გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-496-კ-02 7 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე,),
ნ. ქადაგიძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: მორალური და მატერიალური ზიანის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 7 სექტემბერს დ. ნ-ემ ქ. ქუთაისის სააღსრულებო ბიუროს წინააღმდეგ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ სს «ქ-ის" წინააღმდეგ კანონიერ ძალაშია შესული რამდენიმე გადაწყვეტილება, რომელთა იძულებით აღსრულება ევალება სააღსრულებო ბიუროს. სარჩელით მიმართვის დროისათვის აღუსრულებელია 2410 ლარი. მიუხედავად მოსარჩელის მხრიდან არაერთი მიმართვისა, აღმასრულებლები არ ასრულებენ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რის გამოც მოსარჩელე განიცდის როგორც მატერიალურ, ისე მორალურ ზიანს.
მორალური ზიანი ძირითადად გამოიხატებოდა იმაში, რომ თანხის გადაუხდელობის გამო ინსტიტუტიდან გარიცხული იქნა მისი შვილი.
მოპასუხემ, იმერეთის სააღსრულებო ბიურომ, სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობის მოტივით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 30 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სარჩელზე უარის თქმის საფუძვლად სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის ბრალი სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობაში არ დასტურდებოდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებული იქნა დ. ნ-ის მიერ. სააპელაციო სასამართლოში აპელანტის წარმომადგენელმა ნ. ს-ემ მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სარჩელის დაკმაყოფილება. ქუთაისის სააღსრულებო ბიუროსათვის მორალური და მატერიალური ზიანის დაკისრება 11200 ლარის ოდენობით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა დ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი და თავისი 2002წ. 3 მაისის განჩინებით უცვლელად დატოვა მოცემულ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
2002წ. 17 ივლისს დ. ნ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. კასატორი მიიჩნევდა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მის მოთხოვნას დაუსაბუთებლად ეთქვა უარი და ითხოვდა მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების საფუძველზე მისი სარჩელის დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია რა, რომ საქმე განხილული უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციული სამართალწარმოებისათვის დადგენილი წესების დაცვით, 2002წ. 15 ივლისის განჩინებით გააუქმა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 3 მაისის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.
დ. ნ-ის წარმომადგენელმა ნ. ს-ემ საბოლოოდ სააპელაციო სასამართლოში მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება. ქუთაისის სააღსრულებო ბიუროსათვის მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება 10000 ლარის ოდენობით, საიდანაც მორალური ზიანი შეადგენდა 8800 ლარს, რაც გამოწვეული იყო თანხის გადაუხდელობის გამო მისი მარწმუნებლის შვილის თანხის გადაუხდელობის გამო უნივერსიტეტიდან გარიცხვით, ხოლო 1200 ლარი კი წარმოადგენდა გადაწყვეტილების აღუსრულებლობით გამოწვეულ მატერიალურ ზიანს.
ქუთასის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 4 ნოემბრის განჩინებით დ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. კვლავ უცვლელად იქნა დატოვებული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 30 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას ძირითადად დაეყრდნო შემდეგ გარემოებას:
ყველა სასამართლო გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიღებულია დ. ნ-ის სასარგებლოდ, გამოწერილია სააღსრულებო ფურცელი, ყველა სააღსრულებო ფურცელთან დაკავშირებით სააღსრულებო ბიუროს მხრიდან მიმდინარეობდა სააღსრულებო წარმოება.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ დ. ნ-ეს სს «ქ-იდან" მიღებული აქვს 12186 ლარი, მათ შორის 1998 წელს 555 ლარი, 1999 წელს 768 ლარი, 2000 წელს _ 1295 ლარი, 2001 წელს 5971 ლარი, 2002 წელს 3600 ლარი. სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული თანხა აპელანტს მიღებული არ ჰქონდა სრულად, მაგრამ აქვე მიუთითა, რომ სააღსრულებო ბიურო ყველაფერს აკეთებდა თანხის ამოღებისათვის, კერძოდ, მათ მიერ რამდენჯერმე იქნა გამოცხადებული აუქციონი «ქ-ის" ქონებაზე, მაგრამ, ქონება არ გაიყიდა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააღსრულებო ბიუროს მხრიდან ადგილი არ ჰქონდა სამსახურებრივი მოვალეობის განზრახ ან უხეშ გაუფრთხილებლობას, რის გამოც მის მიმართ გამოყენებული ვერ იქნებოდა სკ-ს 1005-ე მუხლით დადგენილი ნორმები.
ყოველივე ზემოაღნიშნული სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა სააპელაციო საჩივარსა და შესაბამისად, სარჩელზე უარის თქმის საფუძვლად.
არ დაეთანხმა რა ზემოაღნიშნულ განჩინებას დ. ნ-ის მიერ შეტანილ იქნა საკასაციო საჩივარი, რომლითაც ამ უკანასკნელმა მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება, რითაც სრულად იქნებოდა დაკმაყოფილებული მისი სარჩელი. ამასთან, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში დაყენებულ იქნა მოთხოვნა სააღსრულებო ბიუროსათვის დამატებით 1200 ლარის დაკისრების თაობაზე, რაც საკასაციო სასამართლოს განმარტების საფუძველზე მისი წარმომადგენლის მიერ მოხსნილი იქნა. კასატორი თავის საკასაციო საჩივარს ფაქტობრივად აფუძნებდა იმავე გარემოებებს, რასაც სააპელაციო საჩივარს.
მოწინააღმდეგე მხარემ იმერეთის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელმა საკასაციო საჩივარი არ ცნო იმ მოტივით, რომ სააღსრულებო ბიუროს ყველა მოქმედება მიმართული იყო გადაწყვეტილების აღსასრულებლად და სწორედ მათი აქტიური მოქმედების შედეგად მხარემ შეძლო 12187 ლარის მიღება, მაშინ, როდესაც «ქ-ის" სხვა კრედიტორებს დღემდე მისაღები აქვთ მათი კუთვნილი თანხები.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის წარმომადგენელი სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა, რის გამოც, საქმე, საკასაციო სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის შესაბამისად, განხილულ იქნა მათი დასწრების გარეშე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოუსმინა მხარეთა ახსნა-განმარტებებს და გააანალიზა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს შემდეგ გარემოებას:
დ. ნ-ემ «ქ-ის" მაღაროთა სამმართველოს მძღოლის ბრალეული ქმედებით მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება, რის გამოც გახდა I ჯგუფის ინვალიდი.
ქუთაისის სასამართლოს 1991წ. 18 ივნისის გადაწყვეტილებით «ქ-ის" საწარმოს დ. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად 56,40 ლარის გადახდა.
1992წ. 1 აპრილს სასამართლოს გადაწყვეტილებით დ. ნ-ისათვის თანხის გადახდა საწარმოს ნაცვლად დაეკისრა ბრალდებულ პირს რ. ბ-ეს. მითითებული გადაწყვეტილება ძალაში იყო 1997წ. 26 ივნისამდე, ვიდრე აღნიშნული, ზედამხედველობის წესით, გადასინჯული არ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ და არ გაუქმდა.
1998წ. 5 ნოემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილებით თანხის გადახდა დაეკისრა კვლავ სს «ქ-ს".
საქმეში (ტომი I) წარმოდგენილია სააღსრულებო ფურცლები. ამავე საქმეში წარმოდგენილია სხვადასხვა სახის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს, რომ სააღსრულებო წარმოება ზემოაღნიშნულ სააღსრულებო ფურცლებთან მიმართებაში გამუდმებით მიმდინარეობდა. აღნიშნულს ადასტურებს თავად კასატორის წარმომადგენლი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 25 დეკემბრის სხდომის ოქმში, სადაც ეს უკანასკნელი უთითებს, რომ ის არ უარყოფს სააღსრულებო ბიუროს მხრიდან დახმარებას; ბიუროს წამორმადგენელები მასთან ერთად დადიოდნენ «ქ-ში", მათიY მეშვეობით მოწვეული იქნა კრება, რის შედეგადაც ის ნაწილ-ნაწილ ღებულობდა თანხებს.
კასატორის წარმომადგენლის მიერ საკასაციო სასამართლოში ასევე დადასტურებული იქნა ის გარემოება, რომ მას შესთავაზეს ქონების ნატურით გატანა, რაზედაც განაცხადა უარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქუთაისის საოლქო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ იმერეთის სააღსრულებო ბიუროს მხრიდან გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე ადგილი არ ჰქონდა მართლსაწინააღმდეგო, განზრახ ან გაუფრთხილებელ მოქმედებას, რაც სკ-ს 992-ე მუხლის საფუძველზე, შესაძლოა, ქცეულიყო ზიანის ანაზღაურების საფუძვლად.
შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების მიზნით გამოყენებული ვერ იქნებოდა ამავე კოდექსის 1005-ე მუხლის I ნაწილი, რომლის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდაგრი ზიანი. ამასთან, ვინაიდან გადაწყვეტილების სრულად აღუსრულებლობაში იმერეთის სააღსრულებო ბიუროს თანამშრომელთა მხრიდან განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობა არ დასტურდება, შეუძლებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ან ისეთის დადგენა დ. ნ-ის შვილის უნივერსიტეტიდან გარიცხვის ფაქტსა და სააღსრულებო ბიუროს ქმედებას შორის, რაც საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ დ. ნ-ეს სააპელაციო საჩივრის და, შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე სწორედ ეთქვა უარი, რის გამოც არ არსებეობს მისი საკასაციო სააჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად იქნეს დატოვებული ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 4 ნოემბრის განჩინება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.