Facebook Twitter

3გ-ად-489-კ-02 3 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობით: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ი. ლაგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: ქირავნობის ხელშეკრულების მოშლა და ბინიდან გამოსახლება. საცხოვრებელი სახლის საკუთრებად აღრიცხვა; ტექ. ბიუროს ჩანაწერებში ცვლილებების შეტანა.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. გ.-მ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა სკ-ს 562-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების თანახმად მას და მოპასუხეებს: ზ. გ.-ს, ა. ჭ.-ს, გ. ხ.-ს, რ. კ.-ს და დ. ხ.-ს შორის დადებული ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტა, ასევე ამ უკანასკნელთა გამოსახლება ქ. თბილისში, ... მდებარე თავისი პირადი საკუთრების საცხოვრებელი ბინიდან.

სასარჩელო განცხადება დასაბუთებული იყო შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

ქ. თბილისში, ... მდებარე სახლთმფლობელობის 1/5 საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა მას სახლი 6 საცხოვრებელი ოთახისა და დამხმარე სათავსისაგან შედგებოდა. სახლის პირველ სართულზე მდებარე ¹24, 26-ე და 27-ე საცხოვრებელი ოთახები მდგმურის უფლებით ეკავა მოპასუხე ზ. გ.-ეს თავის ნათესავ ა. ჭ.-ესთან ერთად. სახლის მეორე სართულზე მდებარე ¹62, 65-ე და 66-ე საცხოვრებელი ოთახები დაკავებული ჰქონდა გ. ხ.-ს რ. კ.-თან და შვილ დ. ხ.-თან ერთად. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად მოპასუხეები წლების მანძილზე არ უხდიდნენ ბინის ქირას. ზ. გ.-ე თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა სხვა მისამართზე, მას კი ქ. თბილისში საცხოვრებელი ბინა არ გააჩნდა, რის გამოც ცხოვრობდა მცხეთის რაიონის სოფ. წეროვანში. მისი ვაჟები: გ. და ი. თ.-ი ცხოვრობდნენ ქ. თბილისში, ... მდებარე სამოთახიან ბინაში, რომელიც ავარიული იყო. შექმნილი მდგომარეობის გამო შვილები მოკლებული იყვნენ ოჯახის შექმნის შესაძლებლობას. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით საკუთარი ბინა საცხოვრებლად სჭირდებოდა მას და მის შვილებს.

მოპასუხეებმა: ზ. გ.-მ, ა. ჭ.-მ, გ. ხ.-მ და რ. კ.-მ შეგებებული სარჩელით მოითხოვეს მ. გ.-ის სარჩელის არ დაკმაყოფილება და ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი ბინის 1/5-ის საკუთრების უფლებით მ.გ.-ის სახელზე აღრიცხვის შესახებ თბილისის ტექ ინვენტარიზაციის ბიუროს ჩანაწერის გაუქმება, სადავო საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრეებად ცნობა.

შეგებებული სარჩელი დასაბუთებული იყო შემდეგი გარემოებებით:

1. სკ-ს 1507-ე მუხლის შესაბამისად ამავე კოდექსის 562-ე მუხლი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშვა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ.

2. არანაირი ქირავნობის ხელშეკრულება მხარეთა შორის არასოდეს დადებულა.

3. სადავო ბინაში ზ. გ.-ის წინაპრები ცხოვრობდნენ 1914 წლიდან. ამ ბინაში დაიბადა და აღიზარდა ზ. გ.-ე, ასევე აღიზარდა და დაბერდა ზ. გ.-ის ოჯახის წევრი ა. ჭ.-ე. მათ სხვა საცხოვრებელი ბინა არ ჰქონიათ და არც აქვთ.

4. სადავო ბინაში 1917 წლიდან ცხოვრობდნენ გ. ხ.-ის მამა-პაპანი.

5. მ. გ.-ს და არც მის რომელიმე ნათესავს სადავო ბინაში არასოდეს არ უცხოვრია.

6. მ. გ.-ის განცხადების საფუძველზე ქ. თბილისის პირველი მაისის რაიაღმასკომის 1976წ. 19 დეკემბრისა და 1977წ. 27 მაისის გადაწყვეტილებებით ქ. თბილისში, ... მდებარე სადავო ბინა ჩაირიცხა კომუნალურ ფონდში, ხოლო აღნიშნულის სანაცვლოდ ქ. თბილისის ოქტომბრის რაიაღმასკომის 1977წ. 23 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. გ.-ე თავისი ქმარ-შვილით, სულ 4 სული, აყვანილი იქნა ბინის მიღების აღრიცხვაზე და ბინით დაკმაყოფილდა. მითითებილი გადაწყვეტილების შემდეგ მ. გ.-ს სადავო ბინაზე საკუთრების უფლება დაკარგული აქვს.

7. ქ. თბილისის პირველი მაისის რაიაღმასკომის 1976წ. 19 დეკემბრისა და 1977წ. 27 მაისის გადაწყვეტილებების შემდეგ სადავო ბინის საკუთრების უფლებით მ. გ.-ს სახელზე აღრიცხვა ქ. თბილისის ტექინვენტარიზაციის ბიუროში ფიქტიური იყო და იგი უნდა გაუქმებულიყო, მ. გ.-ე კი არასათანადო მოსარჩელე იყო.

8. ბინების პრივატიზაციის შესახებ 1992წ. 1 თებერვლის დადგენილებიდან გამომდინარე მოპასუხეებს უფლება ჰქონდათ, მოეთხოვათ სადავო ბინაზე საკუთრების უფლების აღიარება.

სასამართლოში საქმის განხილვისას მესამე პირმა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ დააყენა შუამდგომლობა, რათა მისთვის მიეცათ დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის წარდგენის შესაძლებლობა, რაზეც სასამართლომ ადგილზე თათბირით უარი უთხრა, ხოლო 2000წ. 27 ივლისის გადაწყვეტილებით მ. გ.-ის სარჩელი და ზ. გ.-ის, ა. ჯ.-ის, დ. ხ.-ის, ს. კ.-ის შეგებებული სარჩელი არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის გამო.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოპასუხეებმა (შეგებებული სარჩელში მოსარჩელეებმა) მოითხოვეს რაიონული სასამართლოს 2000წ. 27 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება შეგებებულ სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

მოსარჩელე მ. გ.-მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა სარჩელზე უარის თქმის ნაწილში რაიონული სასამართლოს 2000წ. 27 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც მისი სარჩელი დაკმაყოფილდებოდა.

საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას სასამართლოს დამოუკიდებელი სარჩელით მიმართა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ და მოითხოვა ქ. თბილისში, ... არსებულ სახლთმფლობელობის სადავო 1/5-ზე ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის საკუთრების უფლების აღიარება და ტექბიუროს ჩანაწერებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა. სარჩელი დასაბუთებული იყო იმ გარემოებით, რომ მოსარჩელე მ. გ.-ის განცხადების საფუძველზე ქ. თბილისის პირველი მაისის რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის 1976წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით სადავო ბინები ჩაირიცხა კომუნალურ ფონდში, აღმასკომის გადაწყვეტილება არ გაუქმებულა და დღესაც კანონიერ ძალაშია ბინები ამჟამად სახელმწიფო საკუთრებაა და წარმოადგენს ქ. თბილისის პირველი მაისის რაიონის აღმასკომის სამართალმემკვიდრის ქ. თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობის, საკუთრებას.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 11 დეკემბრის განჩინებით ქ. თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობის სარჩელი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და იგი დატოვებულ იქნა განუხილველად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2001წ. 6 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის კერძო საჩივარი: გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000წ. 11 დეკემბრისა და 2001წ. 12 იანვრის განჩინებები და საქმე განსჯადობით განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 8 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 27 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის სარჩელი დაკმაყოფილდა და იგი ცნობილ იქნა ქ. თბილისში, ... არსებული სახლთმფლობელობის 1/5-ის მესაკუთრედ. შესაბამისი ცვლილებები იქნა შეტანილი ქ. თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს ჩანაწერებში. მ. გ.-ის სარჩელი და ზ. გ.-ის, გ.ხ.-ის და სხვათა შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, ... მდებარე სახლში 1914-1917 წლებიდან ცხოვრობდნენ ზ. გ.-ისა და გ. ხ.-ის წინაპრები. ამ სახლში აღიზარდნენ ზ. გ.-ე, ა. ჭ.-ე და გ. ხ.-ი. სხვა საცხოვრებელი ბინა მათ არ ჰქონიათ. 1940 წლიდან სადავო ბინები ირიცხებოდა საბინაო მეურნეობის სამმართველოს სახელზე. 1953წ. 30 მაისის თბილისის სტალინის სახელობის რაიაღმასკომის გადაწყვეტილებით სადავო ბინა ჩაირიცხა კომუნალურ ფონდში და ამ ბინაში მცხოვრებ ოჯახებზე, მათ შორის, ზ. გ.-ის მამის _ გ. გ.-ის და გ. ხ.-ის პაპის _ ი. ხ.-ის, სახელზე გაიხსნა პირადი ბარათები. საცხოვრებელ ბინებზე გაფორმდა ქირავნობის ხელშეკრულებები. ქ. თბილისის პირველი მაისის რაიონის სასამართლოს 1972წ. 4 ივლისის გადაწყვეტილებით სადავო ფართი ცნობილ იქნა მ. გ.-ის საკუთრებად.

1976წ. 10 ოქტომბერს მ. გ.-ემ განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომს და მოითხოვა მის სახელზე რიცხული, ქ. თბილისში, ... მდებარე სახლთმფლობელობის 1/5 ჩარიცხულიყო საბინაო-კომუნალურ ფონდში, ხოლო თვითონ, მეუღლე და ორი შვილი აეყვანათ ბინის მიღების აღრიცხვაზე.

ქ. თბილისის პირველი მაისის რაიონის აღმასკომის 1976წ. 19 დეკემბრისა და 1977წ. 27 მაისის გადაწყვეტილებებით მ. გ.-ის ბინა, მდებარე ... ქ. თბილისში, ჩაირიცხა კომუნალურ ფონდში, ხოლო მ. გ.-ე თავისი ოჯახის წევრებთან ერთად ქ. თბილისის ოქტომბრის რაიაღმასკომის 1977წ. 23 ნოემბრის გადაწყვეტილებით აყვანილ იქნა ბინის მიღების აღრიცხვაზე. ამის საფუძველზე მ. გ.-ემ ოჯახის წევრებთან ერთად 1982, 1984, 1992 წლებში მიიღო რამდენიმე ბინა.

მ. გ.-ს და მისი ოჯახის წევრებს სადავო ბინებში არასოდეს არ უცხოვრიათ. მის შვილებს ქ. თბილისში ... საკუთრების უფლებით ერიცხებათ სამოთახიანი ბინა, ხოლო თვით მ. გ.-ს მცხეთის რაიონის სოფ. წეროვანში აქვს უსასყიდლოდ მიღებული ოროთახიანი ბინა.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მ. გ.-მ ჯერ კიდევ 1976 წელს უარი თქვა სადავო ბინის საკუთრებაზე, რის გამოც მითითებული ბინა ჩაირიცხა კომუნალურ ფონდში, ის გახდა სახელმწიფო საკუთრება, ხოლო მ. გ.-მ მასზე დაკარგა საკუთრების უფლება. სადავო ბინაზე უარის თქმით მ. გ.-ემ მიიღო რამდენიმე ბინა და გაიუმჯობესა საბინაო პირობები და მიუთითა, რომ არც 1964წ. და არც მოქმედი სკ-ს არ ითვალისწინებდა და არ ითვალისწინებს საკუთრებაზე უარის თქმით საკუთრების დაკარგვის შემთხვევაში ბინაზე საკუთრების უფლების აღდგენას, მით უფრო 28 წლის შემდეგ.

სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა რაიონული სასამართლოს, რომ სკ-ს 239-ე მუხლის თანახმად უნდა მომხდარიყო სადავო ბინის რეგისტრაცია ტექბიუროში და რადგანაც იგი არ განხორციელდა, სადავო ბინის მესაკუთრედ დღესაც ითვლება მ. გ.-ე და მიიჩნია, რომ სკ-ს 239-ე მუხლი ითვალისწინებდა საცხოვრებელი სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დადების ფორმას და არა საკუთრებაზე უარის თქმის შედეგად პირადი საკუთრებიდან სახელმწიფო საკუთრებაში საცხოვრებელი სახლის გადასვლის ფორმას. სააპელაციო პალატამ უმართებულოდ მიიჩნია მოცემულ შემთხვევაში სსკ-ს 239-ე მუხლზე მითითება, ვინაიდან იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად პირადი საკუთრების საცხოვრებელი სახლის კომუნალურ ფონდში ჩარიცხვა ხორციელდებოდა რაიონის აღმასკომის გადაწყვეტილებით, რაც მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა კიდეც და ქ. თბილისის პირველი მაისის რაიაღმასკომის 1976წ. 29 დეკემბრისა და 1997წ. 27 მაისის გადაწყვეტილებებით სადავო ბინა ჩაირაცხა კომუნალურ ფონდში. კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა რაიაღმასკომის გადაწყვეტილების დამტკიცებას რომელიმე ზემდგომი ორგანოს მიერ და გადაწყვეტილების მიღებისთანავე საცხოვრებელ სახლზე წარმოიშობოდა სახელმწიფო საკუთრება. სადავო ბინაზე სახელმწიფო საკუთრება წარმოიშვა 1997წ. 27 მაისის შემდეგ. მართალია, აღნიშნულის რეგისტრაცია არ მომხდარა ტექინვენტარიზაციის ბიუროში და ბინა აღრიცხული დარჩა მ. გ.-ის სახელზე, მაგრამ ეს წარმოადგენდა ტექნიკურ მხარეს და მას არ შეეძლო ხელი შეეშალა სადავო ბინაზე სახელმწიფო საკუთრების წარმოშობისათვის. მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა შესაძლებლად თვლიდა უძრავ ნივთზე მესაკუთრის შეცვლისას მესაკუთრედ რეგისტრაციას ნებისმიერ დროს, რაც უნდა განხორციელებულიყო მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც მ. გ.-მ ჯერ კიდევ 1976 წელს ნებაყოფლობით უარი განაცხადა სადავო ბინაზე, ამით მან დაკარგა საკუთრების უფლება მასზე და იგი დღევანდელი მდგომარეობით არ შეიძლება ჩაითვალოს ქ. თბილისში, ... მდებარე სახლთმფლობელობის 1/5-ის მესაკუთრედ.

სამოქალაქო კანონმდებლობის თანახმად მხოლოდ ბინის მესაკუთრეს აქვს უფლება, მოთხოვოს დამქირავებელს ბინის ქირა ან მოითხოვოს საცხოვრებელი სადგომის გამონთავისუფლება. ვინაიდან მ. გ.-ე არ წარმოადგენდა სადავო ბინის მესაკუთრეს და მას არავითარი შემხებლობა არ ჰქონდა სადავო ბინასთან, მას არ ჰქონდა უფლება მოეთხოვა მოპასუხეებისათვის ბინის ქირა ან მათი გამოსახლება.

სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია ზ. გ.-ის, გ. ხ.-ის, დ. ხ.-ის და რ. კ.-ის მიერ სააპელაციო საჩივარში დაყენებული მოთხოვნა სადავო ბინების ზ. გ.-ისა და გ. ხ.-ის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, რადგან “ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107-ე დადგენილების თანახმად ხელშეკრულება საცხოვრებელი სახლის (ბინის) უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ფორმდება ადგილობრივ მმართველობის ორგანოსა და იმ მოქალაქეს შორის, რომელსაც ბინა უნდა გადაეცეს საკუთრებაში. ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა უშუალოდ სასამართლოს მიერ არ ხორციელდებოდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. გ.-მ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა, რომლითაც დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობის სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი.

1964წ. სკ და მოქმედი სკ ერთმნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ საკუთრების შეძენა, ასევე საკუთრებაზე უარის თქმა რეგისტრირებული უნდა იყოს საჯარო რეესტრში (ტექ. ინვენტარიზაციის ბიუროში). უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენას ესაჭიროება რეგისტრაცია და მხოლოდ რეგისტრაციის მომენტიდან ითვლება როგორც შეძენა, ისე _ მიტოვება. 1964წ. სკ-ს 239-ე მუხლი და დღეს მოქმედი სკ-ს 183-ე მუხლის თანახმად უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვება სავალდებულო ძალას იძენს მხოლოდ მიტოვების შესახებ განცხადების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. ვინაიდან მისი უარი საკუთრებაზე რეგისტრირებული არ ყოფილა საჯარო რეესტრში, ამიტომ მას საკუთრება არ დაუკარგავს.

კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ პირველი მაისის რაიონის აღმასკომის 1976წ. 19 დეკემბრისა და 1977წ. 27 მაისის გადაწყვეტილებები არ საჭიროებდა ზემდგომი ორგანოს მიერ დამტკიცებას და აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილებების მე-2 პუნქტის შესაბამისად ის უნდა დაემტკიცებინა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომს. ვინაიდან გადაწყვეტილებები ზემდგომ ორგანოს, თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომს, არ დაუმტკიცებია, ამიტომ მას იურიდიული ძალა არ შეუძენია და შესაბამისი ცვლილებები არ შესულა ტექინვენტარიზაციის ბიუროს ჩანაწერებში, რის გამოც მას საკუთრების უფლება არ დაუკარგავს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ მ.გ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 8 ივლისის გადაწყვეტილება.

სსკ-ს 404-ე მუხლის თანახმად საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გ.გ.-ის მიერ გასაჩივრებულია მხოლოდ მესამე პირის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში, რის გამოც სასამართლოს გადაწყვეტილება თავდაპირველი სარჩელისა და შეგებებული სარჩელის არ დაკმაყოფილების ნაწილში შევიდა კანონიერ ძალაში.

სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. ვინაიდან კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიმართ არ წამოუყენებია, ამიტომ საკასაციო სასამართლო სავალდებულოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ქ.თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/5 (6 საცხოვრებელი ოთახი და 2 დამხმარე სათავსი) ქ.თბილისის პირველი მაისის რაიონის სასამართლოს 1972წ. 4 ივლისის გადაწყვეტილების და საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1974წ. 3 ივნისის ¹322 გადაწყვეტილების საფუძველზე ირიცხებოდა მ. გ.-ის სახელზე, რომელსაც სადავო ბინაში არასოდეს უცხოვრია, რადგან ჯერ კიდევ 1928წ. 10 აპრილს კასატორის დედის, ო. ბ.-ის, მიერ ბინის შეძენისას ის მდგმურებს ჰქონდათ დაკავებული. კასატორი 1968 წლიდან თავის ოჯახთან ერთად (მეუღლე, 2 შვილი და დედინაცვალი) ჩაწერილი იყო და ცხოვრობდა ... ¹88-ში მდებარე კომუნალური სახლის ერთ ოთახიან (23 კვ.მ) ბინაში. იმის გამო, რომ 1972 წლიდან სადავო ბინის ½ ნაწილი საკუთრების უფლებით ირიცხებოდა მ.გ.-ის სახელზე. იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ, “ქ. თბილისში საცხოვრებელი ფართობის აღრიცხვისა და განაწილების წესის შესახებ” თბილისის საქალაქო საბჭოს 1976წ. 10 ივნისის ¹422 გადაწყვეტილებით დამტკიცებული დებულებით მკაცრად განსაზღვრული იყო მოქალაქეთა ბინით მიღების აღრიცხვაზე აყვანის პირობები, ამიტომ მ..გ.-მ განცხადებით მიმართა საქალაქო საბჭოს აღმასკომს ქ.თბილისში, ... მის სახელზე რიცხული კერძომფლობელობის სახლის 1/5-ის კომუნალურ ფონდში ჩამორიცხვის და თავის ოჯახთან ერთად ბინით დაკმაყოფილების აღრიცხვაზე აყვანის შესახებ.

ქ.თბილისის პირველი მაისის რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1976წ. 29 დეკემბრის ¹25/05-1228 და 1977წ. 27 მაისის ¹10/13-734 გადაწყვეტილებებით დაკმაყოფილდა მ.გ.-ის თხოვნა და ქ.თბილისში ... მდებარე სახლთმფლობელობის 1/5 ჩაირიცხა კომუნალურ ფონდში.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თბილისის პირველი მაისის რაიონის აღმასკომის გადაწყვეტილებები საბოლოო არ იყო და ისინი დამტკიცებას საჭიროებდა, ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილებების საფუძველზე მ.გ.-ე თავის ოჯახთან ერთად საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, თბილისის ოქტომბრის რაიონის აღმასკომის 1977წ. 29 ნოემბრის ¹33.9.480 გადაწყვეტილებით აყვანილ იქნა ბინის მიღების აღრიცხვაზე და 1982, 1984 და 1992 წლებში მიიღო კიდეც რამდენიმე ბინა. ასევე უსაფუძვლოა კასაიტორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ იგი აღმასკომის ზემოხსენებული გადაწყვეტილებების გარეშეც ოჯახის წევრებთან ერთად მაინც მიიღებდა ბინას, ვინაიდან კასატორის ბინით დაკმაყოფილების შესახებ ოქტომბრის რაიონის აღმასკომის 1982წ. 31 მარტის ¹7-154.13/20 1984წ. 15 თებერვლის ¹6.104.18.14 და 1989წ. 20 სექტემბრის ¹21.495.11.2 გადაწყვეტილებებში საფუძვლად მითითებულია ოქტომბრის რაიონის აღმასკომის 1977წ. 23 დეკემბრის ¹33.4 3480 გადაწყვეტილება, რომელიც თავის მხრივ მიღებულ იქნა პირველი მაისის აღმასკომის 1976წ. 29 დეკემბრის და 1997წ. 27 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე. ამასთან, “საქართველოს სსრ მშრომელთა დეპუტატების რაიონული საბჭოს შესახებ” საქართველოს სსრ 1971წ. 9 დეკემბრის კანონის 2.53-ე მუხლის მეორე ნაწილის და 2.72 მუხლის შესაბამისად საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი დამოუკიდებლად განიხილავდა და წყვეტდა საბჭოს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სსკ-ს 239-ე მუხლი ითვალისწინებდა საცხოვრებელი სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმების ფორმას. აღნიშნული ნორმა არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საკუთრებაზე უარის თქმის შედეგად პირადი საკუთრებიდან სახელმწიფო საკუთრებაში საცხოვრებელი სახლის გადასვლის ფორმად. იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად პირადი საკუთრების საცხოვრებელი სახლის კომუნალურ ფონდში ჩარიცხვა ხორციელდებოდა რაიონის აღმასკომის გადაწყვეტილებით, რაც მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა კიდეც და ქ.თბილისის პირველი მაისის რაიაღმასკომის 1976წ. 29 დეკემბრისა და 1997წ. 27 მაისის გადაწყვეტილებებით სადავო ბინა ჩაირიცხა კომუნალურ ფონდში, რის გამოც სადავო ბინაზე სახელმწიფო საკუთრება წარმოიშვა 1997წ. 27 მაისის შემდეგ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე აწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. გ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. ივლისის გადაწყვეტილება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.