ სასამართლოს მიაჩნდა, რომ მოცემული დავის გადაწყვეტა კონტროლის პალატის დადგენილების კანონიერების გარკვევამდე შეუძლებელი იყო, მაშინ მას უნდა შეეჩერებინა საქმის წარმოება, ამიტომ მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია.
4. სააპელაციო სასამართლომ არ გაარკვია, სამსახურიდან დათხოვნის რომელი საფუძველი იყო ხანდაზმული და რომელი, არა.
5. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის დადგენილება აპელანტთა მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ ნიშნავს მხოლოდ დანაშაულის არარსებობას, მაგრამ არ გამორიცხავს დისციპლინარული სახდელის დადების შესაძლებლობას. მიიჩნია, რომ დანაშაულის არარსებობა იმავდროულად არ ნიშნავს სხვა სახის სამართალდარღვევის არარსებობისაც, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მოსაზრება დაუსაბუთებელია, ვინაიდან სასამართლომ არ გაარკვია, არსებობდა თუ არა რაიმე სახის სამართალდარღვევა.
კასატორები აღნიშნული საფუძვლებით ითხოვენ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 სექტემბრის განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერების დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ფ.-ის, შ. გ.-ის და ბ. მ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის მოტივით, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 18 ივნისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს კონტროლის პალატის დადგენილება სამართლებრივად არ წარმოადგენს «კონტროლის პალატის შესახებ» კანონის 51-ე მუხლით გათვალისწინებულ შესასრულებლად სავალდებულო წარდგინებას, არამედ სარეკომენდაციო ხასიათისაა, ამასთანავე ადმინისტრაციულ ორგანოს _ «საქსტანდარტს», რომელსაც უშუალოდ ეხებოდა კონტროლის პალატის აქტი, სადავოდ არ გაუხდია საქართველოს კონტროლის პალატის დადგენილებით დადასტურებული, კასატორთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და მათზე დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტები, დაეთანხმა მას და 2001წ. 8 ოქტომბრის ¹79კ ბრძანებით დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლა ისინი.
კასატორთა მოსაზრება, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, ვინაიდან სასამართლომ არ გაარკვია ფაქტობრივი გარემოებები და მხოლოდ კონტროლის პალატის დადგენილებაზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება, ვერ გახდება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რაც ამ კოდექსით დადგენილი არ არის, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სკ-ს 106-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტის შესაბამისად მტკიცებას არ საჭიროებს ის ფაქტები და გარემოებები, რომელიც კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენიად არის ცნობილი. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის ¹3ა/103 გადაწყვეტილებით დადგენილად არის ცნობილი მოსარჩელეთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი, რაც მოსარჩელეთა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მეორე საფუძველს წარმოადგენს. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 16 ოქტომბრის განჩინებით. მართალია, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ იყო შესული, მაგრამ დღეისათვის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია.
სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორთა მითითება, რომ საკითხის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გამოიყენა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 99-ე მუხლის მე-3 ნაწილი, ვინაიდან «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის პრეამბულით განისაზღვრება კანონის მოქმედების სფერო _ «ეს კანონი ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას», ხოლო ამავე კანონის მე-14 მუხლის თანახმად საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე სამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით, საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რომელიც ამ კანონით არ წესრიგდება რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით.
აღნიშნული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, საჯარო მოსამსახურეებზე შრომის კანონთა კოდექსის მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუ კონკრეტული საკითხის რეგულირება გათვალისწინებული არ იქნება «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონით. ვინაიდან 99-ე მუხლი აწესრიგებს საჯარო მოსამსახურის სამსახურიდან განთავისუფლების წესს, დისციმპლინური გადაცდომისათვის სასამართლომ სწორად გამოიყენა ზემოაღნიშნული ნორმა და მართებულად არ გამოიყენა შკკ-ს 136-ე მუხლი.
ასევე უსაფუძვლოა კასატორთა მითითება, რომ საქართველოს კონტროლის პალატის დადგენილების მოქმედება შეჩერებული იყო სასამართლოს განჩინებით და შესაბამისად მასზე დაყრდნობა არ შეიძლებოდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ სწორად მიუთითა, რომ სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანება ¹79/კ მიღებული იყო 2001წ. 6 ოქტომბერს და ამ დროისათვის კონტროლის პალატის დადგენილების მოქმედება შეჩერებული არ იყო, ვინაიდან მისი შეჩერების თაობაზე საოლქო სასამართლოს განჩინება მიღებულია 2001წ. 5 დეკემბერს. უფრო მეტიც, ¹79/კ ბრძანების გამოცემისას საქართველოს კონტროლის პალატის აქტის ბათილობის თაობაზე სარჩელიც არ არსებობდა, ვინაიდან აქტის ბათილობის მოთხოვნით მოსარჩელეებმა სასამართლოს მიმართეს 2001წ. 16 ოქტომბერს, ე.ი. გასაჩივრებული ბრძანების გამოცემიდან 10 დღის შემდეგ.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ კასატორთა მიმართ დისციპლინური სახდელის დადების ხანდაზმულობის ვადები დარღვეული არ ყოფილა, ვინაიდან კასატორთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება გამოიხატებოდა როგორც ერთჯერად ქმედებაში, ისე _ განგრძობადი ხასიათის ქმედებებში.
სააპელაციო სასამართლომ ასევე სწორი შეფასება მისცა საქართველოს გენერალური პროკურატურის დადგენილებას კასატორთა მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის თაობაზე, როდესაც მიუთითა, რომ სისხლის სამართლის კოდექსით კანონით გათვალისწინებულ ქმედებათა არ არსებობა არ გამორიცხავს დისციპლინარულ სახდელის დადების შესაძლებლობასაც.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის არარსებობა იმავდროულად არ გამორიცხავს სხვა სახის სამართალდარღვევის არარსებობასაც.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ფ.-ის, შ. გ.-ის, ბ. მ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. დარჩეს უცვლელად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 სექტემბრის განჩინება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.