3გ-ად-509კ-02 14 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: მარჩენალის დაკარგვის გამო დანიშნული პენსიის 50%-ით მომატება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 8 აპრილს ნ. შ.-მ და ხ. ტ.-მ სარჩელით მიმართეს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ მარჩენალის დაკარგვის გამო პენსიაზე 50%-ის დანამატის დანიშვნის მოთხოვნით შემდეგი საფუძვლით: მოსარჩელეთა შვილი და მეუღლე ლ. შ.-ი დაიღუპა 1993წ. 22 სექტემბერს მიმდინარე საომარ მოქმედებებში ქ. სოხუმში. საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 17 ნოემბრის ¹660 განკარგულებით იგი დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით. 1996წ. 16 ოქტომბრის საქართველოს კანონის “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" 41-ე მუხლის “ა" პუნქტის თანახმად მოსარჩელეებს ეკუთვნით დანამატი პენსიაზე 50%-ის ოდენობით. გარდა ამისა, 1993წ. 21 სექტემბერს ლ. შ.-ს მწყობრის წინაშე გამოეცხადა სამხედრო წოდების “ლეიტანანტი" მინიჭების შესახებ, მეორე დღეს კი გარდაიცვალა, სოცუზრუნველყოფის ფონდისათვის მიმართვის შემდეგ, მათ აუნაზღაურეს ზემდეგისა და ლეიტენანტატის პენსიებს შორის 10 თვის სხვაობა. მოსარჩელეები ითხოვდნენ ლ. შ.-ისათვის “ლეიტენანტის" წოდების მინიჭების დღიდან 2001წ. აპრილამდე პენსიებს შორის სხვაობის ანაზღაურებას.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ ზემოაღნიშნული კანონის 41-ე მუხლის “ა" პუნქტით პენსიაზე 50% დანამატი ეკუთვნით ვახტანგ გორგასლის სამივე ხარისხის ორდენით დაჯილდოებულს და არა ერთ-ერთი ხარისხის ორდენით დაჯილდოებულებს.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 13 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ საქართველოს კანონის “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" 41-ე მუხლი ეხება მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც ვ. გორგასლის სამივე ხარისხის ორდენით არიან დაჯილდოებულნი, ხოლო მოსარჩელის შვილი კი დაჯილდოებული იყო ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით და არა სამივე ხარისხის ორდენითი, რასაც ეს მუხლი ითვალისწინებს. მოსარჩელეთა მეორე მოთხოვნა, რომ მოპასუხე მხარეს მოსარჩელეებისათვის ლ. შ.-ისათვის ლეიტენანტის წოდების მინიჭების დღიდან, ანუ 1993 წლიდან 2000წ. აპრილამდე აენაზღაურებინა მიუღებელი პენსია, სასამართლომ არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ მოსარჩელეს აღნიშნული პენსია დანიშნული აქვს იმ დღიდან, რა დღესაც მან მიმართა საპენსიო ფონდს და პენსიას იღებს ლეიტენანტის წოდების შესაბამისად, ხოლო წინა პერიოდისათვის საპენსიო ფონდი პენსიებს შორის სხვაობას ვერ აანაზღაურებს, რადგან მოსარჩელეს მისთვის არ მიუმართავს.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. შ.-მ და ხ. ტ.-მ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილდა და და ახალი გადაწვეტილებით საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდს დაევალა ლ. შ.-ის ოჯახის წევრებისათვის: ნ., ნა., ო. შ.-ებისა და ხ. ტ.-ისათვის მარჩენალის დაკარგვის გამო პენსიაზე 50% დანამატის ანაზღაურება 1997წ. 17 ნოემბრიდან შემდეგ გარემოებათა გამო:
1. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ რაიონულმა სასამართლომ არასწორად განმარტა 1996წ. 16 ოქტომბრის კანონის “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" 41-ე მუხლის “ა" პუნქტში აღნიშნული ტერმინი “ვახტანგ გორგასლის სამივე ხარისხის ორდენით დაჯილდოებული პირები" მიიჩნია, რომ ამ მუხლით განსაზღვრული დანამატი პენსიაზე ეკუთვნით არა ვ. გორგასლის ერთ-ერთი ხარისხის ორდენით დაჯილდოებულებს, არამედ იმ პირებს, რომლებიც დაჯილდოებული არიან ვ. გორგასლის პირველი, მეორე, მესამე (სამივე ერთად) ხარისხის ორდენებით. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე ნ. შ.-ის შვილი ლ. შ.-ი, რომელიც დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით, ეკუთვნის პენსიონერთა იმ კატეგიორიას, რომელთაც 1996წ. 16 ოქტომბრის კანონის 41-ე მუხლის საფუძველზე ეხებათ პენსიის 50%-ით მომატება, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონმდებელი ცალ-ცალკე არ გამოყოფდა დავით აღმაშენებლის, ვახტანგ გორგასლის, დიდების ორდენებით დაჯილდოებულებს და არ დაუწესებდა მათ სხვადასხვა ოდენობის დანამატს პენსიაზე;
2. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" 1996წ. 16 ოქტომბრის კანონის 42-ე მუხლით იმპერატიულადაა განსაზღვრული, რომ “ამ კანონის 41-ე მუხლის “ა", “ბ", “გ" პუნქტებით დადგენილი მომატება პენსიას ერიცხება ყოველგვარი დანამატისა და სხვა მომატების გარეშე: მარჩენალის დაკარგვის გამო ოჯახის შრომისუუნარო რამდენიმე წევრისათვის, რომელთაც აქვთ პენსიის მომატების უფლება, პენსიის დანიშვნისას აღნიშნული მომატება დაერიცხება ოჯახის ყოველი წევრის კუთვნილ პენსიას".
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმომადგენელმა ი. კ.-მ და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლით:
1. კასატორი თვლის, რომ საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წერილს, რომლის მიხედვითაც ზემოაღნიშნული კანონის 41-ე მუხლის “ა" პუნქტით განსაზღვრული დანამატი შეიძლება დაენიშნოთ იმ პირებს, რომლებიც დაჯილდოებულნი არიან ვახტანგ გორგასლის ერთი-ერთი ხარისხის ორდენოთ. ასეთი განმარტება მცდარია და კანონიერ საფუძველს მოკლებული, გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტს არც ერთი ნორმატიული აქტით არა აქვს მინიჭებული კანონის განმარტების უფლებამოსილება, რის გამოც საოლქო სასამართლოს არ ჰქონდა უფლება გაეზიარებინა იგი და ერთადერთ არგუმენტად გამოეყენებინა თავის გადაწყვეტილებაში.
2. კასატორი აღნიშნავს, რომ 41-ე მუხლის “ა" პუნქტით გათვალისწინებული პირობებითა და ნორმებით საპენსიო დანამატის დანიშვნის უფლებას მოიპოვებენ უშუალოდ ის პირები, რომლებიც დაჯილდოებული არიან ვახტანგ გორგასლის სამივე ხარისხის ორდენით. ნ. შ.-ი და ხ. ტ.-ე წარმოადგენენ ვახტანგ გორგასლის მედლით დაჯილდოებული პირის ლ. შ.-ის ოჯახის წევრებს, რომლებზეც 41-ე მუხლის “ა" პუნქტით გათვალისწინებული დანამატი არ ვრცელდება. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს კანონი “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" ზემოაღნიშნული კატეგორიის პირთათვის (მარჩენალდაკარგულთათვის) ითვალისწინებს სპეციალურ ნორმებს, რომლებსაც დათმობილი აქვს კანონის მე-4 თავი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს კანონის “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" 41-ე მუხლის “ა" პუნქტით განსაზღვრულ პირთა კატეგორიაში, რომელთაც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული პენსია გაუდიდდებათ 50%-ით, მოიაზრებიან ის პირები, რომლებიც დაჯილდოებულნი არიან ვახტანგ გორგასლის ერთ-ერთი ხარისხის ორდენით. შესაბამისად, გარდაცვლილი ლ. შ.-ი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 17 ნოემბრის ¹660-ე ბრძანებულებით დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარიხსის ორდენით, განეკუთვნება აღნიშნული კანონის 41-ე მუხლის “ა" პუნქტში მითითებულ პენსიონერთა კატეგორიას. ამავე დროს საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თავად მოსარჩელეებს ამ საფუძვლით პენსიის მომატების მოთხოვნის უფლება არ გააჩნიათ, რადგან კანონის ეს ნორმა ვრცელდება მხოლოდ ორდენით დაჯილდოებულ კონკრეტულ პირზე და არა მისი ოაჯხის წევრებზე, მათ შორის, მის კმაყოფაზე მყოფ პირებზე. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელელეები პენსიას იღებენ თავდაცვის სამინისტროს ხაზით მარჩენალის _ ლ. შ.-ის დაკარგვის გამო. ამ სახის პენსიის დანიშვნის პირობები და წესი დარეგულირებულია ზემოაღნიშნული კანონის მე-4 თავის მუხლებით, რომლებიც გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის კმაყოფაზე მყოფი ოჯახის წევრებისათვის დანიშნული პენსიის მომატებას აღნიშნული პირობებით არ ითვალისწინებენ.
საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების დაფუძნებას სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის უფროსი სპეციალისტის ნ. კ.-ის ახსნა-განმარტებაზე, ვინიდან ამ უკანასკნელმა მხოლოდ თავისი აზრი გამოთქვა ზემოაღნიშნული კანონის 42-ე მუხლთან დაკავშირებით და ამავე დროს არასწორად განმარტა იგი. მარჩენალის დაკარგვის გამო დანიშნული პენსიის დანამატის დანიშვნას ითვალისწინებს კანონის 35-ე მუხლი, რომლის მოთხოვნებსაც მოსარჩელენი ვერ აკმაყოფილებენ.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს კანონის “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" 41-ე და 42-ე მუხლები, ჩათვალა რა, რომ მათი მოთხოვნები ვრცელდებოდა მოსარჩელეებზე, რის გამოც გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული. აღნიშნული გარემოება კი სსკ-ს 394-ე მუხლის “ე" ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე შესაძლებელია მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რადგან საქმის გარემოებები სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და არ არის საჭირო მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 399-ე, 404-ე და 411-ე მუხლებით,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საოლქო სასმართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. ნ. შ.-ის და ხ. ტ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.