Facebook Twitter

3გ-ად-482კ-02 17 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

სარჩელის საგანი: ბინის პრივატიზაციის, ბინაზე ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, ბინაში რეგისტრაციის აღდგენა და ბინიდან მოპასუხეების გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

მოსარჩელე ე. მ-ა და მოპასუხე ვლ. მ-ი რეგისტრირებულ ქორწინებაში გატარდნენ 1986 წლიდან, რომლებსაც ერთად ცხოვრების დროს შეეძინათ ორი შვილი. მ-ების ოჯახმა სახელმწიფოსაგან 1991წ. 17 იანვარს 4 სულზე მიიღო 3-ოთახიანი ბინა, მდებარე ქ. რუსთავში, ..... ბინის მიღების ფაქტი დასტურდება რუსთავის საქალაქო საბჭოს აღმასკომის მიერ გაცემული ¹.... ორდერით. 1993წ. 2 აპრილს მეუღლეები განქორწინდნენ.

1994 წლიდან ვლ. მ-ი ჯერ დედასთან გადავიდა საცხოვრებლად, ხოლო შემდეგ გაემგზავრა რუსეთში და მისი მეორე მეუღლის – ს. მ-ის ჩვენების მიხედვით, 1997 წლიდან მიიღო რუსეთის მოქალაქეობა. რაც შეეხება ე. მ-ას, ისიც 1994 წლიდან საცხოვრებლად გადავიდა დედასთან, თუმცა პერიოდულად აკითხავდა თავის ბინას და მისი არასრულწლოვანი შვილებიც სწავლობდნენ რუსთავის ¹20 საშუალო სკოლაში.

1996წ. 10 სექტემბერს ქ. ვოლგოგრადში ვლ. მ-მა ე. გ-ის სახელზე გასცა მინდობილობები, რომლებიც ამ უკანასკნელს უფლებას აძლევდა მოეხდინა რუსთავში, ..... სადავო ბინის პრივატიზება ვლ. მ-ის სახელზე და შემდგომ ბინის განკარგვა. მინდობილობები დამოწმებულია ქ. ვოლგოგრადის ნოტარიუსის მიერ.

1999წ. 1 ივნისს რუსთავის ..... სახელობის გამგეობასა და ვლ. მ-ის წარმომადგენელ ე. გ-ს შორის დაიდო პრივატიზების ხელშეკრულება, რომლითაც მინისტრთა კომიტეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების შესაბამისად, ვლ. მ-ს უსასყიდლოდ გადაეცა ქ. რუსთავში, ..... მდებარე 3-ოთახიანი ბინა. პრივატიზების ხელშეკრულება დამოწმებულია რუსთავის ნოტარიუს ც. კ-ის მიერ.

1999წ. 12 ივლისს ე. გ-სა და მის მეუღლეს, კასატორ ი. ნ-ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ზემოაღნიშნული სადავო ბინა საკუთრებაში გადაეცა ი. ნ-ს, ხელშეკრულება, ასევე დამოწმებულია ნოტარიუსი ც. კ-ის მიერ.

ბინის ნასყიდობის გაფორმების შემდეგ, ე. გ-მა განცხადებით მიმართა რუსთავის შს სამმართველოს სავიზო-საპასპორტო განყოფილებას, მან მოითხოვა ე. მ-ასა და მისი შვილების ამოწერა სადავო ბინიდან იმ მოტივით, რომ ისინი ორი წელია აღარ ცხოვრობდნენ სადავო ბინაში. განცხადება დაკმაყოფილდა და ე. მ-ი 1999წ. 9 ივლისს მოიხსნა რეგისტრაციიდან სადავო ბინაზე.

საქმეზე თავდაპირველად წარმოდგენილი იყო 1994წ. 6 სექტემბრის ხელწერილი, რომლის მიხედვითაც ვლ. მ-ი და მისი მეუღლე ე. მ-ი-მ-ა თანახმანი იყვნენ თავიანთი ბინა მიეყიდათ ე. გ-ისა და თ. ნ-ისათვის, მაგრამ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ამ აქტზე ხელმოწერები მიჩნეული იქნა ყალბად, რის გამოც სასამართლოს განჩინებით ისინი ამოღებულ იქნა საქმიდან, ამავე განჩინებით საქმიდან ასევე ამოღებული იქნა რუსთავის მერიის ....... მუნიციპალიტეტის ¹19 აქტიც.

2000წ. 3 აპრილს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ე. მ-ამ, რომელმაც მოითხოვა 1999წ. 1 ივნისის ბინის პრივატიზების ხელშეკრულების, ასევე 1999წ. 12 ივლისს ი. ნ-თან დადებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; რუსთავის შს სამმართველოს პასპორტების, ვიზებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის განყოფილების მიერ მისი რეგისტრაციის აღდგენა სადავო ბინაში და იქიდან ი. ნ-ს ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლება. მოსარჩელის განმარტებით, მას არასოდეს მიუტოვებია თავის ბინაზე მფლობელობა. ბინიდან მისი დროებითი წასვლა მოხდა მხოლოდ ამ ბინაში მიმდინარე რემონტის გამო. ე. მ-ას მითითებით, ვლ. მ-ს შეეძლო მხოლოდ ბინაზე თავისი წილის განკარგვა, ხოლო დანარჩენი წილის განკარგვისათვის აუცილებელი იყო მისი თანხმობა. მოსარჩელეს უკანონოდ მიაჩნია ვლ. მ-ის სახელზე 1999წ. 1 ივნისს მთელი ბინის პრივატიზაციის განხორციელება, ვინაიდან ეს უკანასკნელი 1997 წლიდან რუსეთის მოქალაქე იყო, ხოლო ბინის პრივატიზაცია დასაშვები იყო მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე. ე. მ-ა გაყალბებულად მიიჩნევს საქმეში წარმოდგენილ 1994წ. ხელწერილს, რომლითაც თითქოს მასსა და ვლ. მ-ს შორის მოხდა შეთანხმება ბინის ი. ნ-ზე მიყიდვის შესახებ. მოსარჩელეს თქმით, ამ პერიოდში ბინა ეკუთვნოდა სახელმწიფოს და დამქირავებლებს არ შეეძლოთ მისი გაყიდვა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ რუსთავის შს სამმართველოს სავიზო განყოფილებას არ ჰქონდა უფლება ე. გ-ის განცხადების საფუძველზე იგი თავის შვილებთან ერთად ამოეწერა სადავო ბინიდან, ვინაიდან შს მინისტრის 1997წ. 12 აგვისტოს ¹447 ბრძანების თანახმად, საქართველოს მოქალაქის რეგისტრაციიდან მოხსნა ხდება დამქირავებლის ან მფლობელის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე, მას კი ასეთი შუამდგომლობა არ დაუყენებია.

2001წ. 20 ნოემბერს რუსთავის საქალაქო სასამართლოს შეგებებული სარჩლით მიმართა ი. ნ-მა, რომელმაც მოითხოვა სადავო ბინაზე ე. მ-ის ფართზე უფლებადაკარგულად ცნობა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. მ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 1999წ. 1 ივნისს რუსთავის ........ მუნიციპალიტეტსა და ვლ. მ-ს შორის გაფორმებული ბინის პრივატიზების ხელშეკრულება, ასევე ვლ. მ-სა და ი. ნ-ს შორის 1999წ. 12 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება; ი. ნ-ს დაევალა ოჯახთან ერთად სადავო ბინის დატოვება, რუსთავის შს პასპორტების, ვიზების და მოქალაქეთა რეგისტრაციის განყოფილებას დაევალა ე. მ-ასა და მისი არასრულწლოვანი შვილებისათვის სადავო ბინაზე რეგისტრაციის უფლების აღდგენა. ი. ნ-ს უსაფუძვლობის მოტივით უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ნ-მა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 6 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს:

1) სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ბინის პრივატიზების ბათილად ცნობის თაობაზე. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ვლ. მ-მა 1997 წლიდან მიიღო რუსეთის მოქალაქეობა. ადგილობრივ მმართველობის ორგანოსა და ვლ. მ-ის წარმომადგენელ ე. გ-ს შორის ბინის პრივატიზების ხელშეკრულება ნოტარიუსმა დაამოწმა 1999წ. 1 ივნისს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების საფუძველზე. ამ დადგენილების მე-5 მუხლის თანახმად, საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან. ბინის პრივატიზაციის მომენტისათვის ვლ. მ-ი აღარ იყო საქართველოს მოქალაქე, რის გამოც დაუშვებელი იყო მასზე ბინის პრივატიზება;

2) სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან მეუღლეებმა – ვ. მ-მა და ე. მ-ამ სადავო ბინა შეიძინეს 1991წ. 17 ივნისს ერთად ცხოვრების დროს, ამიტომ ეს ბინა ითვლება მათ საერთო საკუთრებად. ის ფაქტი, რომ ბინა გაფორმებული იყო ვლ. მ-ზე, არ ცვლის მეუღლეთა საერთო საკუთრებას ამ ქონებაზე, მოცემულ შემთხვევაში ვლ. მ-ი და ე. მ-აც საერთო საკუთრების თანასწორუფლებიანი სუბიექტები არიან და ამდენად, ე. მ-ას საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების შესაბამისად, მოპოვებული ჰქონდა ამ ბინაზე უფლება;

3) სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება სადავო ბინაზე ე. მ-ას უფლებადაკარგულად ცნობის შესახებ და მიიჩნია, რომ ე. მ-ას ბინაზე მფლობელობა არ შეუწყვეტია, ვინაიდან იგი პერიოდულად დადიოდა ამ ბინაში. ე. მ-ას თავისი დედის სახლში გარკვეული დროის განმავლობაში ცხოვრების ფაქტი მიუთითებს არა იმაზე, რომ მან უფლება დაკარგა ფართზე, არამედ იმაზე, რომ ცოლ-ქმარს შორის იყო აუტანელი და დაძაბული მდგომარეობა, რამაც გამოიწვია განქორწინება და მეუღლეებს შორის განსაკუთრებული რეჟიმის ჩამოყალიბება. სასამართლოს მითითებით, აპელანტმა ვერ წარმოადგინა რაიმე სამართლებრივი დოკუმენტი ე. მ-ას სადავო ბინაზე უფლებადაკარგულად ცნობის შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებას საკასაციო წესით ასაჩივრებს ი. ნ-ი, რომელიც შემდეგი მოტივით ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და მისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფიულებას:

1) კასატორის განმარტებით, ე. მ-ამ ჯერ კიდევ განქორწინებამდე 7 თვით ადრე სამუდამოდ მიატიოვა სადავო ბინა და შვილებთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა დედასთან. აქედან მოყოლებული მას არ გადაუხდია ბინაზე არანაირი გადასახადი და იშვიათად გამოჩნდებოდა ხოლმე ბინაში. კასატორს მიაჩნია, რომ ვინაიდან ე. მ-ას მიტოვებული ქონდა ბინაზე მფლობელობა, ამიტომ მან კანონიერად შეიძინა იგი და საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის შესაბამისად, ითვლება ამ ბინის მესაკუთრედ;

2) ი. ნ-ის აზრით, ბინის პრივატიზება კანონსაწინააღმდეგოც რომ ყოფილიყო, სასამართლოს ეს ბინა უნდა მიეკუთვნებინა არა ე. მ-ასათვის, არამედ დაებრუნებინა რუსთავის მერიის მუნიციპალიტეტისათვის, რომელსაც იგი პრივატიზაციამდე ეკუთვნოდა;

3) კასატორის მითითებით, ბინის პრივატიზება მოხდა კანონიერად, ვინაიდან ვლ. მ-ი დღემდე ითვლება საქართველოს მოქალაქედ. მას არასოდეს მოუთხოვია საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა და არც სათანადო დოკუმენტი არსებობს მისი მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ. საქართველოდან დროებითი გასვლა არ შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვად, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ყველას აქვს უფლება თავისუფლად გავიდეს საქართველოდან.

ი. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ ცნო მოპასუხე – რუსთავის შს სამმართველოს მოსახლეობის პასპორტებისა და ვიზების რეგისტრაციის განყოფილებამ, რომელმაც მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვება. ამასთან, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 27-ე მუხლის შესაბამისად, განყოფილებამ თანხმობა განაცხადა მათი წარმომადგენლის გარეშე საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

მოპასუხე – რუსთავის ....... სახელობის მუნიციპალიტეტის წარმოადგენლები, მესამე პირები – ე. გ-ი და ნოტარიუსი ც. კ-ე მიუხედავად დადგენილი წესით არაერთგზის მოწვევისა, საკასაციო სასამართლოში არ გამოცხადდნენ, ამიტომ საკასაციო საჩივარი განხილული იქნა მათი დასწრების გარეშე, თანახმად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის მე-2 ნაწილისა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ნ-ის საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ მოპასუხე ვ. მ-მა 1997 წლიდან რუსეთის მოქალაქეობა მიიღო და რადგან რუსთავში მდებარე სადავო ბინის პრივატიზების მომენტისათვის, 1999წ. 1 ივნისისათვის, იგი საქართველოს მოქალაქე აღარ იყო, ბათილად ცნო ბინის სადავო პრივატიზება. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მე-5 მუხლის საფუძველზე პალატამ მიიჩნია, რომ ბინების უსასყიდლო პრივატიზების უფლება გააჩნდათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს.

ვ. მ-ის მიერ რუსეთის მოქალაქეობის მიღებისა და შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამიტომ საკასაციო პალატა იზიარებს ი. ნ-ის საკასაციო საჩივრის არგუმენტს და ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ მოტივს. მართალია, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლისა და “საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” ორგანული კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე და ამავე კანონის 32-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღება საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველია, მაგრამ ორგანული კანონის მიხედვით, სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღება ავტომატურად არ იწვევს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას, არამედ კანონის 37-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეობის, მათ შორის შეწყვეტის საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი. ე. მ-ას მიერ საქმეში წარმოდგენილი არ არის საქართველოს პრეზიდენტის აქტი სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით, ვლ. მ-ის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ. ამიტომ სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ მოტივს, რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამო, ბინის პრივატიზების ბათილად ცნობაზე საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, თუმცა პალატას მიაჩნია, რომ ბინის სადავო პრივატიზების ბათილად ცნობა კანონიერია და ძალაში უნდა დარჩეს, ვინაიდან:

ა) დადგენილია და კასატორიც არ ხდის სადავოდ, რომ ქ. რუსთავში, ..... კორპუსში მდებარე სადავო სამოთახიანი ბინა ¹12 ე. მ-ამ და ვ. მ-მა 4 სულზე ერთად ცხოვრების პერიოდში მიიღეს 1991წ. 17 იანვარს. რუსთავის საქალაქო საბჭოს აღმასკომის მიერ გაცემული ¹.... ორდერისა და ბინის დამქირავებლის პირადი ბარათის მიხედვით, ვლ. მ-თან ერთად ბინის დამქირავებლები იყვნენ ე. მ-ა და მათი შვილები;

ბ) “საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზების (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ” მინისტრთა კაბინეტის 1997წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მე-2, მე-5 პუნქტების თანახმად, საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემოდათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები იყვნენ;

გ) 1992წ. 23 დეკემბრის ქ. რუსთავის სასამართლოს გადაწყვეტილებით ე. მ-სა და ვლ. მ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა, რაზეც მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილების მიერ 1993წ. 2 აპრილს გაიცა განქორწინების მოწმობა;

დ) ვინაიდან 1999წ. 1 იანვრისათვის მ-ები უკვე განქორწინებულები იყვნენ, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვლ. მ-ს არ ჰქონდა თავის სახელზე მთელი ბინის პრივატიზების განხორციელების უფლება, არამედ მას შეეძლო მხოლოდ თავის წილი ბინის პრივატიზება, ხოლო დანარჩენ წილზე ბინის პრივატიზების უფლება, ზემოაღნიშნული ¹107 დადგენილების საფუძველზე, მოპოვებული ჰქონდა მის ყოფილ მეუღლეს, ბინის დამქირავებელ ე. მ-ას. ამიტომ საკასაციო პალატა იზიარებს ვლ. მ-ის სახელზე მთელი ბინის პრივატიზების ბათილობის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინებას და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არსებითად სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, “საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ” მინისტრთა კაბინეტის ¹107 დადგენილების დარღვევით დადებული გარიგება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, თანახმად სკ-ს 54-ე მუხლისა, როგორც კანონსაწინააღმდეგო გარიგება.

საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას 1999წ. 12 ივლისს ვლ. მ-ის წარმომადგენელ ე. გ-სა და კასატორ ი. ნ-ს შორის გაფორმებული სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის შესახებ და კასატორს ვერ მიიჩნევს კეთილსინდისიერ შემძენად, ვინაიდან ბინაზე მოსარჩელე ე. მ-ის უფლებების შესახებ მისთვის ხელშეკრულების დადებისთანავე უნდა ყოფილიყო ცნობილი, რადგან 1999წ. 12 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულება და 1999წ. 1 ივნისის ბინის პრივატიზების ხელშეკრულება ვ. მ-ის მიერ დადებული იქნა მისი წარმომადგენლის ე. გ-ის მეშვეობით, 1996წ. 10 სექტემბერს ქ. ვოლგოგრადში გაცემული მინდობილობების საფუძველზე. ვლ. მ-ის წარმომადგენელი ე. გ-ი კი არის კასატორ ი. ნ-ის მეუღლე. ამიტომ საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორს შეიძლება სცოდნოდა და უნდა სცოდნოდა სადავო ბინაზე ე. მ-ის უფლებების შესახებ და იგი არ შეიძლებოდა ჩაითვალოს კეთილსინდისიერ შემძენად.

რაც შეეხება ე. მ-ას ფართზე უფლებადაკარგულად ცნობის შესახებ კასატორის შეგებებული სარჩელის მოთხოვნას, საკასაციო პალატა ასევე იზიარებს ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინებას, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და დამატებით მიუთითებს, რომ 1983წ. საქართველოს საბინაო კოდექსი, რომლის 69-ე მუხლიც ითვალისწინებდა მოქალაქის ფართზე უფლებადაკარგულად ცნობას, სკ-ს 1505-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ძალადაკარგულია 1997წ. 25 ნოემბრიდან ანუ ახალი სკ-ს ამოქმედებიდან. ამდენად, შეგებებული სარჩელის იურიდიული საფუძველი დღეისათვის აღარ არსებობს და სხვა ბინაში ცხოვრება აღარ იწვევს ამ ბინაზე მოქალაქის უფლებადაკარგულად ცნობას.

უსაფუძვლობის გამო, საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, თითქოს სააპელაციო პალატას ბინა ე. მ-ასთვის კი არ უნდა მიეკუთვნებინა, არამედ უნდა დაებრუნებინა რუსთავის მერიის მუნიციპალიტეტისათვის. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საკუთრების უფლებით არ გადაუცია ე. მ-ასათვის სადავო ბინა, არამედ აღადგინა ე. მ-ას, როგორც ბინის კანონიერი დამქირავებლის უფლება, ხოლო ბინის პრივატიზების ბათილობის შედეგად ასევე აღდგა ბინაზე რუსთავის მერიის მუნიციპალიტეტის საკუთრება.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ი. ნ-ის საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს, თანახმად სსკ-ს 410-ე მუხლისა და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 6 აგვისტოს განჩინება, რადგან სააპელაციო სასამართლომ საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილება გამოიტანა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 6 აგვისტოს განჩინება.

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.