Facebook Twitter

3გ-ად-500-კ-02 7 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

სარჩელის საგანი: მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 12 თებერვალს ბ. ბ-მა სარჩელი აღძრა სიღნაღის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების: გ. ს-ის, სიღნაღის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოსა და სიღნაღის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 1996წ. 1 აგვისტოს აგროფირმა “ა-ის” საერთო კრების გადაწყვეტილებით მოსარჩელემ და ორმა ფიზიკურმა პირმა: ა. ბ-მა და გ. ს-მა შეისყიდეს სოფ. .......-ში, ე.წ. “......-ზე" მეცხვარეობის ბინა. მოსარჩელის განმარტებით, 1997წ. თებერვალში გ. ს-მა, მძიმე ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, ითხოვა თავისი წილის მიღება ფულის სახით, რაც მიიღო კიდეც 900 ლარის ოდენობით. ბ. ბ-ს, ა. ბ-სა და გ. ს-ს შორის მორიგების თანახმად, გ. ს-ი უნდა გასულიყო საერთო წილიდან, მაგრამ სიღნაღის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოსა და ამავე რაიონის მიწის მართვის სამმართველოს ჩარევით, მოსარჩელე გაიყვანეს აღნიშნული მეცხვარეობის ბინიდან, მიიტაცეს იგი და უკანონოდ დაეუფლნენ საძოვარს, რომლის გადასახადიც საერთოდ არ გადაუხდიათ.

1997წ. 18 მარტს მეიჯარე სიღნაღის რაიონის გამგეობასა და მოიჯარე ბ. ბ-ს შორის გაფორმდა ათწლიანი იჯარის ხელშეკრულება 100 ჰა მიწის ფართობზე, რომელიც წარმოადგენდა საძოვარს და მდებარეობდა სოფ. ა-ში, ე.წ. “......-ზე". მოსარჩელის განმარტებით, 1999წ. 27 ნოემბრამდე სისტემატურად იხდიდა გადასახადს და სარგებლობდა როგორც მეცხვარეობის ბინით, ისე _ საძოვრით. სიღნაღის რაიონის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის 1999წ. 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს თითქოს ეკავა არა 100 ჰა მიწის ნაკვეთი, არამედ _ 148 ჰა და არ იხდიდა გადასახადს 48 ჰა მიწის ფართობზე. ამის გამო ბ. ბ-ს ჩამოართვეს არარსებული 48 ჰა საძოვარი და ხელშეკრულებით გადასცეს გ. ს-ს. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ შეიქმნა კომისია, რომელსაც უნდა დაედგინა, თუ რამდენ ჰექტარს შეადგენდა ზემოთ აღნიშნული მეცხვარეობის ბინის ირგვლივ არსებული საძოვარი. დადგინდა, რომ მიწის აღნიშნული ფართობი Aშეადგენდა 100 ჰა-ს. მოსარჩელემ პრეტენზია წაუყენა სიღნაღის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს და მოითხოვა აღნიშნული დარღვევების გამო აქტის შედგენა, რაც არ განხორციელებულა.

მოსარჩელის განმარტებით, სიღნაღის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველომ შეცვალა საერთო კრების გადაწყვეტილება, რომელიც მეცხვარეობის ბინის გ. ს-სა და ა. ბ-ზე მიყიდვას ითვალისწინებდა, კერძოდ, აღნიშნული ქონება უნდა გაფორმებოდა მხოლოდ გ. ს-ს.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მის მიერ 100 ჰა საძოვრის კანონიერ ფლობასა და სარგებლობას ადასტურებს სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომლითაც ბ. ბ-ს 100 ჰა საძოვრის გადასახადის გადაუხდელობის გამო დაეკისრა 420 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საბოლოოდ მოსარჩელემ სარჩელით ითხოვა მოპასუხეებისათვის მატერიალური და მორალური ზიანის სახით 2000 ლარისა და 410 ლარის (საძოვრის გადასახადი) გადახდის დაკისრება.

საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო-დეპარტამენტის სიღნაღის რაიონულმა სამმართველომ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სოფელ .....-ში მცხოვრებ გ. ს-ს, ა. და ბ. ბ-ებს ერთად მიეცათ 100 ჰა საძოვარი, რაზეც გააფორმა სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება მოიჯარე ბ. ბ-თან, როგორც ფიზიკურ პირთა ჯგუფის უფროსთან.

2000წ. 14 თებერვალს სიღნაღის რაიონის მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის ოქმის საფუძველზე, სიღნაღის რაონის მიწის მართვის სამმართველომ გ. ს-ი გამოუყო ჯგუფიდან და მას ცალკე გაუფორმა იჯარის ხელშეკრულება 48 ჰა საძოვარზე, ხოლო მას შემდეგ, რაც გ. ს-სა და ბ. ბ-ს შორის წარმოიშვა დავა, მიწის მართვის რაიონულმა სამმართველომ გ. ს-ს 48 ჰა საძოვრის ნაცვლად დაუტოვა 33 ჰა.

სარჩელი არ ცნო სიღნაღის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველომაც და ითხოვა, არ დაკმაყოფილებულიყო სარჩელი.

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ 2001წ. 21 მაისს განიხილა აღნიშნული საქმე და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომელთაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ბ-მა. მისი გარდაცვალების შემდეგ კი, საქმეში ა. ბ-ის უფლებამონაცვლედ დაშვებულ იქნა მისი ვაჟიშვილი ბ. ბ-ი.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 16 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2001წ. 21 მაისის გადაწყვეტილება.

აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ბ. ბ-მა, რომელმაც ითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც დაკმაყოფილდებოდა სარჩელი. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება იმდენად არასრულყოფილად იყო იურიდიულად დასაბუთებული, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელი გახდა.

სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც გამოიტანა უკანონო გადაწყვეტილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის განმარტებას, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ სიღნაღის რაიონის სასოფლო-სამეურნეო მიწების იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ბ. ბ-ს 100 ჰა-ს ნაცვლად 67 ჰა საძოვარზე გაუფორმდა იჯარის ხელშეკრულება, ხოლო გ. ს-ს _ 33 ჰა-ზე. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აღნიშნულს, რადგანაც საქმის მასალებიდან და მხარეთა განმარტებიდან გაირკვა, რომ სიღნაღის რაიონის გამგეობასა და ბ. ბ-ს შორის 1997წ. 18 მარტს გაფორმებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება არ გაუქმებულა და მასში არც რაიმე ცვლილება შესულა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოარკვია, ჰქონდა თუ არა სამართლებრივი საფუძველი მოპასუხე გ. ს-ს, როდესაც იგი დაეუფლა 33 ჰა საძოვარს და აქედან გამომდინარე, მიადგა თუ არა მოპასუხეების მხრიდან მოსარჩელე ბ. ბ-ს რაიმე მატერიალური ან მორალური ზიანი.

გარდა ამისა, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2001წ. 21 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე ბ. ბ-ის სარჩელი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ბ-მა, რომელიც საქმეში მხარედ ან მესამე პირად ჩაბმული არ ყოფილა.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, მე-16 მუხლის მე-5 ნაწილის, სსკ-ს 364-ე და 369-ე მუხლების თანახმად, რიონული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში შეუძლიათ სააპელაციო წესით გაასაჩივრონ მხოლოდ მხარეებმა და მესამე პირებმა.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას ა. ბ-ის სააპელაციო საჩივრის წამოებაში მიღებისას უნდა შეემოწმებინა მისი დასაშვებობა.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის პერიოდში გარდაიცვალა ა. ბ-ი და მის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაება მისი შვილი ბ. ბ-ი, რომელიც თავდაპირველი მოსარჩელე იყო.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე ჩააბა გარდაცვლილი ა. ბ-ის უფლებამონაცვლედ მისი შვილი ბ. ბ-ი, ისე მიიჩნია იგი აპელანტად და ისე გამოიტანა საბოლოო განჩინება, რომ არ უმსჯელია, დასაშვები იყო თუ არა გარდაცვლილი ა. ბ-ის მიერ სასამართლოში შეტანილი სააპელაციო საჩივარი.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ 2002წ. 16 ოქტომბერს არსებითად განხილულ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, რომელმაც საქმის არსებითად გადაწყვეტამდე უნდა იმსჯელოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 16 ოქტომბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. მხარეთათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.