Facebook Twitter

3გ-ად-485-კ-02 18 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა,

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს პრეზიდენტის 2002წ. 18 მაისის ¹247 ბრძანებულებით ფ. ო.-ს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა.

ბრძანებულებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ 1940 წელს დმანისის რაიონში დაბადებული ფ. ო.-ი საბინაო წიგნის ამონაწერის მიხედვით 1991წ. 16 ივლისიდან 2000წ. 24 ივნისამდე პერიოდში ჩაწერილი იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, შამქორის რაიონი, ... რასაც ასევე ადასტურებდა საცხოვრებელი ადგილის შესახებ აზერბაიჯანის საინფორმაციო ბიუროს მიერ 1999წ. 22 მარტს გაცემული ცნობა. “მოქალაქეობის შესახებ” აზერბაიჯანის რესპუბლიკის 1998წ. კანონის მე-5 მუხლის თანახმად აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ხდებოდა ამ კანონის ამოქმედებამდე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ჩაწერილი პირი. “მოქალაქეობის შესახებ” აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე, ფ. ო.-ის აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საპასპორტო სარეგისტრაციო სამმართველოს მიერ 2001წ. 16 აპრილს გაცემული ცნობითაც დასტურდებოდა.

ფ. ო.-მ 2002წ. 31 მაისს სარჩელი აღძრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის მიმართ და ¹247 ბრძანებულების ბათილად ცნობა მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:

მოსარჩელის მტკიცებით ¹247 ბრძანებულება გამოტანილი იყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევით, რადგან ადმინისტრაციულ ორგანოებს მისთვის არ უცნობებიათ და არ მიუწვევიათ იგი მის მიმართ დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად, რაც სავალდებულო იყო, რადგან ადმინისტრაციული აქტით გაუარესდა მისი მდგომარეობა.

ფ. ო.-ი აქვე განმარტავდა, რომ იგი დაბადებიდან სარჩელის წარდგენის დღემდე მუდმივად ცხოვრობდა და მუშაობდა დმანისის რაიონში, სხვა სახელმწიფოში არ უცხოვრია და არც მოქალაქეობა მიუღია. ხოლო საქმეში არსებული ერთადერთი ცნობა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მისი ჩაწერის თაობაზე, არ უნდა გამხდარიყო მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველი, რადგან აზერბაიჯანის რესპუბლიკის შს სამინისტროს საპასპორტო-სარეგისტრაციო სამმართველოს 2002წ. 17 მაისის ¹18\34-3141 ცნობით ირკვეოდა, რომ იგი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში არსად იყო რეგისტრირებული.

მოსარჩელემ საქართველოს პრეზიდენტის სადავო აქტის ბათილად ცნობა და საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 15 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში სასამართლოს ინიციატივით, სავალდებულო წესით ჩაბმულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (მოქალაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციისა და იმიგრაციის საკითხთა დეპარტამენტი), რომლის დასკვნის საფუძველზეც მიღებულ იქნა საქართველოს პრეზიდენტის სადავო ბრძანებულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით ფ. ო.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა პრეზიდენტის 2002წ. 18 მაისის ¹247 ბრძანებულება მოსარჩელისათვის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ ფ. ო.-ი რეალურად ორმაგი მოქალაქეობის მდომარეობაში იმყოფებოდა. ამდენად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ სადავო ბრძანებულების გამოცემა და მოსარჩელისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა მოქმედი კანონონმდებლობიდან გამომდინარეობდა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსარჩელეს კასაციის უფლება მიენიჭა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 30 სექტემბრის გადაწყვეტილება ფ. ო.-ის წარმომადნელმა გ. ნ.-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა საკასაციო პალატას დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია წარუდგინა იმის თაობაზე, რომ იგი არ იყო აზერბაიჯანის მოქალაქე. ფ. ო.-ის წარმომადგენელმა გ. ნ.-მ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მისთვის მოქალაქეობის აღდგენა მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ფ. ო.-ის წარმომადგენლის გ. ნ.-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 30 სექტემბრის გადაწყვეტილება პირველი ინსტანციით და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე პალატას უნდა დაუბრუნდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ქვემდგომი სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ფ. ო.-ის წარმომადგენელმა გ. ნ.-მ სასამართლოში წარმოადგინა დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კასატორმა სასამართლოს წარუდგინა შემდეგი წერილები: ზ.მ. გაფაროვის ¹1015-12944 2002წ. 22 ნოემბრისა და ¹1015 03-1828 2003წ. 12 ივნისის წერილები იუსტიციის სამინისტროსადმი და ფ. ა.-ის ¹18134-5136 2002წ. 20 აგვისტოს პასუხი ფ. ო.-ისადმი. ზემოთმითითებული წერილების შესაბამისად, არაერთი გადამოწმების შედეგად, ფოლად ო.-ი არ წარმოადგენს აზერბაიჯანის მოქალაქეს.

ამასთან, საქმეშია იმავე უწყების მიერ ადრე გაცემული სხვა წერილები, რომლებითაც ფ. ო.-ის აზერბაიჯანის მოქალაქეობა დგინდება და რომლებიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ პირველი ინსტანციით გაითვალისწინა და დადგენილად მიიჩნია.

საკასაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ წერილები, რომლებიც მოსარჩელის აზერბაიჯანის მოქალაქეობას ადასტურებენ, 2000-2001 წლებშია გაცემული, ხოლო დასაბუთებული და დამატებითი საკასაციო პრეტენზიით წამოყენებული წერილობითი მტკიცებულებები, რომლებიც გამორიცხავენ მის აზერბაიჯანის მოქალაქეობას, უფრო ახალი თარიღისაა და თან იგივე ადმინისტრაციული ორგანოების მიერაა გაცემული. ამასთან, მითითებულია, რომ ფ. ო.-ის აზერბაიჯანის მოქალაქეობის საკითხი არაერთი გადამოწმების შედეგად გამოირიცხა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქმეში არსებული მტკიცებულებები წინააღმდეგობრივია.აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მოიხმობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებს და განმარტავს, რომ მათში მინიჭებული უფლებამოსილების _ დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვის უფლება საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია. იგი არ არის უფლებამოსილი თავად მოიპოვოს დამატებითი მტკიცებულებები და შეცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული გარემოებები საჭიროებს დამატებით სრულყოფილად გამოკვლევასა და შეფასებას, რადგან სსკ-ს 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევასა და შეფასებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას პირველი ინსტანციით, რათა მოხდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება, დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვა და სსკ-ს 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მათი ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევა და შეფასება.

საკასაციო სასამართლო აქვე დაამატებს, რომ მხოლოდ მტკიცებულებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ფ. ო.-ის აზერბაიჯანის მოქალაქეობის საკითხის გარკვევის შემდეგ იქნება საქართველოს პრეზიდენტის სადავო ბრძანებულების კანონიერებაზე მსჯელობა შესაძლებელი.

საკასაციო სასამართლო, ამასთან, მიიჩნევს, რომ საქმის განხილვისას სასამართლომ უნდა იმსჯელოს ასევე “მოქალაქეობის შესახებ” აზერბაიჯანის რესუბლიკის კანონის გამოყენების საკითხებზე, რათა დადგინდეს მოცემული კანონის მოთხოვნები ვრცელდებოდა თუ არა ფ. ო.-ზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი და სსკ-ს 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფ. ო.-ის წარმომადგენლის გ. ნ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 30 სექტემბრის გადაწყვეტილება პირველი ინსტანციით და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სახელმწიფო ბაჟის საკითხი გადაწყდეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.