3გ-ად-517-კ-02 23 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 10 ოქტომბერს შპს “ე-ის” დირექტორმა ზ. გ-ამ სარჩელი აღძრა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და მოპასუხე – ზუგდიდის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ სამაცივრო მეურნეობის შენობა-ნაგებობების პრივატიზაციისას, შპს “ე-ის” სარგებლობაში არსებული სასაწყობო მეურნეობის 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთის შპს “გ-ისათვის” უკანონოდ მიმაგრების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა, ხოლო მოპასუხე – ზუგდიდის მიწის მართვის სამმართველოსაგან მოსარჩელემ “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შპს “ე-ისათვის” გამოყოფილი სადავო 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია მოითხოვა საჯარო რეესტრში.
სარჩელი არ ცნო ზუგდიდის მიწის მართვის სამმართველომ და მიუთითა, რომ ქ. ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონის 1994წ. 17 ნოემბრის გადაწყვეტილებას ვადა გაუვიდა 1995წ. 17 ნოემბერს და სადავო მიწის ნაკვეთი გადავიდა სახელმწიფო საკუთრებაში. 1998 წლიდან მიწის სამართლებრივი რეჟიმის განსაზღვრა რაიონის საკრებულოს პრეროგატივაა, რაც ზუგდიდის რაიონის გამგეობის 2000წ. 29 აგვისტოს დადგენილებაში არ არის გათვალისწინებული. ამასთან, სახელმწიფო მიწა სარგებლობაში ან საკუთრებაში განიკარგება კონკურსის, აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის წესით, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა. ამდენად, მოპასუხის მოსაზრებით, ზუგდიდის რაიონის გამგეობის 2000წ. 29 აგვისტოს ¹28 დადგენილება უკანონოა, თუმცა ზუგდიდის მიწის მართვის სამმართველოს შეგებებული სარჩელი არ დაუყენებია და არც ერთი ზემოთ დასახელებული აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობა არ მოუთხოვია.
მოპასუხე ზუგდიდის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ თავდაპირველად სარჩელი არ ცნო, ხოლო შემდეგ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ 1995წ. 5 ნოემბერს ზუგდიდის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ შპს “გ-ის” დამფუძნებელ ი. ჩ-აზე გაცემულ იქნა საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა ¹...., რის საფუძველზეც მას საკუთრებაში გადაეცა “ზ-ის” სამაცივრო მეურნეობის დანადგარები, რაც შეეხება 3165 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის მიმაგრებას, აღნიშნული განხორციელდა ტექბიუროს მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის ექსპლიკაციის გეგმით სამმართველოსათვის ცნობილი არ იყო ის ფაქტი, რომ სადავო 1500 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი გადაცემული ჰქონდა შპს “ე-ს” და მასზე მშენებლობის ვადა ზუგდიდის რაიონის გამგეობის დადგენილებით გაგრძელებული იყო. აღნიშნული მიწის ნაკვეთის სარგებლობაში ან საკუთრებაში გადაცემის და მასზე მშენებლობის განხორციელების საკითხი ადგილობრივი მმართველობის ორგანოსა და მიწის მართვის სამმართველოს გადასაწყვეტია და ქონების მართვის სამმართველოს ამ საკითხის გადაწყვეტის უფლებამოსილება არ გააჩნდა.
სარჩელი ცნეს მესამე პირებმა _ ზუგდიდის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიულმა სამსახურმა და ზუგდიდის რაიონის გამგეობამ.
შპს “გ-ის” დამფუძნებელმა და დირექტორმა ი. ჩ-ამ განმარტა, რომ სადავო 1500 კვ.მ მეტრი მიწის ნაკვეთი არ შეიძლება ყოფილიყო გამოყოფილი ლუდისა და ხილეული წყლების კომბინატისათვის, რადგან ეს მიწის ნაკვეთი მისი წინაპრების საკუთრება იყო. შპს “ე-ს” 1995 წელს აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე რაიმე უფლება არ გააჩნდა, მითუმეტეს, რომ მას 1995 წელს სასაწყობო მეურნეობის ადგილას ლუდის ბარის მშენებლობა არ დაუწყია, რითაც შეწყდა 1994წ. 14 ნოემბრის გადაწყვეტილების მოქმედება.
შპს “გ-მა” ასევე დამოუკიდებელი მოთხოვნა დააყენა და ზუგდიდის რაიონის გამგეობის 2000წ. 29 აგვისტოს ¹28 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. მისი მოსაზრებით, მასზე 3165 კვ.მ ნაკვეთის მიმაგრება კანონიერად მოხდა, რადგან “ზ-ის” სამაცივრო მეურნეობის პრივატიზაცია მან განახორციელა და ეს ტერიტორიაც “ზ-ის” სამაცივრო მეურნეობას ჰქონდა გამოყოფილი.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 13 ივნისის გადაწყვეტილებით გაზიარებულ იქნა მოსარჩელე შპს “ე-ის” მოსაზრებები და დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 1980წ. 16 იანვარს შპს “ე-ის” წინამორბედ ლუდისა და ხილეული წყლების კომბინატს ზუგდიდის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილებით მართლაც გამოეყო ლუდის ბარის მშენებლობისათვის სადავო 1500 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი და მისთვის ამ მიწის ნაკვეთის ჩამორთმევა დღემდე არ მომხდარა. სასამართლოს გადაწყვეტილებით შპს “ე-ის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ლუდის ბარის მშენებლობისათვის ზუგდიდის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1980წ. 16 იანვრის ¹14 გადაწყვეტილებით გამოყოფილი სასაწყობო მეურნეობის 1500 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის შპს “ე-ის” სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრაციაში გატარება ტექნიკური ნორმების სრული დაცვით, გარდა შპს “გ-ის” მიერ პრივატიზებული სამაცივრო მეურნეობის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, მუშათა მომარაგების განყოფილების საწყობების მხარეს მისასვლელი სატრანსპორტო გზის მოსაწყობად საჭირო ფართობისა, ზუგდიდის მიწის მართვის სამმართველოს დაევალა. ბათილად იქნა ცნობილი ზუგდიდის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ სამაცივრო მეურნეობის პრივატიზაციისას შპს “გ-ზე” სადავო მიწის ნაკვეთის მიმაგრება, გარდა შპს “გ-ის” მისასვლელი გზისა. შპს “გ-ის” დამოუკიდებელი მოთხოვნა ზუგდიდის რაიონის გამგეობის 2000წ. 29 აგვისტოს ¹28 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით იმავე საფუძვლებით გაასაჩივრა მესამე პირმა შპს “გ-მა”. შპს “ე-ს” გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. შპს “გ-ი” სააპელაციო საჩივრით რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას, მისი დამოუკიდებელი მოთხოვნის დაკმაყოფილებასა და დამატებით 1980წ. და 1994წ. მმართველობის ორგანოთა გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას ითხოვდა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001წ. 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა შპს “გ-ის” მოსაზრებები და მისი სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა, გააუქმა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს “ე-ის” სარჩელი არ დააკმაყოფილა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტ შპს “გ-ს” არ ჰქონდა მოთხოვნა სადავო აქტების, მათ შორის ზუგდიდის რაიონის გამგეობის 2000წ. 29 აგვისტოს დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ კანონით დადგენილი წესით დაყენებული, რის გამოც აღნიშნული მოთხოვნა არ განიხილა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით იმავე საფუძვლებით გაასაჩივრა შპს “ე-მა” და დამატებით მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონი, საპროცესო ნორმების დარღვევით არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს და იმსჯელა სადავო მიწის ნაკვეთის საკუთრებად გამოცხადებაზე, რაც თავად აპელანტს არ დაუყენებია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 29 მარტის განჩინებით ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 24 სექტემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოში შპს “გ-ის" წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 13 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითად განსახილველად რაიონულ სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.
შპს “ე-ის” წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 13 ივნისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 18 სექტემბრის განჩინებით შპს “გ-ის” დირექტორის ი. ჩ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს 2002წ. 13 ივნისის გადაწყვეტილება.
მითითებული გადაწყვეტილება შპს “გ-ის" დირექტორის წარმომადგენელმა ლ. ს-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
მოგვიანებით მან საკასაციო საჩივარი დააზუსტა და ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 13 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა იმ მოტივით, რომ ნაცვლად ადმინისტრაციული სამართალწარმოებისა, საქმე სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად განიხილა, რაც მისი გაუქმების საფუძველი იყო.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ შპს “გ-ის” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 18 სექტემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატის მიერ შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებია დადგენილი:
ზუგდიდის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1980წ. 16 იანვრის ¹14 გადაწყვეტილებით შპს “ე-ს” ლუდის ბარის მშენებლობისათვის 1500 კვ.მ მიწის ფართი გამოეყო.
ზუგდიდის რაიონის გამგეობის 1994წ. 17 ნოემბრის სხდომის ¹214 გადაწყვეტილებით შპს “ე-ს” მშენებლობის ვადა გაუგრძელდა, აქვე განისაზღვრა, რომ მშენებლობის დაწყებამდე მას უფლება ჰქონდა გამოყოფილი ნაკვეთი შემოეფარგლა და გამოეყენებინა სასაწყობო დანიშნულებისათვის.
1995წ. 5 ნოემბერს შპს “გ-ის” დირექტორ ი. ჩ-აზე სახელმწიფო ქონების მართვის ზუგდიდის სამმართველოსა და მას შორის გაფორმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარებს აქტის საფუძველზე გაცემულ იქნა საკუთრების მოწმობა ¹..... .
ზუგდიდის რაიონის გამგეობის 2000წ. 29 აგვისტოს ¹28 დადგენილებით ზუგდიდის რაიონის გამგეობის 1994წ. 17 ნოემბრის ¹214 გადაწყვეტილებაში ცვლილება იქნა შეტანილი და ფირმა “ე-ს” ლუდის ბარის მშენებლობისათვის გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ვადა 2003წ. ბოლომდე გაუგრძელდა. ამავე დადგენილებით ზუგდიდის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს აღნიშნული მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში გატარება დაევალა. მიუხედავად ამისა, რაიონის მიწის მართვის სამმართველომ ზუგდიდის რაიონის გამგეობის დადგენილება არ შეასრულა და შპს “ე-ის” დირექტორ ზ. გ-ას აცნობა, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ ი. ჩ-აზე იმავე მიწის ნაკვეთის მიმაგრებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე მას სასამართლოსათვის უნდა მიემართა.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორად განმარტა იგი და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლო კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის.
ზემოთქმული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ ზუგდიდის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის მიერ 1980 წ. 16 იანვრის ¹214 დადგენილება ზუგდიდის ლუდისა და ხილეული წყლების საწარმო კომბინატისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ კანონით დადგენილ წესით იქნა გაცემული, რადგან სსრ მიწის კოდექსის მე-40 მუხლი განსაზღვრავდა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ოჯახებისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის წესს, კერძოდ, აღნიშნულს ახორციელებდა აღმასკომი თავისი გადაწყვეტილებით. ამდენად, სააპელაციო პალატამ სწორად მიიჩნია, რომ შპს “ე-ს” მიწის ნაკვეთი სარგებლობაში კანონით დადგენილი წესით ჰქონდა გადაცემული.
სააპელაციო პალატამ აქვე მართებულად მოიხმო ამავე კოდექსის ნორმები იმასთან დაკავშირებით, რომ მიწათსარგებლობის უფლება შეწყდებოდა იმ ორგანოს გადაწყვეტილებით, რომელმაც გასცა იგი და განმარტა, რომ რადგან აღმასკომს არ მიუღია გადაწყვეტილება ლუდისა და ხილეული წყლების საწარმო კომბინატისათვის და არც შესაბამისად, მის სამართალმემკვირე შპს “ე-ისათვის” გამოყოფილი 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლების შეწყვეტის თაობაზე, იგი კვლავ მას ეკუთვნის და სარგებლობის უფლება არ დაუკარგავს.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საოლქო სასამართლომ მართებულად მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ 1994წ. 17 ნოემბერს, ხოლო შემდგომ 2000წ. 20 აგვისტოს ზუგდიდის გამგეობამ შპს “ე-ს” გაუგრძელა არა მიწათსარგებლობის, არამედ მშენებლობის ვადა. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ მიუხედავად აღნიშნული დადგენილებების მიღებისა, შპს “ე-ი" მაინც დარჩებოდა სადავო მიწის ნაკვეთის კანონიერ მოსარგებელად, ვიდრე არ მოხდებოდა მითითებული უფლების კანონით დადგენილი პროცედურით გაუქმება.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს საოლქო სასამართლოს განმარტებას საჯარო რეესტრში შესაბამისი ჩანაწერის თაობაზე შპს “ე-ის" მოთხოვნის კანონიერების შესახებ.
საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს შპს “გ-ის” მოთხოვნას და მიიჩნევს, რომ ქონების მართვის სამმართველოსა და მას შორის გაფორმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება მიწის ფართის თაობაზე არ უნდა შეხებოდა უკვე სარგებლობის უფლებით შპს “ე-ზე" გაცემული 1500 კვ.მ ფართს, რომელიც შპს “გ-ზე გაცემულ 3165 კვ.მ ფართში შედიოდა, რადგან ხსენებულ მიწაზე სარგებლობის უფლება შპს “ე-ს" ჩამორთმეული ან შეწყვეტილი არ ჰქონია, რაც უკვე სარგებლობით გაცემულ მიწის ნაკვეთის ხელმეორედ განკარგვას წარმოადგენდა და არაკანონიერი იყო. თუმცა აქვე ნიშანდობლივად უნდა იქნეს მიჩნეული ის გარემოება, რომ შპს “გ-ისათვის" მისასვლელი გზა სადავო გზის ხარჯზე უნდა მოეწყოს, რადგან სხვა რეალური შესაძლებლობა მისასვლელი გზის მოწყობისა არ არსებობს.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ საქმე განხილულ იქნა არა ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით, არამედ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, რაც უნდა გაეთვალისწინებინა საოლქო სასამართლოს და გაეუქმებინა იგი, როგორც კანონდარღვევით მიღებული. ამასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ფაქტი საქმის მასალებით ვერ მტკიცდება, სასამართლოს 2001წ. 13 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული აქვს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ის ნორმები, რომლებითაც საქმის განხილვისას იხელმძღვანელა. ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, მითითებული მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს შპს “გ-ის” საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 18 სექტემბრის განჩინების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი და სსკ-ს 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “გ-ის" საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 18 სექტემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.