Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-514-კ-02 27 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: სახელფასო დავალიანების სოციალური ანაზღაურების ვალდებულება.

აღწერილობითი ნაწილი:

მოსარჩელე ე. გ-მა 07.05.02წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ განყოფილებას, რომელშიც აღინიშნა, რომ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 08.08.01წ. ¹148 ბრძანებით, განთავისუფლდა კონტროლის პალატის პირველი დეპარტამენტის სამმართველოს ...ის თანამდებობიდან. მოსარჩელემ მოითხოვა განთავისუფლების დროისათვის მიღებული ხელფასის (1998-2000წწ.) _ 858 ლარის და შრომის წიგნაკის გაცემის დაყოვნებისათვის 1599 ლარის მოპასუხეზე დაკისრება.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 02.07.02წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს კონტროლის პალატას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1998-2000წ.წ. მიუღებული ხელფასის დავალიანების ანაზღაურება 800, 26 ლარის ოდენობით. შრომის წიგნაკის მიღების დაყოვნებისათვის 1599 ლარის გადახდევინების ნაწილში სარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

02.07.02წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს კონტროლის პალატის მიერ. აპელანტმა მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლა, ე. გ-ის სახელფასო დავალიანების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის ანაზღაურების დაკისრება. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 09.10.02წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 02.07.02წ. განჩინება. სააპელაციო პალატამ საქმის განხილვის შედეგად დადგენილად მიიჩნია შემდეგი: საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 08.08.01წ. ¹148 ბრძანებით, ატესტაციის შედეგების საფუძველზე, «საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 98.1 მუხლის «ბ" ქვეპუნქტის მიხედვით, ე. გ-ი განთავისუფლდა კონტროლის პალატის პირველი დეპარტამენტის სამმართველოს ...ის თანამდებობიდან. განთავისუფლების დროისათვის მისთვის არ აუნაზღაურებიათ წინა წლებში მიუღებელი ხელფასის თანხა 800,26 ლარის ოდენობით. სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია სარჩელის დაკმაყოფილება მიუღებული ხელფასის გადახდის დაკისრების ნაწილში. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება გადასახდელი თანხის სოლიდარულად საქართველოს ფინანსთა სამინისტროზე დაკისრების შესახებ. პალატამ აღნიშნა, რომ კონტროლის პალატის ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსება არ წარმოადგენს ფინანსთა სამინისტროსათვის სსკ-ს 464-ე მუხლით გათვალისწინებულ სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის საფუძველს.

სააპელაციო პალატის 09.10.02წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს კონტროლის პალატის მიერ, რომელმაც მოითხოვა ფინანსთა სამინიტროსათვის ე. გ-ის სახელფასო დავალიანების თანხის დაკისრება. კასატორი არ ეთანხმება დავალიანების თანხის მხოლოდ კონტროლის პალატისათვის დაკისრებას და აღნიშნავს, რომ საქართველოს კონტროლის პალატა არის საბიუჯეტო ორგანიზაცია, რომლის შენახვა ფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტიდან, მის დაფინანსებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. სახელფასო დავალიანების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს 1998-2000წ.წ. ფინანსთა სამინისტროს მიერ კონტროლის პალატის არასაკმარისი დაფინანსება. «საქართველოს 2002წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონით, საბიუჯეტო ორგანიზაციებში წინა პერიოდში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისათვის, მათ შორის სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად სახელმწიფო სამსახურიდან დათხოვნილ მუშაკთა და მოსამსახურეთა საბოლოო ანგარიშსწორების და სხვა დავალიანებათა დასაფარავად ცენტრალურ ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნა 35 მლნ. ლარის გამოყოფა, რომლის შესრულებაზეც პასუხისმგებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად კონტროლის პალატას ფინანსთა სამინისტროდან არ მიუღია ამ მუხლით გათვალისწინებული დაფინანსება, რის გამო კონტროლის პალატა მოკლებულია 1998-2000 წლებში წარმოქმნილი სახელფასო და სამივლინებო დავალიანებების დაფარვის შესაძლებლობას. საბიუჯეტო ორგანიზაციების მიმართ სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულება წარმოებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სააღსრულებო ფონდის სახსრებით, რაც დამატებით ადასტურებს ე. გ-ის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების თანხების ანაზღაურების მხოლოდ კონტროლის პალატისათვის დაკისრების უკანონობას.

საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება. საკასაციო საჩივარს არ დაეთანხმნენ ე. გ-ი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი, რომელმაც აღნიშნა, რომ დავალიანების თანხის ანაზღაურება უნდა დაეკისროს საქართველოს კონტროლის პალატას, როგორც უშუალო მოვალეს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის მოტივების და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შკკ-ს 96-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო პალატას მართებულად მიაჩნია ე. გ-ის სარჩელის დაკმაყოფილება მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების ნაწილში. ე. გ-ისათვის ხელფასის დავალიანების თანხის ანაზღაურების საჭიროებას კასატორიც აღიარებს. ამასთანავე, საკასაციო პალატა შეუძლებლად თვლის ე. გ-ის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის დაკისრებას. ის გარემოება, რომ საქართველოს კონტროლის პალატა არის საბიუჯეტო ორგანიზაცია, რომლის შენახვა «საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ" კანონის 28-ე მუხლის თანახმად ფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლებიდან არ წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის სკ-ს 464-ე მუხლით გათვალისწინებული სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის საფუძველს. სკ-ს 464-ე მუხლის თანახმად სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. საკასაციო პალატა თვლის, რომ სახეზე არ არის მოვალეთა სიმრავლე ვალდებულებაში, ე. გ-ი შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა საქართველოს კონტროლის პალატასთან და არა ფინანსთა სამინისტროსთან, ვალდებულებითი ურთიერთობები წარმოიშობა ერთმანეთთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ სუბიექტებს შორის, ე. გ-ს არ გააჩნია მოთხოვნის უფლება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსადმი. სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს კონტროლის პალატის დაფინანსება, ფინანსთა სამინისტროს (ისევე როგორც კონტროლის პალატის) უფლებამოსილებანი საბიუჯეტო პროცესის მიმართ თავისთავად არ ქმნის ე. გ-ის წინაშე ფინანსთა სამინისტროს სოლიდარულ ვალდებულებას აანაზღაუროს განაცდური ხელფასის თანხა. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სახელმწიფო ორგანოებს შორის კომპეტენციის გამიჯვნის, მათ მიერ დაკისრებული მოვალეობის სათანადო შესრულების საკითხები განეკუთვნებიან საჯარო და არა კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებს. სუბიექტთა სოლიდარული ვალდებულება უმეტესად დამახასიათებელია სამოქალაქო ბრუნვისათვის, როდესაც ურთიერთობის ერთ მხარეზეა რამდენიმე მოვალე, ხოლო მეორე მხარეს _ კრედიტორი. საქართველოს კონტროლის პალატა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენენ სახელმწიფოს, რომელიც სკ-ს 24-ე მუხლის მიხედვით ურთიერთობაში გამოდის მისი ორგანოების მეშვეობით. ამდენად, ადგილი არ აქვს სოლიდარული პასუხისმგებლობისათვის სავალდებულო მოვალეთა სიმრავლეს ვალდებულებაში. აღნიშნულს არ ცვლის ის გარემოება, რომ «სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ" კანონის 28-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლო აღმასრულებელი სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე კრედიტორის განცხადების მიღებისთანავე მოვალეს _ სახელმწიფო დაწესებულებას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უგზავნის წინადადებას აღსრულების ფონდის სახსრებით გადაწყვეტილების ნაბაყოფლობითი აღსრულების შესახებ. «სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ" კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოების თანამდებობის პირების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულების წესსა და პირობებს. აღნიშნული მუხლი ქმნის ფინანსთა სამინისტროს სააღსრულებო წარმოების და არა უშუალოდ სადავო მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილედ მიჩნევის საფუძველს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. საკასაციო პალატა სსკ-ს 46.2 მუხლის, «სახელმწიფო ბაჟის შესახებ" კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის «ა", «ლ", ,,უ” ქვეპუნქტების საფუძველზე თვლის, რომ კასატორს არ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სსკ-ს 390-ე, 399-ე, 410-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 09.10.02წ. გამჩინება.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.