Facebook Twitter

3გ-ად-492-კ-02 26 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: თანხის ბიუჯეტებს შორის გადანაწილება.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 20 დეკემბერს თეთრიწყაროს რაიონის გამგეობამ სარჩელით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს მოპასუხე შემოსავლების სამინისტროს (ამჟამად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს) სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილგადამხდელთა ინსპექციის და მესამე პირის _ შემოსავლების სამინისტროს მიმართ და აღნიშნა, რომ სს “ს.-ი" თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში 1998წ. 18 თებერვალს დარეგისტრირდა და მას შემდეგ მის მიერ გადახდილი ყველა გადასახადი ადგილობრივ ბიუჯეტში ირიცხებოდა, მაგრამ საგადასახადო დეპარტამენტის 1999წ. 18 იანვრის ¹7 ბრძანების საფუძველზე იგი რაიონის საგადასახადო ინსპექციიდან მსხვილგადამხდელთა ინსპექციის აღრიცხვაზე გადავიდა და მისი ყველა გადასახადის აკუმულირება სახელმწიფო ბიუჯეტში ხდებოდა. სს “ს.-ს" გადასახდელი ჰქონდა მოგების გადასახდი 690000 ლარი და მავნე ნივთიერებებით გარემოს დაბინძურებისათვის _ 18600 ლარი, თუმცა, აღნიშნული თანხები არა თეთრიწყაროს რაიონის ბიუჯეტში, არამედ მსხვილგადამხდელთა ინსპექციის ანგარიშზე დაჯდა. მოსარჩელემ მოითხოვა მსხვილგადამხდელთა ინსპექციას 771600 ლარის რაიონულ ბიუჯეტში გადარიცხვის უზრუნველყოფა დავალებოდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000წ. 26 დეკემბრის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ 2001წ. 2 მაისის განჩინებით საქმეში მესამე პირებად ფინანსთა სამინისტრო და სს “ს.-ი" ჩააბა.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 28 მაისის გადაწყვეტილებით თეთრიწყაროს რაიონის გამგეობის სარჩელი დაკმაყოფილდა. მსხვილგადამხდელთა ინსპექციას თეთრიწყაროს რაიონის გამგეობის სასარგებლოდ რაიონის ადგილობრივი ბიუჯეტის კუთვნილი სს “ს.-ის" მიერ დღგ-ს გადასახადში ზედმეტად გადახდილი 771900 ლარის გადახდა დაეკისრა ეროვნულ ბანკში არსებული მსხვილგადამხდელთა ინსპექციის დღგ-ს სატრანზიტო ანგარიშიდან.

2001წ. 28 მაისის გადაწყვეტილება საქართველოს შემოსავლების სამინისტროს (ამჟამად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს) საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილგადამხდელთა ინსპექციამ და შემოსავლების სამინისტრომ (ამჟამად საქართველოს ფინანსთა სამინისტრო) სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

აპელანტებმა მიუთითეს, რომ პრეზიდენტის 1999წ. 2 ივნისის ¹348 ბრძანებულების მე-7 პუნქტის თანახმად, ზედმეტად გადახდილი ან არასწორად ჩარიცხული თანხების უკან დაბრუნებას ან ერთი სახის მეორეში გადატანას საგადასახადო დეპარტამენტი და მისი ორგანოები რაიონის ბიუჯეტის სატრანზიტო ანგარიშებიდან შემოსავლების ხარჯზე ახორციელებენ. აპელანტებს კი აღარ ექნებათ შესაძლებლობა თანხების გადატანა “მომავალი შემოსავლების ხარჯზე” მოახდინონ, რადგან თეთრიწყაროს რაიონიდან მსხვილგადამხდელთა ინსპექციაში აღრიცხვაზე გარდა სს “ს.-ისა” სხვა საწარმო არ იმყოფება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 8 იანვრის განჩინებით საქმეში მესამე პირად რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექცია ჩაება.

თეთრიწყაროს რაიონის გამგეობამ სააპელაციო საჩივარი არ ცნო და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვა, ხოლო მესამე პირებმა: ფინანსთა სამინისტრომ, საგადასახადო დეპარტამენტმა, სს “ს.-მა" და რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ სააპელაციო საჩივარს მხარი დაუჭირეს და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 13 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 28 მაისის გადაწყვეტილება. სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ დღგ-ს სახით ზედმეტად გადახდილი თანხები რაიონულ ბიუჯეტს უნდა დაბრუნებოდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 13 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილგადამხდელთა ინსპექციამ გაასაჩივრა და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა, რომლითაც ხსენებული თანხების დაბრუნება თეთრიწყაროს რაიონის დღგ-ს სატრანზიტო ანგარიშიდან ან ცენტრალური ხაზინიდან უნდა მომხდარიყო.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილგადამხდელთა ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 13 სექტემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საოლქო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორად განმარტა იგი და სათანადო შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის გამოც არ არსებობს განჩინების გაუქმების კანონით დადგენილი საფუძველი.

სსკ-ს 407-ე მუხლის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატების მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ ის ფაქტი, რომ სს “ს.-ს" 2000წ.ათვის დღგ-ს გადასახადში ზედმეტად ერიცხებოდა 2000წ. 18 აპრილის მდგომარეობით 700000 ლარი და იმავეწ. 31 ივლისისათვის 450000 ლარი, სულ 1150000 ლარი.

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს საოლქო სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ საქართველოს 1996წ. “საბიუჯეტო სისტემისა და უფლებამოსილებათა შესახებ" კანონის და 2000წ. 10 მარტის “საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადებიდან აფხაზეთისა და აჭარის ა/რ და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტში ეკონომიკური ანარიცხების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, დღგ-ს 100% ირიცხება ცენტრალურ ბიუჯეტში, მოგების გადასახადის 40% ცენტრალურ, ხოლო 60% ადგილობრივ ბიუჯეტში, მავნე ნივთიერებებით გარემოს დაბინძურებისათვის გადასახადის 100% ასევე ირიცხება ადგილობრვი ბიუჯეტში. აქვე ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ რაიონის ბიუჯეტისათვის მსხვილგადახმდელთა ინსპექციის მიერ თანხის დაბრუნების ვალდებულება დავის საგანს არ წარმოადგენს, სადავო მხოლოდ თანხის დაბრუნების მექანიზმია. თვით მსხვილგადამხდელთა ინსპექციასაც არ გაუხდია სადავოდ ის გარემოება, რომ მითითებული თანხა ნამდვილად ექვემდებარება ადგილობრივ ბიუჯეტში დაბრუნებას, მას საკასაციო საჩივრის საფუძვლად მხოლოდ ის აქვს მოხმობილი, რომ კანონმდებლობა ზუსტად არ განსაზღვრავს სადავო თანხის დაბრუნების მექანიზმს, ასეთი თანხები, კასატორის მოსაზრებით, დაბრუნებას ექვემდებარება მსხვილგადამხდელთა ინსპექციის რაიონის დღგ-ს სატრანზიტო ანგარიშიდან მომავალი შემოსავლის ხარჯზე. აღნიშნულს საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან თეთრიწყარის რაიონის დღგ-ს სატრანზიტო ანგარიშზე ასეთი შემოსავლები შეიძლება საერთოდ არ დაჯდეს, მითუმეტეს, რომ სს “ს.-ის” გარდა თეთრიწყაროს რაიონში აღრიცხვაზე სხვა საწარმო არ იმყოფებოდა. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილგადამხდელთა ინსპექციის მიერ ვალდებულება უნდა შესრულდეს. მოცემულ შემთხვევაში თანხა უნდა დაბრუნდეს თეთრიწყაროს რაიონის ადგილობრივ ბიუჯეტში იმ წესითა და პირობებით, როგორც ამას მოსარჩელე _ თეთრიწყაროს რაიონის გამგეობა მოითხოვს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილგადამხდელთა ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 13 სექტემბრის განჩინება.

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.