Facebook Twitter

3გ-ად-493-კ-02 3 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: მიუღებელი საპენსიო დანამატის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

მოსარჩელე ა.ა.-ი შინაგან საქმეთა ორგანოებში მძღოლ-პოლიციელად მსახურობდა 31 წელი და ექვსი თვე. 1997წ. 4 ივნისს გავიდა პენსიაზე და “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრების საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, წელთა ნამსახურობით პენსია დაენიშნა 80 ლარისა და 13 თეთრის ოდენობით.

2002წ. 26 მარტს ა.ა.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს და “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრების საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 41-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილემ, მოითხოვა წელთა ნამსახურობის პენსიაზე ყოველთვიური დანამატის სახით მოხუცებულობის გამო პენსიის 100% _ 14 ლარის დარიცხვა, ხოლო ამავე მუხლის “ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, შს ორგანოებში 31 წლის ნამსახურობის გათვალისწინებით ყოველთვიურად მოითხოვა მოხუცებულობის გამო პენსიის 50% – 7 ლარის, სულ 21 ლარის დანიშვნა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა 1997წ. ივნისიდან 2002წ. პირველ აპრილამდე, 58 თვეზე მიუღებელი საპენსიო დანამატის ანაზღაურება 1218 ლარის ოდენობით.

სასარჩელო განცხადებაში მოსარჩელემ აღნიშნა, რომ “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრების საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 41-ე მუხლის “დ” და “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, მას ეკუთვნოდა წელთა ნამსახურობის პენსიაზე დანამატი, რაზედაც საუწყებო საპენსიო ორგანომ – შს სამინისტროს საპენსიო განყოფილებამ უარი უთხრა, ასაკის პენსიის მინიმალური ოდენობის დაუდგენლობის მოტივით. 2000წ. პირველი იანვრიდან სამხედრო მოსამსახურეთა საპენსიო მომსახურებას ახორციელებს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდი, რომელმაც დამატებითი პენსიის დანიშვნაზე იგივე მოტივით უსაფუძვლოდ უთხრა უარი.

მოპასუხემ _ სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმომადგენელმა ნაწილობრივ ცნო ა.ა.-ის სარჩელი, ყოველთვიურად 21 ლარის საპენსიო დანამატის დანიშვნის ნაწილში, მაგრამ არ დაეთანხმა 58 თვის მიუღებელი საპენსიო დანამატის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნას.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 23 აპრილის გადაწყვეტილებით ა.ა.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდს ა.ა.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2002წ. 1 მაისიდან ყოველთვიურად პენსიის დანამატის – 21 ლარის დანიშვნა და მიუღებელი საპენსიო დანამატის – 294 ლარის გადახდა 2001წ. მარტიდან; ა.ა.-ს უარი ეთქვა 1997 წლიდან მიუღებელი საპენსიო დანამატის – 1218 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებაზე, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა.ა.-მა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა რაიონული სასამართლოს 2002წ. 23 აპრილის გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტები; გასაჩივრებულ ნაწილში დაკმაყოფილდა ა.ა.-ის სარჩელი და სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1997წ. ივნისიდან 2002წ. ოქტომბრამდე ერთდროულად 907,70 ლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო:

1. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ა.ა.-მ შს ორგანოებში იმსახურა 31 წელი და 6 თვე. მას პენსია დაენიშნა “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრების საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-11 და მე-12 მუხლების შესაბამისად. პენსიის დანიშვნისას გათვალისწინებული არ ყოფილა ამავე კანონის მე-13 მუხლი, რომლის მიხედვით წელთა ნამსახურობის გამო პენსიის ოდენობა შეიძლება იყოს მეტი, მაგრამ არა კანონმდებლობით დადგენილი ასაკის გამო მინიმალური პენსიის ოდენობაზე ნაკლები. კანონის 50-ე მუხლის თანახმად, პენსიების ოდენობაში ცვლილებების შეტანის ვითარების წარმოქმნისას, პენსიის გადაანგარიშება წარმოებს მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, პენსიის დანიშვნის თაობაზე ა.ა.-მა სოციალური უზრუნველყოფის დეპარტამენტს მიმართა 1997წ. ივნისის თვეში, რა დროისთვისაც პენსიის მინიმალური ოდენობა იყო 9 ლარი და 80 თეთრი. წელთა ნამსახურობის პენსიის დანიშვნისას დეპარტამენტი ვალდებული იყო გაეთვალისწინებინა პენსიაზე დანამატის დანიშვნა. კანონის 41-ე მუხლის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, შს ორგანოებიდან დათხოვნილ პირებს პენსიები გაუდიდდებათ მინიმალური პენსიების 50%-ის ოდენობით. შესაბამისად, 1997წ. ივნისიდან ა.ა.-ს დანიშნულ პენსიაზე დანამატის სახით უნდა მიეღო სულ 424,9 ლარი.

2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა.ა.-ი 1991წ. 26 აპრილიდან 6 მაისამდე მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში სამაჩაბლოს ტერიტორიაზე. ზემოაღნიშნული კანონის 41-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და საზღვარგარეთის ქვეყნებში საბრძოლო მოქმედებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს, შს ორგანოების რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირებს, პენსია გაუდიდდებათ მინიმალური პენსიის 100%-ის ოდენობით. ამდენად, სააპელაციო პალატის აზრით, ა.ა.-ს კანონის 41-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით პენსიაზე დანამატის სახით უნდა დანიშვნოდა 666 ლარი, სულ 904,70 ლარი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ა.ა.-ს საპენსიო დანამატის სახით “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრების საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 41-ე მუხლის “დ” და “ზ” ქვეპუნქტების საფუძველზე ყოველთვიურად უნდა დაენიშნოს 21 ლარი და 1997წ. ივნისიდან ერთდროულად მოპასუხეს მის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 907 ლარისა და 70 თეთრის მიუღებელი საპენსიო დანამატის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სოციალური უზრუნველყოფის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა და შემდეგი მოტივით მოითხოვა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება:

კასატორი საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა იმ ნაწილში, რომლითაც მას დაეკისრა ა.ა.-ის სასარგებლოდ 1997წ. ივნისიდან საპენსიო დანამატის სახით მიუღებელი სხვაობის 907,70 ლარის გადახდა. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრების საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის ის მუხლები, რომლებიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა 50-ე და 52-ე მუხლები. კუთვნილი, მაგრამ ამა თუ იმ მიზეზის გამო მიუღებელი საპენსიო თანხების წინა პერიოდიდან ანაზღაურების საკითხებს არეგულირებს მხოლოდ ზემოაღნიშნული კანონის 50-ე და 52-ე მუხლები. 50-ე მუხლით, თუ პენსიონერმა მიიღო პენსიის მომატების უფლება და დროულად არ მიმართა სათანადო ორგანოს პენსიის მისაღებად, მას ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის სხვაობა შეიძლება გადაუხადონ წარსული დროისათვის, მაგრამ არაუმეტეს 12 თვისა, რომელიც წინ უძღოდა პენსიის გადასაანგარიშებლად მიმართვის დღეს. კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო კანონის 50-ე მუხლის მხოლოდ პირველ წინადადებას და არ შეეხო მეორე წინადადებას, რომელიც ზუსტად არეგულირებს ა.ა.-ის შემთხვევას. ა.ა.-მ 1997წ. ივნისში შს სამინისტროს საპენსიო უზრუნველყოფის დეპარტამენტს მიმართა პენსიის პირველადი დანიშვნის მიზნით და არა პენსიის მომატების მოთხოვნით. პენსიის მომატება მას 2002წ. მარტის თვემდე არ მოუთხოვია. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საპენსიო ორგანო ვალდებული იყო გადაეანგარიშებინა ა.ა.-ის პენსია მასზე ყოველგვარი დანამატის გათვალისწინებით. კანონის 52-ე მუხლი არ ეხება პენსიის გადაანგარიშებას. კანონით გათვალისწინებული ყოველგვარი დანამატი აითვლება საქართველოში კანონმდებლობით დადგენილი ასაკის გამო მინიმალური პენსიის ოდენობიდან, მაგრამ არ არსებოს არავითარი ნორმატიული აქტი, რომელიც განსაზღვრავს ასაკის გამო მინიმალური პენსიის ოდენობას. ასაკის გამო მინიმალურ პენსიად სასამართლომ მიიჩნია 14 ლარი. პენსიებზე დანამატების დანიშვნა ხდება მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე. საპენსიო ორგანოს მიზეზი დანამატების მიუღებლობის საკითხში უნდა გამოირიცხოს და აღნიშნულ საკითხებზე მიღებული უნდა იქნეს კანონიერი გადაწყვეტილებები “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრების საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 50-ე მუხლზე დაყრდნობით. კერძოდ, პენსიების მომატების მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს მომართვის დღიდან და გაიცეს 12 თვის უკან დაწევით.

სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივარი არ სცნო ა.ა.-მა და შეგებებული საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რომლითაც სსკ-ს 410-ე მუხლის საფუძველზე, მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, უსაფუძვლობის გამო და საოლქო სასამართლოს 2002წ. 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანა დაშვებული აშკარა არითმეტიკული შეცდომების გამოსწორების მიზნით. შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეზე ერთდროულად გადასახდელი თანხის დაკისრებისას დაუშვა არითმეტიკული შეცდომა. სასამართლოს მოპასუხისათვის უნდა დაეკისრებინა გაუცემელი პენსიის გადახდა 1997წ. ივნისიდან 2002წ. ოქტომბრამდე 64 თვეზე 21 ლარის ოდენობით, რაც 1344 ლარს შეადგენს და არა 907 ლარს, სხვაობაა 436.3 ლარი.

საკასაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას ა.ა.-ის წარმომადგენელმა უარი თქვა შეგებებულ საკასაციო საჩივარზე, რომელიც სამართლებრივად წარმოადგენდა სსკ-ს 260-ე მუხლით გათვალისწინებულ განცხადებას აშკარა არითმეტიკული შეცდომის გასწორების შესახებ და შეიტანება გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმებისა და გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 8 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

1. მოწინააღმდეგე მხარე ა.ა.-ი “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნვეყოფის შესახებ” კანონის 41-ე მუხლის “დ” და “ზ” ქვეპუნქტების თანახმად ითხოვდა 1997წ. 4 ივნისიდან წელთა ნამსახურობის გამო დანიშნულ პენსიაზე 21 ლარის დანამატის დანიშვნას, რადგან მან შს სამინისტროს ორგანოებში იმსახურა 31 წელი და 6 თვე და არის სამაჩაბლოს საომარი მოქმედებების მონაწილე. ამასთან მოსარჩელე აღნიშნული დანამატის დარიცხვას ითხოვდა 1997 წლიდან და საპენსიო განაცდურის სახით სარჩელით მოითხოვა 58 თვის საპენსიო დანამატის, სულ 1218 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 23 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ა.ა.-ს 2002წ. 1 მაისიდან ყოველთვიურად დაენიშნა საპენსიო დანამატი 21 ლარის ოდენობით. გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტებით სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდს ა.ა.-ის სასარგებლოდ 2001წ. მარტიდან დაეკისრა მიუღებელი საპენსიო განაცდურის გადახდა 294 ლარის ოდენობით, ხოლო 1997 წლიდან მიუღებელი საპენსიო დანამატის 1218 ლარის დაკისრებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ა.ა.-ის მიერ ნაწილობრივ გასაჩივრდა. კერძოდ, გასაჩივრდა გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტები, დანარჩენ ნაწილში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, თანახმად სსკ-ს 264-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტისა. საკასაციო წესით გასაჩივრებული საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებაც სწორედ აღნიშნულ პუნქტებთან დაკავშირებით არის მიღებული, ამიტომ საკასაციო პალატა, სსკ-ს 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესუალურად უფლებამოსილია საკასაციო საჩივრის ფარგლებში შეამოწმოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება ანუ იმსჯელოს ა.ა.-ის მიერ მიუღებელი საპენსიო დანამატის 907 ლარის 1997წ. ივნისიდან ანაზღაურების მართლზომიერებაზე.

2. სააპელაციო პალატამ დავის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრების საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 50-ე მუხლის მხოლოდ პირველი წინადადებით და სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდს ა.ა.-ის სასარგებლოდ 1997წ. ივნისიდან 2002წ. ოქტომბრამდე ერთობლივად დააკისრა მიუღებელი საპენსიო დანამატის, სულ 907,70 ლარის გადახდა, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და ეთანხმება საკასაციო საჩივარს საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, ვინაიდან:

ა) მოსარჩელე ა.ა.-ი 1997წ. ივნისიდან წელთა ნამსახურობის გამო დანიშნულ პენსიაზე ითხოვდა საპენსიო დანამატის – საქართველოში დადგენილი ასაკის გამო მინიმალური პენსიის 100% – 14 ლარის დანიშვნას “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრების საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 41-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, სამაჩაბლოს საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის გამო. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ ა.ა.-ი 1991წ. 26 აპრილიდან 6 მაისამდე მონაწილეობას იღებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში სამაჩაბლოს ტერიტორიაზე, დადგენილია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 11 მაისის გადაწყვეტილებით. კანონის 41-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საპენსიო შეღავათზე ა.ა.-ის უფლება სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე იურიდიულად აღიარებული ან სათანადო (შინაგან საქმეთა ან თავდაცვის სამინისტროს) ორგანოებში დადგენილი წესით დაფიქსირებული არ ყოფილა. ამიტომ, ბუნებრივია, 41-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის საპენსიო შეღავათი ვერ იქნებოდა გათვალისწინებული 1997წ. ივნისში, ა.ა.-ისათვის წელთა ნამსახურობის პენსიის დანიშვნის დროს;

ბ) ა.ა.-ს “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრების საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-2 თავის შესაბამისად, 1997წ. 4 ივნისიდან დაენიშნა წელთა ნამსუხრობის პენსია 80 ლარისა და 13 თეთრის ოდენობით. კანონის 41-ე მუხლი ითვალისწინებს პენსიონერთა ზოგიერთი კატეგორიისათვის პენსიების მომატების ანუ კანონის შესაბამისად დანიშნული პენსიების გადიდების პირობებს და მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები, შსს ორგანოში 31 წელი ნამსახური და საქართველოს მთლიანობისათვის ბრძოლებში მონაწილეობაც ამავე მუხლის “დ” და “ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პენსიების მომატების პირობებია, მაგრამ კანონის 50-ე მუხლის მე-2 წინადადების მიხედვით: “თუ პენსიონერმა მიიღო პენსიის მომატების უფლება და დროულად არ მიმართა სათანადო ორგანოებს პენსიის მისაღებად, მაშინ მას ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის სხვაობა შეიძლება გადაუხადონ წარსული დროისათვის, მაგრამ არაუმეტეს 12 თვისა, რომელიც წინ უძღოდა პენსიის გადასაანგარიშებლად მიმართვის დღეს”.

საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება რომელიც დაადასტურებდა წელთა ნამსახურობის პენსიის დანიშვნის შემდეგ, ა.ა.-ის მიერ საპენსიო დანამატის მიღების შესახებ სათანადო ორგანოებისათვის მიმართვის ფაქტს. ა.ა.-მა აღნიშნული მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი აღძრა წელთა ნამსახურობის პენსიის დანიშვნიდან მე-5 წელს, 2002წ. 26 მარტს და მთელს განვლილ პერიოდზე, 58 თვეზე მოითხოვა მიუღებელი საპენსიო დანამატის ანაზღაურება, რაც არასწორად დაკმაყოფილდა სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო პალატა ეთანხმება საკასაცი საჩივარს და “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრების საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 50-ე მუხლის მე-2 წინადადების საფუძველზე მიაჩნია, რადგან ა.ა.-მ პენსიის მომატების შესახებ დროზე არ მიმართა სათანადო ორგანოებს, ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის სხვაობა შეიძლება აუნაზღაურდეს გასული დროისათვის, მაგრამ არაუმეტეს 12 თვისა. ა.ა.-მა პენსიის მომატების შესახებ სასამართლოში სარჩელი აღძრა 2002წ. 26 მარტს, ამიტომ მას შეიძლება აუნაზღაურდეს მიუღებელი საპენსიო დანამატი სარჩელის აღძვრამდე არაუმეტეს 12 თვისა ანუ 2001წ. მარტიდან, რაც სულ შეადგენს 294 ლარს. ამასთან საგულისხმოა, რომ 12 თვის ოდენობით პენსიებს შორის სხვაობის ანაზღაურება კანონით იმპერატიულად გათვალისწინებულ ვალდებულებას კი არ წარმოადგენს, არამედ ზემოაღნიშნული ნორმის მიხედვით, ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის სხვაობა შეიძლება (და არა სავალდებულოა) გადაუხადონ წარსული დროისათვის.

ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს საკასაციო საჩივარს, მიაჩნია, რომ იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რადგან სააპელაციო პალატამ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს არ მისცა სათანადო შეფასება და “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრების საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 50-ე მუხლის მცდარი განმარტებით გამოიტანა არასწორი გადაწყვეტილება, რაც სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების უდავო საფუძველია.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 386-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახდო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 8 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ა.ა.-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდს ა.ა.-ის სასარგებლოდ დაეკისროს 2001წ. მარტიდან მიუღებელი საპენსიო დანამატის _ 294 ლარის გადახდა;

5. ა.ა.-ს უარი ეთქვას 1997 წლიდან მიუღებელი საპენსიო დანამატის ანაზღაურებაზე;

6. შეგებებულ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, შეწყდეს ა.ა.-ის შეგებებულ საკასაციო საჩივარზე საკასაციო წარმოება;

7. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.