გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-510-კ-02 5 მარტი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: ომის ინვალიდისათვის ორი სახეობის პენსიის ერთდროულად მიღების უფლების მინიჭება და დანამატის დანიშვნა.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 7 ნოემბერს ი. ბ-ემ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა და მოპასუხე საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ვაკე-საბურთალოს რაიონული განყოფილებისაგან ორი სახეობის პენსიისა და პენსიაზე დანამატის დანიშვნა მოითხოვა.
მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში აღნიშნა, რომ არის 85 წლის, სამამულო ომის II ჯგუფის ინვალიდი და ღებულობს პენსიას 45 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის მითითებით, მას, როგორც პენსიონერსა და სამამულო ომის მე-2 ჯგუფის ინვალიდს «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლის თანახმად, ორი სახეობის პენსიის ერთად მიღების უფლება აქვს _ ომის ინვალიდობისა და მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურობისათვის). ამასთან, მას მოხუცებულობის პენსიაზე ორი მინიმალური პენსიის ოდენობით დანამატიც ეკუთვნის. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლზე დააფუძნა.
მოპასუხე _ საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა განყოფილებამ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლი იმ ვეტერანებზე ვრცელდება, რომლებმაც უშუალოდ, ომის შემდგომ პერიოდში გააგრძელეს სამხედრო სამსახური, აქვთ სათანადო წელთა ნამსახურობა, იყვნენ ოფიცრები ომის პერიოდში და დაინვალიდდნენ საბრძოლო მოქმედებების დროს.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 21 მარტის გადაწყვეტილებით ი. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ი. ბ-ემ სააპელაციო წესით თბილისის საოლქო სასამართლოში გაასაჩივრა.
აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონოდ მიიჩნია და მისი გაუქმება მოითხოვა იმ მოტივით, რომ «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” 1996წ. 16 ოქტომბრის საქართველოს კანონის მე-60 მუხლი სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ი. ბ-ე «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” 1996წ. 16 ოქტომბრის საქართველოს კანონით დადგენილი ნორმებით, პირობებითა და წესებით საპენსიო უზრუნველყოფის უფლების მქონე პირთა კატეგორიას განეკუთვნება, რადგან იგი უშუალოდ სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდდა და აკმაყოფილებს ამ კანონის პირველი მუხლის «ბ” ქვეპუნქტის მოთხოვნებს.
ამდენად, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფლდა. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 21 მარტის გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს სიციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ვაკე-საბურთალოს რაიონულ განყოფილებას აპელანტის სასარგებლოდ, ომის მეორე ჯგუფის ინვალიდობის პენსიასთან ერთად მოხუცებულობის პენსიის გაცემაც დაევალა. ამასთან, ი. ბ-ეს მოხუცებულობის პენსიაზე დაწესებული ორი მინიმალური ოდენობის პენსიის დანამატიც დაენიშნა.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა განყოფილებამ იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა.
კასატორის აზრით, საოლქო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, ვინაიდან «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის პირველ მუხლში მართალია გათვალისწინებული არიან ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები, მაგრამ კანონის დანარჩენი არც ერთი მუხლი არ ითვალისწინებს მათზე პენსიების დანიშვნას, რასაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997წ. 4 ნოემბრის ¹1/5/32 გადაწყვეტილებაც ადასტურებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებას და ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 21 მარტის გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას ითხოვს.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ვაკე-საბურთალოს რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ი. ბ-ე არის დიდი სამამულო ომის მონაწილე, სამამულო ომის II ჯგუფის ინვალიდი, ომში ყოფნის დროს დაინვალიდდა და დაუნიშნეს პენსია ინვალიდობის გამო. იგი როგორც ომის მონაწილე და II ჯგუფის ინვალიდი, ღებულობს პენსიას 45 ლარის ოდენობით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ი. ბ-ე არის «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის «ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტი, რადგან აღნიშნული ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით საპენსიო უზრუნველყოფას ექვემდებარებიან: სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილი, საქართველოში მუდმივად მცხოვრები, საქართველოს მოქალაქეობის მქონე, სამხედრო მოსამსახურეები, თადარიგიდან სამხედრო ან სპეციალურ შეკრებებზე გაწვეული პირები (გარდა ოფიცრებისა) და მათი ოჯახის წევრები მარჩენალის დაკარგვის შემთხვევაში.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან ი. ბ-ე ზემოთ მითითებული კანონის პირველი მუხლის «ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადიან სამხედრო მოსამსახურეს (არაოფიცერს) წარმოადგენს, მასზე ამავე კანონის მე-60 მუხლით დადგენილი შეღავათი უნდა გავრცელდეს. კერძოდ უკვე დანიშნულ ომის ინვალიდობის პენსიასთან (45 ლარი) ერთად მას უფლება უნდა მიეცეს, მიიღოს მოხუცებულობის პენსია მასზე დაწესებული ორი მინიმალური პენსიის დანამატით. აღნიშნული მუხლის თანახმად: ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-45 წლების ომში მოპოვებული ოსტორიული გამარჯვების მონაწილეებს და მათთან გათანაბრებულ პირებს, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 75 წელი და ან არიან I და II ჯგუფის ინვალიდები, ეძლევათ ორი სახეობის პენსიის-ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურეობისათვის) ერთდროულად მიღების უფლება. ამასთან, მათ მოხუცებულობის პენსიაზე დაენიშნებათ დანამატი მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997წ. 4 ნოემბრის ¹1/5-32 გადაწყვეტილებაზე დაყრდნობილ კასატორის მოსაზრებას, რომ «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” 1996წ. 16 ოქტომბრის საქართველოს კანონის მე-60 მუხლი ამ კანონის პირველი მუხლის «ა” ქვეპუნქტში ჩამოთვლილ პირებზე (ოფიცრებზე) ვრცელდება, რადგან თვლის, რომ ზემოთ მითითებული კანონის პირველი მუხლის «ბ” ქვეპუნქტი, «ა” ქვეპუნქტისაგან განსხვავებით, იმ სამხედრო მოსამსახურეებს ეხება, რომლებიც ოფიცრები არ არიან და უშუალოდ სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდდნენ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი სსკ-ს 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ვაკე-საბურთალოს რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩეს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.