3გ-ად-487-კ-02 3 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
1993წ. 23 ივლისს ხელვაჩაურის რაიონის ...-ის სამმართველოსა და კასატორ ი. გ.-ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ი. გ.-ე კისრულობდა ვალდებულებას ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში .-ის სამმართველოს ანგარიშზე ბინათმშენებლოსათვის შეეტანა 3 მილიონი მანეთი, ხოლო სამმართველო კისრულობდა ვალდებულებას საცხოვრებელი სახლის კარკასისა და გარეკომუნიკაციების სამუშაოების დამთავრების შემდეგ, მის განკარგულებაში გამოეყო არსებული პროექტით გათვალისწინებული ერთი ოროთახიანი ბინა. ი. გ.-მ 1993წ. 6 და 23 აგვისტოს სამმართველოს ანგარიშზე საერთო ჯამში შეიტანა 2,5 მილიონი კუპონი, მაგრამ საცხოვრებელი ბინა არ მიუღია მშენებლობის დაუსრულებლობის გამო.
2001წ. 25 მაისს ი. გ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს ხელვაჩაურის ...-ის სამმართველოს მიმართ, სადაც მიუთითა, რომ მან კეთილსინდისიერად შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა, მაგრამ მოპასუხეს მისთვის შეპირებული ბინა არ მიუცია. მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულების დადების დღიდან ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში, რომელშიც ყოველთვიურად იხდის 50 აშშ დოლარს. შესაბამისად, 8 წლის განმავლობაში გადახდილი აქვს 4800 აშშ დოლარი. ამასთან, აღნიშნული თანხა რომ სხვაგვარად გამოეყენებინა, მიიღებდა გარკვეულ მოგებას, რის გამოც ი. გ.-მ მოპასუხისაგან მოითხოვა მის მიერ შეტანილი 2,5 მილიონი კუპონის შესაბამისი 1220 აშშ დოლარის, ბინის ქირაში გადახდილი თანხის _ 4800 აშშ დოლარის, ქონებრივი და მორალური ზიანის სახით _ 6540 აშშ დოლარის, საერთო ჯამში _ 12560 აშშ დოლარის ანაზღაურება.
მოპასუხე ...-ის სამმართველომ არ ცნო სარჩელი იმ მოტივით, რომ ხელშეკრულებით არ იყო გათვალისწინებული ბინის ქირის გადახდა, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება. ხელშეკრულებით არ იყო მითითებული მშენებლობის დასრულების ვადა, ბინის მიცემა გათვალისწინებული იყო მშენებლობის დასრულების შემდეგ, რაც ჯერ არ დამდგარა. ამასთან, მოპასუხემ მიუთითა, რომ ი. გ.-მ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 3 მილიონის ნაცვლად, შეიტანა 2,5 მილიონი, თანაც არა მანეთი, არამედ კუპონი.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2001წ. 5 ოქტომბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ხელვაჩაურის რაიონის გამგეობა, რომელმაც ასევე არ ცნო სარჩელი.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2001წ. 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით, უსაფუძვლობის გამო, უარი ეთქვა ი. გ.-ს ხელვაჩაურის ...-ის სამმართველოსათვის 12560 აშშ დოლარის დაკისრებაზე.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. გ.-მ, სადაც შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში და საბოლოოდ, მოპასუხისაგან მოითხოვა 6608 აშშ დოლარის, ასევე მის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების _ 150 აშშ დოლარის ანაზღაურება.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. გ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ხელვაჩაურის სოფლის მეურნეობასა და სურსათის სამმართველოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მშენებლობისათვის შეტანილი 2,5 მილიონი კუპონის შესაბამისი 1220 ამერიკული დოლარის, ზიანის _ 588 აშშ დოლარისა და სასამართლო ხარჯების _ 150 აშშ დოლარის, სულ 1958 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის გადახდა. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ბინის ქირის _ 4800 აშშ დოლარის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა მოპასუხის მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 4 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ძალაში დარჩა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 28 თებერვლის გადაწყვეტილება ი. გ.-ის სასარგებლოდ ხელვაჩაურის ...-ის სამმართველოსათვის 1220 დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრების ნაწილში, ხოლო გადაწყვეტილება 588 აშშ დოლარისა და 150 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში გაუქმდა და ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საქმის ხელმეორედ განხილვის შემდეგ, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. გ.-ის მოთხოვნა ზიანისა და სასამართლო ხარჯების ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს ი. გ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლოს ხარჯების _ 150 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო ზიანის სახით 588 აშშ დოლარის ანაზღაურებაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო. სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს:
1. სასამართლომ მიიჩნია, რომ ი.გ.-ეს არ უნდა აუნაზღაურდეს ზიანის სახით 588 აშშ დოლარი, ვინაიდან სასამართლოში მან ვერ წარმოადგინა ზიანის მიყენების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. ასევე დოკუმენტალურად არ არის დადასტურებული ის ფაქტი, რომ 2,5 მილიონი კუპონის სხვაგვარად გამოყენების (დაბანდების) შემთხვევაში მოსარჩელე მიიღებდა მოგებას. გარდა ამისა, 1993 წელს 2,5 მილიონი კუპონი არ წარმოადგენდა ისეთ თანხას, რომლის მოუხმარებლობას შეიძლება გამოეწვია დიდი ზიანი. აღსანიშვანია ის გარემოება, რომ ეს თანხა შეფასებულია 1220 აშშ დოლარად, რომელიც სააპელაციო პალატის აზრით, ზიანის გათვალისწინებით, მთლიანად ანაზღაურებს 2,5 მილიონ კუპონს;
2. სასამართლოს აზრით, ი. გ.-ს უნდა აუნაზღაურდეს სასამართლოს ხარჯები 150 აშშ დოლარის ოდენობით, ვიანიდან იგი 2001 წლიდან ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში სისტემატურად დადიოდა სასამრთლოებში, დაქირავებული ჰყავდა ადვოკატი და ამისთვის გაიღო გარკვეული ხარჯები.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საკასაციო წესით ასაჩივრებს ი. გ.-ე, რომელიც სკ-ს 394-ე მუხლის საფუძველზე, ...-ის სამმართველოსაგან ზიანის სახით კვლავ ითხოვს 12560 აშშ დოლარის აანაზღაურებას.
მოწინააღმდეგე მხარემ _ ხელვაჩაურის რაიონის ...-ის სამმართველომ საკასაციო საჩივარი არ ცნო, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, მოითხოვა მის დაკმაყოფლიებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარემ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 27-ე მუხლის შესაბამისად, თანხმობა განაცხადა მისი წარმომადგენლის გარეშე საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
მიუხედავად არაერთგზის მოწვევისა, მესამე პირის _ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის წარმომადგენელები საკასაციო სასამართლოში არ გამოცხადნენ, ამიტომ ი. გ.-ის საკასაციო საჩივარი განხილულ იქნა მათი დასწრების გარეშე, თანახმად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილისა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. გ.-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 16 ოქტომბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
1. კასატორი ი. გ.-ე ნაწილობრივ ასაჩივრებს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, ითხოვს მოწინააღმდეგე მხარისათვის _ ხელვაჩაურის რაიონის სოფლის მეურნეობის და სურსათის სამმართველოსათვის 12560 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრებას, რასაც საკასაციო პალატა სრულად ვერ დააკმაყოფილებს, ვინაიდან 12560 აშშ დოლარის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრება წარმოადგენდა ი. გ.-ის თავდაპირველ სასარჩელო მოთხოვნას, რაც შეამცირა მოსარჩელემ სააპელაციო საჩივარში და საბოლოოდ მოითხოვა 6608 აშშ დოლარის ეკვივალენტის ანაზღაურება. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი. გ.-ის სააპელაციო საჩივარი და 6608 აშშ დოლარის ნაცვლად ხელვაჩაურის რაიონის ...-ის სამმართველოს აპელანტის სასარგებლოდ სულ დაეკისრა 1958 აშშ დოლარის (1220 აშშ დოლარი _ ბინათმშენებლობისათვის შეტანილი 2500000 კუპონის შესაბამისი თანხა; 588 აშშ დოლარი _ მიღებული ზიანის, 150 აშშ დოლარი _ სასამართლო ხარჯების) ანაზღაურება, სხვა ნაწილში, მათ შორის, საკასაციო საჩივარში მითითებულ 4800 აშშ დოლარის (8 წლის განმავლობაში კასატორის მიერ გადახდილი ბინის ქირა) ანაზღაურებაზე ი. გ.-ს უარი ეთქვა, უსაფუძვლობის გამო. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება დაუკმაყოფილებელი 4650 აშშ დოლარის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში, ი. გ.-ეს საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია და სსკ-ს 264-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ" ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაშია შესული. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ხელვაჩაურის რაიონის ...-ის სამმართველოს მიერ გასაჩივრდა მისთვის ი. გ.-ის სასარგებლოდ 1958 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 4 ივლისის განჩინებით ნაწილობრივ გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 28 თებერვლის გადაწყვეტილება 588 აშშ დოლარის ზიანისა და 150 აშშ დოლარის სასარჩელო ხარჯების ანაზღაურების ნაწილში და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს, ხოლო სამმართველოსათვის 1220 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა. ამჟამად საკასაციო წესით გასაჩივრებული აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. გ.-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ხელვაჩაურის რაიონის ...-ის სამმართველოს მის სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლოს ხარჯების 150 აშშ დოლრის ანაზღაურება, ხოლო 588 აშშ დოლარის ზიანის ანაზღაურებაზე ი. გ.-ეს უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო. ამიტომ საკასაციო პალატა ამჯერად პროცესუალურად უფლებამოსილია იმსჯელოს ხელვაჩაურის რაიონის სოფლის მეურნებისა და სურსათის სამმართველოსათვის ი. გ.-ის სასარგებლოდ 588 აშშ დოლარის ზიანის ანაზღაურების კანონიერებაზე, ხოლო დანარჩენი ნაწილში (11972 აშშ დოლარის ანაზღაურება) ი. გ.-ის მოთხოვნას საკასაციო პალატა ვერ განიხილავს ზემოაღნიშნულ მიზეზთა (თვით მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის შემცირების, 4650 აშშ დოლარის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შევლის) გამო და ამ ნაწილში საკასაციო საჩივარს დაკმაყოფიელბაზე უარი უნდა ეთქვას.
2. სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ კასატორმა ი. გ.-ემ ხელვაჩაურის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოსთან (მოწინაარმდგე მხარე) 1993წ. 23 ივლისს დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, ბინათმშენებლობისათვის სამმართველოს ანგარიშზე 1993წ. 6 აგვისტოს შეიტანა 1000000 კუპონი, ხოლო იმავეწ. 23 აგვისტოს 1500000 კუპუნი, სულ 2500000 კუპონი. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 28 თებერვლის გადაწყეტილევბით ...-ის სამმართველოს მის სასარგებლოდ დაეკისრა ბინის მშენებლობისათვის შეტანილი 2,5 მლნ კუპონის შესაბამისი 1220 აშშ დოლარის ანაზღარება. საკასაციო წესით ამჟამად გასაჩივრებულია აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ი. გ.-ის მოთხოვნას ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო მიყენებელი ზიანის _ 588 აშშ დოლარის ანაზღაურებაზე უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ ბინათმშენებლობისათვის კასატორის მიერ შეტანალი 2500000 კუპონის საკომპენსაციო თანხა _ 1220 აშშ დოლარი სწორედ ზიანის ანაზღაურებასაც ითვალისწინებდა, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ეთანხმება საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ ამ ნაწილში კასატოირის მოთხოვნა კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან:
ა) კანონიერ ძალაში შესული აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ი.გ.-ისათვის ანაზღაურებული 1220 აშშ დოლარი წარმოადგენს სკ-ს 389-ე მუხლით დადგენილ კომპენსაციას და ზიანის ანაზღაურება მასში გათვალისწინებული არ არის. კერძოდ, აღნიშნული ნორმის მიხედვით: თუ ვადის დადგომამდე შეიცვალა ვალუტა (კუპონი შეიცვალა ლარით), მოვალე ვალდებულია აანაზღაუროს იმ კურსით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს. საქართველოს ეროვნული ბანკის აჭარის ა/რ ცენტრალური ბანკის 2001წ. 24 მაისის ¹3/328 ცნობის მიხედვით, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით 1993წ. 6 აგვისტოს 1 აშშ დოლარი შეადგენდა 986 კუპონს, ხოლო 1993წ. 23 აგვისტოს _ 7274 კუპონს. შესაბამისად, 1993წ. 6 აგვისტოს კასატორმა ი. გ.-მ ბინათმშენებლობისათვის მოპასუხის ანგარიშზე შეიტანა 1 მლნ კუპონი, რაც სკ-ს 389-ე მუხლისა და ეროვნული ბანკის ზემოაღნიშნული ცნობის გათვალისწინებით შეადგენდა 1014 აშშ დოლარს, ხოლო 1993წ. 23 აგვისტოს შეტანილი 1500000 კუპონი _ 206 აშშ დოლარს, სულ _ 1220 აშშ დოლარს. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას და მიაჩნია, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული 1220 აშშ დოლარი წარმოადგენს, სკ-ს 389-ე მუხლის შესაბამისად, მხოლოდ კასატორის მიერ ბინათმშენებლობაზე შეტანილი 2500000 კუპონის საკომპენსაციო თანხას და ზიანის ანაზღაურება მასში გათვალისწინებული არ არის;
ბ) სკ-ს 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: “მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება", ხოლო ამავე კოდექსს 412-ე მუხლის მიხედვით: “ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს". დავის გადაწყვეტისთვის ასევე მნიშვნელოვანია კოდექსის 415-ე მუხლის პირველი ნაწილიც: “თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული".
კასატორ ი. გ.-სა და ხელვაჩაურის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს (ამაჟამად ხელვაჩაურის რაიონის ...-ის სამმართველო _ მოწინააღმდეგე მხარე) შორის 1993წ. 23 ივლისს დადებული ხელშეკრულების მიხედვით კასატორი კისრულობდა ვალდებულებას ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში სამმართველოს ანგარიშზე შეეტანა 3 მლნ მანეთი, რაც კასატორმა ძირითადად შეასრულა და იმავეწ. 6 და 23 აგვისტოს სამმართველოს ანგარიშზე შეიტანა 2500000 კუპონი (იმჟამად ერთადერთი საგადასამხდელო საშუალება საქართველოში), ი. გ.-ის მიერ ნაკისრი ვალდებულება არ შესრულდა მხოლოდ 500000 კუპონის ნაწილში. მოწინააღმდეგე მხარე _ ხელვაჩაურის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველო კი აღნიშნული ხელშეკრულებით კისრულობდა აეშენებინა და კასატორისათვის გადაეცა ერთი ოროთახინაი ბინა, რაც დღემდე შეუსრულებელია. 9 წლის განმავლობაში ბინათმშენებლობის ვალდებულების შეუსრულებლობით რომ კასატორს, ბუნებრივია, ადგება ზიანი, რაც მოვალისათვის (სამმართველოსათვის) წინასწარ იყო სავარაუდო და უნდა სცოდნოდა, საკასაციო პალატის აზრით, მტკიცებას არ საჭიროებს. ამიტომ ი. გ.-ის მოთხოვნა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 588 აშშ დოლარის ზიანის ანაზღაურებაზე, საკასაციო პალატის აზრით, კანონიერია, გონივრულ ფარგლებშია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით უნდა დაკმაყოფილდეს ი. გ.-ის მოთხოვნა ხელვაჩაურის რაიონის ...-ის სამმართველოსათვის ზიანის ანაზღაურების 588 აშშ დოლარის ეკვივალენტის დაკისრების შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 261, 27-ე მუხლებით, სსკ-ს 39-ე მუხლის “გ" ქვეპუნქტით, 386-ე და 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ი. გ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 16 ოქტომბრის გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილის შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ი. გ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ხელვაჩაურის რაიონის ...-ის სამმართველოს ი. გ.-ის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 588 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარის ოდენობით;
5. ხელვაჩაურის რაიონის ...-ის სამმართველოს საკასაციო საჩივარზე დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის გადახდა;
6. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.