3გ/ად-495-კ-02 13 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: სამსახურიდან განთავისუფლების საფუძვლის შეცვლა.
აღწერილობითი ნაწილი:
მოსარჩელე გ. კ.-მ 2002წ. 10 მაისს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს უშიშროების სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს უშიშროების მინისტრის 1997წ. 16 იანვრის ¹15 პ/შ ბრძანების ბათილად ცნობა, პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების პირად საქმეში ჩაწერისათვის მორალური ზიანის _ 10000 ლარის _ ანაზღაურება. აღნიშნული ცნობების უარყოფა, საჯაროდ ბოდიშის მოხდა და მათი გასწორება. აგრეთვე, იარაღის საფასურის _ 360 აშშ დოლარის _ უკან დაბრუნება.
მოსარჩელე თავისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვდა შემდეგი საფუძვლებით:
1983-96 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურში. 1996 წლიდან თერჯოლის რაიგანყოფილების უფროსის ოპერატიულ თანამშრომლად. შემდგომში რაიგანყოფილების უფროს სხვა თანამდებობაზე გადაყვანასთან დაკაშვირებით დაევალა რაიგანყოფილების უფროსის მოვალეობის შესრულება. ოჯახური მდგომარეობის გამო ითხოვა კუთვნილი შვებულება, რაზედაც უარი მიიღო და ამის გამო შეექმნა გარკვეული სირთულეები სამინისტროს კადრების სამმართველოსთან, რომელმაც სამინისტროს ინსპექციის სამსახურთან ერთად ჩაატარა განყოფილების შემოწმება. 1996წ. სექტემბრის მეორე ნახევარში დაიბარეს სამინისტროში და ურჩიეს, რომ მისთვის უკეთესი იქნებოდა, წასულიყო სამსახურიდან. მან მოითხოვა შეხვედრა კადრების სამმართველოს უფროს ბატონ ე. პ.-თან, რაზედაც კატეგორიული უარი მიიღო. აღნიშნავს, რომ იმყოფებოდა რა მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაში, იძულებული გახდა დაეწერა პატაკი სამსახურიდან საკუთარი სურვილით წასვლის შესახებ. ერთი კვირის შემდეგ გადააბარა განყოფილება და 1996წ. სექტემბრის შემდეგ სამსაუხრში აღარ გასულა.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ შემოწმებისას წარუდგინა დოკუმენტი უშიშროების მხრიდან მასზე რიცხული იარაღის შესახებ და განმარტავდა, რომ 1992 წლიდან ერიცხებოდა «მაკაროვის» სისტემის ტაბელური იარაღი, რომელიც უკანვე ჰქონდა ჩაბარებული მისი გაუმართაობის გამო, სანაცვლო იარაღი კი მიღებული არ ჰქონდა. მიუხედავად აღნიშნული განცხადებისა, სამსახურიდან წასვლიდან 8 თვის შემდეგ დაიბარეს ზესტაფონის რაიგანყოფილებაში და უთხრეს, რომ მასზე რიცხული იარაღის სანაცვლოდ შეეტანა ფული ან აღიძრებოდა სისხლის სამართლის საქმე, ამის გამო უშიშროების სამინისტროს სალაროში შეიტანა 360 აშშ დოლარი.
2002წ. თებერვალში გადაწყვიტა სამხედრო სამსახურის გაგრძელება და მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარ სამმართველოს და დათანხმდა შემოთავაზებულ სამსახურზე. უშიშროების სამინისტროდან გამოთხოვილი პირადი ბარათის გაცნობის შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა, რომ 1996წ. სექტემბერში სამსახურიდან დათხოვნილი იყო არა პირადი პატაკის საფუძველზე, არამედ უშიშროების მინისტრის 1997წ. 16 იანვრის ¹15 პ/შ ბრძანებით, 42-ე მუხლის «ე» პუნქტით (ოფიცრის ღირსების შემლახველი საქციელისათვის), რაც ყოვლად მიუღებლად მიაჩნია, ვინადიან სსსსკ-ს 269-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, მოკვლევის შემთხვევაში უნდა მიეღო დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ. რადგან აღნიშნული დადგენილება ან სხვა რაიმე დოკუმენტი არ მიუღია, მოკლებული იყო შესაძლებლობას, გაესაჩივრებინა სასამართლოში ასევე აღნიშნავდა, რომ პირად ბარათში ჩანაწერი, თითქოს 1984-90 წლებში მსახურობდა ჩრდილოეთ-ოსეთის ავტონომიური ოლქის სუკ-ის ოპერ თანამშრომლად, უსაფუძვლოა და სინამდვილეს არ შეესაბამებოდა.
გ. კ.-ე მიუთითებდა, რომ 2002წ. 7 მარტს განცხადებით მიმართა უშიშროების მინისტრს, რათა წესრიგში მოეყვანათ მისი პირადი საქმე. მინისტრს განმეორებით მიმართა 20 მარტს.
2002წ. 15 და 16 აპრილს გამოიძახეს სამინისტროში და გააცნეს მოკვლევის მასალები; დასკვნა შედგენილი იყო 1996წ. 24 ოქტომბერს და მინისტრის მიერ დამტკიცებული _ 19 დეკემბერს.
მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ დაირღვა მისი კანონიერი უფლებები, მიადგა მორალური ზიანი, რის გამოც ითხოვდა სარჩელის დაკმაყოფილებას.
მოპასუხე საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრომ სარჩელი არ ცნო.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 ივლისის განჩინებით გ. კ.-ის სარჩელი განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა თავისი მოთხოვნა პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების პირად საქმეში უკანონოდ ჩაწერისათვის მოპასუხისათვის მორალური ზიანის _ 100000 ლარის _ დაკისრების თაობაზებ აღნიშნული ცნობების უარყოფისა და საჯაროდ ბოდიშის მოხდის და მის მიერ გადახდილი ტაბელური იარაღის საფასურის _ 360 აშშ დოლარის _ უკან დაბრუნების ნაწილში და საბოლოოდ მოითხოვა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის 1997წ. 16 იანვრის ბრძანებაში ¹15 პშ სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლის შესწორება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. კ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლო კოლეგიამ საქმეზე წარმოდგენილი მასალების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია რომ გ. კ.-ემ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს თერჯოლის რაიონულ განყოფილებაში მუშაობისას გაამჟღავნა სამსახურებრივი საიდუმლო, რაც გამოიხატა საიდმულო დოკუმენტების რაიგანყოფილებიდან თვითნებურად გატანასა და მისი შინაარსის გავრცელებაში, აგრეთვე _ გ. კ.-ის არაკოლეგიურმა დამოკიდებულებამ თანამშრომლების მიმართ. თანამდებობისაკენ არაჯანსაღმა ლტოლვამ გამოიწვია რაიონის ხელმძღვანელობისა და მოსახლეობის წინაშე მისი და მთელი კოლექტივის დისკრედიტაცია, რაც მოკვლევის მასალებში დადასტურებული იყო მ. კ.-ის ახსნა-განმარტებითაც.
საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. კ.-ემ. კასატორი ითხოვს სასამართლოს 2002წ. 5 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას და აღნიშნავს, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 99-ე მუხლი მე-4 ნაწილის შესაბამისად «მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება მისთვის შესაბამისი დოკუმენტის გაცნობის დღიდან» და მიუთითებს, რომ მას უშიშროების მინისტრის 1997წ. 16 იანვრის ¹15 პ/შ ბრძანება და ბრძანების საფუძველი, მართვისა და კონტროლის დეპარატმენტის პირადი შემადგენლობის ინსპექციის მოკვლევის შედეგად მინისტრის მიერ დაამტკიცებული დასკვნა მას არ გასცნობია.
2. საქართველოს უშიშროების სამინისტროს 2002წ. 24 აპრილის ¹14/9-613 წერილში აღნიშნულია, რომ გ. კ.-მ გაამჟღავნა სამსახურებრივი საიდუმლოება და მიაჩნია, რომ მოქმედი კანონმდებლობა, კერძოდ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონი არ იცნობს ტერმინს _ «სამსახურებრივი საიდუმლოება» და მიუთითა, რომ ეს ტერმინი ისე გამოიყენა სასამართლომ არ განმარტა რა იგულისხმებოდა ამ ტერმინში.
3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17-19 თანახმად სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას უნდა იხელმძღვანელოს საქმეზე შეგროვილი ფაქტობრივი გარემოებებითა და მტკიცებულებებით. საქმის მასალებში მითითებულია მინისტრის პირველი მოადგილის სახელზე შედგენილ ¹110 დოკუმენტებზე, რომელი საქმის მასალებში არ მოიპოვება და რომელსაც მტკიცებულების ტვირთი ვერ დაეკისრება.
4. სსკ-ს 200-203-ე მუხლების თანახმად სასამართლომ მოსარჩელეს უნდა გადაუგზავნოს მოპასუხის წერილობითი პასუხი და მასზე დართული საბუთების ასლები. სასამართლომ დაარღვია აღნიშნული მუხლების მოთხოვნები და არ გააცნო მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მასალები, რის გამოც მას არ მიეცა უფლება, ემსჯელა მოპასუხის მიერ წარდგენილ მასალებზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერების დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. კ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის მოტივით, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 5 ნოემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მითითებას «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 99-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რადგან თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. კ.-ეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა მისი მოთხოვნის უსაფუძვლობის გამო და არა _ ხანდაზმულობის მოტივით.
ასევე, უსაფუძვლოა კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ საოლქო სასამართლოს კოლეგიამ არ განმარტა, თუ რა იგულისხმება «სამსაუხრებრივი საიდუმლოში», ვინადიან გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ «გ. კ.-მ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს თერჯოლის რაიონულ განყოფილებაში მუშაობისას გაამჟღავნა სამსახურებრივი საიდუმლო, რაც გამოიხატა საიდუმლო დოკუმენტების რაიგანყოფილებიდან თვითნებურად გატანასა და მისი შინაარსის გავრცელებაში,» ანუ სასამართლო კოლეგიამ გადაწყვეტილებაში განმარტა, თუ რა იგულისხმა «სამსახურებრივ საიდუმლოში».
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დაურღვევია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17-19 მუხლები, ვინადიან გადაწყვეტილება დაფუძნებულია საქმეში არსებულ მტკიცებულებებსა და გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული არ არის მინისტრის პირველი მოადგილის სახელზე შედგენილ ¹110 დოკუმენტზე, რაც გამორიცხავს აღნიშნული დოკუმენტის მტკიცებულებად მიჩნევის შესაძლებლობას.
საქმეში არსებული მასალებით დადასტურებულია, რომ სსკ-ს 202-ე მუხლის შესაბამისად მოსარჩელეს გადაეგზავნა მოპასუხის შესაგებელი. რაც შეეხება სასამართლოს მოთხოვნით გამოთხოვილ მოკვლევის მასალებს, რომლებიც მოპასუხემ წარადგინა, სასამართლოს სხდომაზე გამოქვეყნდა და დაერთო საქმეს. წარდგენილი დოკუმენტების მტკიცებულებიდან ამორიცხვის ან სასამართლო სხდომის სხვა დროისათვის გადადების თაობაზე კასატორს განცხადება არ გაუკეთებია და განმარტა, რომ აღნიშნული დოკუმენტები მისთვის ცნობილი გახდა 2002წ. აპრილში, რაც გამორიცხავს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ წარდგენილი დოკუმენტების გაცნობის და მათ შესახებ თავისი მოსაზრების გამოთქმის შესაძლებლობა არ ჰქონდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პრველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. კ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართილსა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 5 ნოემბრის გადაწყვეტილება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.