გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-488-კ-02 26 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
სარჩელის საგანი: მატერიალური ზარალის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 31 მაისს მცხეთის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა საქართველოს მეფუტკრეობის სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა მოპასუხე მ. ქ-ის მიმართ.
სასამართლო სამართალწარმოების პროცესში შეიცვალა თავდაპირველი მოპასუხე მ. ქ-ე, და საქმეში სათანადო მოპასუხის სახით ჩაერთო ნ. ქ-ე. სარჩელში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს მეფუტკრეობის საცდელი სადგურის (ამჟამად ... ინსტიტუტი) 1989წ. 5 ივნისის ¹1-5/49 ბრძანების საფუძველზე 33 ფუტკრის ოჯახი თავის ინვენტარით იჯარით გადაეცა მ. ქ-ეს, რაზედაც გაფორმდა ხელშეკრულება სამი წლის ვადით. ხელშეკრულების თანახმად, მოიჯარე ქ-ეს წლების მიხედვით უნდა ჩაებარებინა გარკვეული რაოდენობის პროდუქცია, გაეზარდა საფუტკრე და ნორმალურ მდგომარეობაში შეენახა ფუტკრის ოჯახები. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მიუხედავად, მ. ქ-ეს საერთოდ არ ჩაუბარებია პროდუქცია. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხე იძლეოდა პირობას, რომ შეასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, თუმცა დანაპირები არასდროს შეუსრულებია. სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მ. ქ-ეს უნდა აენაზღაურებინა საქართველოს მეფუტკრეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი.
წარმოდგენილ შეპასუხებაში ნ. ქ-ემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მან შეუმოწმებლად ჩაიბარა ფუტკრის ოჯახები, რომლებიც აღმოჩნდა დაავადებული. მოპასუხემ განაცხადა, რომ ფუტკრის ნაწილი მას გზაში დაეხოცა, ნაწილი კი _ 1992წ. დიდთოვლობისას. მოპასუხემ განმარტა, რომ მან ყოველივე წერილობით აცნობა საცდელ სადგურს, პირადად კი ორგანიზაციის ხელმძღვანელობას არ შეხვედრია.
2000წ. 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით მცხეთის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს მეფუტკრეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ: მოპასუხე ნ. ქ-ეს დაეკისრა საქართველოს მეფუტკრეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სასარგებლოდ 3353 ლარის ანაზღაურება.
მცხეთის რაიონული სასამართლოს განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ქ-ემ. სააპელაციო საჩივარში აღნიშნული იყო, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:
ნ. ქ-ე 1985 წლიდან მუშაობდა მებაღედ საქართველოს მეფუტკრეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1989 წელს მოსარჩელე ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ მას თხოვა დახმარება ოქროყანიდან ტყიბულის რაიონის სოფ. ...ში ფუტკრის გადაყვანაში. სააპელაციო საჩივრის ავტორმა განუმარტა ორგანიზაციას, რომ იგი არ იყო სპეციალისტი და მხოლოდ დაეხმარებოდა როგორც გამყოლი. რადგან ნ. ქ-ე იყო მეორე ჯგუფის ინვალიდი, მოსარჩელე ორგანიზაციამ ხელშეკრულება შეადგინა ნ. ქ-ის შვილის სახელზე საპასპორტო მონაცემების არასწორი ინფორმაციის შეტანით.
სააპელაციო საჩივარში აღნიშნული იყო, რომ ხელშეკრულება დაიდო იმ დროს მოქმედი სკ-ს 41-ე და 42-ე მუხლების დარღვევით და შესაბამისად, იყო ბათილი. მოსარჩელე მხარემ ნ. ქ-ეს გაატანა ფუტკრის 33 სკა მათი ჯანსაღობის დამადასტურებელი ცნობის წარმოდგენის გარეშე. ადგილზე სკების გახსნა და შემოწმება კი შეუძლებელი იყო.
ნ. ქ-ემ სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ სკები სოფ. ...ში ჩაიტანა 11 ივნისს ტ. მ-თან ერთად. ადგილზე გახსნის შედეგად აღმოჩნდა რომ ფუტკრების ნაწილი იყო დახოცილი. ლაბორატორიულმა ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ ფუტკარი დაავადებული იყო ამერიკული სიდამპლით.
სააპელაციო საჩივრის ავტორმა განაცხადა, რომ მოსარჩელე მხარემ იგი მოატყუა და გაატანა დაავადებული ფუტკარი, სკ-ს თანახმად კი მოტყუებით დადებული გარიგება ბათილია. გარდა ამისა, ნ. ქ-ემ თავისი ვალდებულება მთლიანად შეასრულა, რადგანაც სკები მიიტანჯა დანიშნულების ადგილზე.
სააპელაციო საჩივრის ავტორმა მოითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 7 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელისათვის უარის თქმა იმ მიზეზით, რომ მოსარჩელის მიერ გაშვებული იყო ხანდაზმულობის ვადა.
მოწინააღმდეგე მხარემ სააპელაციო საჩივარი არ ცნო მასში წარმოდგენილი ინფორმაციის სიყალბის გამო და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
აღნიშნული საქმე საბოლოოდ განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისიტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ. 2002წ. 19 სექტემბრის განჩინებით თბილისის საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ნ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი და ძალაში დატოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 7 აგვისტოს გადაწყვეტილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 19 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ნ. ქ-ემ.
საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ ზემოაღნიშნული განჩინება უკანონოა და უნდა გაუქმდეს. სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ტყიბულის ცხოველთა დაავადებათა მებრძოლი სადგურის, ტყიბულის რაიონის სოფ. ...ის ვეტექიმის, მეფუტკრე პრაქტიკოსების, ქ.Oქუთაისის ბაქტეროციდული ლაბორატორიის დასკვნა და საქართველოს სამეცნიერო მეფუტკრეობის გაერთიანების მთავარი ვეტექიმ მ. შ-ის ტყიბულის რაიონის სოფ. ...ში შედგენილი დასკვნითი განმარტებები.
საკასაციო საჩივრითა და დამატებითი საკასაციო საჩივრით საბოლოოდ კასატორი ითხოვს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 7 აგვისტოს გადაწყვეტილებისა და თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 19 სექტემბრის განჩინების გაუქმებას.
2003წ. 24 იანვარს მოწინააღმდეგე მხარემ წარმოადგინა შეპასუხება ნ. ქ-ის საკასაციო საჩივარზე.
შეპასუხებაში მოწინააღმდეგე მხარე განმარტავს, რომ საკასაციო საჩივარში არგუმენტად მოყვანილი ტყიბულის რაიონის ცხოველთა დაავადებების მებრძოლი სადგურის წარმომადგენლების მიერ 1989წ. 22 აგვისტოს შედგენილი ოქმი საფუძველს მოკლებული და ბუნდოვანია, მით უმეტეს არ არის წარმოდგენილი ლაბორატორიული დასკვნები.
მოწინააღმდეგე მხარე შეპასუხებაში მიუთითებს, რომ მოიჯარეს ფუტკრების დაავადების შემთხვევაში უნდა გამოეყენებინა არსებულ დაავადებებთან ბრძოლის ეფექტური საშუალებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოწინააღმდეგე მხარე ითხოვს უარის თქმას კასატორის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და გასაჩივრებული განჩინების ძალაში დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქმის მასალებით დადგენილია და მხარეებიც არ უარყოფენ იმ ფაქტს, რომ საქართველოს მეფუტკრეობის საცდელ სადგურსა და მ. ქ-ეს შორის 1989წ. 5 ივნისს დადებულ ხელშეკრულებას მ. ქ-ის ნაცვლად ხელს აწერს მამამისი ნ. ქ-ე.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობის დასარეგულირებლად სწორად გამოიყენა სკ-ს (1964 წ.) 62-ე მუხლი, რომლის თანახმად სხვა პირის სახელით დადებული გარიგება იმ პირის მიერ, რომელიც არ იყო უფლებამოსილი დაედო გარიგება ან რომელმაც გარიგება დადო უფლებამოსილების გადამეტებით, ქმნის, ცვლის ან სპობს წარმომადგენლისთვის სამოქალაქო უფლებებსა და მოვალეობებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი პირი შემდგომ მოიწონებს ამ გარიგებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, ხოლო სკ-ს (1964 წ.) 48-ე მუხლის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც კანონის მოთხოვნებს არ შეესაბამება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ, აგრეთვე, სწორად გამოიყენა სკ-ს (1964 წ.) 48-ე მუხლის მე-2 აბზაცი, რომლის თანახმად ბათილი გარიგების თითოეული მხარე მოვალეა, დაუბრუნოს მეორე მხარეს ყველაფერი, რაც გარიგებით მიიღო, ხოლო როცა მიღებულის ნატურით დაბრუნება შეუძლებელია, უნდა აუნაზღაუროს მისი ღირებულება ფულადი სახით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინებით ნ. ქ-ეს სწორად აქვს დაკისრებული 3353 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სწორად იმსჯელა სასარჩელო ხანდაზმულობასთან დაკავშირებითაც.
საქმის მასალებში წარმოდგენილია ნ. ქ-ის განცხადება, რომელიც დათარიღებულია 1996 წლით. განცხადებაში ნ. ქ-ემ პირობა დადო, რომ ნაკისრ ვალდებულებას შეასრულებდა 1997 წელს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სკ-ს 144-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად მოსარჩელის მიერ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გაშვებული არ არის, რაც სწორად შეაფასა სააპელაციო პალატამ.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორი გადაწყვეტილება გამოიტანა და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 სექტემბრის განჩინება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.