Facebook Twitter

3გ-ად-491-კ-02 18 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

გ. ქაჯაია,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: თბილისის მთავრობის დადგენილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 14 თებერვალს საქართველოს ბავშთა ფედერაციამ სარჩელით მიმართა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა თბილისის მთავრობის 1999წ. 20 აპრილის ¹02.12.32 დადგენილების დანართის მე-17 პუნქტის ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ 1977 წელს ამიერკავკასიის წითელდროშოვან სამხედრო ოლქს ....... გამზირზე “სამხედრო დიდების" მუზეუმის ასაშენებლად გამოეყო 1.5 ჰა მიწის ნაკვეთი. “დიდების მუზეუმი" აშენებულ იქნა იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992წ. 23 ივნისის ¹409 განკარგულებით თბილისში, ...... ¹76-ში მდებარე “სამხედრო დიდების" მუზეუმის შენობა მიმდებარე ტერიტორიით, გადაეცა საქართველოს ბავშვთა ფედერაციას, რაც შემდგომში დაუმაგრდათ სახელმწიფო მეთაურის 1994წ. 7 ივნისის ¹109 ბრძანებულებით. 1997წ. 31 დეკემბრის თბილისის მუნიციპალიტეტის ¹26.27.1337 დადგენილებით საქართველოს ბავშვთა ფედერაციას ....... ¹76-ში საკუთარი ეზოს ტერიტორიაზე წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის აშენების ნებართვა მიეცა.

მოსარჩელე 1997წ. 31 დეკემბრიდან იხდიდა მიწის იჯარის გადასახადს და სადავო მიწა მას სარგებლობაში გადაცემული ჰქონდა თბილისის მუნიციპალიტეტის 1997წ. 31 დეკემბრის ¹26.27. 1337 დადგენილებით. აღნიშნული გარემოებების საფუძველზე მოსარჩელემ მოითხოვა თბილისის მთავრობის 1999წ. 20 აპრილის ¹02.12.37 დადგენილების ¹1 და ¹2 დანართის მე-17 პუნქტების, რომლითაც ვაკის რაიონში ბავშვთა ფედერაციასა და ჯანდაცვის სამინისტროს ¹2 პოლიკლინიკას შორის მდებარე 5000 მ2 მიწის ნაკვეთი შეტანილ იქნა კონკურსისა და აუქციონის წესით გასაცემ მიწის ნაკვეთთა ნუსხაში, ბათილად ცნობა.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 30 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: თბილისის მთავრობის 1999წ. 20 აპრილის ¹02.12.32 დადგენილების დანართის მე-17 პუნქტი ბათილად იქნა ცნობილი.

რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992წ. 23 ივნისის ¹409-ე დადგენილებით, სამხედრო დიდების მუზეუმის შენობა მიმდებარე ტერიტორიით გადაეცა საქართველოს ბავშვთა ფედერაციას და შენობის რეგისტრაცია მოხდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, გაიცა ორდერი ¹..... და თბილისის მუნიციპალიტეტის 1997წ. 31 დეკემბრის ¹26.27 1337 დადგენილებით მოსარჩელეს დაუმაგრდა შენობის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთი ეზოსთან ერთად. რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ...... გამზირის 76 ბ-ში მდებარე შენობის არსებითი ნაწილი მასზე “წითელი ხაზებით" დამაგრებული ტერიტორიაა. ბავშვთა ფედერაციას “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 მუხლის 2(ა) პუნქტის თანახმად კანონის მიღებიდან, ე.ი. 1998წ. 28 ოქტომბრიდან, ერთიწ. განმავლობაში მიწის სარგებლობის დოკუმენტების რეგისტრაციისათვის ჰქონდა ვადა. ვინაიდან მოსარჩელე წარმოადგენდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, მითითებული კანონის მე-9 მუხლის თანახმად, ამ მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემისას საკითხი უნდა შეთანხმებულიყო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან და შესაბამის უწყებასთან. სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ ამავე კანონის მე-3 და მე-9 მუხლების თანახმად მოსარჩელეს მიწა უნდა მიეცეს უსასყიდლოდ, უზუფრუქტის ფორმით, ინდივიდუალური განხილვის წესით, კონკურსის ან აუქციონის გამოუცხადებლად.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მთავრობამ და მოითხოვა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 30 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 14 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინის რაიონული სასამართლოს 2000წ. 30 ივნისის გადაწყვეტილება. სასამართლო დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს:

1. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ბავშვთა ფედერაცია რეგისტრირებულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 1991წ. 3 ივნისის ¹13/6 დადგენილებით (რეგისტრაციის ¹...... , სახელწოდება _ “საქართველოს ბავშთა ფედერაცია", საზოგადოება “პატარა მამულიშვილი"). ამავე სამინისტროს სარეგისტრაციო კოლეგიის 1998წ. 31 დეკემბრის ¹33/6 დადგენილებით რეგისტრაციაში გატარდა ფონდი “საქართველოს ბავშვთა ფედერაცია", რომელიც მიჩნეულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 1999წ. 3 ივნისის ¹13/6 დადგენილებით რეგისტრირებული ორგანიზაციის უფლებამონაცვლედ. საქართველოს პრეზიდენტის 1991წ. 14 აპრილის ¹139 ბრძანებულებით განხორციელდა საქართველოს ბავშვთა ფედერაციის რეორგანიზაცია და იგი ჩამოყალიბდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად სახელწოდებით _ “საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტთან არსებული საქართველოს ბავშვთა ფედერაცია";

2. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ “მიწის რეგისტრაციის შესახებ" 1996წ. 14 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით ამ კანონის მიღებამდე მიწის და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების მიმართ წარმოშობილი უფლებები ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო რეგისტრაციას ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტში, მართალია, აღნიშნულია, რომ რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების ან დოკუმენტის შედგენიდან, არაუგვიანეს 30 დღისა, მაგრამ იქვე, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტში, მითითებულია, რომ “თუ დოკუმენტი წარდგენილ იქნა რეგისტრაციისათვის მისი შედგენიდან 30 დღის შემდეგ, მაშინ მოსაკრებლის გარდა დამატებით გადაიხდება თანხა ყოველ გადაცილებულ დღეზე არსებული წესით".

მითითებული მუხლებიდან და ზემოაღნიშნული კანონის მე-8 და მე-40 მუხლებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ აღნიშნული კანონი არ აწესებს მიწაზე უფლების რეგისტრაციისათვის ზღვრულ ვადას და რეგისტრაციის დროულად განუხორციელებლობა არ წარმოადგენს მიწის ჩამორთმევის საფუძველს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, “მიწის რეგისტრაციის შესახებ" კანონზე დაყრდნობით შეუძლებელი იყო სასამართლოს ჩამოერთმია საქართველოს ბავშთა ფედერაციისათვის სარგებლობის უფლება სადავო მიწის ნაკვეთზე. ამდენად, ამ ნაწილში აპელანტის მოსაზრება არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს;

3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, “ბავშვთა ფედერაციამ" “სამხედრო დიდების" მუზეუმის შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის რეგისტრაცია განახორციელა ქ. თბილისის მერიის საბინაო მეურნეობის სამმართველოს არასაცხოვრებელი ფართობის აღრიცხვა-განაწილების სამმართველოში და 1992წ. 27 ივლისს აიღო ორდერი ¹...... თბილისის მუნიციპალიტეტის ¹26.27.1337 დადგენილებით “საქართველოს ბავშვთა ფედერაციას"'დაუმაგრდა ...... გამზირის ¹76-ში ადმინისტრაციული შენობის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთი ეზოსთან ერთად, და მიეცა ეზოს ტერიტორიაზე წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის მშენებლობის უფლება. ტაძარი აშენდა. 1998 წლიდან “ბავშვთა ფედერაცია" იხდიდა მასზე დამაგრებული 13000 კვ.მ-ის საიჯარო გადასახადს.

საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 14 აპრილის ¹139 ბრძანებულებისა და ქონების მართვის სამინისტროს 1999წ. 2 სექტემბრის ¹05/47 წერილის საფუძველზე ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურმა ქ. თბილისში, ...... გამზირის ¹76-ში მდებარე შენობა-ნაგებობები არასაცხოვრებელი 4402 კვ.მ-ით, შემოღობილი ტერიტორიით (15.740 კვ.მ) აღრიცხა ბავშვთა ფედერაციის სახელზე. 1999წ. 2 სექტემბერს გაიცა ტექნიკური პასპორტი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ “საქართველოს ბავშვთა ფედერაციას" ზემოაღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტებისა და სათანადო რეგისტრაციის საფუძველზე წარმოეშვა სადავო მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლება, რაც რაიონულმა სასამართლომ გაითვალისწინა გადაწყვეტილების გამოტანისას. ამიტომ უსაფუძვლოა აპელანტის მოსაზრება, რომ თითქოს სასამართლოს არ გამოურკვევია, რის საფუძველზე წარმოეშვა ბავშვთა ფედერაციას სარგებლობის უფლება სადავო ნაკვეთზე.

სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ ქ. თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ 2000წ. 15 ივნისს გაცემული ცნობით სადავო მიწის ნაკვეთი ჯერ ჯიდევ 1977 წლიდან შემოღობილი ჰქონდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქს, ბავშვთა ფედერაციისათვის მისი გადაცემით შემოღობილი მიწის კონტურები არ შეცვლილა და მისი აღრიცხვა მოხდა იმავე ფარგლებში. სწორედ შემოღობილ და არა თავისუფალი მიწის ნაკვეთებზე გამოცხადდა კონკურსი საკუთრების ფორმით, როგორც ეს ქ. თბილისის მთავრობის 1999წ. 20 აპრილის დადგენილების დანართის მე-17 პუნქტშია მითითებული.

სასამართლომ მხედველობაში მიიღო ისიც, რომ “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ" 1998წ. 28 ოქტომბრის საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის “ა" ქვეპუნქტის შესაბამისად ბავშვთა ფედერაციას 1999წ. 28 ოქტომბრამდე ჰქონდა ვადა გაეფორმებინა მიწის სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტები. ქ. თბილისის მთავრობამ კი მითითებული ვადის გასვლამდე 1999წ. 20 აპრილის დაამტკიცა ბავშვთა ფედერაციის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის კონკურსის წესით გაცემის პირობები, რითაც დაარღვია ზემოაღნიშნული კანონი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მთავრობამ და მესამე პირმა _ შპს “ს-მა".

სააპელაციო საჩივარში თბილისის პრემიერმა მიუთითა, რომ “საქართველოს ბავშვთა ფედერაციას" არ გაუფორმებია კანონით დადგენილ ვადაში მიწათსარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტები და სადავო მიწის ნაკვეთის “წითელი ხაზები" დღემდე დადგენილი არ არის. მას შემდეგ, რაც 1999წ. 14 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის ¹139 ბრძანებულებით ჩამოყალიბდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, “ბავშვთა ფედერაციას" სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ, გაუფრომა შენობაზე ხელშეკრულება უზუფრუქტის ფორმით, ხოლო მიწის ნაკვეთზე ხელშეკრულება არ გაფორმებულა. “ბავშვთა ფედერაციას" მხოლოდ მიწის რეგისტრაციის შემდეგ წარმოეშობოდა სადავო მიწის ნაკვეთზე მიწათსარგებლობის უფლება. მიწის ნაკვეთის განკარგვისა და სადავო დადგენილების მიღების მომენტში, 2000წ. 20 აპრილს მიწის ნაკვეთი იყო თავისუფალი. კასატორი ასევე მიიჩნევს, სააპელაციო სასამართლოს არასწორად აქვს გამოყენებული სკ-ს 1514-ე მუხლი, ვინაიდან 2000წ. 20 აპრილს საჯარო რეესტრი უკვე ჩამოყალიბებული იყო და მოქმედებდა 1996წ. 14 ნოემბრის კანონი “მიწის რეგისტრაციის შესახებ". სასამართლომ ასევე არასწორად გამოიყენა ამავე კოდექსის 150-ე მუხლი, რადგან შენობა არის მიწის არსებითი შემადგენელი ნაწილი და არა პირიქით. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით კასატორი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 14 ივნისის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით საქართველოს ბავშვთა ფედერაციის სარჩელზე უარის თქმას.

შპს “ს-მა" საკასაციო საჩივარში მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ ჩათვალა საჯარო სამართლის იურიდიული პირი “საქართველოს ბავშვთა ფედერაცია" კერძო სამართლის იურიდიული პირის, “ფონდ საქართველოს ბავშვთა ფედერაციის", უფლებამონაცვლედ. ვინაიდან არსებობს იდენტური სახელწოდების მქონე ორი სხვადასხვა სახის იურიდიული პირი. საჯარო სამართლის იურიდიული პირი ამ შემთხვევაში წარმოადგენს არასათანადო მოსარჩელეს, რადგან, თუ მათზე გადაცემული ფართია სადავო, მასზე დავის უფლება ჰქონდა ფონდ “საქართველოს ბავშვთა ფედერაციას", რადგან წინაწ. ყველა სამართლებრივი აქტი, რომლებზეც მოსარჩელე მიუთითებს, ეხებოდა ამ უკანასკნელს. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე არ დადგენილა “წითელი ხაზები" და არ გარკვეულა, თუ მიწის რა ფართი გადაეცა საქართველოს ბავშთა ფედერაციას და თუ საჯარო სამართლის იურიდული პირი “საქართველოს ბავშვთა ფედერაცია" წარმოადგენს ფონდ “საქართველოს ბავშთა უფლებამონაცვლეს", რატომ გახდა საჭირო შენობის უზუფრუქტით გადაცემა.

კასატორმა ასევე მიუთითა, რომ, ვინაიდან საჯარო სამართლის იურიდიული პირის უზუფრუქტით გადაეცა შენობა, მას უნდა მიემართა თბილისის მერიისათვის მიწის ნაკვეთის უზუფრუქტით გადაცემის თაობაზე და გამოყოფოდა შესაბამისი ტერიტორია იმ ოდენობით, რაც საჭიროა შენობის ექსპლუატაციისა და დანიშნულებისათვის. რაიონულმა სასამართლომ არასწორად გამოიყენა “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვის და განკარგვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის “ა" ქვეპუნქტი, რადგან სადავო ტერიტორია გადაცემული იყო კერძო სამართლის და არა საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე. კასატორი აღნიშნავს, რომ ყველა შემთხვევაში მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ სახელმწიფო რჩებოდა და იგი, როგორც მესაკუთრე, უფლებამოსილი იყო თავისი შეხედულებისამებრ განეკარგა თავისი საკუთრება. აღნიშნული გარემოების საფუძველზე კასატორი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 14 ივნისის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ შპს “ს-ისა” და ქ. თბილისის მთავრობის საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 14 ივნისის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა არსებითად განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა სრულყოფილად გამოკვლეული და დადგენილი საქმზე ფაქტობრივი გარემოებები. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე “საქართველოს ბავშთა ფედერაცია", რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 14 აპრილის ¹139 ბრძალებულებით ჩამოყალიბდა საჯარო სამართლის იურდიულ პირად, არის 1991 წელს რეგისტრირებული ფონდ “საქართველოს ბავშთა ფედერაციის" უფლებამონაცვლე. საკასაციო სასამართლო აღნიშნულ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია საქმეში ამ საკითხთან წარმოდგენილ მასალებთან დაკავშირებით, კერძოდ, თავად “საქართველოს ბავშვთა ფედერაციის" თავმჯდომარის მიმართვა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2001წ. 25 მაისის წერილი სრულად საწინააღმდეგო გარემოებებზე მიუთითებენ. აღნიშნული გარემოებების გამოკვლევის გარეშე საქმეზე სწორი და კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა საკასაციო სასამართლოს შეუძლებლად მიაჩნია. საკასაციო სასამართლო ასევე თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს 1991წ. 3 ივნისის ¹1316 დადგენილებით იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებულ და შემდეგ, 1998წ. 31 დეკემბერს, ხელახლა რეგისტრაციაგავლილი ფონდის “საქართველოს ბავშთა ფედერაციის” საქმეში მესამე პირად ჩაბმის შესახებ, რომლის საქმეში მონაწილეობაც ნათელს მოჰფენს უფლებამონაცვლეობის საკითხს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის, “საქართველოს ბავშვთა ფედერაციის”, 1991წ. 3 ივნისის იუსტიციის სამინისტროს დადგენილებით რეგისტრირებული ფონდის “საქართველოს ბავშვთა ფედერაციის” უფლებამონაცვლედ ცნობის შემთხვევაში, უნდა გამოარკვიოს ამ უკანასკნელის საჯარო სამართლის იურდიულ პირად გარდაქმნისას ფონდის ქონების კუთვნილების საკითხი, კერძოდ, გადაეცა თუ არა რაიმე ფორმით მიწის ნაკვეთი, რა ფართით და რის საფუძველზე, მით უმეტეს, რომ “ბავშვთა ფედერაციასა" და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს შორის შენობის თაობაზე უზუფრუქტის ხელშეკრულება იქნა გაფორმებული. აღნიშნული გარემოება სადავო მიწის ნაკვეთის კონკურსის წესით გასაცემი ნაკვეთების ნუსხის დანართში შეტანის კანონიერების დადგენისათვის ერთ-ერთ ძირითად საკითხს წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ შეიძლება გაზიარებული იქნეს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, თითქოსდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997წ. 31 დეკემბრის ¹26. 27. 1337 დადგენილებით საქართველოს ბავშთა ფედერაციის გამოყოფილი ჰქონდა 13000მ2 მიწის ნაკვეთი, ვინაიდან აღნიშნულ დადგენილებაში ასეთი რამ არსად არის მითითებული. საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებებს, რომ ამ დადგენილებაში იურიდიულ და ფიზიკურ პირთათვის დამაგრებული მიწის ნაკვეთები მითითებულია შესაბამისი ფართის აღნიშვნით, გარდა “ბავშვთა ფედერაციის" ეზოსი, რომლის ფართიც განსაზღვრული არ ყოფილა.

სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ “საქართველოს ბავშთა ფედერაციას" 1999წ. 28 ოქტომბრამდე ჰქონდა ვადა მიწის სარგებლობის დოკუმენტაციის გაფორმებისა, რადგან ერთ-ერთ ძირითად სადავო საკითხს სწორედ იმ გარემოების დადგენა წარმოადგენდა, საერთოდ ჰქონდა თუ არა გადაცემული “ბავშთა ფედერაციას" სადავო მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლება და რის საფუძველზე. შესაბამისად, სადავოა ის საკითხიც, მოხდებოდა თუ არა მასზე ამ მიწის სარგებლობის უფლების გაცემა შესაბამისი ორგანოს მიერ.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეზე სრულყოფილად არ დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, არასწორად შეაფასა მტკიცებულებები, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება არ არის საკმაოდ დასაბუთებული. აღნიშნული გარემოება კი სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. საკასაციო სასამართლო იზიარებს საკასაციო საჩივრის მოთხოვნებს განჩინების გაუქმების ნაწილში და თვლის, რომ ამ ეტაპზე, სსკ-ს 411-ე მუხლის თანახმად, შეუძლებელია საქმეზე საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება, შესაბამისად, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002 წის 14 ივნისის განჩინება უნდა გაუქმდეს და ზემოაღნიშნული მითითებებით საქმე ხელახალი არსებითად განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 399-ე, 404-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “ს-ის” და ქ. თბილისის მთავრობის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 14 ივნისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.