3გ-ად-481-კ-02 19 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: ბინის პრივატიზაციის ბათილად ცნობა, წილის გამოყოფა სადავო ბინაზე, მოსარჩელეთა რეგისტრაციის გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 24 სექტემბერს ქ. ჯ.-მ, გ. ღ.-მ, გ. და დ. დ.-ეებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების ქ. ბათუმის ნოტარიუსისა და ნ. გ.-ის მიმართ სარჩელი აღძრეს, რომელშიც მიუთითეს შემდეგი:
ქ. ბათუმში, ... მდებარე ბინის პრივატიზაციის დროს დარღვეულ იქნა საქართველოში ბინების პრივატიზაციის შესახებ 1992წ. 1 თებერვლის საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება, რაც იმაში გამოიხატა, რომ ისინი ნ. გ.-ესთან ერთად ითვლებოდნენ ამ ბინის დამქირავებლებად და ოჯახის წევრებად და მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული დროის განმავლობაში არ ცხოვრობდნენ აღნიშნულ ბინაში, ისინი ფართზე უფლებადაკარგულად არავის უცვნია. ნ. გ.-მ ბინის პრივატიზაციისას კანონის მოთხოვნები დაარღვია და მოსარჩელეებს წილზე უფლება დაუკარგა. ეს უკანასკნელი ქ. ჯ.-ის მეუღლის თ. დ.-ის და გ. ღ.-ს დედინაცვალი იყო, რომელთან ურთიერთობის დაძაბულობისა და თ. დ.-ის ავადმყოფობის გამო ქ. ჯ.-ე მეუღლესთან და შვილებთან ერთად დროებით საცხოვრებლად თავისი მშობლების სახლში გადავიდა, იმავე საფუძვლით სხვაგან გადავიდა გ. ღ.-ც, რითაც ისარგებლა ნ. გ.-ემ და 1999წ. 6 იანვარს აღნიშნული ბინის თავის სახელზე პრივატიზაცია მოახდინა. ბინის საერთო ფართი 92,45 კვ.მ. შეადგენს, ხოლო თითოეული მოსარჩელის წილი 19 კვ.მ.-ს. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეებმა სადავო ბინის პრივატიზაციის შესახებ ბათუმის ნოტარიუსის მიერ დამტკიცებული 1999წ. 6 იანვრის ხელშეკრულების გაუქმება, საერთო საკუთრებაში მათი წილი ოთხი მეხუთედის გამოყოფა და ბინაში შესახლება მოითხოვეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 28 ნოემბრის განჩინებით ქ. ბათუმის ¹... მიკრორაიონის გამგეობა საქმეში თანამოპასუხედ იქნა ჩართული.
2002წ. 12 თებერვალს მოპასუხე ნ. გ.-ის წარმომადგენელმა ვ. გიორგაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში შეგებებული სარჩელი წარადგინა, რომლითაც ქ. ბათუმში, ... მდებარე ბინაზე მოსარჩელეების რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვა.
შეგებებულ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ბინაში მოსარჩელეების ჩაწერა არის ფიქტიური, რადგან აღნიშნულ ბინაში მათ არ უცხოვრიათ და არც ბინის ძირითად დამქირავებელთან – ნ. გ.-ესთან ერთად უწარმოებიათ საერთო მეურნეობა. აღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილებით დამტკიცებული დროებითი დებულების მე-3 პუნქტის თანახმად მოსარჩელეებს ბინის პრივატიზაციის უფლება არ ჰქონდათ. ამდენად, მოსარჩელეთა მოთხოვნა სადავო ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ უსაფუძვლოა, რაც მათი სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილებასაც გამორიცხავს.
2002წ. 8 აპრილს ერთ-ერთი მოსარჩელის – გ. ღ.-ს გარდაცვალების გამო საქმეში მისი უფლებამონაცვლე – მისი მეუღლე ნ. ჭ.-ე იქნა ჩაბმული.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 26 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების ქ. ჯ.-ის, ნ. ჭ.-ის, გ. და დ. დ.-ეების სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა.
დაკმაყოფილდა მოპასუხე ნ. გ.-ის შეგებებული სარჩელი და გაუქმებულ იქნა მოსარჩელეების: ქ. ჯ.-ის, გ. ღ.-ს, გ. და დ. დ.-ეების რეგისტრაცია ქ. ბათუმში, ... მდებარე ბინაზე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ქ. ჯ.-ემ, ნ. ჭ.-ემ, გ. და დ. დ.-ეებმა სააპელაციო წესით აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში გაასაჩივრეს. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვეს შემდეგი საფუძვლებით:
აპელანტები მიიჩნევდნენ, რომ ნ. გ.-ესთან, (რომელიც ქ. ჯ.-ის მეუღლის თ. დ.-ის და ნ. ჭ.-ის მეუღლის გ. ღ.-ს დედინაცვალი იყო) ურთიერთობის დაძაბულობის და თ. დ.-ის ავადმყოფობის გამო ქ. ჯ.-ე მეუღლესთან და შვილებთან ერთად დროებით საცხოვრებლად თავისი მშობლების სახლში გადავიდა, სხვაგან გადავიდა აგრეთვე გ. ღ.-ც, რითაც ისარგებლა ნ. გ.-ემ და 1999წ. 6 იანვარს აღნიშნული ბინის თავის სახელზე პრივატიზაცია მოახდინა.
აპელანტები თვლიდნენ, რომ საქალაქო სასამართლოს მხედველობიდან გამორჩა ის გარემოება, რომ მოსარჩელეებს ფართზე უფლება დაკარგული არ ჰქონდათ და ნ. გ.-ესთან ერთად ისინიც ამ ოჯახის წევრებად და სადავო ბინის დამქირავებლებად ითვლებოდნენ. შესაბამისად ისინიც ინარჩუნებდნენ დამქირავებლის ტოლფას უფლებებსა და მოვალეობებს.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 7 ოქტომბრის განჩინებით ქ. ჯ.-ის, ნ. ჭ.-ის, დ. და გ. დ.-ეების სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 26 ივნისის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ პრივატიზაციის მომენტისათვის მოსარჩელეებს ფართზე უფლება დაკარგული ჰქონდათ.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან აპელანტები სადავო ბინაში გარკვეული დროის განმავლობაში არ ცხოვრობდნენ და მასთან ერთად არ ეწოდნენ საერთო მეურნეობას, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მე-5 პუნქტიდან გამომდინარე ისინი ამ ბინის დამქირავებლებად არ ითვლებოდნენ.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტების მარტო ბინაში ჩაწერის ფაქტი ბინის პრივატიზაციის და წილის მოპოვების უფლებას არ წარმოშობდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ქ. ჯ.-მ, ნ. ჭ.-მ, გ. და დ. დ.-ეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრესდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს.
კასატორები მიიიჩნევენ, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მე-5 პუნქტი.
კასატორები მიუთითებენ, რომ ისინი დღემდე ითვლებიან სადავო ბინის დამქირავებლებად, რადგან იმ დროს მოქმედი საბინაო კოდექსის თანახმად სასამართლო წესით არ მომხდარა მათი ფართზე უფლებადაკარგულად ცნობა. Uუფრო მეტიც, ისინი დღესაც სადავო ბინაში ირიცხებიან, რასაც მოწმობს ბათუმის ¹... მიკრორაიონის გამგეობის მიერ გაცემული დოკუმენტი.
ქ. ჯ.-ის, ნ. ჭ.-ის, გ. და დ. დ.-ეების საკასაციო საჩივარზე ნ. გ.-ემ შეპასუხება წარმოადგინა, რომლითაც საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება ითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ქ. ჯ.-ის, გ. დ.-ის, დ. დ.-ის და ნ. ჭ.-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 7 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი და სათანადოდ არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ კასატორების: ქ. ჯ.-ის და ნ. ჭ.-ის მეუღლეები-თ. დ.-ე და გ. ღ.-ა ქ. ბათუმში, ... წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ დამქირავებლების სტატუსით. ამასთან, გ. და დ. დ.-ეები თ. დ.-ის შვილები არიან. აღნიშნული ბინის ძირითად დამქირავებელს თავდაპირველად მათი დედა გ. ლ.-ა წარმოადგენდა, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ მამამ (გ. ღ.-სათვის მამინაცვალმა) ზ. დ.-მ ცოლად ნ. გ.-ე მოიყვანა.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ზ. დ.-ის გარდაცვალების შემდეგ მისმა ახალმა მეუღლემ (თ. დ.-ისა და გ. ღ.-ს დედინაცვალმა) აიძულა გერები სადავო ბინიდან დროებით საცხოვრებლად სხვაგან გადასულიყვნენ.
სააპელაციო სასამართლოს არ გამოურკვევია, წარმოადგენდა თუ არა ნ. გ.-ე სადავო ბინის ძირითად დამქირავებელს, ვინაიდან საქმეში მოიპოვა ბათუმის ¹... მიკრორაიონის გამგეობის მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმადაც ბინის ძირითადი დამქირავებელი სადავო ბინის პრივატიზაციამდე ზ. დ.-ე იყო.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს ასევე არ გამოუყენებია იმ დროს მოქმედი საქართველოს საბინაო კოდექსის 69-ე მუხლი, რომლის შესაბამისადაც, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობაზე უფლებადაკარგულად ცნობა მხოლოდ სასამართლო წესით ხდება. დამქირავებლის ან მისი ოჯახის წევრთა დროებით სხვაგან ყოფნა ავტომატურად როდი იწვევს მათი უფლებების დაკარგვას საცხოვრებელ სადგომზე. საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულება ძალაში რჩება მანამდე, ვიდრე საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლება გასაჩივრებული იქნება სასამართლო წესით. მართალია საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების უმნიშვნელოვანესი პირობა ის არის, რომ დამქირავებელი ფაქტიურად დაქირავებულ საცხოვრებელ სადგომში ცხოვრობდეს, მაგრამ ეს ისე არ უნდა გავიგოთ, რომ დამქირავებელს და მისი ოჯახის წევრებს, ობიექტურ და სუბიექტურ მიზეზთა გამო, თითქოს უფლება არა აქვთ დროებით მიატოვონ თავიანთი საცხოვრებელი სადგომი. სწორედ რომ პირიქით, ზოგჯერ ისინი იძულებულნიც კი არიან ასე მოიქცნენ.
ამდენად, კასატორებს, როგორც სადავო ბინის დამქირავებლებს კანონით დადგენილი წესით ფართზე უფლება არ დაუკარგავთ, ისინი ამ ოჯახის წევრებად და ამ ბინის დამქირავებლებად ითვლებიან.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ბინის პრივატიზაციისას ნოტარიუსს წარედგინა ფორმა ¹1, რომელშიც ბინის ყველა დამქირავებელი სრულად არ იყო შეყვანილი. ამასთან გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ბინის პრივატიზაციის მასალებში არ მოიპოვება არანაირი დოკუმენტი, რომ ამ პირებმა უარი განაცხადეს თავიანთი წილის დათმობაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ბინაზე საკუთრების უფლება უნარჩუნდება ყველა იმ პირს, რომელსაც საცხოვრებელ ფართზე უფლება მოპოვებული ჰქონდა პრივატიზაციის დროისათვის.
საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზემოთ მითითებული ნორმების ნამდვილ აზრს, მისი გამოყენების პრაქტიკას და მიიჩნევს, რომ ვინაიდან კასატორები საქართველოს საბინაო კოდექსის 69-ე მუხლის მიხედვით სასამართლო წესით სადავო ბინის ფართზე უფლებადაკარგულად ცნობილი არ არიან, პრივატიზაცია საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მოთხოვნათა დარღვევითაა განხორციელებული და ისინი ინარჩუნებენ წილზე უფლებას, რაც ფაქტობრივმა სასამართლომ უნდა განსაზღვროს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 7 ოქტომბრის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას უნდა დაუბრუნდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სსკ-ს მე-12 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. ჯ.-ის, გ. დ.-ის, დ. დ.-ის, ნ. ჭ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 7 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.