3გ-ად-508-კ-02 20 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე,
გ. ქაჯაია
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 4 მაისს სს “ს.-მა” სარჩელით მიმართა საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: ზ. ბ.-ის, ნ. უ.-ს, ზ. ბ.-ის, ა. ნ.-ის, ჟ. ბ.-ს, დ. კ.-ის, გ. ბ.-ის, ა. ა.-ის, ლ. რ.-ისა და ე. გ.-ის მიმართ და მოითხოვა მათი ქ. ბათუმში, ... განთავსებული სს “ს.-ის” კუთვნილი ფართიდან გამოსახლება.
მოპასუხეებმა, თავის მხრივ, 2001წ. 7 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლოში შეიტანეს შეგებებული სარჩელი, რომლის საფუძველზეც მოითხოვეს: აჭარის ა/რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და სს “ს.-ს” შორის არასაცხოვრებელ ფართზე 1999წ. 13 აგვისტოს დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა; აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოსა და ქ. ბათუმის მერიის ყველა იმ დადგენილებების ბათილად გამოცხადება, რომლებიც მიღებულ იქნა აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 1997წ. 12 ივნისის ¹333 დადგენილების შემდგომ და სასამართლო ხარჯების სს “ს.-ისათვის” დაკისრება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 3 ოქტომბრის განჩინებით სს “ს.-ის” სარჩელთან დაკავშირებით შეწყდა საქმის წარმოება იმ მოტივით, რომ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრის შეტანის გზით გაასაჩივრა სს “ს.-ის” დირექტორმა რომელმაც მიუთითა, რომ საქმეზე საქმის წარმოება შეწყდა არაუფლებამოსილი პირის განცხადების საფუძველზე და ითხოვა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 12 მარტის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმესთან ერთად გადაეგზავნა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 2 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა სს “ს.-ის” დირექტორის კერძო საჩივარი, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 3 ოქტომბრის განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
2002წ. 22 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ სსკ-ს 230-ე მუხლზე დაყრდნობით მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც, თავის მხრივ გაუქმდა ამავე სასამართლოს 2002წ. 31 ივლისის განჩინებით და დაინიშნა საქმის არსებითი განხილვა.
2002წ. 4 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო ამჟამად უკვე იმ საფუძველზე მითითებით, რომ მოპასუხემ უარი განაცხადა პროცესში მონაწილეობაზე.
მითითებული გადაწყვეტილება მოსარჩელეთა მხრიდან გასაჩივრდა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში, რომლის 2002წ. 16 ოქტომბრის განჩინებით გაუქმდა ქ. ბათუმის სასამართლოს 2002წ. 4 სექტემბრის განჩინება, 2002წ. 4 სექტემბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვის მიზნით დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ამავე განჩინებით დაკმაყოფილდა აპელანტის კერძო საჩივრის მოთხოვნა და გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 20 სექტემბრის განჩინება სასამართლოს 2002წ. 4 სექტემბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლო მითითებული განჩინების გამოტანისას ძირითადად დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ განსახილველი საქმე განეკუთვნებოდა ადმინისტრაციული კატეგორიის დავას, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის შესაბამისად, ადმინიტსრაციულ წარმოებაში დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და სსკ-ს XXVI თავის დებულებების გამოყენება.
არ დაეთანხმა რა მითითებულ განჩინებას, სს “ს.-ის” დირექტორმა წარმოადგინა საკასაციო საჩივარი, რომლის საფუძველზეც მოითხოვა, გაუქმებულიყო აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებულიყო მათი სარჩელი.
კასატორი თავის მოთხოვნას ძირითადად აფუძნებდა ფაქტობრივ გარემოებებზე და მიუთითებდა რომ სადავო ფართის სს “ს.-ისადმი” კუთვნილების საკითხი დადგენილი და დადასტურებულია არაერთი ადმინისტრაციული აქტითა თუ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით, რაც კასატორის განმატებით, წარმოადგენდა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების უდავო საფუძველს.
მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი იქნა შეგებებული საკასაციო საჩივარი, რომელიც მხარეთა განცხადების საფუძველზე მოხსნილი იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატის 2003წ. 20 ივნისის სხდომაზე და საბოლოოდ, მხარეთა მოთხოვნას წარმოადგენდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო, გაეცნო რა კასაციის საფუძვლებს, მოუსმინა მოწინააღმდეგე მხარის ახსნა-განმარტებებსა და შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება, მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან დასტურდება სს “ს.-ის” სარჩელზე მოპასუხეთა მიერ შეტანილია შეგებებული სარჩელი, რომელშიც სააქციო საზოგადოებასთან ერთად მოპასუხეებად გვევლინებიან ადმინისტრაციული ორგანოები. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა მიმართულია ადმინისტრაციული აქტებისა და ადმინისტრაციული გარიგების ბათილად ცნობისაკენ.
ამდენად, უდავოა, რომ შეგებებული სარჩელის მოთხოვნა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, წარმოადგენს ადმინისტრაციული სასამართლოს განსჯად საქმეს.
სსკ-ს 189-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, შეგებებული სარჩელის წარდგენა შეიძლება სარჩელის წარდგენის შესახებ არსებული წესების დაცვით.
ამავე კოდექსის 183-ე მუხლის შესაბამისად კი მოსამართლე ვალდებულია, სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის განმავლობაში გამოიტანოს განჩინება ამ სარჩელის მიღების შესახებ. სარჩელი მიღებულად მიიჩნევა მისი მიღების შესახებ განჩინების გამოტანის დღიდან, ხოლო თუ აღნიშნულ ვადაში განჩინება გამოტანილი არ იქნება, მაშინ ამ ვადის გასვლის შემდეგ.
ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის სასამართლოს განჩინება შეგებებული სარჩელის წარმოებაში მიღების თაობაზე, ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად, შეგებებული სარჩელი ითვლება წარმოებაში მიღებულად და ექვემდებარება განხილვას.
საყურადღებოა, რომ პროცესუალური თვალსაზრისით შეგებებული სარჩელის ბედი მთლიანად დამოკიდებულია სარჩელზე. საქმეში, წარმოდგენილია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 3 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც სს “ს.-ის” სარჩელთან დაკავშირებით შეწყვეტილ იქნა საქმის წარმოება. აღნიშნული, თავისთავად, განაპირობებდა შეგებებული სარჩელის განუხილველად დატოვებას. მაგრამ ამავე საქმეში, წარმოდგენილია აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 2 აპრილის განჩინება, რომლითაც გაუქმებულ იქნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს. შესაბამისად, საქმის წარმოების განახლებამ გამოიწვია როგორც სარჩელის, ისე შეგებებული სარჩელის განხილვის სავალდებულობა, რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, განეკუთვნება ადმინისტრაციული კატეგორიის დავას.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ა/რ უმაღლესი სასამართლოს მსჯელობას და მიუთითებს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მითითებულ საქმეზე ისე იქნა გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომ ამ უკანასკნელმა მხედველობაში არ მიიღო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის I ნაწილის დებულებები, რომლის შესაბამისადაც, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში არ გამოიყენება სსკ-ს XXVI თავის დებულებები, რაც თავის მხრივ, წარმოადგენს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს.
რაც შეეხება კასატორის მითითებას იმის თაობაზე, რომ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ დაყენებული მოთხოვნა არაერთხელ იქცა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის საგნად, აღნიშნულზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით მოპასუხის მიერ სარჩელზე უარის მიღების ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ, აღნიშნული სსკ-ს 272-ე მუხლის “ბ” პუნქტის საფუძველზე, წარმოადგენს საქმის შეწყვეტის საფუძველს, რომელსაც, თავის მხრივ გააჩნია მიღებისა და გასაჩივრების კანონით დადგენილი პროცედურა.
ყოველივე ზემოაღნიშნული საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მიერ არსებითად სწორად იქნა მიღებული გადაწყვეტილება საქმის საქალაქო სასამართლოში დაბრუნების თაობაზე და, შესაბამისად, არ არსებობს კასაციის დაკმაყოფილების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით, 261-ე მუხლის II ნაწილით, სსკ-ს 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს “ს.-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად იქნეს დატოვებული აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 16 ოქტომბრის განჩინება;
3. საქართევლოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.