Facebook Twitter

3გ-ად-504-კ-02 16 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

1999წ. 24 აგვისტოს ს. ჩ-ამ სარჩელი აღძრა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში და მიუთითა, რომ იგი ქ. თბილისში, ...... ¹3 მდებარე ხუთსართულიანი სახლის ბოლო მე-5 სართულზე ცხოვრობდა. 1991-1992წწ. თბილისის ცნობილი მოვლენების (სამოქალაქო ომის) დროს მათი საცხოვრებელი სახლი დაიწვა და იგი ოჯახთან ერთად შესახლებულ იქნა სასტუმროში. მასსა და მის ოჯახზე 1992 წელს ბინის ორდერი იქნა გაცემული, რომელიც მათ უფლებას ანიჭებდა დაეკავებინათ ქ. თბილისში, ..... ქ. ¹1-ში, ბოლო მე-5 სართულზე მდებარე ოთხოთახიანი ბინა. აღნიშნული საცხოვრებელი სახლის მშენებლობა 1992 წელს დაიწყო და იგი ხუთ საცხოვრებელ სართულს ითვალისწინებდა, მაგრამ 1996 წელს დამუშავდა ახალი პროექტი, რომლითაც მითითებულ სახლზე სახელოსნოების დაშენება იქნა გათვალისწინებული. ამასთან, შეიცვალა მისამართიც, ნაცვლად ..... ქ. ¹1-ისა მას ეწოდა ..... ქ. ¹5. მოსარჩელის თქმით, ყოველივე აღნიშნულით გაუარესდა მისი მდგომარეობა, კერძოდ, იგი ნაცვლად ბოლო სართულისა სახელოსნოების ქვემოთ მდებარე სართულზე აღმოჩნდა, დაპატარავდა მისი ბინის ჭერის სიმაღლე, ამასთან, გაუარესდა განათება, სახელოსნოს ღია მანსარდიდან დასველების საშიშროება შეექმნა მის საცხოვრებელ ბინას, გაძვირდა საცხოვრებელი სახლის მშენებლობა და გაგრძელდა მშენებლობის დრო. ამდენად, მოსარჩელემ მოპასუხის _ ქ.თბილისის მერიის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოსაგან ქ. თბილისში, ..... ¹5 მდებარე საცხოვრებელი სახლის პირველი სადარბაზოს მე-5 სართულის კიბის უჯრედის ამაღლება, განათების გაუმჯობესება, მისი საცხოვრებელი ოთახის თავზე სააბაზანოს გაუქმება და აღნიშნული ხარჯების სამმართველოსათვის დაკისრება მოითხოვა. მოსარჩელემ შემდგომში არაერთხელ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები. ს. ჩ-ამ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998წ. 13 მარტის ¹06.18.101 დადგენილების იმ ნაწილის გაუქმება მოითხოვა, რომლითაც სახელოსნოები შემოქმედებით კავშირებს გადაეცათ.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 7 მარტის განჩინებით ს. ჩ-ას სარჩელი, მოპასუხის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს მიერ სამშენებლო ხარვეზების გამოსწორების გამო, წარმოებით შეწყდა, რადგან მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. აღნიშნული განჩინება არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია შესული.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 21 აპრილის გადაწყვეტილებით ს. ჩ-ას სარჩელი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998წ. 13 მარტის ¹06.18.101 დადგენილების ნაწილობრივ გაუქმების თაობაზე უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული ს. ჩ-ას სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ს. ჩ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998წ. 13 მარტის ¹06.18.101 დადგენილების გასაჩივრებული ნაწილი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად. სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე იყო გამოცემული და ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკლვევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა დაავალა. ზიანის ანაზღაურების ნაწილში დავის საგნის გაზრდაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მოსარჩელეს უარი ეთქვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 29 მარტის განჩინებით ს. ჩ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

2002წ. 13 აგვისტოს ს. ჩ-ამ განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 29 მარტის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ მისთვის ცნობილი გახდა ახალი ფაქტი მოსამართლის მიერ საქმის მასალების გაყალბების თაობაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 28 ოქტომბრის განჩინებით ს. ჩ-ას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა საქმის წარმოების განახლების კანონით დადგენილი არცერთი საფუძველი.

მითითებული განჩინება ს. ჩ-ამ საკასაციო წესით გაასაჩივრა და მიუთითა, რომ ზიანის ანაზღაურების თაობაზე მისი სასარჩელო განცხადების გაქრობა მოხდა საქმიდან, თითქოს მას ასეთი მოთხოვნა საერთოდ არ ჰქონია, რითაც, მისი აზრით, საქმის მასალების გაყალბება მოხდა.

კასატორმა, საბოლოოდ, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ს. ჩ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 28 ოქტომბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 421-ე მუხლის I-ლი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განჩინებით ან გადაწყვეტილებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წანამძღვრები.

კერძოდ, 423-ე მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით თუ:

a) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია;

b) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება;

g) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება;

d) სასამართლოს განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა;

e) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ;

ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

სასამართლო კასატორის ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მითითებული ჩამონათვალი ამომწურავია და კანონი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებისათვის სხვა პირობებს არ ითვალისწინებს. აქვე ნიშანდობლივია, რომ ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია ამ მუხლის I ნაწილის “ა-გ” ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით, თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენი, ან თუ სისხლის სამართლის პროცესის დაწყება და ჩატარება ვერ ხორციელდება არა მტკიცებულების უკმარისობის, არამედ რაიმე სხვა მიზეზით. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ რადგან ს. ჩ-ას მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოსამართლეთა მხრიდან ადგილი ჰქონდა საქმის (გადაწყვეტილების) გაყალბებას, არ დასტურდება შესაბამისი სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით. მხოლოდ კასატორის მითითება საქმის გაყალბების თაობაზე არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საქმის წარმოების განახლების საფუძვლად, მითუმეტეს, რომ სააპელაციო სასამართლომ ზიანის ანაზღაურების ნაწილში აპელანტის ს. ჩ-ას მოთხოვნას დავის საგნის გაზრდაზე უარი უთხრა და არ დააკმაყოფილა.

საკასაციო სასამართლო, ამასთან, განმარტავს, რომ სსკ-ს 423-ე მუხლის 1 ნაწილის “ე-ვ” პუნქტში მითითებული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა ახალი გარემოებები და მტკიცებულებები.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას და მის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმის განხილვის დამთავრების შემდგომ არ გამოვლენილა ისეთი ახალი გარემოება, რომელიც სასამართლოსათვის პროცესის მსვლელობის დროს ცნობილი არ ყოფილა, რომელიც მიჩნეულ იქნებოდა ახლად აღმოჩენილად და საქმის წარმოების განახლებას გამოიწვევდა.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ს. ჩ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამრთლოს 2002წ. 28 ოქტომბრის განჩინება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი და სსკ-ს 410-ე და 423-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს. ჩ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 28 ოქტომბრის განჩინება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.