Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-512-კ-02 26 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

სარჩელის საგანი: აქტების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 22 ივლისს თბილისის საოლქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ფიზიკურმა პირმა რ. გ-მა მოპასუხეების: საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ ითხოვა:

1. «საქართველოს სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროს დებულების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 17 ნოემბრის ¹670 ბრძანებულებაში ცვლილებებების შეტანის თაობაზე" საქართველოს პრეზიდენტის 2002წ. 23 მაისის ¹255 ბრძანებულების ბათილად ცნობა;

2. «საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2002წ. 19 ივნისის ¹2-88 ბრძანების ბათილად ცნობა;

3. «საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახურის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2002წ. 21 ივნისის ¹2-90 ბრძანების ბათილად ცნობა.

2002წ. 31 ივლისს თბილისის საოლქო სასამართლოს მოსარჩელე რ. გ-მა მიმართა დამატებითი სასარჩელო მოთხოვნით, რომლითაც შეამცირა თავდაპირველი სარჩელი. კერძოდ, მოსარჩელემ განმარტა, რომ აღარ გააჩნდა მოთხოვნა საქართველოს პრეზიდენტის მიმართ. საქმეში მოპასუხედ დარჩა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო.

საქმეში არსებული მასალის თანახმად მოსარჩელე რ. გ-ი 16წ. განმავლობაში მუშაობდა სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახურის ფიტოსანიტარული კარანტინის ...ში.

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 2002წ. 25 თებერვლის ¹15-კ ბრძანებით რ. გ-ი განთავისუფლდა მცენარეთა დაცვის სამსახურის ფიტოსანიტარული კარანტინის ...ის თანამდებობიდან. აღნიშნული ბრძანების საფუძველი გახდა მცენარეთა დაცვის სამსახურის ფიტოსანიტარული კარანტინის სახელმწიფო ინსპექციიას მიერ 1999წ. 1 იანვრიდან 2001წ. 1 ოქტომბრამდე გაწეული მუშაობის თაობაზე საქართველოს კონტროლის პალატის შემოწმების აქტი და სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრისადმი მისი მოადგილის მოხსენებითი ბარათი.

რ. გ-მა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 2002წ. 25 თებერვლის ¹15-კ ბრძანების კანონიერება გაასაჩივრა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში, რომლის 2002წ. 17 ივნისის გადაწყვეტილებითY გასაჩივრებული ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი. რ. გ-ი დაუყოვნებლივ აღდგენილ იქნა მცენარეთა დაცვის სამსახურის ფიტოსანიტარული კარანტინის სახელმწიფო ინსპექციის ...ის თანამდებობაზე. კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა.

მოსარჩელის განმარტებით, ვიდრე რაიონულ სასამართლოში იხილებოდა რ. გ-ის შრომითი დავა სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსთან, ამ უკანასკნელმა შეცდომაში შეიყვანა საქართველოს პრეზიდენტი. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტმა 2002წ. 23 მაისს გამოსცა ¹255 ბრძანებულება «საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დებულების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 17 ნოემბრის ¹670 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე". აღნიშნული ბრძანებულებით ცვლილებები შევიდა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დებულებაში, რომლის თანახმად ფიტოსანიტარული კარანტინის სახელმწიფო ინსპექცია, როგორც სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სტრუქტურული ერთეული, გაუქმდა.

საქართველოს პრეზიდენტის 2002წ. 23 მაისის ¹255 ბრძანებულების შესაბამისად სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 2002წ. 19 ივნისის ¹2-88 და 21 ივნისის ¹2-90 ბრძანებებით დამტკიცდა მცენარეთა დაცვის სამსახურის დებულება ახალი რედაქციით და ამ სამსახურის საშტატო განრიგი, სადაც აღარ იქნა მითითებული მცენარეთა დაცვის სამსახურის ფიტოსანიტარული კარანტინის ...ის თანამდებობა. ამასთან, მიეთითა, რომ მცენარეთა დაცვის სამსახური წარმოადგენს საქართველოს სოფლის მეურენობისა და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას.

მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ბრძანებებით პირდაპირ შეილახა მისი კანონიერი ინტერესები, რაც გამოიხატა მინისტრ დ. კ-ის პირად ამბიციებსა და რ. გ-ის მიმართ დევნის გაგრძელებაში.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ სადავო ბრძანებების რეგისტრაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ვერ დაედებოდა საფუძვლად მათ კანონიერებას. მითითებული ბრძანებები ეწინააღმდეგებოდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 და მე-8 მუხლების მოთხოვნებს.

მოპასუხე სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძვლებით:

1. მოპასუხის მიერ გამოცემული სადავო აქტებით არ დარღვეულა მათი მომზადებისა და გამოცემის წესი, გარდა ამისა, თავისი შინაარსით ისინი არ ეწინააღმდეგებოდნენ იერარქიით უფრო მაღლა მდგომ ნორმატიულ აქტებს;

2. რ. გ-ი სარჩელში ვერ უთითებდა სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველზე;

3. მინისტრს კანონით ჰქონდა უფლება მინიჭებული, ერთპიროვნულად განეხორციელებინა სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო დაწესებულებების რეორგანიზაცია და დაემტკიცებინა ახალი სტრუქტურა. ამდენად, რ. გ-თან დაკავშირებული შრომითი დავა მცენარეთა დაცვის სამსახურში განხორციელებული რეორგანიზაციის დამაბრკოლებელი ფაქტორი ვერ იქნებოდა.

მოპასუხემ ითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელზე უარის თქმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით რ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება რ. გ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით.

კასატორის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტს რომ სცოდნოდა რ. გ-ის შრომითი დავის სასამართლოში წარმოების თაობაზე, იგი 2002წ. 23 მაისის ¹255 ბრძანებულებას არ გამოსცემდა, ხოლო იუსტიციის სამინისტროს რომ სცოდნოდა აღნიშნულთან დაკავშირებით, სადავო აქტების რეგისტრაცია არ მოხდებოდა.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სასამართლო კოლეგიას ზემოთ აღნიშნული საკითხები არ გამოუკვლევია, ფაქტობრივად სარჩელზე არ უმსჯელია, სასარჩელო მოთხოვნების სამართლებრივი დასაბუთება-დაუსაბუთებულობის საკითხების განხილვა არ მომხდარა, რის გამოც გადაწყვეტილების იურიდიული საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ეს კი სსკ-ს 394-ე მუხლის «ე" პუნქტის თანხმად გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.

კასატორმა ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სადავო ბრძანებებით საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს რეორგანიზაცია განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის 2002წ. 23 მაისის ¹255 ბრძანებულების შესაბამისად, კერძოდ, ცვლილება განიცადა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დებულებამ; შეიცვალა სამინისტროს სტრუქტურა; რეორგანიზაცია განიცადა მცენარეთა დაცვის სამსახურმა, რომლის საშტატო განრიგიც დამტკიცდა სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2002წ. 21 ივნისის ¹2-90 ბრძანებით, კასატორმა კი საკასაციო სასამართლოშიც და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოშიც განაცხადა, რომ არ ხდიდა სადავოდ საქართველოს პრეზიდენტის 2002წ. 23 მაისის ¹255 ბრძანებულების კანონიერებას, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნებიც კი შეამცირა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სასამართლო კოლეგიის მოტივაციას, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 2002წ. 19 ივნისის ¹2-88 და 21 ივნისის ¹2-90 ბრძანებები თავისი შინაარსით შეესაბამება საქართველოს პრეზიდენტის 2002წ. 23 მაისის ბრძანებულების მოთხოვნებს და ორივე ბრძანება გამოცემულია საქართველოს პრეზიდენტის აღნიშნული ბრძანებულებისEOშესასრულებლად.

კასატორის განმარტებით, იგი სადავოდ არ ხდის გასაჩივრებული აქტების მიღებისა და გამოცემის წესების კანონიერებას და ამიტომ საკასაციო სასამართლოც აღარ იმსჯელებს ამასთან დაკავშირებით, ხოლო კასატორი ვერ მიუთითებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ ზოგადი კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილითა და 61-ე მუხლით გათვალისწინებული რომელი საფუძველი შეიძლება იქნეს გამოყენებული სადავო აქტებთან მიმართებაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ რ. გ-ს სწორად უთხრა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 18 სექტემბრის გადაწყვეტილება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.