Facebook Twitter

3გ-ად-497-კ-02 24 იანვარი, 2002 წ., ქ. .თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

გ. ქაჯაია,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: ადმინისტრაციული გარიგების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 21 მარტს გ. ნიორაძემ სარჩელით მიმართა ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა კვების პროდუქტების წარმოების ლიცენზირების სამუშაოთა ორგანიზაციის სამსახურის 2001წ. 16 თებერვლის ¹4 ბრძანების გაუქმება, თანამდებობაზე აღდგენა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება. სარჩელში გ.ნიორაძე აღნიშნავს, რომ 40 წელია მუშაობს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სისტემაში, აქედან 6 წელი კვების პროდუქტების წარმოების ლიცენზირების სამუშაოთა ორგანიზაციის სამსახურში 1998წ. 16 მარტიდან იყო ამ სამსახურის კოორდინაციის, ანალიზისა და შეფასების სექტორის ხელმძღვანელი. შრომითი საქმიანობის მთელ პერიოდში არ მიუღია არავითარი სახის დისციპლინარული სასჯელი. 2001წ. 16 თებერვალს ¹4 ბრძანებით შტატების შემცირების გამო განთავისუფლებული იქნა თანამდებობიდან. აღნიშნული ბრძანება არ შეესაბამება საქართველოს კანონს «საჯარო სამსახურის შესახებ», კერძოდ, 97-ე მუხლის შესაბამისად, მისთვის სხვა თანამდებობა არ შეუთავაზებიათ. ბრძანებით მას ათავისუფლებენ არა როგორც სექტორის უფროსს, არამედ როგორც სამსახურის მთავარ სპეციალისტს. ასევე დარღვეულია შრომის კანონმდებლობის განსაზღვრული წესი და გაურკვეველია, თუ რა კრიტერიუმით მოხდა შესამცირებელი თანამშრომლების შერჩევა.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 1 აპრილის გადაწყვეტილებით გ.ნიორაძეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე გ.ნიორაძის მოსაზრება, რომ იგი 1998წ. 6 მარტიდან იყო კვების პროდუქტების წარმოების ლიცენზირების სამუშაოთა ორგანიზაციის სამსახურის კოორდინაციის, ანალიზისა და შეფასების სექტორის ხელმძღვანელი, რადგან საქმეში წარმოდგენილი 1998წ. 6 მარტის ბრძანებით იგი დანიშნული იქნა მთავარ სპეციალისტად. რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შტატების შემცირება განხორციელდა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 2001წ. 5 იანვრის ¹2-2 ბრძანებით, სამინისტროს 2001წ. 5 იანვრის ¹2-1/16 წერილის და მათი შესრულებისათვის გამოცემული კვების პრობუქტების წარმოების ლიცენზირების სამუშაოთა ორგანიზაციის სამსახურის 2001წ. 12 იანვრის ¹01 ბრძანების საფუძველზე 2001წ. 17 იანვარს მიღებული იქნა დადგენილება მთავარ სპეციალისტ გ.ნიორაძეზე შემცირების გავრცელების შესახებ და გაფრთხილების ფურცელი შრომითი ურთიერთობის მოსალოდნელი შეწყვეტის შესახებ მას გასაცნობად და ჩასაბარებლად გადაეცა 2001წ. 17 იანვარს, რომელიც მან არ ჩაიბარა. 2001წ. 16 თებერვლის ¹04 ბრძანებით გ.ნიორაძე განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს კანონის «საჯარო სამსახურის შესახებ» 97-ე მუხლის თანახმად. ვინაიდან საშტატო განრიგით სხვა რაიმე თანამდებობა არ იყო გათვალისწინებული, სხვა თანამდებობა მოსარჩელისათვის შეთავაზებული არ ყოფილა. მას მიეცა წინადადება რეზერვში ჩარიცხვის შესახებ, რაზედაც მან უარი განაცხადა. რაიონულმა სასამართლომ ასევე ჩათვალა, რომ გ.ნიორაძეს გაშვებული ჰქონდა საქართველოს კანონის «საჯარო სამსახურის შესახებ» 127-ე მუხლით განსაზღვრული სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვის ერთთვიანი ვადა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება აპელაციის წესით გაასაჩივრა გივი ნიორაძემ, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

აპელანტი აღნიშნავს, რომ მას არ გაუშვია სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, რადგან ბრძანება მისი გათავისუფლების შესახებ მას გააცნეს 2001წ. 20 თებერვალს. სკ-ს 122-ე მუხლის თანახმად, ერთთვიანი ვადის დენა დაიწყო 21 თებერვლიდან და დამთავრდა 21 მარტს, როდესაც მან სარჩელი შეიტანა სასამართლოში. ამავე დროს იგი არ ეთანხმება სასამართლოს მოსაზრებას, რომ მას არ ეკავა სექტორის უფროსის თანამდებობა. ვინაიდან სექტორი, როგორც სამსახურის სტრუქტურული ერთეული განსაზღვრული იყო სამსახურის დებულებით და ეს დებულება რეგისტრირებული იყო იუსტიციის სამინისტროში ნორმატიული აქტების რეესტრში, ამდენად არსებობდა სექტორის უფროსსის თანამდებობაც.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 სექტემბრის განჩინებით გ.ნიორაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად იქნა დატოვებული ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 1-ლი აპრილის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს კანონის «საჯარო სამსახურის შესახებ» 97-ე მუხლი და გაიზიარა რაიონული სასამართლოს დასკვნა აპელანტის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, რადგან საქმეში წარმოდგენილი კვების პროდუქტების წარმოების ლიცენზირების სამუშაოთა ორგანიზაციის სამსახურის 1998წ. 6 მარტის ¹3-ე ბრძანებით გ.ნიორაძე დანიშნული იყო სწორედ სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. სააპელაციო სასამართლომ ასევე სწორად მიიჩნია, რომ გ.ნიორაძის სამსახურიდან გათავისუფლებისას არ დარღვეულა ზემოთ მითითებული კანონის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები და გ.ნიორაძეს კანონის შესაბამისად გაფრთხილების ფურცელი შრომითი ურთიერთობების მოსალოდნელი შეწყვეტის თაობაზე გადაეცა გასაცნობად და ჩასაბარებლად 2002წ. 17 იანვარს. ამავე დროს სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მის მიერ დაცული იყო სასარჩელო ხანდაზმულობის ერთთვიანი ვადა.

სააპელაციო პალატის 2002წ. 25 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრებული იქნა გ. ნიორაძის მიერ. კასატორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლებისას დარღვეული იქნა საქართველოს კანონის «საჯარო სამსახურის შესახებ» 108-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმადაც «მოხელეს ერთი თვით ადრე უნდა ეცნობოს ... სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ». მისთვის შტატების მოსალოდნელი შემცირების შესახებ ცნობილი გახდა მხოლოდ 5 თებერვალს, რასაც ადასტურებს მისი ხელმოწერა 2001წ. 01 იანვრის ¹02 ბრძანებაზე. საქმეში წარმოდგენილი აქტი, რომლითაც თითქოსდა მას აცნობეს შტატების მოსალოდნელი შემცირების შესახებ, არასწორეა, თანამშრომლებმა ადმინისტრაციის ზეწოლით მოაწერეს სიყალბეზე ხელი. იგი 17 იანვარს არავის გაუფრთხილებია. ასევე ყალბია 2001წ. 17 იანვარს შემდგარი კრების ოქმი ¹1, რომელსაც თითქოსდა ისიც ესწრებოდა. აღნიშნული ფაქტი არ იქნა გათვალისწინებული და სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა 108-ე მუხლი მის საწინააღმდეგოდ.

აპელანტი ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო არასწორად უთითებს თითქოსდა იგი იყო მთავარი სპეციალისტი და შემცირებაც ამ შტატს შეეხო, იგი ყველგან ფიქსირებული იყო როგორც მთავარი სპეციალისტი სექტორის ხელმძღვანელი და მთავარი სპეციალისტი სხვადასხვა თანამდებობებია და ბრძანებაში მისი დანიშვნის შესახებ არ ყოფილა დაზუსტებული, თუ რომელი თანამდებობა ეკავა და არც თანამდებობრივი სარგო არ ყოფილა ფიქსირებული. აღნიშნულით დარღვეული იქნა საქართველოს კანონის «საჯარო სამსახურის შესახებ» 26-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტი. ასევე ადმინისტრაციას დღემდე არ აქვს გასწორებული საბოლოო ანგარიში და არ მიუღია შესაბამისი თანხა – 471 ლარი.

მოწინააღმდეგე მხარის, კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებმა მ.კ.-მ და ტ.ც-ემ საკასაციო საჩივარი არ სცნეს, მოითხოვეს უსაფუძვლობის მოტივით საკასაციო საჩივარზე უარის თქმა და გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 სექტემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით (საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 2001წ. 5 იანვრის ¹2-2 ბრძანება. კვების პროდუქტების წარმოების ლიცენზირების სამუშაოთა ორგანიზაციის სამსახურის 2001წ. 12 იანვრის ¹02 ბრძანება; საქართველოს სოფლის მეურნებისა და სურსათის მინისტრის პირველი მოადგილის ნ.მ.-ის 2001წ. 5 იანვრის ¹2-1/16 წერილი; კვების პროდუქტების წარმოების ლიცენზირების სამუშაოთა ორგანიზაციის სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათი სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო და საკასაციო პალატა იზიარებს, რომ შტატების შემცირება კვების პროდუქტების წარმოების ლიცენზირების სამუშაოთა ოროანიზაციის სამსახურში 2001წ. იანვარ-თებერვალში ნამდვილად განხორციელდა. კასატორს აღნიშნულის უარსაყოფად საჩივარში არ აქვს მითითებული რაიმე სამართლებრივი საფუძველი და ამდენად მის მითითებას, რომ ლიცენზირების სამსახურში არ მომხდარა შტატების შემცირება, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს.

2. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მას ეკავა კოორდინაციის ანალიზისა და შეფასების სექტორის ხელმძღვანელის თანამდებობა, სამსახურიდან კი გაათავისუფლეს როგორც მთავარი სპეციალისტი. საქმეში წარმოდგენილია კვების პროდუქტების წარმოების ლიცენზირების სამუშაოთა ორგანიზაციის სამსახურის 1998წ. 6 მარტის¹3 ბრძანება, რომლის მიხედვითაც გ. ნიორაძე დაინიშნა მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე და 2001წ. 16 თებერვლის ¹04 ბრძანებითაც სწორედ ამ თანამდებობიდან იქნა განთავისუფლებული.

3. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასასამართლოს და მიიჩნევს, რომ გ. ნიორაძის განთავისუფლებისას არ ყოფილა დარღვეული საქართველოს კანონის «საჯარო სამსახურის შესახებ» 108-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც მოხელეს ერთი თვით ადრე უნდა ეცნობოს დაწესებულების ლიკვიდაციის, თანამდებობის შემცირების, ატესტაციის არადამაკმაყოფილებელ შედეგების ან ასაკის გამო სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ». საქმეში წარმოდგენილი გაფრთხილების ფურცლით და აქტით დადგენილია, რომ 2001წ. 17 იანვარს კასატორს გადაეცა გასაცნობად და ჩასაბარებლად გაფრთხილების ფურცელი, რომელზედაც მან ხელი არ მოაწერა და არ ჩაიბარა. კასატორის მიერ მისი არგუმენტის დასასაბუთებლად, რომ 2001წ. 17 იანვარს იგი არ გასცნობია გაფრთხილების ფურცელს და შტატების შემცირების თაობაზე მისთვის მხოლოდ 5 თებერვალს გახდა ცნობილი, არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გ. ნიორაძეს მოწინააღმდეგე მხარის მიერ არაერთხელ მიეცა რეკომენდაცია და წინადადება განცხადების საფუძველზე რეზერვში ჩარიცხვის თაობაზე, რაზედაც მან უარი განაცხადა. ამავე დროს, როგორც საკასაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენის დროს გაირკვა, მომხდარია კვების პროდუქტების წარმოების ლიცენზირების სამუშაოთა ორგანიზაციის სამსახურის რეორგანიზაცია, ასეთი სამსახური აღარ არსებობს და შექმნილია სხვა ფუნქციისა და დატვირთვის მქონე ახალი სტრუქტურა-კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახური.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 390-ე, 399-ე, 404-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ნიორაძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 სექტემბრის განჩინება.

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.