Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-505-კ-02 7 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებების გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი:

ხონის რაიონის სოფ. ...ის სკოლაში მასწავლებლად მუშაობდნენ ბ. ქ-ე, მისი მეუღლე ლ. მ-ე და ნ. ჭ-ე. 1999 წლიდან ლ. მ-ეს დაპირისპირება ჰქონდა ნ. ჭ-ესთან, ასევე ...ის საშუალო სკოლის პედაგოგიურ კოლექტივთან, რაც დროთა განმავლობაში მწვავე კონფლიქტში გადაიზარდა. 2000წ. 22 სექტემბრის ნ. ჭ-ემ განცხადებით მიმართა ხონის რაიონის განათლების განყოფილებას და ითხოვა ემსჯელად სკოლაში შექმნილ სიტუაციაზე. ხონის რაიონის განათლების განყოფილებამ შეისწავლა ბ. ქ-ის საქმიანობა, დაადგინა მის მიერ დიპლომის გაყალბების, პროფესეული წოდების მითვისების, სასწავლო საათების არასწორად განაწილების ფაქტები, სხვა სახის დარღვევები და 2001წ. 2 აპრილს ბ.ქ-ე პირადი განცხადების საფუძველზე გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან, მაგრამ განათლების სამინისტროს წერილის საფუძველზე, იგი ისევ აღადგინეს სკოლის ...ის თანამდებობაზე.

...ის სკოლაში შექმნილი მდგომარეობა ასევე შეისწავლა იმერეთის სასკოლო ოლქის სამმართველომ, რომელმაც განათლების სამინისტროს მიმართა შუამდგომლობით ბ. ქ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. განათლების მინისტრის ბრძანებით ბ. ქ-ე პირადი განცხადების საფუძველზე, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, რის შემდეგაც მან მუშაობა განაგრძო გეოგრაფიის მასწავლებლად.

2002წ. 31 მარტს თვითმკვლელობით სიცოცხლე დაასრულა სკოლის მასწავლებელმა ნ. ჭ-ემ. ამ ფაქტთან დაკავშირებით, ხონის რაიონის განათლების განყოფილებამ წერილით მიმართა კასატორს _ ...ის სკოლის ახალ დირექტორს ნ. ძ-ს და მოსთხოვა ემსჯელათ ბ. ქ-ისა და ლ. მ-ის ...ის საშუალო სკოლაში პედაგოგად მუშაობის მიზანშეწონილობაზე.

...ის სკოლის დირექტორის 2002წ. 4 აპრილის ¹6 და ¹7 ბრძანებებით, შკკ-ს 34-ე მუხლის «ლ” პუნქტის საფუძველზე, სამუშაოდან დაითხოვეს ბ. ქ-ე და ლ. მ-ე.

2002წ. 2 მაისს ბ. ქ-ემ და ლ. მ-ემ სარჩელით მიმართეს ხონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ნ. ძ-ისა და პროფკავშირების თავჯდომარის ნ. მ-ს მიმართ და მოითხოვეს მათი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებების გაუქმება.

სარჩელი არ ცნეს სკოლის დირექტორმა ნ. ძ-მა და პროფკავშირების თავჯდომარე ნ. მ-მ. ხონის რაიონული სასამართლოს 2002წ. 31 მაისის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ხონის რაიონის განათლების განყოფილება, რომელმაც ასევე არ ცნო სარჩელი.

ხონის რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 ივნისის გადაწყვეტილებით ბ. ქ-ისა და ლ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩლეების მიერ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 ოქტომბრის განჩინებით ბ. ქ-ისა და ლ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველად დაუბრუნდა ხონის რაიონულ სასამართლოს. სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს:

1) იმის გათვალისწინებით, რომ მოცემული საქმე ეხება ხონის რაიონის სკოლის დირექტორის ბრძანებების გაუქმებას და რადგან საქმეში მესამე პირად ჩაბმულია ხონის განათლების განყოფილება, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმე განხილული უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების და არა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციულ ორგანოდ ჩაითვლება საჯარო სამართლის იურიდიული პირი და აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას და სკოლაც სწორედ საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირია;

2) ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმე განხილული იყო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, ამიტომ სააპელაციო ინსტანციას მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის არსებითი განხილვისა და გადაწყვეტილების გამოტანის უფლება არა აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ფაქტობრივად შეასრულებს პირველი ინსტანციის რაიონული სასამართლოს ან საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის და არა სააპელაციო პალატის ფუნქციებს, რითაც საქმეში მონაწილე მხარეებს დაეკარგებათ საქმის არსებითად ორ სასამართლო ინსტანციაში განხილვის უფლება. ხოლო სსკ-ს 394-ე მუხლის «ა” პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ საქმე განიხილა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ძ-ის წარმომადგენელმა ზ. ჯ-მა და მისი გაუქმება მოითხოვა შემდეგი მოტივით:

1) კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, ვინაიდან სკოლა ადმინისტრაციული ორგანოა და საჯარო-სამართლებრივ ფუნქციებს ახორციელებს, ამიტომ დავა განხილული უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. კასატორის მითითებით, სკოლა კიდევაც რომ ჩაითვალოს ადმინისტრაციულ ორგანოდ, დავა მაინც სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული, რადგან ადმინისტრაციულ ორგანოსა და მუშაკს შორის შრომითი დავები კერძო-სამართლებრივი ხასიათის დავებია. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ამ სფეროში გამოცემული სამართლებრივი აქტები, მიუხედავად მათი ინდივიდუალური ხასიათისა, კერძო სამართლებრივი (შრომითი) ურთიერთობის მომწესრიგებელი აქტებია, ამიტომ ეს დავები არ შეიძლება მივაკუთვნოთ ადმინისტრაციული წესით განსჯად საქმეს. მოცემულ შემთხვევაში ბ. ქ-ისა და ლ. მ-ის სარჩელი მათი სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანებების გაუქმების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის გაუქმებასთან დაკავშირებულ სარჩელს კი არ წარმოადგენს, არამედ სამუშაოზე აღდგენის შესახებ სასარჩელო მოთხოვნაა და განხილული უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით;

2) კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გაეუქმებინა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, ვინაიდან საპროცესო ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ხონის რაიონული სასამართლოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

ნ. ძ-ის საკასაციო საჩივარი განხილულ იქნა მხარეთა დასწრების გარეშე, თანახმად სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილისა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ძ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 ოქტომბრის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სააპელაციო პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

მოწინააღმდეგე მხარეები ბ. ქ-ე და ლ. მ-ე სასარჩელო განცხადებით ითხოვენ სამსახურიდან მათი გათავისუფლების შესახებ ...ის საშუალო სკოლის დირექტორის 2002წ. 4 აპრილის ¹6, ¹7 ბრძანებების გაუქმებას. საკასაციო პალატა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2002წ. 21 ოქტომბრის განჩინებიდან გამომდინარე, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მოცემული დავის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვის შესახებ და ამ ნაწილში, უსწორობის გამო, ვერ დაეთანხმება კასატორის არგუმენტს, რომ დავა შრომის სამართლებრივი ხასიათისაა და განხილული უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. სსკ-ს მე-11 მუხლი განსაზღვრავს სასამართლოს უწყებრივად დაქვემდებარებულ სამოქალაქო საქმეებს და შესაბამისად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლიც იძლევა სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების რეგლამენტაციას, რომლის მიხედვითაც დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის საჭიროა შემდეგი პირობების არსებობა:

ა) სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან, თანახმად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილისა;

ან ადმინისტრაციული დავის საგანს უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით გათავლისწინებული შემთხვევები;

ბ)სადავო სამართალურთიერთობაში მონაწილე ერთ-ერთი მხარე მაინც უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო;

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეა ...ის საშუალო სკოლა (მისი დირექტორის სახით), რომელიც, როგორც საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი იურიდიული პირი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «ა» პუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს და რადგან დავაში ერთ-ერთ მხარეს, მოპასუხეს, ადმინისტრაციული ორგანო _ სკოლა წარმოადგენს, პროცესუალური სუბიექტების ე.წ. სამართალსუბიექტობის პრინციპის მიხედვით აღნიშნული საქმე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით რეგლამენტირებული სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული დავაა.

...ის საშუალო სკოლის დირექტორის 2002წ. 4 აპრილის სადავო ბრძანებები მოსარჩელეთა სამსახურიდან დათხოვას ანუ მოსარჩელე ფიზიკურ პირებსა და სკოლას, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს, შორის შრომითი სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტას შეეხება. შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა და შრომითი ხელშეკრულება კერძო სამართლებრივი ხასიათის ურთიერთობაა და მისგან წარმოშობილი დავები, სსკ-ს მე-11 მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილებოდა, მაგრამ 2000წ. პირველი იანვრიდან ამოქმედებულმა ზოგადმა ადმინისტრაციულმა კოდექსმა ნოვაციის სახით გაითვალისწინა ახალი სამართლებრივი ინსტიტუტი – “ადმინისტრაციული გარიგება”, თავი V. სახელდობრ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «ზ» პუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული გარიგება არის: «ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი გარიგება».

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში სადავო სამართლებრივი ურთიერთობაა ადმინისტრაციული გარიგება _ ადმინისტრაციულ ორგანოსთან საჯარო სამართლებრივი შრომითი ურთიერთობა, ხოლო დავის საგანია ადმინისტრაციული გარიგების _ საჯარო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა (მოშლა), რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული წესით განსჯად საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება.

ამრიგად, საკასაციო პალატა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მეორე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის საფუძველზე, ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განჩინებას, რომ ქ-ე-მ-ის სარჩელი სამართლებრივად წარმოადგენს სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეს, რომელიც განხილული უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, მაგრამ არ იზიარებს მის მოსაზრებას, არსებითად განსახილველად საქმის რაიონულ სასამართლოში დაბრუნების შესახებ, რადგან სსკ-ს 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატა უფლებამოსილია არ დააბრუნოს საქმე პირველ ინსტანციაში და თავად გადაწყვიტოს საქმე, ვინაიდან მას ამავე კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უფლება აქვს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება შეამოწმოს ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით და თავადვე შეუძლია საქმეზე ფაქტობრივ გარემოებათა დადგენა. ამასთან, სსკ-ს 59-ე მუხლის მე-3 ნაწილი იმპერატიულად აწესებს შრომითი დავების განხილვის ერთთვიან ვადას და დავის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 ოქტომბრის განჩინება და საქმე ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით არსებითად განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე პალატას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 412-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ძ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 ოქტომბრის განჩინება და საქმე ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას;

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.