გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3გ-ად-502-კ-02 30 მაისი, 2003 წ. ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე,),
ნ. ქადაგიძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის გაუქმება და საერთო საკუთრების ეზოდან წილის გამოყოფა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქ. ბათუმის ... მცხოვრებლებმა: ქ. ქ-ემ და ჟ. ლ-ემ 2001წ. 12 ნოემბერს სარჩელი აღძრეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამავე მისამართზე მცხოვრებ თ. ა-ისა და ქ. ბათუმის მერიის მიმართ, რომლის საფუძველზეც მოითხოვეს ქ. ბათუმის მერიის ტექკომისიის 2000წ. 11 სექტემბრისა და 2001წ. 23 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება, რომლებითაც თ. ა-ეს ნება დაერთო საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსის სამართლებრივ რეგისტრაციაში გატარებასა და რეკონსტრუქცია-აღდგენაზე.
2001წ. 15 ნოემბერს ქ. ქ-ემ უარი თქვა თავის სარჩელში დაყენებულ მოთხოვნის ნაწილში.
2001წ. 27 ნოემბერს მოსარჩელე ჟ. ლ-ემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა დამატებითი სასარჩელო განცხადებით და ბათუმის მერიის ტექკომისიის 2001წ. 11 სექტემბრისა და 2001წ. 23 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების გარდა მოითხოვა საერთოOსაკუთრების ეზოში დამხმარე სათავსის მშენებლობისათვის მისი წილი მიწის გამოყოფა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 3 ივნისის გადაწყვეტილებით ჟ. ლ-ეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი უსაფუძვლობის მოტივით.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ჟ. ლ-ის მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა აჭარის უმაღლეს სასამართლოში.
აპელანტს მიაჩნდა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 3 ივნისის გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილი იყო კანონის დარღვევით, იყო ბუნდოვანი და დაუსაბუთებელი.
ქ. ბათუმის მერიის ტექკომისიის 2000წ. 11 სექტემბრისა და 2001წ. 23 მაისის გადაწყვეტილებები მიღებულია კანონის დარღვევით: ეზო არის საერთო სარგებლობის, ხოლო ტექკომისიას ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების გამოტანისას არ გაურკვევია ეზოს მაცხოვრებელთა რაოდენობა, არ შეუსწავლია მათი აზრი და არ გაუთვალისწინებია ის მოსალოდნელი უარყოფითი შედეგები, რომლებიც შეიძლება მოჰყოლოდა მათ მიღებას. ტექკომისიის მიერ დარღვეულ იქნა ზოაგდი ადმინისტრაციული კოდექსი. ასევე დარღვეულ იქნა ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2001წ. 18 სექტემბრის ¹57 ბრძანების მოთხოვნები, სადაც აღნიშნულია, რომ დამხმარე სათავსის დასაშვები მაქსიმალური სიმაღლე არ შეიძლება იყოს 2,20 მეტრზე მეტი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 3 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებას.
მოპასუხე თ. ა-ემ ჟ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ ცნო და 2002წ. 7 ოქტომბერს მეზობლებთან ერთად ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის სახელზე შეიტანა შეგებებული სააპელაციო საჩივარი, რომლითაც ჟ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი მიიჩნია უსაფუძვლოდ, მოითხოვა მასზე უარის თქმა და ჟ. ლ-ის გამოსახლება ბათუმში, ... მდებარე სახლიდან, ასევე მატერიალური და მორალური ზიანისათვის მისთვის თანხის დაკისრება.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 9 ოქტომბრის განჩინებით ჟ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა. ძალაში იქნა დატოვებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 3 ივნისის გადაწყვეტილება.
თ. ა-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა.
ჟ. ლ-ეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის, 25 ლარის, გადახდა.
ზემოაღნიშნული განჩინება ჟ. ლ-ის მიერ საკასაციო წესით გასაჩივრებულ იქნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
კასატორს მიაჩნია, რომ აჭარის უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 9 ოქტომბრის განჩინება გამოტანილია კანონის დარღვევით და უგულებელყოფით, ამიტომ ექვემდებარება გაუქმებას.
ქ. ბათუმის მერიის ტექკომისიის გადაწყვეტილებით საერთო საკუთრების ეზოში მდებარე დამხმარე სათავსი დაუკანონდა თ. ა-ეს, ხოლო 2001წ. 23 მაისს დაუმტკიცდა დამხმარე სათავსის რეკონსტრუქციის გეგმა. აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს 9 ოჯახი. საერთო საკუთრების ეზოში არ არის განსაზღვრული თითოეული მესაკუთრის წილი; ზემოაღნიშნული რეგისტრაციით დარღვეულ იქნა მიწის რეგისტრაციის შესახებ კანონი. დარღვეულია ამ კანონის მე-10 მუხლის მეორე ნაწილი, მე-12 მუხლი, მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 პუნქტები, მე-18 მუხლის პირველი, მე-2 პუნქტები, 27-ე მუხლის პირველი პუნქტი, ფაქტობრივად, სააპელაციო პალატამ არ გაარკვია, რამდენია სადავო ეზოს ფართი, არ დააკმაყოფილა კასატორის შუამდგოლობები, რომ მოპასუხეებს წარმოედგინათ 2000წ. 11 სექტემბრისა და 2000წ. 23 მაისის ტექკომისიის მასალები, არ გაარკვია მიწის რეგისტრაციის კანონის არც ერთი მუხლის მოთხოვნა, მათ შორის _ მე-5 მუხლისაც. ისე განიხილა თ. ა-ისა და მეზობლების შეგებებული სააპელაციო საჩივარი, რომ არ გაურკვევია, მეზობლები იყვნენ თუ არა ამ საქმეში მხარედ ჩართულები, შეგებებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა იყო თუ არა დავის საგნის შეცვლა. ასევე არასწორად განმარტა საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის ¹57 ბრძანების მოთხოვნები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 9 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას, ახალი გადაწყვეტილების გამოტანას; ქ. ბათუმის მერიის ტექკომისიის 2000წ. 11 სექტემბრისა და 2001წ. 23 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებას და საერთო საკუთრების ეზოში თავისი წილის გამოყოფას.
ქ. ბათუმის მერია არ დაეთანხმა ჟ. ლ-ის საკასაციო საჩივარს და საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ შესაგებელში აღნიშნა, რომ კასატორის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო და არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას შემდეგ გარემოებათა გამო:
1. ქ. ბათუმის მერიის ტექკომისიის 2000წ. 11 სექტემბრის და 2001წ. 2 მაისის გადაწყვეტილებები მიღებულია მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით;
2. ჟ. ლ-ე არის არასათანადო მოსარჩელე;
3. არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილებათა გაუქმების საფუძველი.
ქ. ბათუმის მერიის ტექკომისიის 2000წ. 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. ა-ეს მიეცა უფლება 70 წელზე მეტი ხნის წინ აშენებული, 20 წლის განმავლობაში მის მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული, ავარიული დამხმარე სათავსი გაეტარებინა სამართლებრივ რეგისტრაციაში. ქ. ბათუმის ტექკომისიის 2001წ. 23 მაისის გადაწყვეტილებით თ. ა-ეს თავისი ავარიული სათავსის რეკონსტრუქცია-აღდგენისათვის ნება დაერთო.
ტექკომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები მიღებულია კანონმდებლობის სრული დაცვით.
ჟ. ლ-ის მიერ ქ. ბათუმის მერიის ტექკომისიის გადაწყვეტილებების გაუქმების თაობაზე ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელის აღძვრის შემდეგ დადგენილ იქნა, რომ ჟ. ლ-ე არ არის მის მიერ დაკავებული ბინის კეთილსინდისიერი შემძენი და მფლობელი. ქ. ბათუმის ¹1 საბინაო-საექსპლუატაციო კანტორასა და ჟ. ლ-ეს შორის, 1992წ. 23 დეკემბერს დადებული პრივატიზიაციის ხელშეკრულება ემყარება გაყალბებულ დოკუმენტს, მას არა აქვსა ბინის ორდერი, არც ერთი მონაცემი, რომელიც ხელშეკრულების გაფორმებისას ბინის პრივატიზაციის საფუძვლადაა მითითებული, არ ემყარება კანონიერ საფუძველს, რის გამოც ქ. ბათუმის მერიის მიერ 2002წ. 18 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოში აღძრულ იქნა სარჩელი აღნიშნული პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. ბათუმის მერია ითხოვდა, რომ ჟ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილებულიყო.
ჟ. ლ-ის საკასაციო საჩივარს ასევე არ ცნობდა მოპასუხე თ. ა-ე და წარმოდგენილ შესაგებელში აღნიშნავდა, რომ ჟ. ლ-ე არ არის უფლებამოისილი პირი, რომელსაც შეუძლია სარჩელის აღძვრა ბათუმის მერიისა და მის წინააღმდეგ, ქ. ბათუმში ... დამხმარე სათავსის მშენებლობისათვის თავისი საკუთრების შესაბამისი წილის გამოყოფის მოთხოვნით.
70 წლის წინ აშენებული ავარიული სათავსით ჟ. ლ-ე არასოდეს სარგებლობდა. 20 წელზე მეტია აღნიშნული სათავსით სარგებლობს მოპასუხე, რაზედაც მას აქვს მეზობლების დასტური და სკ-ს 208-ე მუხლის საფუძველზე ის მისი ინდივიდუალური საკუთრებაა და სკ-ს 211-ე მუხლის შესაბამისად, უმრავლესი მეზობლების თანხმობით, მას ამ სათავსის რეკონსტრუქციის უფლება აქვს ისე, რომ არ შეილახოს მაცხოვრებელთა საერთო საკუთრება. კასატორის ბინასა და მოპასუხის სათავსს შორის კიდევ ორი სათავსია განლაგებული. ჟ. ლ-ე მეორე სართულზე ცხოვრობს, სათავსი კი ამავე სახლის პირველი სართულის სიმაღლესაც კი არ აღემატება.
სარჩელის განხილვის პროცესში გამოვლინდა, რომ კასატორი არამართლზომიერი გზით გახდა სახლის თანამესაკუთრე, რის გამოც არის არაუფლებამოსილი პირი და არ შეუძლია სარჩელის აღძვრა მერიის ტექკომისიის გადაწყვეტილებების გაუქმების მოთხოვნით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოწინააღმდეგე მხარე ითხოვდა საკასაციო საჩვარი არ ყოფილიყო დაკმაყოფილებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და გააანალიზა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ თ. ა-ე 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ფლობდა ქ. ბათუმში, ... საერთო საკუთრების ეზოში განთავსებულ 15 კვ.მ ფართის სათავსს.
2001წ. 23 მაისის გადაწყვეტილებით თ. ა-ეს ნება დაერთო აღნიშნული სათავსის რეკონსტრუქციაზე, დაუმტკიცდა რეკონსტრუქციის პროექტი და გაიცა მშენებლობის დაწყების ნებართვა.
სათავსი მდებარეობს კასატორის სახლიდან ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს და მისი საზღვრები იზოლირებულად არის გამოკვეთილი.
სათავსი კასატორის ბინიდან დაშორებულია 6,65 მეტრით და მათ შორის განლაგებულია კიდევ ორი სხვა სათავსი.
კასატორის ბინა განთავსებულია სახლის მეორე სართულზე, ხოლო სათავსზე დაშენებული მანსარდი უტოლდება სახლის პირველი სართულის სიმაღლეს.
საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ სათავსის მშენებლობით დაირღვა ეზოში მცხოვრებთა თანასაკუთრების უფლება, ვინაიდან საერთო საკუთრების ეზოში არ არის განსაზღვრული თითოეული მესაკუთრის წილი.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დადასტურებულია და აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება ვერც ერთი ინსტანციის სასამართლოში კასატორის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა, რომ ქ. ბათუმში, ... მდებარე 15 კვ.მ ფართს 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში საცხოვრებელ ბინასთან ერთად ფლობდა მოწინააღმდეგე მხარე.
კასატორის მხრიდან ასევე წარმოდგენილი ვერ იქნა მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მოწინააღმდეგე მხარე მითითებულ ფართს ფლობდა არამართზლომიერად. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992წ. 11 აგვისტოს ¹825 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 აბზაცის შესაბამისად, მოქალაქეებს საკუთრებაში გადაეცამათ მათ მიერ სამეურნეო დანიშნულებით განკუთვნილი სარდაფები, სხვენები, ფარდულები, ტერასები, შემოქმედებითი სახელოსნოები.
გამომდინარე იქიდან, რომ თ. ა-ე ხანგრძლივი დროის განმავლობაში სათავსს იყენებდა სამეურნეო დანიშნულებით, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს მითითებული სათავსის ამ უკანასკნელზე დარეგისტრირების საკითხს და მიიჩნევს, რომ მითითებულ ნაწილში კასატორის მოთხოვნა უსაფუძვლოა. ამასთან, საკაციო სასამართლო იზიარებს აჭარის უმაღლესი სასამართლოს მითითებას სკ-ს 211-ე მუხლზე და მიიჩნევს, რომ ლ. ა-ე უფლებამოსილი იყო თავის საკუთრებაში არსებულ სათავსზე მანსარდის სახით, ისე დაეშენებინა ფართი, რომ ამით არ შელახულიყო სხვა პირთა უფლებები.
რაც შეეხება ზემოაღნიშნული დაშენების შედეგად კასატორის უფლებების შელახვის ფაქტს, მითითებულ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით იგი არ დასტურდება. კერძოდ, როგორც აღვნიშნეთ, უდავოას და დადასტურებულია ის გარემოება, რომ სათავსი დაშორებულია კასატორის სახლიდან და მისი ზედა ზღვარი არ სცილდება სახლის პირველი სართულის საზღვრებს, რის გამოც გამორიცხულია განათებისა და ინსოლაციის პირობების დარღვევა.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და Uუშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელეს.'
კასატორის მიერ წარმოდგენილი და დადასტურებული ვერ იქნა, თუ რა სახის ზიანი მიადგა გასაჩივრებული აქტების მოქმედებით ან რაში გამოიხატა მისი კანონიერი უფლებების შელახვის ფაქტი.
რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას, რომ ქ. ბათუმის ტექკომისიის 2000წ. 11/09 და 2001წ. 23/05 გადაწყვეტილებებით დაირღვა ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2001წ. 18 სექტემბრის ¹57 ბრძანება, საკასაციო სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება და მოცემულ ნაწილში სრულად ეთანხმება აჭარის უმაღლესი სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ბრძანების 4.3 მუხლი ეხება სამეზობლო საზღვარზე წარმოებულ მშენებლობას და მასზე დადგენილი ნორმები გამოყენებული ვერ იქნება მითითებული ურთიერთობის რეგულირებისას.
რაც შეეხება საერთო სარგებლობის ეზოდან კასატორისათვის წილის გამოყოფის საკითხს, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას და თვლის, რომ სასამართლოსათვის მიმართვის უფლება მხარეს წარმოეშობა მხოლოდ მას შემდეგ, როცა სადავო გახდება მისი უფლებრივი საკითხი.
ყოველივე ზეოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ არსებობს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 9 ოქტომბრის განჩინების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჟ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად იქნეს დატოვებული აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტარაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 9 ოქტომბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.