გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3გ-ად-507-კ-02 22 მაისი, 2003 წ. ქ. .თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
i. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სს “ბ. ს. კ-მა” სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ქ.თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის და მესამე პირის გამომცემლობა “ს-ს” მიმართ და მოითხოვა ადმინისტრაციული აქტის გამოცემა – საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილებების შეტანა და ქ.თბილისში, ... მდებარე შენობის მესაკუთრის გრაფაში და ამ შენობის 1248 კვ.მ ფართობის მესაკუთრედ გამომცემლობა “ს-ს” აღრიცხვა, ხოლო დანაჩენი 12557 კვ.მეტრი ფართობის მესაკუთრედ სს “ბ. ს. კ-ის” აღრიცხვა.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2000წ. 30 მაისის ¹3გ/ად-48-კ გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა, რომ ქ.თბილისში, ... მდებარე შენობის, რომლის მესაკუთრედ საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით რეგისტრირებულია სს “ბ. ს. კ.”, 1248 კვ.მეტრი ფართობი, არასწორად იყო შესული სს “ბ. ს. კ-ის” საწესდებო კაპიტალში.
აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ აღნიშნული ფართობი 1248 კვ.მეტრი მთლიანი შენობიდან, პირდაპირი მიყიდვის ფორმით მიეყიდა გამომცემლობა “ს-ს” შრომის კოლექტივს.
სს “ბ. ს. კ-მა” ქ.თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტისაგან მიიღო შეტყობინება, რომ რეგისტრატორის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რეესტრის ჩანაწერებში შესაბამისი ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის მიხედვითაც საჯარო რეესტრის სამსახურის მიერ საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილებები უნდა იქნეს შეტანილი არა მარტო შენობის მესაკუთრის გრაფაში, არამედ მიწის მესაკუთრის გრაფაშიც, რაც მოსარჩელეს მიაჩნდა არასწორად, ვინაიდან უზენაესი სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილებით გამომცემლობა “ს-ს” საკუთრების უფლება დაუდგინდა ... მდებარე შენობის საერთო ფართიდან კონკრეტულ _ 1248 კვ.მ ფართობზე და მიწის ნაკვეთის კუთვნილების საკითხი უცვლელად დარჩა, ანუ აღნიშნული გადაწყვეტილებით მიწის ნაკვეთის მესაკუთრის შეცვლა არ განხორციელებულა. ამიტომ მიაჩნდა, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილება უნდა შევიდეს მხოლოდ შენობის მესაკუთრის გრაფაში და გამომცემლობა “ს.” აღირიცხოს ქ.თბილისში, ... მდებარე შენობის 1248 კვ.მ ფართის მესაკუთრედ, ხოლო სს “ბ.ს.კ.” დანარჩენი 12557 კვ.მეტრი ფართობის მესაკუთრედ.
ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს “ბ.ს.კ-ის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საჯარო რეესტრის ჩანაწერში შეტანილი იქნა ცვლილება და ქ.თბილისში, ... განთავსებული შენობის 1248 კვ.მ ფართობის და მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრედ მის საკუთრებაში არსებული შენობის ფართობის შესაბამისად აღირიცხა გამომცემლობა “ს.”.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “ბ.ს.კ-მა”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა, რომლდითაც მისი სარჩელი დაკმაყოფილდებოდა.
აპელანტი მიუთითებდა, რომ რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის სამივე პუნქტის მოთხოვნები.
სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მიუთითა, რომ სარჩელს შენობა-ნაგებობის აღრიცხვის ნაწილში აკმაყოფილებს, ხოლო მიწის ნაკვეთზე მესაკუთრის ჩანაწერის უცვლელად დატოვებაზე კი სარჩელს არ აკმაყოფილებს. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში კი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შესახებ სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება არ დააფიქსირა. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნისგან მნიშვნელოვანი გადახვევით – სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მიუთითა გამომცემლობა “ს-ს” საკუთრებაში არსებული შენობის ფართობის შესაბამისი მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეობაზე, მაშინ როდესაც ასეთი მოთხოვნა არც სარჩელში ყოფილა და არც სამოტივაციო ნაწილში არ არის მითითებული აღნიშნულის შესახებ. მიწის ნაკვეთის კუთვნილებაზე საქართველოს უზენაეს სასამართლოს არ მიუღია გადაწყვეტილება, აღნიშნულზე არც სასარჩელო განცხადებაში ყოფილა მოთხოვნა.
სასამართლომ გამოიყენა სკ-ს 208-ე და 212-ე მუხლები, რომლებიც არეგულირებენ სამართლებრივ ურთიერთობებს მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში, მაშინ როდესაც ურთიერთობა არ ეხებოდა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში მობინადრეთა საკუთრების უფლებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს “ბ.ს.კ-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიცემული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ქ.თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტს დაევალა დაეფიქსირებინა არსებული მდგომარეობა და გამოეცა ადმინისტრაციული აქტი. საჯარო რეესტრის ჩანაწერში შეეტანა ცვლილება და ქ.თბილისში, ... მდებარე შენობის მესაკუთრის გრაფაში, შენობის 1248 კვ.მ ფართობის მესაკუთრედ აღერიცხა გამომცემლობა “ს.”, ხოლო დანარჩენი 12557 კვ.მ ფართობის მესაკუთრედ სს “ბ.ს.კ.”.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გამომცემლობა “ს-მ”.
კასატორი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით სასამართლომ თავისი ინიციატივით ზედმეტად მიაწერა სიტყვები ... “ხოლო მიწის ნაკვეთის მონაცემები დარჩეს უცვლელად”, ვინაიდან ასეთი მოთხოვნა სასარჩელო განცხადებაში არ არის აღნიშნული.
კასატორი აღნიშნავს, რომ მართალია სს “ბ.ს.კ-ის” სასარჩელო მოთხოვნაში არ არის მითითებული რომ “მიწის ნაკვეთის მესაკუთრის მონაცემები დარჩეს უცვლელად”, მაგრამ სს “ბ.ს.კ-ის” სასარჩელო განცხადება, კერძოდ მასში მითითებული საბოლოო მოთხოვნა დაფუძნებული იყო სწორედ ამ გარემოებაზე, მითუმეტეს, რომ საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას თავისი მოთხოვნა აპელანტმა ამ კუთხით დააზუსტა. სააპელაციო საჩივარში იგი პირდაპირ აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის სამსახურის მიერ ადმინისტრაციული აქტის გამოცემასთან ერთად კომბინატი ითხოვს, რომ მონაცემები მიწის ნაკვეთის მესაკუთრის გრაფაში დარჩენილიყო უცვლელად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ სასამართლოს თვითნებურად არ გაუდიდებია სასარჩელო მოთხოვნა და იგი დააფუძნა მოსარჩელის გაცხადებულ სურვილს, რომ მიწის ნაკვეთის კუთვნილების საკითხი დარჩენილიყო უცვლელად.
ასევე არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილები განსხვავდება ერთმანეთისაგან. ვინაიდან სასამართლომ სარჩელი შენობა-ნაგებობების აღრიცხვის ნაწილში დააკმაყოფილა ნაწილობრივ და შენობის 1248 კვ.მ ფართი აღრიცხა გამომცემლობა “ს-ს” სახელზე, ხოლო მოთხოვნა დანარჩენი 12557 კვ.მ ფართობის სს “ბ.ს.კ-ის” მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი სრულიად შეესაბამება შენობა-ნაგებობების აღრიცხვის ნაწილში სასამართლოს დასკვნას სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში.
კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს უფლება არ ჰქონდა სამოტივაციო ნაწილში ემსჯელა არ არსებულ სასარჩელო მოთხოვნაზე “მიწის მესაკუთრედ ვინმეს ცნობის შესახებ და სარეზოლუციო ნაწილში გაეკეთებინა დასკვნა, რომ გამომცემლობა “ს.” აღრიცხულიყო ქ.თბილისში, ... განთავსებული მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრედ მის საკუთრებაში არსებული შენობის ფართის შესაბამისად. აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრის მონაცემების უცვლელად დატოვების შესახებ მოთხოვნა დააყენა თვით სს “ბ.ს.კ-მა” და რაიონულმა სასამართლომაც შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.
კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას იმის შესახებ, რომ ვინაიდან შენობა-ნაგებობების მესაკუთრედ აღრიცხულია მხოლოდ სს “ბ.ს.კ.” ხოლო დღეის მდგომარეობით სასამართლოსათვის უცნობია ამ შენობა-ნაგებობის სხვა მესაკუთრე, გარდა სს “ბ.ს.კ-ისა” და გამომცემლობა “ს-სი”, ამიტომ 12557 კვ.მ უნდა აღირიცხოს სს “ბ.ს.კ-ის” სახელზე და მიუთითებს საქმის მასალებში არსებობს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს და პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახურის სასარჩელო განცხადება, რომლითაც ისინი ითხოვენ საჯარო რეესტრის მონაცემებში ცვლილებების შეტანას იმ კუთხით რომ მხოლოდ 3960 კვ.მ ფართი წარმოადგენს სს “ბ.ს.კ-ის” საკუთრებას, ხოლო დანარჩენი 8597 კვ.მ სახელმწიფოს საკუთრებას.
საკასაციო პალატის მიერ გამომცემლობა “ს-ს” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას წარმოებაში იქნა მიღებული გამომცემლობა “ს-ს” თანამშრომელთა სახელით მთავარი რედაქტორის, ვ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი.
საქმის საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორმა დააზუსტა საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ამ ნაწილში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება. კერძოდ, მოითხოვა ქ.თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტისათვის ქ.თბილისში, ... მდებარე შენობის მესაკუთრის გრაფაში შენობის 1248 კვ.მ ფართის გამომცემლობა “ს-ს” სახელზე აღრიცხვის დავალების ნაწილში ძალაში დატოვება, ხოლო დანარჩენი 12557 კვ.მ ფართის მესაკუთრედ სს “ბ.ს.კ-ის” აღრიცხვის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, დაზუსტებული საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ დაზუსტებული საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ქ.თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტისათვის ქ.თბილისში, ... მდებარე შენობის 12557 კვ.მ ფართის მესაკუთრედ _ აღრიცხვის დავალების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2000წ. 30 მაისის ¹3გ/ად-48-კ გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი გამომცემლობა “ს-სა” და სს “ბ.ს.კ-ს” შორის 1998წ. 28 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულება ფართის გაცვლის შესახებ და დაევალა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ცვლილებები შეეტანა 1999წ. 14 იანვრის ¹1-3/13 ბრძანებაში, ბათილად იქნა ცნობილი ამ ბრძანების მე-3 პუნქტი. აღნიშნული გადაწყვეტილება აღსასრულებლად გაეგზავნა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის სააღსრულებო ბიუროს, საქართველოს სახელმწიფო მიწის მართვის დეპარტამენტს და თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს.
უზენაესი სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ გამომცემლობა “ს-ს” შრომითი კოლექტივის მიერ პრივატიზებლი იქნა ... მდებარე შენობის 1248 კვ.მ ფართი და ამ თართზე 2000წ. 15 ნოემბერს გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹835-პ. გამომცემლობა “ს-ს” შრომითი კოლექტივის სახელზე გაცემულ საკუთრების დამადასტურებელ მოწმობაში მიწის ფართობი მითითებული არ არის, ვინაიდან “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ახორციელებს სახელმწიფო ქონების პრივატიზებას, ხოლო “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე მიწით სარგებლობის დამადასტურებელი საბუთით ჰქონდათ გამოყოფილი მიწის ნაკვეთი ენიჭებოდათ საკუთრების უფლება აღნიშნულ ნაკვეთზე, 1998წ. 1 ოქტომბრისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, ერთ კვადრატულ მეტრზე, ერთჯერადი წლიური გადასახადის ოდენობით გადახდის შემდეგ. სწორედ აღნიშნული კანონის მოთხოვნა გახდა სს “ბ.ს.კ-ის” სახელზე საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერის საფუძველი, როდესაც მიწის ნაკვეთი აღირიცხა ამ უკანასკნელის საკუთრებად.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას რაიონული სასამართლოს მიერ სკ-ს 208-ე და 212-ე მუხლების არასწორად გამოყენების თაობაზე და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმები არეგულირებენ სამართლებრივ ურთიერთობებს ბინის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში, მისი გამოყენება არასაცხოვრებელი ფართის მესაკუთრეების მიმართ უმართებულოა, ვინაიდან მიწის ნაკვეთზე საკუთრების წარმოშობის საფუძველი სპეციალური კანონითაა მოწესრიგებული. საქართველოს უზენაეს სასამართლოს (2000წ. 30 მაისის), ფართის გაცვლილობის ხელშეკრულების ბათილობის სარჩელის განხილვისას, გამომცემლობა “ს-ს” სახელზე მიწის ნაკვეთის მის საკუთრებად აღრიცხვის საკითხი არ განუხილავს, რის გამოც საჯარო რეესტრის რეგისტრატორის მიერ გამომცემლობა “ს-ს” სახელზე შენობის 1248 კვ.მ ფართთან ერთად მიწის ნაკვეთის შესაბამისი ნაწილის აღრიცხვის მითითებაც უმართებულო იყო, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გარდა რეგისტრატორთან წარდგენილი არ ყოფილა სხვა რაიმე დოკუმენტი – ადმინისტრაციული აქტი ან სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ქ.თბილისში, ... მდებარე მიწის ნაკვეთზე (ან მის ნაწილზე) გამომცემლობა “ს-ს” საკუთრებას დაადასტურებდა, რის გამოც გამომცემლობა “ს.” არ წარმოადგენდა მიწის ნაკვეთზე კანონიერი სანივთო უფლების მქონე პირს “რეგისტრაციის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე და ამავე კანონის მე-12 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად რეგსიტრატორს უფლება არ ჰქონდა გაეცა მითითება ქ.თბილისში, ... მდებარე მიწის ნაკვეთის გამომცემლობა “ს-ს” სახელზე აღრიცხვის შესახებ და ამ მიზნით მიეწვია ამ ქონებაზე უფლებამოსილი პირი სს “ბ.ს.კ.”, რამაც საფუძველი დაუდო აღნიშნული დავის წარმოშობას.
საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოთხოვნას სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმების შესახებ, რომლითაც დაევალა მიწის მართვის დეპარტამენტს ქ.თბილისში, ... მდებარე შენობის 12557 კვ.მ ფართზე სს “ბ.ს.კ-ის” მესაკუთრედ აღრიცხვა და განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2000წ. 30 მაისის გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით, ქ.თბილისში, ... მდებარე შენობის მთლიანი ფართი აღრიცხული იყო სს “ბ.ს.კ-ის” სახელზე. უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის მიერ ფართის გაცვლილობის ხელშეკრულების კანონიერების შემოწმებისას ... მდებარე შენობის მთლიანი ფართიდან ამორიცხული იქნა 1248 კვ.მ ფართი და დაევალა თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს განეხორციელებინა შესაბამისი ცვლილებები, ანუ ტექ.პასპორტში 1248 კვ.მ. ფართი აღრიცხულიყო გამომცემლობა “ს-ს” სახელზე. სკ-ს 312-ე მუხლის თანახმად რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამავე კოდექსის 1515-ე მუხლის თანახმად საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ჩამოყალიბებამდე სამოქალაქო კოდექსით ამ სამსახურისათვის დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებდნენ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროები, ანუ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს ჩანაწერების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმცია. ვინაიდან, საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში აღძრული სარჩელით სადავოდ ხდიდა საჯარო რეესტრში სს “ბ.ს.კ-ის” სახელზე შენობის ნაწილის, კერძოდ, 8597 კვ.მ ფართის აღრიცხვას, ამიტომ სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სსკ-ს 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის მოთხოვნით და საქმის განხილვა ამ ნაწილში უნდა შეეჩერებინა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სასარჩელო საქმის გადაწყვეტამდე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გამომცელობა “ს-ს” თანამშრომელთა სახელით მთავარი რედაქტორის – ვ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაიცო პალატის 2002წ. 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება ქ.თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტისათვის საჯარო რეესტრში, ქ.თბილისში, ... მდებარე შენობის მესაკუთრის გრაფაში ცვლილებების შეტანის დავალების თაობაზე და ამ შენობის 1248 კვ.მეტრის ფართის გამომცემლობა “ს-ს” მესაკუთრედ აღრიცხვის ნაწილში დარჩეს უცვლელი., ხოლო დანარჩენი 12557 კვ.მ ფართის მესაკუთრედ სს “ბ.ს.კ-ის” აღრიცხვის ნაწილში გაუქმდეს და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. მხარეთათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებით.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.