Facebook Twitter

3გ-ად-503-კ-02 28 იანვარი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულიი და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

გ. ქაჯაია,

ი. ლეგაშვლი

დავის საგანი: ადმინისტრაციული გარიგების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 6 ივნისს ნ. ხ.-მ სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა მის მიერ გაშვებული სასარჩელო ხანდაზმულობის ერთთვიანი ვადის აღდგენა, მისი სამსახურიდან გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება. სარჩელში ნ. ხ.-ი აღნიშნავდა, რომ ბოლო 7 წელი მუშაობდა ახალციხის რაიონის გამგეობის ეკონომიკის განყოფილების მთავარ სპეციალისტად და დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა პირნათლად. რაიონის გამგეობის ეკონომიკის განყოფილების გამგე ო. ს.-ი, რომელიც ორი თვის დანიშნული იყო თანამდებობაზე, 2001წ. 16 ოქტომბრიდან აიძულებდა დაეწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე. როგორც მისთვის ცნობილი გახდა, ო. ს.-ს გამგებლის სახელზე დაუწერია მის შესახებ მოხსენებითი ბარათი. 2001წ. 3 დეკემბერს მან აიღო ნოემბრის თვის ხელფასი, ამავდროულად ბუღალტრისაგან გაიგო, რომ მასზე არავითარი ბრძანება არ ყოფილა. ნ. ხ.-ი ითხოვდა გამგებლისაგან, რათა გაეცნოთ მისთვის მოხსენებითი ბარათის შინაარსი, მაგრამ უარით ისტუმრებდნენ. მამის ავადმყოფობის გამო მას სასწრაფოდ მოუწია სოფელში წასვლა. ამის შემდგომ თანამშრომლებისაგან ცნობილი გახდა, რომ სამსახურიდან გაუთავისუფლებიათ. გათავისუფლების ბრძანება მისთვის არ ჩაუბარებიათ და ვერ შეძლო მისი მოპოვება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა სასარჩელო ხანდაზმულობის ერთთვიანი ვადის აღდგენა, მისი სამსახურიდან გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, ახალციხის რაიონის გამგეობის ეკონომიკის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2002წ. 22 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ნ. ხ.-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე დავის ხანდაზმულობის გამო. სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ახალციხის რაიონის გამგეობის 2001წ. 3 დეკემბრის ¹5/2 განკარგულების შესახებ, რომლითაც ნ. ხ.-ი თანამდებობიდან გათავისუფლდა, მოსარჩელისათვის ცნობილი იყო, რომ ამის თაობაზე სიტყვიერად განუმარტა განყოფილების გამგემ ი. კ.-მ, რაც თავადვე აღიარა და განაცხადა. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სსკ-ს 131-ე მუხლის თანახმად ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება, რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებს თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ნ. ხ.-ისათვის ცნობილი იყო გათავისუფლების შესახებ.

სასამართლომ საქართველოს კანონის «საჯარო სამსახურის შესახებ» 127-ე მუხლის პირველ ნაწილზე დაყრდნობით ასევე განმარტა, რომ «მითითებული კანონი არ იცნობს განთავისუფლების შესახებ განკარგულების ჩაბარებიდან ერთი თვის განმავლობაში მისი გასაჩივრების და გაშვებული ვადის საპატიოდ ჩათვლის წესს».

ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ხ.-მ და სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ სასამართლოს მიერ მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო არაა მართებული, რადგან საქართველოს კანონის «საჯარო სამსახურის შესახებ» 127-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების ერთთვიანი ვადა შკკ-ს 204-ე მუხლის შესაბამისად აითვლება გათავისუფლების შესახებ ბრძანების ჩაბარებიდან და არა გამოცემიდან. ნ. ხ.-ი სააპელაციო საჩივარში აგრეთვე მიუთითებს ასევე, რომ გაურკვეველია, როგორ დაადგინეს მისი არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევები, როდესაც აღნიშნულ თანამდებობაზე უკვე 7 წელია მუშაობს და ადმინისტრაციული სახდელი არ დასდებია. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით მისი სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 7 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და უცვლელად დატოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2002წ. 22 ივლისის გადაწყვეტილება. განჩინებას სააპელაციო პალატამ საფუძვლად დაუდო შემდეგი გარემოებანი: საქართველოს კანონის «საჯარო სამსახურის შესახებ» 98-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» პუნქტის შესაბამისად, «მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო». სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი გამგეობის ეკონომიკის განყოფილების გამგის ო. ს.-ის მოხსენებით ბარათზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტი ნ. ხ.-ი ხასიათდება არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევებით; ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ხ.-ისათვის ცნობილი იყო მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე და რომ მან სხვა შესაბამის თანამდებობაზე გადასვლაზე უარი განაცხადა. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს დასკვნა ნ. ხ.-ის სარჩელის ხანდაზმულად მიჩნევის თაობაზე და მიუთითა, რომ რაიონული სასამართლოს მიერ სწორად იქნა გამოყენებული საქართველოს კანონის «საჯარო სამსახურის შესახებ» 127-ე მუხლის პირველი ნაწილი. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ნ. ხ.-ის მოთხოვნები უსაფუძვლოა და უცვლელად დატოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2002წ. 22 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის 2002წ. 7 ოქტომბრის განჩინებას საკასაციო წესით ასაჩივრებს ნათელა ხ.-ი და საჩივარში მიუთითებს, რომ შკკ-ს 204-ე მუხლის მიხედვით, დაინტერესებული მხარისათვის ბრძანების ჩაბარებად ითვლება ბრძანების ხელზე გადაცემა ან ფოსტის საშუალებით გაგზავნა. კასატორმა გათავისუფლების შესახებ განკარგულება აიღო 2002წ. 5 ივლისს, სასამართლოში სარჩელის შეტანის შემდეგ. მართალია, ეუბნებოდნენ, რომ განთავისუფლებული იყო სამსახურიდან, მაგრამ განკარგულებას არ აძლევდნენ. შესაბამისად, განკარგულებას ვერ ასაჩივრებდა იმ მიზეზის გამო, რომ დანამდვილებით არ იცოდა განთავისუფლებული იყო თუ არა, და, თუ გათავისუფლებული იყო, რა საფუძველით. ასევე აღნიშნავს, რომ მისთვის სხვა სამსახური არ შეუთავაზებიათ რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას და მოწინააღმდეგე მხარეს არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია ამ გარემოებების დასადასტურებლად. ამავე დროს მიუთითებს, რომ შრომითი დავა უნდა განხილულიყო სამოქალაქო სამართლის წესით შრომის კანონმდებლობის მიხედვით და არა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად. მოითხოვს რაიონული და საოლქო სასამართლოების გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმებას, ახალი გადაწყვეტილების მიღებას და მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონოდ ცნობას, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდური ხელფასის _ 702 ლარის ანაზღაურებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 7 ოქტომბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორი ნ. ხ.-ი თანამდებობიდან გათავისუფლდა ახალციხის რაიონის გამგეობის 2001წ. 3 დეკემბრის ¹ 51/2 განკარგულებით საქართველოს კანონის «საჯარო სამსახურის შესახებ» 98-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» ქვეპუნქტის საფუძველზე, რის თაობაზეც მას სიტყვიერად განემარტა. აღნიშნულ ფაქტს კასატორი სადავოდ არ ხდის და საკასაციო საჩივარშიც ადასტურებს. კასატორზე, როგორც საჯარო მოსამსახურეზე, ვრცელდება კანონი “საჯარო სამსახურის შესახებ” მოთხოვნები, რომლის 127_ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, «მოხელეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე მოქმედება”, რის გამოც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მას შკკ-ს 204_ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად უნდა ჩაბარებოდა გასაჩივრებული ბრძანება და გასაჩივრების ვადა უნდა ათვლილიყო მისთვის ბრძანების გადაცემის დღიდან, ანუ 2002წ. 5 ივლისიდან, ვინაიდან «საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, «საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით”, ხოლო ამ კანონის 127-ე მუხლი კი არ ითვალისწინებს ბრძანების მოხელისთვის ჩაბარების აუცილებლობას. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას ნ. ხ.-ის სარჩელის ხანდაზმულად მიჩნევის შესახებ და მიაჩნია, რომ სწორედ იქნა გამოყენებელი საქართველოს კანონის “საჯარო სამსახურის შესახებ” 127-ე მუხლის პირველი ნაწილი.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მას სხვა თანამდებობა არ შესთავაზეს. სააპელაციო საჩივრის განხილვისას სასამართლო პროცესზე მან თავად დაადასტურა, რომ გამგეობამ შესთავაზა სხვა შესაბამის თანამდებობაზე გადასვლა, მაგრამ მაშინაც უარი განაცხადა და არც სააპელაციო საჩივრის განხილვის დროს იყო თანახმა შეთავაზებულ წინადადებაზე. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორის მიმართ არ დარღვეულა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 98-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნები.

საკასაციო სასამართლოს აზრით უსაფუძვლოა კასატორის მოთხოვნა, იმის თაობაზე, რომ მისი სარჩელი უნდა განხილულიყო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, შრომითი კანონმდებლობის შესაბამისად შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორი ნ. ხ.-ი “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს წარმოადგენდა, ადმინისტრაციულ ორგანოსთან, ახალციხის რაიონის გამგეობასთან დადებული ჰქონდა ადმინისტრაციული გარიგება _ საჯარო სამართლებრივი ურთიერთობა განუსაზღვრელი ვადით. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, “ადმინისტრაციული გარიგება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ფიზიკურ ან იურდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებულ სამოქალაქო სამართლებრივი გარიგება”. ნ. ხ.-ის მიერ სადავოდ გახდა ახალციხის რ-ნის გამგეობის ¹5/2 განკარგულება, რომელიც თავისი შინაარსით წარმოადგენს კასატორის სამსახურიდან დათხოვნას, ანუ შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტას, ე. ი. ადმინისტრაციული ორგანოს (გამგეობა) მიერ საჯარო შრომითი ურთიერთობის, როგორც ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტის შესახებ ნების ცალმხრივად გამოვლენას. დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული გარიგების _ განუსაზღვრელვადიანი საჯარო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რის გამოც ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” პუნქტის შესაბამისად, კონკრეტული დავა ადმინისტრაციული წესით განსჯად საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს:

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 390-ე, 399-ე, 404-ე, 408-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ხ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 7 ოქტომბრის განჩინება.

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოოლოა და არ გასაჩივრდება.