Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹ 3გ-ად-501-კ-02 20 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: ომის მონაწილეებთან გათანაბრებული პირისათვის ორი სახეობის პენსიის ერთდროულად მიღების უფლების მინიჭება და დანამატის დანიშვნა.

აღწერილობითი ნაწილი:

ე. ო-ამ 2002წ. მარტში სასარჩელო განცხადებით მიმართა ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე აფხაზეთის სოც. უზრუნველყოფის სამსახურის მიმართ და მოითხოვა ინვალიდობისა და მოხუცებულობის გამო პენსიის დანიშვნა.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული, მარტოხელა ინვალიდი, სამამულო ომის მონაწილესთან გათანაბრებული პირი. დანიშნული აქვს პენსია 35 ლარის ოდენობით. ომის ინვალიდობისა და მოხუცებულობის პენსიის დანიშვნის მოთხოვნით მიმართა სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს, მაგრამ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

მოითხოვა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ კანონის მე-60 მუხლის საფუძველზე ამჟამად მისთვის დანიშნულ პენსიაზე (35 ლარი), დაემატოს მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის დამატება (28 ლარი) და პენსიის ოდენობის გაზრდა 63 ლარამდე.

მოპასუხე აფხაზეთის ა/რ სოციალური დაცვის სამინისტრომ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ე. ო-ა ომის ვეტერანებისა და შეიარაღებული ძალებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ კანონის მე-60 მუხლზე დაყრდნობით ითხოვს მოხუცებულობისათვის დაწესებული დანამატს ორი მინიმალური პენსიის ოდენობით, რომელიც არ შეიძლება გავრცელდეს მოსარჩელეზე, ვინაიდან იგი 1947 წ. დაჯილდოებულია მედლით «მამაცური შრომისათვის» 1941-1945წწ. დიდ სამამულო ომში, ხოლო კანონის მე-60 მუხლში გათვალისწინებული შეღავათები არ ვრცელდება ომის პერიოდის ზურგის მუშაკებზე.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 22 აპრილის გადაწყვეტილებით ე. ო-ას სარჩელი დაკმაყოფილდა.

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ე. ო-ა, დაბადებულია ... წელს. მას შესრულებული ჰქონდა 75 წელი. საპენსიო მოწმობის მიხედვით იგი პირველი ჯგუფის ინვალიდი და ომის მონაწილესთან გათანაბრებულ პირია, რის გამოც მასზე უნდა გავრცელებულიყო «საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული შეღავათები.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აფხაზეთის ა/რ სოციალური დაცვის სამინისტრომ და მიუთითა, რომ, მართალია, «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყფოის შესახებ» კანონის მე-60 მუხლი ითვალისწინებს სამამულო ომის ვეტერანებებსა და მათთან გათანაბრებულ პირებზე დანამატს ორი მინიმალური პენსიის ოდენობით, მაგრამ ამავე კანონის პრეამბულის და პირველი მუხლის შესაბამისად დანიშნული კანონი ვრცელდება მხოლოდ ძალოვანი სტრუქტურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირებზე, რომლებიც მიეკუთვნებიან ოფიცერთა კატეგორიას, მოსარჩელე კი არ მიეკუთვნებოდა ამ კატეგორიას და იგი ვერ მოიპოვებდა პენსიაზე დანამატის დანიშვნის უფლებას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა აფხაზეთის ა/რ სოციალური დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აფხაზეთის ა/რ სოციალური დაცვის სამინისტროს ქ.სოხუმის საპენსიო განყოფილების წარმომადგენელმა და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება იმავე საფუძვლებით, რომლითაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ითხოვდა.

მოწინააღამდეგე მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც საკასაციო საჩივარი არ ცნო და განმარტა: «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონის მე-60 მუხლის თანახმად ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-45 წლების ომში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების მონაწილეებს და მათთან გათანაბრებულ პირებს, რომლებსაც შეუსრულდათ 75 წელი და ან არიან I და II ჯგუფის ინვალიდები, ეძლევათ ორი სახეობის პენსიის _ ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო ერთდროულად მიღების უფლება. ამასთან, მათ მოხუცებულობის პენსიაზე დაენიშნებათ დანამატი მოხუცებულობისათვის დაწესებული 2 მინიმალური პენსიის ოდენობით. ე. ო-ამ განმარტა, რომ იგი არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, დანიშნული აქვს ინვალიდობის (I ჯგუფის) პენსია _ 35 ლარი, შეუსრულდა 75 წელი და მიაჩნია, რომ «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად უნდა მიეცეს ორი სახეობის პენსიის – ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო ერთდროულად მიღების უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 30 ოქტომბრის განჩინების უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის შესწავლისა და საოლქო სასამართლოს განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აფხაზეთის ა/რ სოციალური დაცვის სამინისტროს ქ.სოხუმის საპენსიო განყოფილების წარმომადგენლის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 ოქტომბრის განჩინება და მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ეკ. ო-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ეკატერინე ო-ა არის 75 წელს გადაცილებული პირველი ჯგუფის შრომის ინვალიდი, ომის პერიოდის ზურგის მუშა, რომელსაც მონაწილეობა არ მიუღია სამამულო ომში. საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს მიერ მიჩნეულია სამამულო ომის მონაწილესთან გათანაბრებულ პირად და პირველი ჯგუფის ინვალიდობა დადგენილი აქვს უვადოდ. 1998წ. ნოემბრიდან პენსიის სახით დანიშნული აქვს 35 ლარი.

მოსარჩელე ითხოვს «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული შეღავათის მასზე გავრცელებას. კერძოდ, უკვე დანიშნულ პენსიასთან ერთად მოხუცებულობის გამო პენსიის (14 ლარი) ორი მინიმალური პენსიის (28 ლარი) დანამატით მიღებას. აღნიშნული ნორმის მიხედვით ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-45 წლების ომში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების მონაწილეებს და მათთან გათანაბრებულ პირებს, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 75 წელი და ან არიან I და II ჯგუფის ინვალიდები, ეძლევათ ორი სახეობის პენსიის – ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურობისათვის) ერთდროულად მიღების უფლება. ამასთან,M მათ მოხუცებულობის პენსიაზე დაენიშნებათ დანამატი მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით.

«სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონის პირველი მუხლის «ა» და «ბ» პუნქტებით გათვალისწინებულია მითითებული კანონის სუბიექტები: კერძოდ, კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით საპენსიო უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე შემდეგი პირები: ა) ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში ხელშეკრულებით მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში და სხვა სამხედრო სტრუქტურებში, ან სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებული ვადიანი სამხედრო სამსახურის მოსამსახურეები, თადარიგიდან სამხედრო ან სპეციალურ შეკრებაზე გაწვეული პირები (გარდა ოფიცრებისა) და მათი ოჯახის წევრები მარჩენალის დაკარგვის გამო.

საკასაციო სასამართლო მხარის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997წ. 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა, რომ მითითებული კანონის I მუხლის «ა» ქვეპუნქტის თანახმად ხსენებული აქტი ვრცელდება ომის იმ ვეტერანებზე, რომლებმაც ომის შემდეგ გააგრძელეს სამხედრო სამსახური, აქვთ ოფიცრის წოდება და სათანადო წელთა ნამსახურობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონის მე-60 მუხლით დადგენილი საპენსიო შეღავათის მოპოვებისათვის კანონის პირველი მუხლის «ა» და «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამხედრო მოსამსახურე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) უნდა იყოს 1941-45 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილე;

ბ) უნდა შეუსრულდეს 75 წელი;

გ) უნდა ჰქონდეს ოფიცრის წოდება და ან უნდა იყოს სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებული ომის I ან II ჯგუფის ინვალიდი.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ე. ო-ა ზემოაღნიშნული კანონით განსაზღვრულ საპენსიო უზრუნველყოფის მქონე პირთა კატეგორიას არ განეკუთვნება, რადგან იგი არ წარმოადგენს მითითებული კანონის პირველი მუხლის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამხედრო მოსამსახურეს და არც სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებულ I ან II ჯგუფის ომის ინვალიდს, რის გამოც მასზე ვერ გავრცელდება ამავე კანონის მე-60 მუხლის მოთხოვნები.

საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ, მართალია, «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონის მე-60 მუხლი ზოგადი ხასიათისაა, მაგრამ იგი ვრცელდება მხოლოდ ხსენებული კანონის «ა» და «ბ» ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სუბიექტებზე და მითითებული მუხლით გათვალისწინებული საპენსიო შეღავათის მიღების უფლებაც მხოლოდ ამ კანონის სუბიექტებს აქვთ მინიჭებული.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აფხაზეთის ა/რ სოციალური დაცვის სამინისტროს ქ. სოხუმის საპენსიო განყოფილების საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 ოქტომბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ე. ო-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. აფხაზეთის ა/რ სოციალური დაცვის სამინისტროს ქ.სოხუმის საპენსიო განყოფილების წარმომადგენლის ი.კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. ე. ო-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.