Facebook Twitter

3გ-ად-516-კ-02 2 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

გ. ქაჯაია,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: ორი სახეობის პენსიის დანიშვნა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 14 ივნისს ა. ნ-მა სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2001წ. 13 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო დაეყრდნო ქუთაისის სოციალური უზრუნველყოფის ფონდის წარმომადგენლის მ. ჩ-ის ყალბ ჩვენებებს და დასკვნებს, რომელიც ეწინააღმდეგება “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ აღნიშნული მუხლი არ ითვალისწინებს პენსიის გაცემას მხოლოდ მეთაურებზე. გარდა ამისა მისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ არსებობს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის წერილი მოქალაქისადმი, სადაც მითითებულია, რომ მეორე სახეობის პენსია ენიშნებათ ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-45 წლების ომში მოპოვებული გამარჯვების მონაწილეებს, რომელთაც შეუსრულდათ 75 წელი. მას, როგორც ომის ვეტერანს, მეორე ჯგუფის ინვალიდს და 78 წლის ასაკში მყოფს ერგება მეორე სახეობის პენსია.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 6 აგვისტოს განჩინებით ა. ნ-ის მოთხოვნას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 13 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოებით განახლების შესახებ ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს:

სასამართლოს განმარტებით ა. ნ-მა ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარის წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ “ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-42 წლებში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების მონაწილეებისათვის ორი სახეობის პენსიის დანიშვნის შესახებ” კანონის თანახმად, ორი სახეობის პენსია დაენიშნებათ სამამულო ომის მონაწილე და მათთან გათანაბრებულ პირებს, რომლებსაც შეუსრულდათ 75 წელი ან არიან პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდები. ასევე იმავე წერილში ნათქვამია, რომ საქართველოს კონსტიტუციის და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად პარლამენტის კომიტეტს არა აქვს კანონის ოფიციალური განმარტების უფლება. ამდენად დოკუმენტის მტკიცეულებად მიიჩნევა, როგორც ახლად აღმოჩენილი გარემოებისა, არის უსაფუძვლო.

აღნიშნული განჩინება ა. ნ-მა იმავე საფუძვლებით გაასაჩივრა ქუთაისის საოლქო სასამართლოში.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 8 ნოემბრის განჩინებით ა. ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 6 აგვისტოს განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 13 მარტის გადაწყვეტილებით ა. ნ-ის სარჩელი მეორე სახის პენსიის დანიშვნის შესახებ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. მხარეებს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებიათ.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით სსკ-ს 419-ე მუხლით დადგენილია გარემოებები, რომელთა აღმოჩენის შემთხვევაში შეიძლება გასაჩივრდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, ა. ნ-მა თავის განცხადებაში მიუთითა, რომ მისთვის ახალ გარემოებას წარმოადგენს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის პასუხი მოქალაქე ო. ბ-ის მიმართ, რომელსაც ხელს აწერს მისი თავმჯდომარე ზ. ა-ი. აღნიშნული წერილი გაცემულია 2001წ. 4 აპრილის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მაგრამ ეს წერილი საქმის განხილვისას ცნობილი რომც ყოფილიყო, იგი საქმის შედეგზე ვერ იმოქმედებდა, რადგან წერილში ციტირებულია ზემოაღნიშნული კანონის მე-60 მუხლი და აღნიშნულია, რომ ამ კომიტეტის არა აქვს კანონის ოფიციალური (სავალდებულო) განმარტების უფლება. ამავე დროს წერილი გაკეთებულია მოქალაქე ბ-ისადმი მისი მიმართვის პასუხად და მისივე პირობების გათვალისწინებით. რაც შეეხება განცხადებასა და სააპელაციო საჩივარში აღნიშნულ გარემოებას, რომ სასამართლო დაეყრდნო სოცუზრუნველყოფის წარმომადგენლის ყალბ ჩვენებასა და დასკვნას, სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტი ითვალისწინებს მხოლოდ მოწმის ყალბ ჩვენებათა და ექსპერტის ყალბ დასკვნას. ამასთან ამავე მუხლის ნაწილის თანახმად, სიყალბე დადგენილი უნდა იყოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით.

ა. ნ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 8 ნოემბრის განჩინება და მოითხოვა მისი გაუქმება და მისთვის ორი მინიმალური პენსიის 28 ლარის დანიშვნა სარჩელის აღძვრის დღიდან, შემდეგ გარემოებათა გამო:

1. კასატორის განმარტებით იგი არის 78 წლის, სამამულო ომის მონაწილე მეორე ჯგუფის ინვალიდი და იღებს პენსიას 45 ლარის ოდენობით, მისი განმარტებით არსებობს 1996წ. 16 ოქტომბრის კანონი, სადაც აღნიშნულია ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლი პირისათვის ორი სახეობის პენსიის დანიშვნის შესახებ.

2. კასატორის აზრით, საოლქო სასამართლო დაეყრდნო ქუთაისის სოციალური უზრუნველყოფის წარმომადგენლის არასწორ დასკვნას, სადაც ეს უკანასკნელი აღნიშნავდა, რომ პირი უნდა იყოს სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილი და, რომ თითქოსდა ერთი და იგივე სტრუქტურიდან ორი სახეობის პენსიის გაცემა დაუშვებელია, ასეთი რამ კი, კასატორის განმარტებით კანონის მე-60 მუხლში არ წერია.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ნ-ის საკასაციო საჩივრი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 8 ნოემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს უსაფუძვლობის მოტივით კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოცემული საქმისათვის საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტის 2001წ. 30 აპრილის წერილი წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს და აღნიშნავს, რომ მითითებული წერილი კასატორისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას არ გამოიწვევდა.

საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას სოცუზრუნველყოფის წარმომადგენლის ყალბი ჩვენების თაობაზე და განუმარტავს კასატორს, რომ სსკ-ს 423-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენების თაობაზე უნდა არსებობდეს კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენი, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა. ნ-ის მიერ ახლად აღმოჩენილ გარემოებად მითითებული გარემოებები – საქართველოს პარლამენტის კომიტეტის 2001წ. 30 აპრილის წერილი და მოპასუხე მხარის სოცუზრუნველყოფის წარმომადგენლის მიერ სასამართლო პროცესზე ყალბი ჩვენების მიცემა არ წარმოადგენენ სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” და “ვ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გარემოებებს, რადგან არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი სოცუზრუნველყოფის წარმომადგენლის მხრიდან ყალბი ჩვენების მიცემის თაობაზე და მითითებული წერილის სასამართლოზე წარდგენა არ გამოიწვევდა კასატორისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 8 ნოემბრის განჩინებას და მიიჩნევს, რომ არ არსებობს მისი გაუქმების კანონიერი საფუძვლები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით, 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” და “ვ” ქვეპუნქტებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 8 ნოემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.