Facebook Twitter

3გ-ად-490-კ-02 24 იანვარი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: სახელფასო და სამივლინებო დავალიანების გადახდევინების შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 30 აპრილს მოქალაქეებმა რ.გ.-მა და გ.ბ.-მა სარჩელით მიმართეს ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს, რომელშიაც მიუთითეს, რომ წლების განმავლობაში მუშაობდნენ საქართველოს კონტროლის პალატაში, სისტემაში ჩატარებული ატესტაციის საფუძველზე გათავისუფლებული იქნენ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 98-ე მუხლის «ბ» პუნქტის საფუძველზე, სამსახურიდან გათავისუფლებისას მიიღეს ერთი თვის ხელფასი, არ მიუღიათ გასული წლების სახელფასო და სამივლინებო დავალიანება, რაც რ.გ.-ის მიმართ შეადგენს 2379,90 ლარს, ხოლო გ.ბ.-ის მიმართ 2056.02 ლარს.

მოსარჩელეები ითხოვდნენ, მოპასუხე საქართველოს კონტროლის პალატას დაკისრებოდა მითითებული დავალიანების გადახდა.

მოპასუხე – საქართველოს კონტროლის პალატის წარმომადგენლებმა სარჩელი ცნეს გადასახდელი თანხის ოდენობის ნაწილში, მაგრამ აქვე მიუთითეს, რომ სახელფასო დავალიანების გადახდა უნდა მომხდარიყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ. ვინაიდან აღნიშნული დავალიანება წარმოშობილი იყო ამ უკანასკნელის მხრიდან კონტროლის პალატისათვის თანხების ჩაურიცხაობის მიზეზით.

საქმეში მე-3 პირის სახით ჩაბმულმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა სარჩელს იმაზე მითითებით, რომ დავალიანების თანხის გაცემაზე პასუხისმგებელი იყო საქართველოს კონტროლის პალატა.

ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 21 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს კონტროლის პალატის მოსარჩელე რ.გ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2378,90 ლარის, ხოლო გ.ბ.-ის სასარგებლოდ 2056,02 ლარის გადახდა.

მოსარჩელეებს უარი ეთქვათ საქართველოს კონტროლის პალატის სპეცანგარიშზე ყადაღის დადებაზე.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის საფუძველზე გასაჩივრებული იქნა საქართველოს კონტროლის პალატის მიერ.

აპელანტი სააპელაციო საჩივარში მოითხოვდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ საქართველოს კონტროლის პალატასთან ერთად, სოლიდარულ მოვალეს წარმოადგენდა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, რომლის მიერაც «საბიუჯეტო სისტემისა და უფლებამოსილებათა შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად ფინანსირდება საქართველოს კონტროლის პალატა. ვინაიდან ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხების გადარიცხვა ფინანსთა სამინისტროს დღემდის არ მოუხდენია, ამდენად მოსარჩელეთათვის დავალიანების გადახდაც ამ უკანასკნელის ვალდებულებას წარმოადგენს.

სააპელაციო საჩივარს არ დაეთანხმნენ მოწინააღმდეგე მხარე რ.გ.-ი და გ.ბ.-ი და ასევე მესამე პირის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 09 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს კონტროლის პალატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 21 ივნისის გადაწყვეტილება.

არ დაეთანხმა რა ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას კონტროლის პალატის მიერ წარმოდგენილი იქნა საკასაციო საჩივარი, რომლითაც კასატორმა მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 09 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ «საქართველოს 2002წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონით, საბიუჯეტო ორგანიზაციებში წინა პერიოდში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისათვის, მათ შორის სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად სახელმწიფო სამსახურიდან დათხოვნილ მუშაკთა და მოსამსახურეთა საბოლოო ანგარიშსწორების, მათ შორის სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად სახელმწიფო სამსახურიდან დათხოვნილ მუშაკთა და მოსამსახურეთა საბოლოო ანგარიშსწორების და სხვა დავალიანებათა დასაფარავად, ცენტრალურ ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნა 35 მლნ ლარის გამოყოფა, რომლის შესრულებაზეც პასუხისმგებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, კონტროლის პალატას ფინანსთა სამინისტროდან დღემდე ამ მუხლით გათვალისწინებული არანაირი დაფინანსება არ მიუღია. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ სახელფასო და სამივლინებო დავალიანების თანხების ანაზღაურების მხოლოდ საქართველოს კონტროლის პალატისათვის დაკისრება არის უკანონო.

მოწინააღმდეგე მხარე და მესამე პირი საკასაციო საჩივარს არ დაეთანხმნენ იმავე საფუძვლებით, რითაც სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვეს თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 09 ოქტომბრის განჩინების ძალაში დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, გააანალიზა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მოუსმინა მხარეთა ახსნა-განმარტებებს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა იქნას დაკმაყოფილებული შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო და შესაბამისად რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილადაა მიჩნეული, რომ რ.გ.-ი და გ.ბ.-ი მუშაობდნენ საქართველოს კონტროლის პალატაში სხვადასხვა თანამდებობებზე, 2001 წელს სამსახურიდან გათავისუფლებული იქნენ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 98-ე მუხლის «ბ» პუნქტის საფუძველზე. ასევე დადასტურებულადაა მიჩნეული ის გარემოება, რომ რ.გ.-ის მიმართ სახელფასო და სამივლინებო დავალიანება შეადგენს 2378,90 ლარს, ხოლო გ.ბ.-ის მიმართ 2056,02 ლარს.

სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

გამომდინარე იქედან, რომ კასატორს თანხის ოდენობა სადავოდ არ გაუხდია, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა თანხის ნაწილში საფუძვლიანია და ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საოლქო სასამართლოს მსჯელობას და ვერ დაეთანხმება კასატორთა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მითითებული თანხების გადახდის ვალდებულება მათთან ერთად წარმოეშობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.

განსახილველ შემთხვევაში სახეზეა შრომითი ურთიერთობიდან ანუ ადმინისტრაციული გარიგებიდან გამომდინარე დავა. სადაც ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშობა იმ სუბიექტებს შორის, რომლებიც ერთმანეთთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებიან. როგორც საქმის მასალებით დასტურდება, შრომითი ხელშეკრულება არსებობდა ერთის მხრივ მოსარჩელეებსა და მეორე მხრივ კონტროლის პალატას შორის შესაბამისად მათი მოთხოვნებიც ვალდებულებითი სამართლის პრინციპიდან გამომდინარე, შეიძლება მიმართული იქნეს ერთმანეთის და არა მესამე პირების, კერძოდ კი ფინანსთა სამინისტროს მიმართ.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საოლქო სასამართლოს მსჯელობას და ეთანხმება ამ უკანასკნელის განმარტებას იმის თაობაზე, მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს სკ-ს სოლიდარული ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის გათვალისწინებულ გარემოებებს, რაც იმთავითვე გამორიცხავს მე-3 პირისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის სოლიდარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის I მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 09 ოქტომბრის განჩინება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.