Facebook Twitter

3გ-ად-511-კ-02 10 აპრილი, 2003 წ., ქ. .თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა და რეალიზებული ქონების დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს 1995წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) ნ. ლ.-ს დაეკისრა 1855 აშშ დოლარის გადახდა ნ. დ...-ის სასარგებლოდ. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე 1996წ. 6 მარტს გაიცა სააღსრულებო ფურცელი და გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების მიზნით, ყადაღა დაედო ნ.ლ.-ის საცხოვრებელ ბინას მდებარე ... დედოფლისწყაროში. 1996წ. 28 მარტს ბინის საჯაროდ გაყიდვის ცნობა გამოქვეყნდა რაიონულ გაზეთ “შირაქში”, 1996წ. 14 ივნისს მოხდა ბინის საჯარო გაყიდვა და ბინა შეიძინა ე.ბ.-მა.

2001წ. 4 დეკემბერს კასატორებმა ე. და ზ. ღ.-ებმა სარჩელი აღძრეს დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში და სკ-ს 170-ე, 172-ე, 187-ე, 413-418-ე მუხლების, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 32-ე მუხლის საფუძველზე, მოითხოვეს აუქციონის შედეგების გაუქმება საცხოვრებელი ბინის 2/3 ნაწილზე, უკანონოდ რეალიზებული მათი წილი საცხოვრებელი ფართის გამოთხოვა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან, შემდეგ გარემოებათა გამო:

მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ აუქციონი ჩატარდა კანონის უხეში დარღვევით. წითელწყაროს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989წ. 14 მარტის ¹99 გადაწყვეტილებით, მოსარჩელეთა დედა – ნ.ლ.-ი დაკმაყოფილდა დედოფლისწყაროში, ... მდებარე სამოთახიანი ბინა ¹2-ით, სამი სულის გათვალისწინებით. 1989წ. 15 მარტს გაიცა ორდერი ¹91, სადაც ოჯახის შემადგენლობაში ნ.ლ.-თან ერთად მოხსენიებული იყვნენ ე. და ზ. ღ.-ებიც. ესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების საფუძველზე, 1993წ. 18 ივნისს ნ.ლ.-მა მოახდინა აღნიშნული ბინის პრივატიზება. ვინაიდან ამ პერიოდისათვის მოსარჩელეები არასრულწლოვნები იყვნენ, ბინის პრივატიზება განხორციელდა დედის _ ნ.ლ.-ის სახელზე. მინისტრთა კაბინეტის ¹107 დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, მოსარჩელეებს მიაჩნდათ, რომ ისინი დედასთან ერთად ბინის თანამესაკუთრეები იყვნენ, რადგან მათ, როგორც სახლის დამქირავებლის ოჯახის წევრებს ჰქონდათ ბინის პრივატიზების უფლება.

მოსარჩელეთა აზრით, დედოფლისწყაროს სააღსრულებო ბიურომ, იმჟამად მოქმედი სკ-ს 413-418-ე მუხლების, ახალი სკ-ს 277-279-ე მუხლების დარღვევით, მოვალის საკუთრებად ჩათვალა საერთო საკუთრების ბინა, იგი გაყიდა ყადაღის დადებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ, აუქციონი უკანონოდ გამოცხადდა ჩატარებულად, რადგან აუქციონი არშემდგარად ითვლება თუ მასში ორ პირზე ნაკლები იღებს მონაწილეობას.

მოპასუხეებმა – დედოფლისწყაროს რაიონის აღმასრულებელმა და ე.ბ.-მა არ სცნო სარჩელი, ხოლო ნ. ლ.-მ სარჩელი ცნო.

დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2001წ. 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების – ე. და ზ. ღ.-ების სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს აღმასრულებლის მიერ 1996წ. 14 ივნისს ჩატარებული დედოფლისწყაროში, ... მდებარე ბინა ¹2-ის საჯარო ვაჭრობა საცხოვრებელი ფართის 2/3 ნაწილში, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მოსარჩელეებს – ე. და ზ.ღ.-ებს დაუბრუნდეთ თავიანთი კუთვნილი – თითოეულს საცხოვრებელი ფართის 1/3 ნაწილი.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე.ბ.-მა და მოითხოვა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ე. ბ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2001წ. 24 დეკემბრის გადაწყვეტილება, ახალი გადაწყვეტილებით დედოფლისწყაროში, ... მდებარე ბინა ¹2-ის მესაკუთრედ ცნობილი იქნა ე.ბ.-ი, ხოლო ე. და ზ. ღ.-ებს განემარტათ, სადავო ბინის 2/3 წილის ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობის შესახებ. სააპელაციო პალატა დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს:

1. სააპელაციო პალატის მითითებით, 1996წ. ივლის-აგვისტოში მოქმედებდა სსკ-ს ძველი რედაქცია, რომლის 420-ე მუხლის მიხედვით, ვაჭრობა შეიძლებოდა სასამართლოს მიერ ცნობილი ყოფილიყო ბათილად, ვაჭრობის დღიდან სამი წლის განმავლობაში, თუ იგი დადგენილი წესების დარღვევით იყო ჩატარებული. “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ ყადაღადადებული ქონება უკვე რეალიზებულია, სარჩელი წარედგინება აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც ქონება გადაეცათ. სასამართლოს აზრით, აღმასრულებელის მიერ საცხოვრებელი სახლის საჯაროდ გაყიდვის შესახებ 1996წ. 14 ივნისის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან სარჩელის სასამართლოში შეტანამდე – 2001წ. 4 დეკემბრამდე გასულია ასევე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის ექვსთვიანი ვადა.

რაც შეეხება სკ-ს 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილს, უძრავი ნივთების შესახებ ახალი წესების გათვალისწინებას და ამავე კოდექსის 129-ე მუხლის I ნაწილს, უძრავ ნივთებთან დაკავშირებით სასარჩელო მოთხოვნების ხანდაზმულობის ექვსწლიან ვადას, სააპელაციო პალატის აზრით, ექვსწლიანი ხანდაზმულობის ვადა კონკრეტულ შემთხვევაში ვრცელდება პრივატიზებულ ბინაზე საკუთრების წილის მოთხოვნის უფლებაზე და არა სასამართლო აღმასრულებელთა მიერ ჩატარებული საჯარო ვაჭრობის ბათილად ცნობაზე. ამიტომ სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ვერ იმსჯელებს საცხოვრებელი სახლის საჯარო ვაჭრობის შესახებ სასამართლოს აღმასრულებლის ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასა და აღმასრულებლის უკანონო მოქმედებაზე.

2. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სასარჩელო მოთხოვნა, პრივატიზებული სახლის უკანონოდ რეალიზებული 2/3 ნაწილის ღ.-ებისათვის დაბრუნების თაობაზე, რადგან ბინის სადავო ფართის ასეთი დანაწილება სააპელაციო პალატამ შეუძლებლად მიიჩნია.

3. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ს 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 129-ე მუხლის პირველი ნაწილი, როდესაც ექვსწლიანი ხანდაზმულობა გაავრცელა აღმასრულებელთა მიერ გამოცემულ აქტზე, რის შედეგადაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, რაც სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე.ბ.-მა ბინის საჯარო ვაჭრობით შეძენისას არ იცოდა, რომ სახლის 2/3 ნაწილი არ ეკუთვნოდა ნ.ლ.-ს, ხოლო დედოფლისწყაროს ტექაღრიცხვის სამსახურში ბინა, როგორც პრივატიზებული, ირიცხებოდა მხოლოდ ნ.ლ.-ის სახელზე. სკ-ს 185-ე მუხლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში გარდა იმ შემთხვევისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. ამდენად, პალატამ ბ.-ი კეთილსინდისიერ შემძენად მიიჩნია და მისი გამოსახლება ბინის სადავო ნაწილიდან დაუშვებელად ჩათვალა. ამასთან პალატამ ღ.-ებს განუმარტა, რომ მათ აქვთ სადავო ბინის 2/3 ნაწილის ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ე. და ზ. ღ.-ებმა, შემდეგი საფუძვლებით მოითხოვეს საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება:

კასატორების მითითებით, სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა და განმარტა სკ-ს 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 129-ე მუხლის I ნაწილი. საჯარო ვაჭრობის შედეგად მყიდველმა ბ.-მ საკუთრების უფლება შეიძინა მათ ბინაზე და საჯარო რეესტრში მესაკუთრედ აღირიცხა აღმასრულებლის მიერ შედგენილი საჯარო ვაჭრობის აქტის საფუძველზე, ე.ი. აქტი ფაქტობრივად ხელშეკრულების ძალის მქონეა, ამიტომ მასზე ხანდაზმულობის ექვსწლიანი ვადა ვრცელდება, რასაც განმარტავს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა 2000წ. 21 აპრილის განჩინებაშიც. რაც შეეხება ბინაში რეალური წილის გამოყოფის შესაძლებლობას, ეს საკითხი ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად უნდა გადაწყდეს. კასატორებმა აღნიშნეს, რომ მათ ბ.-ების ბინიდან გამოსახლების მოთხოვნა არ დაუყენებიათ, თუმცა პალატა გასცდა განსახილველ მთხოვნას და აღნიშნა, რომ ბ.-ების გამოსახლება დაუშვებელია. ადმინისტრაციული წესით საქმეთა წარმოება, კასატორთა აზრით, არ ითვალისწინებს ბინიდან გამოსახლებას, კეთილსინდისიერი მყიდველის სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტისას კი სააპელაციო პალატას არ გაურკვევია, იცოდა თუ არა ე.ბ.-მ ე. და ზ. ღ.-ების არსებობის შესახებ.

საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ ცნო ე.ბ.-მა და მოითხოვა საოლქო სასამართლოს 2002წ. 22 ოქტომბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება. მისი განმარტებით დედოფლისწყაროს ტექბიუროში ნ.ლ.-ი ირიცხებოდა მთელი ბინის მესაკუთრედ. კასატორების მიერ არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ისინი ბინის თანამესაკუთრეები იყვნენ და არ იქნა მითითებული, თუ სამართლის რომელი ნორმის საფუძველზე ეკუთვნით ბინის 2/3 ნაწილი. სკ-ს 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია უძრავი ნივთების შესახებ ახალი წესების გათვალისწინება, თანაც ახალი წესები ეხება მხოლოდ სანივთო (ქონებრივი) უფლებებს და არა აღმასრულებლის მიერ ჩატარებული საჯარო ვაჭრობის ბათილად ცნობას, რისთვისაც სსკ-ს 420-ე მუხლით დადგენილი იყო ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა ვაჭრობის ჩატარების დღიდან.

მხარეთა თანხმობით, ე. და ზ. ღ.-ების საკასაციო საჩივარი განხილულ იქნა მხარეთა დასწრების გარეშე, სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. და ზ. ღ.-ების საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად განსჯადობით გადაეცეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოება, რომ დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს 1995წ. 29 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით კასატორების დედას ნ.ლ.-ს (მოპასუხე) დაეკისრა 1855 აშშ დოლარის გადახდა ნ.დ...-ის სასარგებლოდ, რაზეც 1996წ. 6 მარტს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. დედოფლისწყაროს რაიონის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლებმა დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს 1995წ. 29 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების მიზნით, 1996წ. 14 ივნისს ჩაატარეს აუქციონი, სადაც მოწინააღმდეგე მხარე ე. ბ.-მ შეიძინა კასატორთა დედის ნ. ლ.-ის (მოვალე) სახელზე პრივატიზებული სადავო ბინა, მდებარე დედოფლისწყაროში, ... კასატორები მათი განმარტების მიხედვით, სადავო ბინის აუქციონის წესით საჯაროდ გაყიდვის დროისათვის იყვნენ თბილისში. კასატორმა ე.ღ.-მა სააპელაციო სასამართლოსათვის 2002წ. 22 ოქტომბერს მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ აუქციონზე ბინის გაყიდვის შესახებ მათ გაიგეს თბილისიდან ჩასვლის შემდეგ, 1996წ. ივლისში, ხოლო სარჩელი აუქციონის ბათილად ცნობისა და რეალიზებული ქონების დაბრუნების შესახებ კასატორების მიერ დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში აღძრულია 2001წ. 4 დეკემბერს.

სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ე. და ზ. ღ.-ების სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და თვლის, რომ სააპელაციო პალატამ აღმასრულებლის მიერ ჩატარებული აუქციონის ბათილად ცნობაზე სარჩელის ხანდაზმულობის საკითხის გადაწყვეტისას მართებულად იხელმძღვანელა სადავო აუქციონის ჩატარების დროისათვის მოქმედი სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით, რომელიც იმპერატიულად ადგენდა: “ვაჭრობა შეიძლება სასამართლოს მიერ ბათილად იქნეს ცნობილი ვაჭრობის დღიდან სამი წლის განმავლობაში, თუ იგი ჩატარებულია დადგენილი წესების დარღვევით”. სადავო იძულებითი აუქციონი აღმასრულებლების მიერ ჩატარდა 1996წ. 14 ივნისს, ხოლო სარჩელი და-ძმა ღ.-ებმა აუქციონის ბათილად ცნობის შესახებ სასამართლოში 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადის დარღვევით აღძრეს 2001წ. 4 დეკემბერს, ანუ 5 წლისა და 5 თვის შემდეგ. იმჟამად მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 84-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი სარჩელის წარდგენამდე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა, სარჩელზე უარის თქმის უდავო საფუძველია. ამიტომ საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო აუქციონის ბათილად ცნობის თაობაზე და-ძმა ღ.-ების სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამასთან, საყურადღებოა, რომ დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 1996წ. 27 დეკემბრის განჩინებით კასატორთა დედას ნ.ლ.-ს ასევე უარი ეთქვა სასამართლოს აღმასრულებლის მოქმედების – მისი საცხოვრებელი ბინის საჯარო წესით გაყიდვის გაუქმებაზე სწორედ სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის 443-ე მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრების ვადის გასვლის გამო.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დავის არსიდან და საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, აღმასრულებლის მიერ ჩატარებული იძულებითი აუქციონის (ვაჭრობის) ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის ხანდაზმულობის საკითხის გადაწყვეტისას სააპელაციო პალატამ მართებულად იხელმძღვანელა სადავო აუქციონის ჩატარების დროისათვის მოქმედი სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმით და სწორად მიიჩნია სარჩელი ხანდაზმულად. საკასაციო პალატა თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს სააპელაციო სასამართლოს მიერ ამჟამად მოქმედი სსკ-ს 393-ე მუხლის მეორე ნაწილის ნორმების დარღვევას, სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა სსკ-ს (1964 წ.) 420-ე მუხლი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად არ იხელმძღვანელა ახალი სკ-ს (1997 წ.) 129-ე და 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რადგან აღნიშნული ნორმა ეხება უძრავ ნივთებთან დაკავშირებულ სანივთო (ქონებრივ) უფლებებს, უძრავ ნივთებთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო მოთხოვნებს და არა სასამართლოს აღმასრულებლის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების იძულებითი წესით აღსრულების მიზნით საჯარო ვაჭრობის (აუქციონის) ჩატარების საკითხებს, რომელსაც იმჟამად არეგულირებდა სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის კარი V _ “სააღსრულებო წარმოება”, ხოლო ამჟამად მოწესრიგებულია “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” სპეციალური კანონით.

ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის დარღვევის გამო აუქციონის ბათილობაზე ღ.-ების სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, მაგრამ არ ეთანხმება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილზე სააპელაციო სასამართლოს მითითებას. აღნიშნული ნორმის თანახმად: “სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან 6 თვის ვადაში, ხოლო ნორმატიული აქტის შემთხვევაში – უშუალოდ ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში”.

საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას ამახვილებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის “გ” ქვეპუნქტზე, რომელიც იმპერატიულად მიუთითებს: “ამ კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია სასამართლოს მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებასთან”. აღნიშნულიდან გამომდინარე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებასთან დაკავშირებით სასამართლო აღმასრულებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება (აქტი, ოქმი და ა.შ.) სამართლებრივად არ წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტითა და IV თავით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ამიტომ ღ.-ების სარჩელის ხანდაზმულობის საკითხის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლოს მითითება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილზე უმართებულოა და პალატა ვერ გაიზიარებს. მაგრამ მიუხედავად ამ უსწორობისა, სააპელაციო სასამართლოს მიერ არსებითად სწორად იქნა გადაწყვეტილი იძულებითი აუქციონის ბათილობის შესახებ სარჩელის ხანდაზმულობის საკითხი და აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება. ამიტომ, საკასაციო პალატის აზრით, ე. და ზ. ღ.-ების საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს, თანახმად სსკ-ს 410-ე მუხლისა და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

რაც შეეხება კასატორთა სასარჩელო მოთხოვნას რეალიზებული ქონებიდან თავიანთი 2/3 წილის დაბრუნების შესახებ, საკასაციო პალატა ამ ნაწილში არ იზიარებს საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სარჩელის ხანდაზმულობაზე, რადგან იმჟამად მოქმედი სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის 444-ე მუხლი, სპეციალური ნორმის სახით, ითვალისწინებდა გადაწყვეტილების აღსრულებისას სხვა პირთა უფლებების დაცვას. მითითებული ნორმის მე-2 ნაწილის მიხედვით: “სხვა პირების მიერ განცხადებულ დავას იმ ქონების კუთვნილებასთან დაკავშირებით სამოქალაქო საქმეებზე, რომლიდანაც უნდა მოხდეს გადახდევინება, სასამართლო იხილავდა სასარჩელო წარმოების წესით” ე.ი. კასატორებს იმჟამად მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლით დადგენილ 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადაში უნდა აღეძრათ სარჩელი საცხოვრებელი ბინის 2/3 წილის გამოთხოვაზე. ვინაიდან სკ-ს 75-ე მუხლით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა არ იყო გასული ახალ სკ-ს ამოქმედებისათვის, 1997წ. 25 ნოემბრისათვის, ამ ნაწილში საკასაციო პალატა იზიარებს კასატორთა მოსაზრებას, რომ ამჟამად მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის თანახმად, სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა იქნეს ახალი კოდექსის ნორმები, კერძოდ კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 6-წლიანი ხანდაზმულობის ვადა და ამდენად, სარჩელი ამ ნაწილში არ არის ხანდაზმული.

სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის 444-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და გადამხდევინებელს, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილით, თუ დაყადაღებული ქონება უკვე რეალიზებული იყო, სარჩელი წარედგინებოდა სადავო ქონების შემძენს. იძულებით აღსრულებასთან დაკავშირებით მესამე პირთა ქონებრივი უფლებების დასაცავად იგივე წესია გათვალისწინებული “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” ამჟამად მოქმედი კანონის 32-ე მუხლით, რომლის თანახმადაც მესამე პირის სარჩელი წარედგინება მოვალეს, გადამხდევინებელსა და ქონების შემძენს, დავაში აღმასრულებელი არ არის მოპასუხე, ამიტომ სამართლებრივად ასეთი დავა არ წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეს და იგი, როგორც ფიზიკურ პირებს შორის ქონებრივი დავა, განხილული უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ, რაც კონკრეტულ შემთხვევაში დარღვეულია და ამ ნაწილში საქმე განხილულია არაგანსჯადი სასამართლოს – ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ. ამიტომ იძულებითი აუქციონით რეალიზებული ქონებიდან წილის დაბრუნების ნაწილში საკასაციო პალატა იზიარებს საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად განსჯადობით გადაეცეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 410-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. და ზ. ღ.-ების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება იძულებითი აუქციონის შედეგების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში;

3. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება იძულებითი აუქციონით რეალიზებული ქონებიდან წილის გამოთხოვის ნაწილში და საქმე ამ ნაწილში განსახილველად განსჯადობით გადაეცეს ამავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას;

4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.