3გ-ად-498-კ-02 16 აპრილი, 2003 წ., ქ. .თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 8 აგვისტოს გ. ი-მა სარჩელი აღძრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის სასამართლოში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ თანხის გადახდის დაკისრების მოთხოვნით. მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა, რომ არის სამხედრო ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი. 1996-2000 წლებში 2-2 წლიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში. 1996-1998 წლებში დანიშნული იყო საინფორმაციო-ანალიტიკური ჯგუფის უფროსად, ხოლო 1998-2000 წლებში – სამეცნიერო ცენტრის უფროს ...... . 2000წ. 29 აპრილს ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო იგი დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან, რა დროისთვისაც მიუღებელი ჰქონდა 9 თვის ხელფასი, კვარტალური დანამატებით (ჯილდო) სულ 811,45 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მოსაზრებით მოპასუხის მიერ მისთვის დანიშნული ანაზღაურება არ შეესაბამებოდა მის განათლებას და მის მიერ შესრულებულ ინტელექტუალურ სამუშაოს, რის გამოც ხელფასის დავალიანებასთან ერთად დამატებით, კომპენსაციის სახით, მოპასუხისათვის 1000 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.
მოსარჩელემ სარჩელში ასევე აღნიშნა, რომ 2000წ. 29 აგვისტოს ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ სამინისტროს მაღალი რანგის თანამდებობის პირების დაპირების საფუძველზე შრომითი ხელშეკრულების ვადა გაუგრძელდა 2000წ. 1 მარტამდე. იგი აგრძელებდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას, ბოლოს კი უარი უთხრეს ვადის გაგრძელებაზე და დაატოვებინეს სამსახური. ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა ამ პერიოდის სამუშაო საათებში ჩათვლა და შესაბამისი ფულადი ანაზღაურების გადახდა.
მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა, რომ 1998 წელს მისი სამეცნიერო ნაშრომი (სამხედრო თემატიკაზე) წარდგენილ იქნა სახელმწიფო პრემიაზე. მისმა ნაშრომმა ვერ გაიმარჯვა და პრემია არ მიუღია. მომდევნო წლებში ის აყენებდა საკითხს ნაშრომის განმეორებით სახელმწიფო პრემიაზე წარდგენის შესახებ, მაგრამ თავდაცვის გენერალური შტაბის უფროსის ერთპიროვნული უკანონო გადაწყვეტილებით წარდგენაზე უარი ეთქვა. მოსარჩელის მითითებით მოპასუხე ვალდებული იყო კიდევ ორჯერ წარედგინა ნაშრომი კონკურსზე სახელმწიფო პრემიის მოსაპოვებლად. მოპასუხის უკანონო მოქმედებით მან მატერიალური ზიანი განიცადა და სახელმწიფო პრემიის ოდენობის თანხის – 4000 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა თავდაცვის სამინისტროსათვის.
მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა სარჩელი მხოლოდ სახელფასო დავალიანების ნაწილში ცნო, ხოლო დანარჩენ ნაწილში მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნია.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით გ. ი-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს სახელფასო დავალიანების 811,45 ლარის გადახდა დაეკისრა დანარჩენ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.
გ. ი-ი არ დაეთანხმა მიღებულ გადაწყვეტილებას და სააპელაციო საჩივრით მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 17 ოქტომბრის განჩინებით გ. ი-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 14 თებერვლის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
შკკ-ს 75-ე მუხლის 1.3 ნაწილების მიხედვით მუშაობისათვის შრომის ანაზღაურება ხდება შრომის ოდენობისა და ხარისხის მიხედვით შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით) დადგენილი წესითა და პირობებით. აპელანტის მიერ წარმოდგენილი, მასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ნიმუშის მე-3 თავის მიხედვით გაწეული საქმიანობისათვის გასამრჯელო დგინდება ხელშეკრულების დადების დღიდან თანამდებობრივი განაკვეთის შესაბამისად და დამატებით შესაძლებელია მიეცეს პრემია დადგენილი წესით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ შრომითი ხელშეკრულბის საფუძველზე მუშაობის პერიოდში აპელანტს გასამრჯელოდ ენიშნებოდა, ხელფასის სახით 83 ლარი და ყოველკვარტალური პრემია 35 ლარის ოდენობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან აპელანტი სადავოდ არ ხდის მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულების პირობებს, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მის მიერ გაწეული მაღალი ინტელექტუალური სამუშაოს კომპენსაციის მიზნით მოპასუხისათვის დამატებით 1000 ლარის გადახდის დაკისრება.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სადავო არ არის, რომ 2000წ. 29 აგვისტოს სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ აპელანტთან ახალი შრომითი ხელშეკრულება არ გაფორმებულა. შკკ-ს 75-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მუშაკისათვის შრომის ანაზღაურება ხდება მხოლოდ შრომითი ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და პირობებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაც. 2000წ. 29 აგვისტოდან 2001წ. 1 მარტამდე პერიოდის ნამსახურობად ჩათვლისა და შესაბამისი ფულადი ანაზღაურების მიღებაზე.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა გ. ი-ის მოსაზრება, რომ მითითებულ პერიოდში აპელანტი ჩვეულებრივად განაგრძობდა შრომით საქმიანობას. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და სსკ-ს 102-ე მუხლების შესაბამისად მხარემ უნდა დაასაბუთოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულება, რაც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში აპელანტმა ვერ შეძლო.
სააპელაციო სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მოთხოვნა 2001წ. 1 მარტიდან სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლისა და სათანადო ანაზღაურების გადახდის დაკისრების თაობაზე, რადგან აპელანტმა არ მიუთითა თავისი მოთხოვნის არც იურიდიულ და არც ფაქტობრივ საფუძველზე. ამასთან, მოთხოვნა ამ ნაწილში ხანდაზმულია, რადგან მან ახალი შრომითი ხელშეკრულების დადებაზე უარი მიიღო 2001წ. 14 თებერვალს, სასამართლოს კი, სარჩელით მიმართა მხოლოდ 2001წ. 8 აგვისტოს. შკკ-ს 203-ე, 204-ე მუხლების შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე სასამართლოსათვის მიმართვის ვადაა ერთი თვე. ამდენად, აპელანტის მიერ გაშვებულ იქნა სასამართლოსათვის მიმართვის ვადა და მისი მოთხოვნა ამ ნაწილში ხანდაზმულია.
აპელანტის მოთხოვნას, მოპასუხისათვის სახელმწიფო პრემიის ოდეობის თანხის _ 4000 ლარის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე, ასევე უარი ეთქვა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტის მეცნიერული ნაშრომი სახელმწიფო პრემიის მაძიებელთა კონკურსზე წარდგენილ იქნა 1998 წელს და ვერ გაიმარჯვა. 2001წ. იანვარში აპელანტმა კვლავ მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პასუხისმგებელ პირებს მისი ნაშრომის 2002წ. სახელმწიფო პრემიის მაძიებელთა კონკურსზე განმეორებით წარდგენის მოთხოვნით, რაზეც უარი მიიღო.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ თავადაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსის უარი, მისი ნაშრომის სახელმწიფო პრემიის მაძიებელთა კონკურსზე ხელმეორედ წარდგენის თაობაზე მოპასუხისათვის სახელმწიფო პრემიის თანხის დაკისრების საკმარის საფუძველს წარმოადგენდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება გ. ი-მა იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 17 ოქტომბრის განჩინების გაუქმება მოითხოვა.
კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ გ. ი-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 17 ოქტომბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი.
სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების მოთხოვნათა დაცვით დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
გ. ი-ი, თავდაცვის მინისტრის 1996წ. 8 ივლისის ¹453 ბრძანებით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, ორიწ. ვადით დაინიშნა თავდაცვის სამინისტროს მთავარი შტაბის კავშირგაბმულობის კვანძის საინფორმაციო ანალიტიკური ჯგუფის უფროსად. 1998წ. ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო მასთან დადებული იქნა ახალი ორწლიანი ხელშეკრულება და დაინიშნა თავდაცვის სამინისტროს მთავარი შტაბის რეფორმების დაგეგმარებისა და კვლევითი ცენტრის სექტორის უფროს ..... . გასამრჯელოს ღებულობდა თანამდებობრივი განაკვეთის მიხედვით. 2000წ. 29 აგვისტოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით იგი დაკავებული თანამდებობიდან ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო გათავისუფლდა.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა შკკ-ს 75-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის შესაბამისადაც, მუშაკისათვის შრომის ანაზღაურება ხდება მხოლოდ შრომის ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და პირობებით. მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ 2000წ. 29 აგვისტოს სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ კასატორთან ახალი შრომითი ხელშეკრულება არ დადებულა, რაც უსაფუძვლოს ხდის კასატორის მოთხოვნას 2000წ. 29 აგვისტოდან 2001წ. 1 მარტამდე პერიოდის ნამსახურობად ჩათვლისა და შესაბამისი ანაზღაურების მიღებაზე.
საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ვინაიდან იგი თავდაცვის სამინისტროს მიერ მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულების პირობებს სადავოდ არ ხდის, უსაფუძვლოა მის მიერ შრომის კომპენსაციის მიზნით მოპასუხისათვის დამატებით 1000 ლარის გადახდის დაკისრება. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ეს გარემოებაც სწორად განსაზღვრა და მართებული სამართლებრივი შეფასება მისცა.
ასევე უსაფუძვლოა კასატორის მოთხოვნა მოწინააღმდეგე მხარისათვის სახელმწიფო პრემიის ოდენობის თანხის – 4000 ლარის დაკისრების თაობაზე, რადგან თავდაცვის სამინისტროს უარი სახელმწიფო პრემიის მაძიებლად კონკურსზე კასატორის ნაშრომის ხელმეორედ წარდგენის შესახებ კანონით დადგენილი წესით არ გასაჩივრებულა, შესაბამისად სახელმწიფო პრემიის ოდენობის თანხის მოპასუხისათვის დაკისრებაც საფუძველს მოკლებულია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ შემოტანილ საკასაციო საჩივარში მითითებულია დამატებითი მოთხოვნა, სახელდობრ: მიყენებული პატივის, ღირსებისა და მორალური რეპუტაციის შელახვისათვის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსისათვის 5000 ლარის დაკისრების თაობაზე ამასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ს 406-ე მუხლის შესაბამისად დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, შეგებებული სარჩელის შეტანა და ხარჯების განსაზღვრა საკასაციო სასამართლოზე დაუშვებელია. ამდენად, საკასაციო სასამართლო კასატორის მიერ საკასაციო სასამართლოში წამოყენებულ ახალ დამატებით მოთხოვნაზე ვერ იმსჯელებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება არსებითად სწორია, არ არსებობს მისი გაუქმების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი და იგი დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი, სსკ-ს 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კასატორ გ. ი-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინიტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 17 ოქტომბრის განჩინება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.