Facebook Twitter

3გ-ად-515-კ-02 14 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: სამსახურში აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 27 აგვისტოს ი. წ.-მ სარჩელი აღძრა სოხუმის რაიონულ და სამოქალაქო სასამართლოში, რომლის საფუძველზეც მოითხოვა აფხაზეთის ა/რ უშიშროების მინისტრის 29.12.00წ. ¹67-პშ ბრძანების გაუქმება და თავდაპირველ სამუშაოზე აღდგენა.

სარჩელის საფუძველად მხარე მიუთითებდა შემდეგ გარემოებებზე:

იგი 19.03.99 წლიდან მუშაობდა აფხაზეთის ა/რ უშიშროების სამინისტროს უფროსი ოპერატიული თანამშრომლის ანგარიშზე გალის განყოფილებაში. მუშაობის პერიოდში საყვედური ან შენიშვნა არ მიუღია.

2000 წელს შეემთხვა გარკვეული ინციდენტი, რაშიც მისი ბრალი გამოირიცხა, კერძოდ, საქმე არ იქნა აღძრული ჩადენილ ქმედებაში დანაშაულის შემთხვევის არარსებობის გამო. მიუხედავად აღნიშნულისა, უშიშროების სამინისტროს ხელმღვანელობამ მიიჩნია, რომ ი. წ.-ა გათავისუფლებული უნდა ყოფილიყო სამსახურიდან. მოსალოდნელი უსიამოვნების თავიდან აცილების მიზნით, 2000წ. სექტემბერს მოსარჩელემ დაწერა პატაკი და სხვა სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით, მოითხოვა უშიშროების სამსახურის რიგებიდან განთავისუფლება. ხელმძღვანელთა მითითებით პატაკი დათარიღებული იქნა 2000წ. 30 ნოემბრით. ამასთან, პატაკი დაიწერა აფხაზეთის ა/რ მინისტრის სახელზე, რომელიც იმჟამად ჯერ კიდევ არ იყო მითითებულ თანამდებობაზე დანიშნული. 30 ნოემბერი წარმოადგენს საქართველოს უშიშროების სამინისტროს ჩამოყალიბება-დაარსების დღეს და, ამდენად, მოსარჩელის განმარტებით, ამ დღეს სამსახურიდან ნებაყოფლობით წასვლის თაობაზე განცხადების დაწერა და მით უფრო ამ უკანასკნელის ხელმძღვანელობის მხრიდან დაკმაყოფილება _ წარმოუდგენელია.

იმ გარემოებას, რომ ის იძულებითი წესით იქნა სამსახურიდან განთავისუფლებული, მოსარჩელის მითითებით,Gადასტურებდა ის ფაქტიც, რომ მისტვის მხოლოდ სასამართლო წესით გახდა შესაძლებელი სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ მასალების მიღება.

მოპასუხემ, აფხაზეთის ა/რ სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს წამორმადგენელმა, სარჩელი არ ცნო მოსარჩელის მიერ მოყვანილი ფაქტების არარსებობის მოტივით.

სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2001წ. 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. წ.-ს სარჩელის მოთხოვნას უსაფუძვლობით ეთქვა უარი.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ი. წ.-ს წარმომადგენლის ლ. მ.-ს მიერ, რომელმაც სააპელაციო საჩივრის საფუძველზე მოითხოვა სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2001წ. 9 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2001წ. 29 ნოემბრის განჩინებით ი. წ.-ს წარმომადგენლის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2001წ. 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს მიერ საქმე განმეორებით განხილულ იქნა 2002წ. 24 სექტემბერს და მიღებული გადაწყვეტილებით ი. წ.-ს მოთხოვნას აფხაზეთის ა/რ უშიშროების სამინისტროში ოპერატიულ თანამშრომლად (უფროსი ოპერატიული თანამშრომლის ანგარიშზე) აღდგენის შესახებ კვლავ უსაფუძვლობის მოტივით ეთქვა უარი.

არ დაეთანხმა რა მითითებულ გადაწყვეტილებას ი. წ.-მ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც აპელანტმა მოითხოვა სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2002წ. 25 სექტემბრის გადაწყვეტილებიის გაუქმება და მისი სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

1. მოსამართლის მიერ დარღვეულ იქნა სსკ-ს 59-ე მუხლი, ამასთან გაყალბებულ იქნა 2002წ. 27 თებერვლის, 14 მარტისა და 2 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმები;

2. სასამართლომ საქმის განხილვისას არ გამოიყენა «აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი;

3. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კეროდ, სასამართლომ «სამხედრო სამსახურის შესახებ" კანონის 231-ე მუხლის მე-2 პუნქტის «ი" ქვეპუნქტის ნაცვლად გამოიყენა ამავე კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის «თ" ქვეპუნქტი.

4. მოპასუხემ გასაჩივრებული ბრძანებაში შეიტანა ცვლილება, რისი უფლებაც არ გააჩნდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად. სასამართლომ კი თავის მხრივ, არასწორად განმარტა მითითებული მუხლი, რითაც დაარღვია სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ" ქვეპუნქტი;

5. სასამართლომ მტკიცებულებათა მიღება მოახდინა სსკ-ს 215-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით.

მოწინააღმდეგე მხარე არ დაეთანხმა რა სააპელაციო საჩივარს, მოითხოვა სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2002წ. 24 სექტემბრის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

ი. წ.-ს სააპელაციო საჩივარი აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მიერ განხილულ იქნა 2002წ. 13 ნოემბერს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ი. წ.-ს მხრიდან გაშვებული იყო «საჯარო სამსახურის შესაებ" საქართველოს კანონის 127-ე მუხლით დადგენლი სასამართლოსათვის მიმართვის ხანდაზმულობის ერთთვიანი ვადა. ი. წ.-ს სარჩელს აფხაზეთის ა/რ უშიშროების სამინისტროში ოპერატიულ თანამშრომლად აღდგენის შესახებ ეთქვა უარი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებულ იქნა ი. წ.-ს წარმომადგენლის შ. გ.-ის მიერ, სადაც კასატორმა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითა შემედგ გარემოებებზე:

1. აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ არასწორად განმარტა «საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 127-ე მუხლის 1-ლი პუნქტი. კერძოდ, ზემოაღნიშნული ნორმის დისპოზიციაში არ არის დაკონკრეტებული თუ როდიდან უნდა მოხდეს სასამართლოსადმი მიმართვის ერთთვიანი ვადის ათვლა, რის გამოც სასამართლოს განმარტება იმის თაობაზე, რომ ვადის ათვლა უნდა დაიწყოს დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ბრძანების გამოცემიდან-- არასწორია;

2. ვინაიდან «საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი არ აზუსტებს, როდიდან უნდა დაიწყოს სასამართლოსათვის მიმართვის ერთთვიანი ვადის ათვლა, გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს შკკ-ს 204-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომლის თანახმადაც «მუშებსა და მოსამსახურეებს შეუძლიათ მიმართონ შრომის დავის კომისიას სამი თვის ვადაში იმ დღიდან, როცა მათ გაიგეს ან უნდა გაეგოთ თავიანთი უფლებების დარღვევის შესახებ, ხოლო დათხოვნის საქმეთა გამო _ რაიონულ სასამართლოში დათხოვნის ბრძანების ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში";

3. ადმინისტრაციულმა პალატამ სარჩელზე ხანდაზმულობის ვადის გასვლის დადგენით უარი განუცხადა ი. წ.-ს სარჩელის არსებით განხილვაზე, რითაც უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტი;

4. საქმეში არ მოიპოვება დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება ი. წ.-სათვის ბრძანების ჩაბარების ფაქტი;

5. საქმეში არ მოიპოვება დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა ი. წ.-ს მხრიდან ბრძანებისა და თანადართული მასალების თუნდაც სასამართლოში გაცნობის ფაქტს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, კასატორმა მოითხოვა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 13 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვის მიზნით, იმავე სასამართლოსათვის დაბნრუნება.

მოწინააღმდეგე მხარის, აფხაზეთის ა/რ უშიშროების სამინისტროს, წარმომადგენელი საკასაციო საჩივარს არ დაეთანხმა და ითხოვა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 13 ნოემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოუსმინა მხარეთა ახსნა-განმარტებებს და გააანალიზა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო სასამართლო იზიარებს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მსჯელობას და მიიჩნევს, რომ კასატორზე, როგორც უშიშროების სამსახურის ყოფილ თანამშრომლებზე გავრცელებული უნდა იქნეს «საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული დებულებები. კერძოდ, მითითებული კანონის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის «ვ" პუნქტის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს თანამშრომელზე ამ კანონის მოქმედება ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რაიმე არ არის დადგენილი.

სპეციალური კანონი «სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შესახებ" დარღვეულ უფლებათა დაცვის მიზნით ითვალისწინებს სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, მაგრამ აღნიშნული კანონის არც ერთი დებულება არ შეიცავს კონკრეტულ მითითებას სასამართლოსათვის მიმართვის ვადის ათვლის თაობაზე, რაც სასამართლოს აძლევს საფუძველს, მოცემული საკითხის რეგულირების მიზნით გამოიყენოს «საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის შესაბამისადაც, მოხელეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამხურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე მოქმედება.

სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო დადასატურებულად მიიჩნევს და აღნიშნულს არ უარყოფს თავად კასატორიც, რომ მისი სამსახურიდან დათხოვნა მოხდა მისივე 2000წ. 30 ნოემბრის პატაკის საფუძველზე, მითითებული პატაკი რეგისტრირებულია 2000წ. 20 დეკემბერს, ბრძანება გათავისუფლების თაობაზე დაიწერა იმავეწ. 29 დეკემბერს, რის შემდეგაც კასატორს ჩამოერთვა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და აეკრძალა სამინისტროს შენობაში შესვლა.

2001წ. 3 მაისს ი. წ.-ს მიერ სასამართლოში წარდგენილია განცხადება მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ, სადაც განმცხადებელი მიუთითებს, რომ 2000წ. დეკემბრიდან დათხოვნილ იქნა აფხაზეთის ა/რ უშიშროების სამინისტროს რიგებიდან.

სასარჩელო განცხადება აფხაზეთის ა/რ უშიშროების მინისტრის 29.12.00წ. ¹67-პშ ბრძანების გაუქმებისა და სამსახურში აღდგენის თაობაზე ი. წ.-ს მიერ სასამართლოში წარდგენილია 2001წ. 7 აგვისტოს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან «საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი ნაწილი არ ითვალისწინებს სასამართლოსათვის მიმართვის ერთთვიანი ვადის ათვლის მექანიზმს, გამოყენებულ უნდა იქნეს შკკ-ს 204-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც სასამართლოსთვის მიმართვის ვადის ათვლა უნდა მოხდეს გათავისუფლების თაობაზე ბრძანების ჩაბარების მომენტიდან.

საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს «საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის დეფინიციას, რომლის შესაბამისად, საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით, ხოლო ამავე კანონის 127-ე მუხლი არ ითვალისწინებს ბრძანების მოხელისადმი ჩაბარების აუცილებლობას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, ვინაიდან მოცმეულ შემთხვევაში სახეზეა შრომითი ურთიერთობიდან, ანუ ადმინისტრაციული გარიგებიდან გამომდინარე დავა, არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მოთხოვნის წარმოშობის მომენტს და შესაბამისად, გამოყენებულ უნდა იქნეს ხანდაზმულობის ვადის ათვლის სამოქალაქო სამართლით დადგენილი პრინციპები.

სკ-ს 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

ამდენად, კანონმდებელი მოთხოვნის წარმოშობას უკავშირებს იმ მომენტს, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო მისი უფლებების დარღვევის ფაქტი.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხედველობაში არ იქნება მიღებული, რომ ი. წ.-სათვის სამსახურში არდაშვების მომენტიდან ცნობილი გახდა მისი უფლებების შელახვის ფაქტი, კასატორი ვერ შეძლებს საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი მისივე განცხადების გაბათილებას, რომლითაც უდავოდ დასტურდება, რომ 2001წ. 3 მაისს მისთვის ცნობილი იყო სამსახურიდან დათხოვნის ფაქტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მიერ ხანდაზმულობის მოტივით ი. წ.-ს სწორად ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. წ.-ს საკსაციო საჩიავრი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 13 ნოემბრის გადაწყვეტილება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.