Facebook Twitter

3გ-ად-506-კ-02 11 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

სარჩელის საგანი: მიწის ნაკვეთის გათავისუფლება სადავო აფთიაქის შენობისაგან, პრივატიზების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

რ. ბ.-მ და გ. მ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართეს მცხეთის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვეს მცხეთის რაიონის სოფ. ...-ში მათი კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან აფთიაქის შენობის გატანა და მითითებული აფთიაქის პრივატიზების გაუქმება.

მოსარჩელეები თავიანთ მოთხოვნას აფუძნებდნენ შემდეგ გარემოებებზე:

1963 წელს ...-ის კოლმეურნეობის საერთო კრების გადაწყვეტილებით მცხეთის რაიონის სოფ. ...-ში მცხოვრებ თ. მ.-ს ჩამოერთვა 0,15 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი და გადაეცა კ. ბ.-ს. მისი გარდაცვალების შემდეგ მიწის ნაკვეთი აღირიცხა მის მეუღლეზე, ლ. ც.-ზე (მოსარჩელე რ. ბ.-ის დედა), რის შემდეგაც ლ. ც.-ს 0,15 ჰა-ის ნაცვლად, გაუხდა 0,25 ჰა მიწის ფართობი.

1973წ. 15 თებერვალს ...-ის სასოფლო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილებით გაუქმდა ლ. ც.-ის კომლი. ლ. ც.-მ გაასაჩივრა აღნიშნული გადაწყვეტილება და მოითხოვა მისი კომლის აღდგენა და შესაბამისად, მიწის უკან დაბრუნებაც, რაზედაც მიიღო უარი. აღნიშნულთან დაკავშირებით, მან მიმართა საქართველოს კპ ცენტრალურ კომიტეტს და ამ უკანასკნელის მიერ შექმნილი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე მცხეთის რაიონის აღმასკომმა 1976წ. 13 მაისის გადაწყვეტილებით ლ. ც.-ს სარგებლობაში დაუტოვა 0,15 ჰა მიწის ნაკვეთი შენობის მიერ დაკავებული ფართობის ჩათვლით.

მითითებული დავის პერიოდში 1973-76 წლებში, ლ. ც.-ის კუთვნილ ნაკვეთში ...-ის მეურნეობის მიერ უკანონოდ და უპროექტოდ ჩაიდგა ოროთახიანი ფინური სახლი, ე.წ. სასტუმრო, რომელშიც 1989 წლიდან ფუნქციონირებდა აფთიაქი.

1984 წელს გარდაიცვალა ლ. ც.-ი.

1995 წელს მეთესლეობის მეურნეობის ბალანსიდან კოტეჯი გადაეცა მცხეთის სააფთიაქო სამმართველოს, ხოლო 1997 წელს მოხდა მისი პირდაპირი წესით აფთიაქის გამგეზე, რ. კ.-ეზე, მიყიდვა.

1994წ. 19 ივლისს მცხეთის რაიონის სახელმწიფო სანოტარო კანტორის მიერ გაიცა მემკვიდრეობის მოწმობა, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე რ. ბ.-ი გახდა დედის, ლ. ც.-ის, კუთვნილი საცხოვრებელი სახლის მემკვიდრე.

მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ აფთიაქი განთავსებული იყო მის მიერ მემკვიდრეობით მიღებული სახლის მიწის ნაკვეთზე, რის გამოც გატანილი უნდა ყოფილიყო მითითებული ნაკვეთიდან იმ საფუძვლით, რომ აფთიაქს არ გააჩნდა ლიცენზია სააფთიაქო საქმიანობაზე, შესაბამისად, უნდა გაუქმებულიყო მითითებული აფთიაქის პრივატიზებაც.

მოპასუხე ...-ის მეთესლეობის მეურნეობამ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეები ვერ ადასტურებდნენ მიწის ნაკვეთის, რომელზედაც აფთიაქი იყო განთავსებული, ლ. ც.-ზე კუთვნილების ფაქტს. აღნიშნულის გამო, ითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

შესაბამისად, სარჩელი არ ცნეს მოპასუხე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მცხეთის რაიონულმა სამმართველომ და მესამე პირმა რ. კ.-ემ, რომელთა განმარტებით, პრივატიზება განხორციელდა კანონიერად და ამდენად, არ არსებობდა მისი გაუქმების საფუძველი.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს: რ. ბ.-სა და გ. მ.-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვათ უარი.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ რ. ბ.-მ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით ითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც დაკმაყოფილდებოდა მისი სარჩელი.

ამასთან, აპელანტმა თბილისის საოლქო სასამართლოში დააზუსტა თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნა და ითხოვა: 1. მისი კუთვნილი მიწიდან სადავო აფთიაქის გატანა; 2. მცხეთის რაიონის სოფ. ...-ის აფთიაქის ნასყიდობის თაობაზე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მცხეთის რაიონულ სამმართველოსა და რ. კ.-ს შორის 1997წ. 13 მარტს გაფორმებული ხელშეკრულებისა და შესაბამისად რ.კ.-ეზე გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის (¹35-15ჰ/მ 08.09.97წ.) ბათილად ცნობა.

აპელანტი თავის მოთხოვნებს ფაქტობრივად აფუძნებდა იმავე გარემოებებზე.

მესამე პირმა რ. კ.-მ სააპელაციო საჩივარი არ ცნო და მიუთითა, რომ ის წარმოადგენდა სადავო აფთიაქის ერთადერთ თანამშრომელს და ისარგებლა რა შრომითი კოლექტივისათვის მინიჭებული შეღავათიანი პირობებით, აფთიაქის შესყიდვა მოახდინა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. ამდენად, არ არსებობდა სადავო აფთიაქის პრივატიზების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 4 აპრილის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში ...-ის მეთესლეობის მეურნეობის ნაცვლად მოპასუხედ მიჩნეულ იქნა სოფ. ...-ის საკრებულო.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: რ. ბ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ბ.-მა.

კასატორის განმარტებით, პალატამ არასწორად მიუთითა, რომ რ.ბ.-მ ვერ წარმოადგინა წერილობითი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის სახელზე მიწის, თუნდაც ნაწილის, საკუთრების უფლებით ფლობის ფაქტს, მაშინ, როდესაც საქმეში წარმოდგენილია მცხეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს 2000წ. 15 აგვისტოს @¹382 ცნობა, სადაც აღნიშნულია, რომ რ. ბ.-ს სოფ. ...-ის მეკომურთა 1992წ. სარეფორმო სიით როგორც ქონების მესაკუთრეს, ეწერა 0,15 ჰა მიწის ნაკვეთი. ამასთან, რ. ბ.-თან გაფორმებულია მიწის მიღება-ჩაბარების აქტი 1998წ. მდგომარეობით და მას საკუთრებაში გადაცემული აქვს 0,09 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელიც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია რ. ბ.-ის სახელზე.

კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომელშიც აღნიშნულია, რომ რ. ბ.-მ სააპელაციო პალატაში ვერ წარადგინა სადავო აფთიაქის პრივატიზების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

კასატორი აღნიშნავს, რომ არსებობს მთელი რიგი საფუძვლები, რომლებითაც სადავო აფთიაქის პრივატიზება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. კერძოდ, დადგენილია, რომ რ. ბ.-ი 1995 წლიდან სასამართლო წესით დავობდა მიწის ნაკვეთიდან სადავო შენობის გატანაზე. დავის პერიოდში, 1997წ. 13 მარტს, განხორციელდა სადავო აფთიაქის პრივატიზება.

კასატორის განმარტებით, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995წ. 16 ივნისის ¹344 დადგენილებით საპრივატიზებო ობიექტი რეგისტრირებული უნდა ყოფილიყო ტექბიუროში სადავო აფთიაქი კი არც ტექინვენტარიზაციის ბიუროში და არც საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ ყოფილა, რადგანაც დადგენილია, რომ განაცხადი მიწის გამოყოფის შესახებ არ ყოფილა და სადავო შენობა 1973 წელს ჩაიდგა უკანონოდ.

კასატორი აღნიშნავს, რომ 1997წ. 13 მარტს, როდესაც გაიყიდა სადავო აფთიაქი, მას არ ჰქონდა ფუნქციონირების უფლება, ხოლო მცხეთის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ მოახდინა აფთიაქის პრივატიზება იმ პირობით, რომ ამ უკანასკნელს არ უნდა შეეცვალა მუშაობის პროფილი.

კასატორი მიუთითებს, რომ სადავო აფთიაქის შენობა იმყოფებოდა სახელმწიფო საწარმოს, სოფ. ...-ის მეთესლეობის მეურნეობის ბალანსზე. ...-ის მეთესლეობის მეურნეობის 1995წ. 2 ოქტომბრის ¹7 ბრძანებით სადავო ამორტიზებული შენობა, რომლის ღირებულებაც მეურნეობის ბალანსზე არ აისახებოდა, გადაეცა მცხეთის სააფთიაქო სამმართველოს, რითაც დაირღვა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 5 მარტის ¹268 დადგენილების მოთხოვნა, რომლითაც სახელმწიფო ქონების ბალანსიდან ბალანსზე გადაცემა შეიძლებოდა მხოლოდ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმებით. აღნიშნულის გამო, სადავო აფთიაქის პრივატიზება არ განხორციელდა კონკურსის ან აუქციონის წესით, ხოლო მცხეთის რაიონის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველო ვალდებული იყო, ერთი თვით ადრე გაეკეთებინა ოფიციალური განაცხადი სადავო შენობის გაყიდვის თაობაზე.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, გარდა ამისა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით იმდენად არასრულად დაასაბუთა, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ეს კი სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ” პუნქტებისა და 394-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად კასაციის საფუძველია.

კასატორმა საკასაციო საჩივრით საკასაციო სასამართლოს სხდომაზე ითხოვა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ საქმეში არ მოიპოვება დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა რ. ბ.-ის სახელზე მიწის, თუნდაც ნაწილის, საკუთრების უფლებით ფლობის ფაქტს.

საქმის მასალებში კი წარმოდგენილია მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების 1998წ. 20 ოქტომბრის ¹593 აქტი, რომლითაც რ. ბ.-ს გადაეცა 0,039 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელიც მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995წ. 16 ივნისის ¹344 დადგენილების თანახმად, რეგისტრირებული იყო, თუ არა სადავო აფთიაქი, როგორც საპრივატიზებო ობიექტი, ტექინვენტარიზაციის ბიუროში ან საჯარო რეესტრში. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტის გამოკვლევა აუცილებელი იყო, რადგანაც სადავო შენობა 1973 წელს უნებართვოდ აშენდა, ხოლო უკანონო ნაგებობის პრივატიზებას იმ დროს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები არ გამოიკვლია სრულყოფილად, რითაც დაირღვა სსკ-ს 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად იმდენად არასრულყოფილად არის დასაბუთებული, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ, ვინაიდან საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ მიიღებს ახალ გადაწყვეტილებას, რის გამოც მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.