Facebook Twitter

3გ-ად-518-კ-02 27 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: საპენსიო შეღავათის დანიშვნა.

აღწერილობითი ნაწილი:

კასატორი მ. გ.-ი, დაბადებულია 1922 წელს, არის 1941-1945 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილე, ფრონტზე მიღებული ჭრილობების გამო, მინიჭებული აქვს II ჯგუფის ინვალიდობა და იღებს ინვალიდობის პენსიას 45 ლარის ოდენობით.

2002წ. 17 ივნისს მ.გ.-მ სარჩელი აღძრა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ინვალიდობისათვის დანიშნული პენსიასთან ერთად მოითხოვა საპენსიო შეღავათები, მოხუცებულობის გამო პენსიის – 14 ლარის, მოხუცებულობის პენსიაზე დანამატის სახით 28 ლარის, სულ 87 ლარის დანიშვნა, ამასთან განაცდური პენსიის სახით, 1997წ. პირველი იანვრიდან 2002წ. პირველ ივნისამდე, 65 თვეზე მოსარჩელემ მოითხოვა 2730 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ,,სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლის თანახმად, მას აქვს ომის ინვალიდობისა და მოხუცებულობის გამო ორი სახის პენსიის მიღების უფლება, მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის დანამატით, რაზეც სოცუზრუნველყოფის ფონდის ზესტაფონის განყოფილება უკანონოდ ეუბნება უარს.

მ.გ.-ის სარჩელი არ ცნო მოპასუხე სოცუზრუნველყოფის ზესტაფონის განყოფილებამ და აღნიშნა, რომ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით საპენსიო უზრუნვეყოფას ექვემდებარებიან საქართველოს სამხედრო ძალებიდან, საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებიდან, შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უშიშროების ორგანოების სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი, საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე ოფიცრები, ზევადიანი ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში ხელშეკრულებით მიღებული სამხედრო მოსამსახურეები. რაც შეეხება მე-60 მუხლით გათვალისწინებული ორი სახეობის პენსიის დანიშვნის უფლებას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997წ. 4 ნოემბრის გადაწყვეტილების თანახმად, ორი სახის პენსიის მიღების უფლება ენიჭებათ მხოლოდ ომის მონაწილე ოფიცერთა შემადგენლობას, რომლებსაც შეუსრულდათ 75 წელი, ან არიან I და II ჯგუფის ინვალიდები. რადგან მ.გ.-ი არ განეკუთვნება სამხედრო სამსახურიდან გადამდგარ, თადარიგში დათხოვნილ ოფიცერთა შემადგენლობას, ამიტომ არ არსებობს მისთვის მეორე სახის პენსიის დანიშვნის საფუძველი. ამასთან, ერთსა და იმავე ორგანიზაციაში ორი სახის პენსია არ შეიძლება დაინიშნოს.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 ივლისის გადაწყვეტილებით მ.გ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. სოცუზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის განყოფილებას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პენსიის სახით ყოველთვიურად 87 ლარის, ასევე მიუღებელი საპენსიო დანამატის – 2730 ლარის გადახდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა სოცუზრუველყოფის ფონდის ზესტაფონის განყოფილებამ და მოითხოვა მისი გაუქმება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით სოცუზრუნველყოფის განყოფილების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 1997წ. 4 ნოემბრის ¹1/5/32 გადაწყვეტილებით განმარტა, რომ “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონით საპენსიო უზრუნველყოფას ექვემდებარებიან და შესაბამისად მე-60 მუხლში მითითებული შეღავათები ვრცელდება სამხედრო და შს ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ, საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებზე, რომლებმაც ომის შემდეგ გააგრძელეს სამხედრო სამსახური, აქვთ ოფიცერის წოდება და სათანადო წელთა ნამსახურობა. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ.გ.-ი 75 წელს გადაცილებულია, არის სამამულო ომის მონაწილე, II ჯგუფის ინვალიდი, მაგრამ ომის დამთავრების შემდეგ სამხედრო სამსახური არ გაუგრძელებია და მაშასადამე, არც წელთა ნამსახურობა აქვს. საქმეში არსებული ცნობის მიხედვით, მ.გ.-მ 1956 წელს დაამთავრა სამთვიანი მოსამზადებელი შეკრება და ატესტაციით მიეკუთვნა უმცროსი ტექნიკ-ლეიტენანტის წოდება, რაც სააპელაციო სასამართლოს აზრით, არ წარმოადგენს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული მეორე სახის პენსიის დანიშვნის საფუძველს. ზესტაფონის რაიონის სამხედრო კომისარიატის 2002წ. 3 აგვისტოს ცნობის თანახმად, მ.გ.-ის ოფიცრის პირადი საქმე კომისარიატში არ ინახება. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მ.გ.-ი არ იყო ოფიცერი და მასზე ამ თვალსაზრისითაც არ ვრცელდებოდა კანონის მე-60 მუხლის შეღავათი. კანონით საპენსიო უზრუნველყოფას ექვემდებარებიან თადარიგში დათხოვნილი პირები, მ.გ.-ი კი თადარიგში დათხოვნილ პირთა კატეგორიას არ ეკუთვნის. მისივე განმარტებით ომში იგი ჯარისკაცი იყო, ომის შემდეგ არ უმუშავია არც თავდაცვის და არც შინაგან საქმეთა ორგანოებში.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.გ.-მ და შემდეგი მოტივით მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება:

კასატორის აზრით, წოდება და წელთა ნამსახურობა ესაჭიროება იმ პირს, ვინც პენსიას ინიშნავს წელთა ნამსახურობის გამო, ხოლო ინვალიდობის პენსიის დანიშვნის შემთხვევაში, ინვალიდს არ სჭირდება წელთა ნამსახურობა. კასატორმა უსაფუძვლოდ მიიჩნია სასამართლოს განმარტება, რომ ,,სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლის შეღავათი განკუთვნილია მხოლოდ ოფიცრებისათვის. მისი აზრით, მე-60 მუხლით საპენსიო უზრუნველყოფა ეკუთვნის ომის ყველა მონაწილეს და მათთან გათანაბრებულ პირებს. კასატორს მიაჩნია, რომ იგი აკმაყოფილებს კანონის მე-60 მუხლის ყველა პირობას და ამიტომ კანონით გათვალისწინებული საპენსიო შეღავათი მასზე უნდა გავრცელდეს და ინვალიდობის დანიშნულ პენსიასთან, 45 ლართან ერთად 1997 იანვრიდან უნდა დაენიშნლს მეორე სახის პენსია მოხუცებულობის გამო, ორმაგი დანამატით – 42 ლარი, სულ 87 ლარი.

საკასაციო საჩივარი არ ცნო სოცუზრუნველყოფის ფონდის ზესტაფონის რაიონული ფილიალის წარმომადგენელმა, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, მის დაკმაყოფილებაზე უარს თქმა მოითხოვა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ.გ.-ის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:

1. სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ კასატორი (მოსარჩელე) მ. გ.-ი არის 1941-45 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილე, 75 წელს გადაცილებული პირი (დაბადებულია 1922 წელს), არის ომის ინვალიდი, საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს მიერ 1985წ. 6 მაისს გაცემული ცნობის მიხედვით, 1945წ. 27 თებერვალს ფრონტზე მიღებული ჭრილობების გამო, უვადოდ მინიჭებული აქვს მეორე ჯგუფისთვის ინვალიდობა და როგორც ომის ინვალიდი, იღებს პენსიას 45 ლარის ოდენობით, რასაც მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელიც არ უარყოფს.

2. მ.გ.-ი “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლის თანახმად, ითხოვს მასზე საპენსიო შეღავათის გავრცელებას და ომის ინვალიდობის პენსიასთან ერთად მეორე სახეობის პენსიის დანიშვნას. აღნიშნული ნორმის მიხედვით: “ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-45 წლების ომში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების მონაწილეებს და მათთან გათანაბრებულ პირებს, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 75 წელი და/ან არიან I და II ჯგუფის ინვალიდები, ეძლევათ ორი სახეობის პენსიის – ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურობისათვის) ერთდროულად მიღების უფლება, ამასთან მათ მოხუცებულობის პენსიაზე დაენიშნებათ დანამატი მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით”.

3. საკასაციო პალატა ეთანხმება საკასაციო საჩივარს და ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მ.გ.-ის სარჩელის იმ მოტივით დაუკმაყოფილებლობის შესახებ, რომ იგი არ არის ოფიცერი და არა აქვს საჭირო წელთა ნამსახურობა. საკასაციო პალატას სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ კასატორი მ.გ.-ი არის ,,სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის პირველი მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპენსიო უზრუნველყოფის სუბიექტი, რადგან აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონით დადგენილი პირობებითა და წესით საპენსიო უზრუნველყოფას ექვემდებარებიან: “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილი, საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე, სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებული სამხედრო მოსამსახურეები” და მ.გ.-იც სწორედ დიდ სამამულო ომში, 1945წ. 27 თებერვალს მიღებული ჭრილობების გამო დაინვალიდებული პირია. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორი კანონის მე-19 მუხლის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ომის ინვალიდია.

4. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997წ. 4 ნოემბრის ¹1/5/32 გადაწყვეტილებაზე, რომ კანონის მე-60 მუხლის შეღავათი ვრცელდება მხოლოდ პირველი მუხლის “ა” ქვეპუნქტში ჩამოთვლილ პირებზე, კერძოდ ოფიცრებზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ ზემოაღნიშნული “ა” ქვეპუნქტისაგან განსხვავებით “ბ” ქვეპუნქტი იმ სამხედრო მოსამსახურეებს ეხებათ, რომლებიც ოფიცრები არ არიან და უშუალოდ სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდდნენ, საკონსტიტუციო სასამართლოს კი მითითებულ გადაწყვეტილებაში არ უმსჯელია “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტებზე, მეორე მსოფლიო ომის ინვალიდებზე, რადგან ასეთი პირის სარჩელი მას არ განუხილავს.

5. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელე მ.გ.-ი აკმაყოფილებს ,,სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული საპენსიო შეღავათის გავრცელებისათვის საჭირო პირობებს: იგი არის 1941-45 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილე, 75 წელს გადაცილებული II ჯგუფის ომის ინვალიდი ანუ კანონის პირველი მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპენსიო უზრუნველყოფის მქონე პირი და ეკუთვნის მე-60 მუხლით დადგენილი საპენსიო შეღავათი. ამიტომ ომის ინვალიდობის გამო უკვე დანიშნულ პენსიასთან (45 ლარი) ერთად მოსარჩელეს უნდა დაენიშნოს მეორე სახეობის პენსია – მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურობისათვის), მოხუცებულობის პენსიაზე დაწესებული ორი მინიმალური პენსიის (42 ლარი) დანამატით, სულ 87 ლარი.

6. კასატორი ზემოაღნიშნული კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული საპენსიო შეღავათის მასზე გავრცელებას ითხოვს კანონის ამოქმედების მომენტიდან. კერძოდ, სარჩელით იგი ითხოვდა 1997წ. იანვრიდან 2002წ. 1 ივნისამდე (სარჩელის აღძვრამდე) 65 თვის მანძილზე მიუღებელი საპენსიო თანხების ანაზღაურებას 2730 ლარის ოდენობით, რასაც საკასაციო პალატა ვერ დააკმაყოფილებს ,,სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 48-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის მე-3 აბზაცის გათვალისწინებით და თვლის, რომ კასატორ მ.გ.-ის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მეორე სახეობის პენსია – მოხუცებულობის გამო პენსია, ორმაგი დანამატით – 42 ლარი უნდა აუნაზღაურდეს 2001წ. 17 ივნისიდან.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მ.გ.-ის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 14 ნოემბრის გადაწყვეტილება, რადგან სასამართლომ არასწორად განმარტა ,,სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლი და მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება მ.გ.-ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 386-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მ. გ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 14 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. მ.გ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. მ.გ.-ს 2001წ. 17 ივნისიდან ომის ინვალიდობის პენსიასთან (45 ლარი) ერთად დაენიშნოს მეორე სახეობის პენსია – მოხუცებულობის გამო, მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის დანამატით (42 ლარი), სულ 87 ლარი;

5. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.