3გ-ად-499-კ-02 17 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: ბინის ორდერისა და პრივატიზების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
თ. და ც. კ-ებს ..... ქუჩის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით ჩამოერთვათ თავიანთი საცხოვრებელი სახლი და თბილისის საბურთალოს რაიონის აღმასკომის 1987წ. 8 ივლისის ¹15.47.437 გადაწყვეტილებით მიეცათ სამაგიერო სამოთახიანი ბინა, მდებარე ..... ქ. თბილისში.
ვაკის რაიონის გამგეობის საბინაო-საექსპლოატაციო ტრესტის სასარჩელო განცხადების საფუძველზე, ვაკის რაიონის სასამართლოს 1993წ. 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. და ც. კ-ები ზემოაღნიშნულ ფართზე ცნობილი იქნენ უფლებადაკარგულად იმ მოტივით, რომ მათ ამ ბინაში გადაცემის მომენტიდანვე არ უცხოვრიათ. თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 1996წ. 13 ივნისის ¹143 დადგენილებით გაუქმდა ვაკის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, რის შემდეგაც ვაკის რაიონის სასამართლოს 1997წ. 27 თებერვლის საოქმო დადგენილებით, მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, საქმე დარჩა განუხილველი.
1996წ. 8 აგვისტოს ვაკის რაიონის გამგეობის საბინაო-საექსპლოატაციო ორგანიზაციასა და მა. გ-ეს შორის დადო პრივატიზების ხელშეკრულება, რომლის თანახმად მ. გ-ეს საკუთრებაში გადაეცა თბილისში, ..... მდებარე ¹103 ბინა. ხელშეკრულება დამოწმებული იქნა ნოტარიუს შ. კ-ის მიერ. იმავე დღეს 1996წ. 8 აგვისტოს, გ-ეების სახელზე გაიცა ბინის ორდერი ¹...... .
1998წ. 21 აგვისტოს ც. და თ. კ-ებმა სარჩელით მიმართეს ვაკის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების – ვაკის რაიონის გამგეობის, მა. და მუ. გ-ეების მიმართ, რომლებმაც მოითხოვეს 1996წ. 8 აგვისტოს გაცემული ბინის ორდერისა და ბინის პრივატიზების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ბინიდან მოპასუხეების გამოსახლება და მათთვის გადაცემა. მოსარჩელეების განმარტებით, მათ 1987 წელს ბინა მიეცათ საბურთალოს რაიონის აღმასკომის გადაწყვეტილებით. ცხინვალის ინსტიტუტში მუშაობის გამო პერიოდულად უხდებოდათ თბილისიდან ცხინვალში წასვლა, მაგრამ ბინა არასდროს მიუტოვებიათ. ქართულ-ოსური კონფლიქტის შედეგად ისინი იძულებულნი იყვნენ დროებით დაეტოვებინათ საქართველოს ტერიტორია, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს ბინის დაბრუნებაზე უარის თქმის საფუძვლად.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 21 მარტის გადაწყვეტილებით კ-ების სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 1996წ. 8 აგვისტოს ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება და ¹...... ორდერი; მოპასუხე გ-ეები გამოსახლებული იქნენ სადავო ბინიდან; თბილისის მერიის ტექაღრიცხვის ბიუროს და უძრავი ქონების სახელმწიფო რეესტრს დაევალათ შესაბამისი ცვლილებების შეტანა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხე გ-ეებმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 6 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს:
1) სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 1996წ. 13 ივნისის დადგენილებით გაუქმდა ვაკის რაიონის სასამართლოს 1993წ. 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება კ-ების ფართზე უფლებადაკარგულად ცნობაზე და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა ამავე სასამართლოს, რომელმაც 1997წ. 27 თებერვლის საოქმო დადგენილებით, მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, საქმე დატოვა განუხილველი. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თ. და ც. კ-ებს არ დაუკარგავთ უფლება სადავო საცხოვრებელ ფართზე;
2) სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის 57-ე მუხლის მე-2 აბზაცის თანახმად: “ორდერი შეიძლება გაიცეს მხოლოდ თავისუფალ იზოლირებულ ფართზე”. მ. გ-ის სახელზე 1996წ. 8 აგვისტოს ორდერის გაცემის დროს სადავო ბინა არ წარმოადგენდა თავისუფალ იზოლირებულ საცხოვრებელ სადგომს, ვინაიდან ც. კ-ას სახელზე 1987წ. 8 ივლისს გაცემული ორდერი ბათილად არ ყოფილა ცნობილი და არც მოსარჩელეები ყოფილან ცნობილი სადავო ბინაზე უფლებადაკარგულად. ამრიგად, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, 1996წ. 8 აგვისტოს პრივატიზაციის ხელშეკრულებისა და ¹...... ორდერის ბათილად ცნობის შესახებ;
3) სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ საქართველოს სსრ სამოქალაქო კოდექსის 146-ე და 152-ე მუხლების შესაბამისად, კანონიერად გამოასახლა მოპასუხეები სადავო ბინიდან, ვინაიდან ვიდრე არ გაუქმებულა ც. კ-ის სახელზე გაცემული ¹...... ორდერი, მოსარჩელეები წარმოადგენენ სადავო ბინის დამქირავებლებს და მესაკუთრის მსგავსად უფლება აქვთ უკანონო მფლობელობიდან სადავო ბინის გამოთხოვაზე.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებას საკასაციო წესით ასაჩივრებენ მუ. და მა. გ-ეები, რომლებიც შემდეგი მოტივით ითხოვენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას:
1) კასატორების განმარტებით, მათ ბინა გადაეცათ 1994 წელს, ხოლო ხელშეკრულება გაფორმდა 1996 წელს. ამ დროს ბინა თავისუფალი იყო და ეკუთვნოდა რაიონის გამგეობას. ბინის გადაცემის მომენტისათვის მათთვის ცნობილი არ ყოფილა მესამე პირის პრეტენზიები ამ ბინაზე, რის გამოც ისინი ითვლებიან კეთილსინდისიერ შემძენებად და მათი ბინიდან გამოსახლება დაუშვებელია;
2) კასატორების მითითებით, ც. და თ. კ-ებს ბინის გადაცემის მომენტიდან – 1987 წლიდან ბინაში საერთოდ არ უცხოვრიათ, არ გადაუხდიათ გადასახადები. ისინი თავიდანვე ცხოვრობდნენ ცხინვალში, რასაც ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები. საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის 69-ე მუხლის თანახმად, საცხოვრებელი ადგილიდან სხვა ადგილზე მუშაობის ან სწავლის შემთხვევაში, ასევე ამ ვადის გასვლის შემდეგ, დამქირავებლებს საცხოვრებელი სადგომი უნარჩუნდებათ მხოლოდ 6 თვის განმავლობაში. ვინაიდან მოსარჩელეებს ეს ვადები გაუვიდათ, ამიტომ ისინი კანონიერად იყვნენ ცნობილნი სადავო ფართზე უფლებადაკარგულად და სწორად ჩამოერთვათ ბინა;
3) კასატორებს მიაჩნიათ, რომ სასამართლომ არასწორად მიუთითა უძრავი ნივთის რეგისტრაციის დარღვევებზეც, ვინაიდან საჯარო რეესტრში მხოლოდ ახალი სკ-ით არის გათვალისწინებული რეგისტრაცია, მანამდე კი უძრავ ქონებას რეგისტრაციაში ატარებდა ტექინვენტარიზაციის სამსახური. რაც შეეხება განცხადებას ბინაზე უფლების მიტოვების შესახებ, ამას კ-ები საჯარო რეესტრში ვერ გააკეთებდნენ, ვინაიდან ისინი არ იყვნენ ბინის მესაკუთრეები. სადავო ბინა ვაკის რაიონის გამგეობას ეკუთვნოდა და მფლობელიც სწორედ გამგეობა იყო.
გ-ეების საკასაციო საჩივარი ცნო და მათ მოთხოვნას მხარი დაუჭირა ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობამ, რომელმაც ასევე მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით კ-ების სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
მოწინააღმეგე მხარეებმა – თ. და ც. კ-ებმა არ ცნეს გ-ეების საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვება.
ნოტარიუსმა შ. კ-ემ მხარი დაუჭირა გ-ეების საკასაციო საჩივარს და განმარტა, რომ 1996წ. 8 აგვისტოს მის მიერ დამოწმებული სადავო პრივატიზაცია კანონიერია, შეესაბამება ¹107 დადგენილებას და მის ბათილობაზე კ-ების მოთხოვნა უსაფუძვლოა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმებისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მუ. და მა. გ-ეების საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 6 სექტემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
1. სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა საკასაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ თბილისში, ..... ქუჩის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) თ. და ც. კ-ებს ჩამოერთვათ საცხოვრებელი სახლი და საბურთალოს რაიონის აღმასკომის 1987წ. 8 ივლისის ¹15.47.437 გადაწყვეტილების საფუძველზე, მათ სახელზე გაიცა ორდერი ¹...... თბილისში, ...... მდებარე სადავო ¹103 ბინაზე. იმ მოტივით, რომ კ-ებს დღიდან შესახლებისა აღიშნულ ბინაში არ უცხოვრიათ, თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1993წ. 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თბილისის ვაკის რაიონის გამგეობის სარჩელი და კ-ები ცნობილი იქნენ ფართზე უფლებადაკარგულად, რაც გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 1996წ. 13 ივნისის ¹143 დადგენილებით და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, მაგრამ, მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, ვაკის რაიონის სასამართლოს 1997წ. 27 თებერვლის საოქმო დადგენილებით საქმე განუხილველი დარჩა.
იმჟამად მოქმედი საქართველოს საბინაო კოდექსის (1983წ.) 69-ე მუხლის მე-4 ნაწილი იმპერატიულად მიუთითებდა: “დადგენილი ვადების გადამეტებით სხვაგან ყოფნის შედეგად საცხოვრებელი სადგომით სარგებლობაზე უფლებადაკარგულად პირთა ცნობა ხდება მხოლოდ სასამართლო წესით”. ვინაიდან ზემოაღნიშნული 69-ე მუხლის შესაბამისად, არ არსებობს კ-ების ფართზე უფლებადაკარგულად ცნობის შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ კ-ებს არ დაუკარგავთ სადავო საცხოვრებელ ფართზე უფლება;
2. საბინაო კოდექსის 57-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ორდერი შეიძლება გაცემულიყო მხოლოდ თავისუფალ იზოლირებულ საცხოვრებელ სადგომზე. კასატორ მუ. გ-ის სახელზე თბილისის ვაკის რაიონის გამგეობის მიერ 1996წ. 8 აგვისტოს ¹12.3.169 გადაწყვეტილების საფუძველზე, გაცემული იქნა სადავო ბინის ორდერი ¹...... და იმავე დღეს, 1996წ. 8 აგვისტოს, ¹88 საბინაო-საექსპლოატაციო ორგანიზაციასა და კასატორ მა. გ-ეს შორის დაიდო ხელშეკრულება საცხოვრებელი ბინის პრივატიზების (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ, თანახმად მინისტრთა კაბინეტის 1992წ. ¹107 დადგენილებისა. საქართველოს საბინაო კოდექსის 58-ე მუხლის მიხედვით, ორდერის ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნა შეიძლება განცხადებული ყოფილიყო ორდერის გაცემის დღიდან სამი წლის განმავლობაში, თუ დარღვეული იყო მოქალაქეთა უფლებები ორდერში აღნიშნულ საცხოვრებელ სადომზე ან როცა დაირღვა საცხოვრებელი სადგომის მიცემის წესი და პირობები.
ვინაიდან კასატორ მ. გ-ის სახელზე სადავო ორდერის გაცემის მომენტისათვის, 1996წ. 8 აგვისტოსათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 1996წ. 13 ივნისის ¹143 დადგენილებით გაუქმებული იყო ვაკის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილება კ-ების ფართზე უფლებადაკარგულად ცნობის შესახებ, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ნუცუბიძის ...... ბინა ¹103 აღარ წარმოადგენდა თავისუფალ იზოლირებულ საცხოვრებელ სადგომს, ამიტომ კასატორის სახელზე ახალი ორდერის გაცემით უხეშად დაირღვა საბინაო კოდექსის 57-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნა მხოლოდ თავისუფალ იზოლირებულ საცხოვრებელ სადგომზე ორდერის გაცემის შესახებ. ასევე უკანონოდ იქნა ხელყოფილი კ-ების უფლებები საცხოვრებელი სადგომის უფლება-სარგებლობაზე, რომლებმაც ამავე კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადაში, 1998 წელს მოითხოვეს 1996 წელს კანონდარღვევით კასატორების სახელზე გაცემული საბინაო ორდერის ბათილად ცნობა, რაც მართებულად დაკმაყოფილდა სააპელაციო პალატის მიერ. საკასაციო პალატა სკ-ს (1964წ.) 48-ე მუხლის საფუძველზე, ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მ. გ-ის მიერ 1996წ. 8 აგვისტოს განხორციელებული სადავო ბინის პრივატიზების ბათილად ცნობის შესახებ, რადგან “საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ” მინისტრთა კაბინეტის 1992წ. ¹107 დადგენილებით სახელმწიფო საბინაო ფონდის საცხოვრებელი სახლის (ბინის) უსასყიდლოდ პრივატიზების უფლება მიეცათ საბინაო ორდერის მიხედვით საცხოვრებელი სახლის მართლზომიერ მფლობელებს. ვინაიდან მ. გ-ეზე გაცემული ბინის ორდერი ბათილია, საკასაციო პალატის აზრით, შესაბამისად ბათილია ამ ორდერის საფუძველზე დადებული ბინის პრივატიზების ხელშეკრულებაც.
3. უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა მოტივს სადავო ბინაზე მათი კეთილსინდისიერ შემძენებად და მართლზომიერ მფლობელებად ცნობის შესახებ, ვინაიდან საქმეში არსებული საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის მიერ თბილისის მერისადმი 1993წ. 8 ოქტომბერს გაგზავნილი წერილით ¹255 თავდაცვის სამინისტრო ითხოვს სამინისტროს ფონდში პოლკოვნიკ მუ. გ-ის მიერ დაკავებული ბინის გადაცემას, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში მიტოვებული იყო ვინმე კ-ების მიერ, რომლებიც კანონის ძალით გამოსახლებულია. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორი გ-ეები 1993წ. 20 ოქტომბრის ვაკის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდეც, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობდნენ სადავო ბინას, მათთვის ასევე ცნობილი იყო ბინაზე კ-ების უფლების შესახებ და მცდარი ინფორმაციით, თითქოს კ-ები გამოსახლებული იყვნენ კანონით დადგენილი წესით, ცდილობდნენ ...... ბინაზე სარგებლობის უფლების მოპოვებას. ამიტომ საკასაციო პალატა გ-ეებს ვერ მიიჩნევს სადავო ბინის კეთილსინდისიერ მფლობელებად და შემძენებად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მა. და მუ. გ-ეების საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს, თანახმად სსკ-ს 410-ე მუხლისა და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 6 სექტემბრის განჩინება, რადგან საკასაციო საჩივარში მითითებულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონდა და პალატამ საქმის ფაქტობრივი გარემოებების მართებული გამოკვლევა-დადგენითა და კანონების სწორი გამოყენებით გამოიტანა სწორი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მა. და მუ. გ-ეების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 6 სექტემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.