Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹ 3გ/ად-520-კ-02 15 მაისი, 2003წ. ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

i. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: მიწის ნაკვეთზე იჯარის ხელშეკრულების გაფორმება; მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემაზე კონკურსის ჩატარება; გამგეობის გადაწყვეტილების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში 04.05.01წ. სარჩელი აღძრეს ზ. ხ-მა, ნ. ხ-მა, ო. ხ-მა და სხვებმა (სულ 24 პირმა), რომლებიც მოპასუხე – ხელვაჩაურის რაიონის გამგეობისაგან მოითხოვდნენ დაბა ხელვაჩაურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწების მათზე იჯარით გადაცემას იმ მოტივით, რომ აღნიშნული მიწები იმყოფებოდა მოსარჩელეთა ფაქტობრივ საიჯარო სარგებლობაში. სარჩელით სასამართლოსადმი მიმართვა განპირობებული იყო იმით, რომ რაიონის გამგეობამ და მიწის იჯარით გამცემმა კომისიამ დააპირა მიწის იჯარით გაცემა კონკურსის წესით. მოსარჩელეები ითხოვდნენ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობისათვის ადმინისტრაციული გარიგების – სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულების მათთან დადების დავალებას. მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 30.06.2000წ. ¹67 გადაწყვეტილებით ზ-ეებზე და სხვა გვარის წარმომადგენლებზე, სულ 70 პირზე, მიწის ნაკვეთები გაიცა იჯარით. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ზ-ეებსა და ხ-ებს შორის წარმოიშვა უკმაყოფილება, სადავო საკითხების შესწავლის მიზნით შეიქმნა კომისია, რომლის დასკვნის გამოტანამდე ხელვაჩაურის რაიონის გამგეობამ 22.09.2000წ. ¹93 გადაწყვეტილებით შეაჩერა 30.06.2000წ. ¹67 გადაწყვეტილების მოქმედება 21 პირის მიმართ, რომელთა უმრავლესობა ზ-ეები იყვნენ. ე. და ა. ზ-ეებმა 19 პირის სახელით სარჩელით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს ერგეს კოოპერატიულ მეურნეობასა და ხ. ხ-ს შორის 01.01.93წ. დადებული საიჯარო ხელშეკრულების, ერგეს კოლმეურნეობასა და ხ-ებს შორის 01.01.93წ. მიღება-ჩაბარების აქტის, რაიონის მიწის მართვის სამმართველოსა და ვ., მ., ი., ზ., ო. ხ-ებს შორის დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 22.09.2000წ. ¹93 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობა, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე სადავო მიწის ნაკვეთზე განკარგვითი ღონისძიების გატარების აკრძალვა, გამგეობისათვის 30.06.2000წ. ¹67 გადაწყვეტილების აღსრულების, გადაწყვეტილებაში მითითებულ ფიზიკურ პირებთან ხელშეკრულების დადების დავალება. სსკ-ის 88-ე და სასკ-ს 16-ე მუხლების საფუძველზე ე. და ა. ზ-ეებმა მოითხოვეს ხ-ების სარჩელისა გამო განსახილველ საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირად ჩაბმა და მოითხოვეს: 1. ერგეს კოოპერატიულ მეურნეობასა და ხ. ხ-ს შორის 1993წ. 1 იანვრის საიჯარო ხელშეკრულების ბათილად ცნობა; 2. ერგეს კოლმეურნეობასა და ხ-ების ჯგუფს შორის 1993წ. 1 იანვრის მიწის მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობა; 3. ხელვაჩაურის რაიონის მიწის მართვის სამმართველოსა და ვ., მ., ი., ზ. და ო. ხ-ებს შორის 1997წ. 30 ოქტომბერს გაფორმებული მიწის იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; 4. ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2000წ. 22 სექტემბრის ¹93 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობა; 5. დავალებოდა შესაბამის სახელმწიფო ორგანიზაციას სადაო მიწის ნაკვეთზე აუქციონის ჩატარების შეჩერება ან მის მიმართ რაიმე განკარგვითი ღონისძიების გატარება სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე; 6. ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას დავალებოდა აღესრულებინა 2000წ. 30 ივნისის ¹67 გადაწყვეტილება და მიწის იჯარის ხელშეკრულება გაეფორმებინა გადაწყვეტილებაში მითითებულ ფიზიკურ პირებთან; 7. ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2000წ. 25 სექტემბრის ¹102 განკარგულების ძალადაკარგულად ცნობა. სასამართლოს 29.05.01წ. განჩინებით ე. ზ-ე და ა. ზ-ე ჩაბმულ იქნენ საქმეში მასამე პირებად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით. 11.06.01წ. სასამართლოს სარჩელით მიმართეს აგრეთვე ხ-ების გვარის კიდევ 6 პიროვნებამ, 11.06.01წ. განჩინებით სარჩელი მიღებული იქნა წარმოებაში და აღნიშნული პირები ჩაბმული იქნენ საქმის განხილვაში.

ხელვაჩაურის რაიონის სასამართლოს 15.06.01წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელეების – ზ., ნ., ო. ხ-ების და სხვათა სარჩელი დაკმაყოფილდა, ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას დაევალა მათზე მიწის იჯარის ხელშეკრულების გაფორმება, ე. ზ-ის და ა. ზ-ის სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 69-ე მუხლის და სსკ-ს 327-ე, 593-ე, 594-ე მუხლების თანახმად ხ-ებს სადავო მიწის ნაკვეთებზე დადებული ჰქონდათ შესაბამისი ხელშეკრულებები 1993 წლიდან, იხდიდნენ დადგენილ გადასახადებს, რის გამოც მათი მოთხოვნა კონკურსის გარეშე, ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებაზე საფუძვლიანი იყო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ე. ზ-ემ და ა. ზ-ემ. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლოს განცხადებით მიმართეს ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ზ-ეების მაცხოვრებლებმა – ს., თ., მ. გ-ეებმა და სხვებმა (სულ 20 პირმა), რომლებმაც მოითხოვეს საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირად ჩართვა, ვინაიდან გააჩნიათ სადავო მიწების იჯარით გაცემაზე კონკურსის ჩატარების, კონკურსში მონაწილეობის მიღების ინტერესი, შესაბამისად სასამართლოს გადაწყვეტილება განსახილველ საქმეზე უშუალო გავლენას მოახდენდა მათ უფლებებზე.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 15.08.01წ. განჩინებით ე. ზ-ის და ა. ზ-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში დაცული აქტი მიწის იჯარით გაცემაზე და ტიპობრივი ხელშეკრულება მიწის იჯარით გაცემაზე იყო იჯარის ბრიგადული ხელშეკრულება ერგეს კოლმეურნეობასა და მის ბრიგადას შორის, რაც არ ქმნიდა თითოეულ ხ-თან იჯარის ხელშეკრულების დადების ვალდებულებას, ვინაიდან წარმოდგენილი დოკუმენტების ასლები ვერ იქნებოდა მიჩნეული მტკიცებულებად, რადგან იჯარის ხელშეკრულებების ასლები არ პასუხობდნენ “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ” კანონის მოთხოვნებს, რის გამოც საქართველოს პარლამენტის 28.06.96წ. ¹330 დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, 1997წ. იანვრიდან წარმოადგენენ ბათილ ხელშეკრულებებს და ხ-ების ბრიგადული ხელშეკრულებები არ უნდა ჩათვლილიყო მოქმედ ხელშეკრულებად. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ბრიგადული ხელშეკრულება 1990 წლიდან 1998 წლამდე გაფორმდა ერგეს კოლმეურნეობის ¹12 ბრიგადასთან (ბრიგადირი ი. ზ-ე), პირველი ინსტანციის სასამართლომ არ იქონია მსჯელობა იმის შესახებ, თუ როგორ დაიდო ასეთ პირობებში 1993 წელს ხელშეკრულება ხ-ებთან.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 02.08.98წ. ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-3 თავის მე-3 პუნქტის თანახმად უკონკურსოდ მიწის იჯარით გაცემა შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ მიწის ნაკვეთს ითხოვს ერთი პიროვნება, ვინაიდან სადავო ნაკვეთს თხოულობდა 3 გვარი, გამგეობა ვალდებული იყო ჩაეტარებინა კონკურსი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმის წარმოება უნდა შეჩერებულიყო, საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაბრუნებოდა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, სააპელაციო პალატის განჩინების ასლი უნდა გადაგზავნოდა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას, რომელსაც ,,სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის შესახებ” 28.06.96წ. კანონის, 02.08.98წ. ¹446 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების და სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად უნდა ჩაეტარებინა კონკურსი სადავო მიწის ნაკვეთის იჯარის გაცემაზე ხ-ების, ზ-ეების და გ-ეების გვარებს შორის და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება. კონკურსის შედეგების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა განეახლებინა საქმის განხილვა და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს 15.08.01წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ხ-ების და ზ-ეების მიერ. ზ. ხ-ი, ნ. ხ-ი, ო. ხ-ი და სხვები (სულ 30 კაცი) თავიანთ საკასაციო საჩივარში აღნიშნავდნენ, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და გამოიტანა უკანონო გადაწყვეტილება. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 22.01.91წ. ¹22 დადგენილების შესაბამისად, კასატორები არიან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწებით მოსარგებლენი, იხდიან საიჯარო ქირას და დაწესებულ გადასახადებს. საქართველოს პარლამენტის 28.06.96წ. დადგენილების საფუძველზე საიჯარო ხელშეკრულების ხელახალი გაფორმება არ მოხერხდა მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, ხელვაჩაურის რაიონის გამგეობამ ხ-ების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, დაუპირისპირა მათ სხვები და ხელოვნურად შექმნა დავა. კასატორების აზრით, სააპელაციო სასამართლომ სკ-ს 327, 593, 594 მუხლების დარღვევით არ მიიჩნია ხ-ები მოიჯარეებად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ მოდავე პირები მიიჩნია დაინტერესებულ პირებად. კასატორებს მიაჩნდათ, რომ იყვნენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მოიჯარენი, იხდიდნენ საიჯარო ქირას და მიწის გადასახადს, შესაბამისად მათ საქართველოს პრეზიდენტის 02.08.98წ. ¹446 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის თანახმად უკონკურსოდ უნდა გაფორმებოდათ საიჯარო ხელშეკრულებები, ასეთივე შეხედულების იყო სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რასაც ადასტურებდა 22.05.01წ. ¹5-1/1029 წერილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები ითხოვდნენ სააპელაციო პალატის 15.08.01წ. განჩინების გაუქმებას, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

15.08.01წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აგრეთვე ე. და ა. ზ-ებმა, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ ხ-ებმა ვერ წარმოადგინეს დადგენილი წესით იჯარის გაფორმებული ხელშეკრულებები, ვერ დაასაბუთეს მიწის ფლობის მართლზომიერება, რადგანაც იჯარის ხელშეკრულების ზეპირ ფორმას ითვალისწინებს ახალი სკ, ხოლო სადავო საკითხი 1997 წლამდე წარმოიქმნა. ხ-ებთან ხელშეკრულების დადება უარყო როგორც რაიონის გამგეობამ, ასევე რაიონის მიწის მართვის სამმართველომ და ერგეს კოოპერატიულმა მეურნეობამ. არ დასტურდება აგრეთვე მიწათ-სარგებლობისათვის იჯარის ქირის გადახდა, ქირის გადახდის ქვითრები წარდგენილ იქნა ზ-ებზე მიწის იჯარით გადაცემის საკითხის განხილვის დაწყების შემდეგ. დაუსაბუთებელი იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის წარმოების შეჩერება, საქმის შეჩერების საფუძველს არ იძლეოდა გამგეობის 22.09.2000წ. ¹93 გადაწყვეტილება, ვინაიდან მისი პირველი პუნქტით შეჩერების დრო განისაზღვრა კომისიის მიერ დასკვნის გამოტანამდე, კომისიის დასკვნა კი 24.09.2000წ. უკვე მზად იყო, შესაბამისად ამ თარიღიდან 22.09.2000წ. ¹93 გადაწყვეტილება ძალადაკარგულად უნდა გამოცხადებულიყო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 12 მარტის განჩინებით ე. და ა. ზ-ების, აგრეთვე ზ., ნ., ო. ხ-ების და სხვათა (სულ 30 პირი) საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 15 აგვისტოს განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლოში დამატებითი სააპელაციო საჩივარი წარადგინეს ე. და ა. ზ-ეებმა, რომლებმაც მოითხოვეს სადავო მიწის ნაკვეთზე კონკურსის ჩატარება საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული 1998წ. 2 აგვისტოს ¹446-ე დებულების შესაბამისად, ხოლო მანამდე სადავო მიწის ნაკვეთიდან გამოსახლებულიყვნენ უკანონო მფლობელები – ხ-ები და ამ ნაწილში მოითხოვეს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.

სააპელაციო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს სოფ. ზ-ების მაცხოვრებელმა გ-ეებმა და მოითხოვეს ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2000წ. 30 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება მიწის ნაკვეთის იჯარით გასაცემად კონკურსის ჩატარება.

სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ-ეების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონის სასამართლოს 2001წ. 15 ივნისის გადაწყვეტილება. გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის, ხელვაჩაურის მიწის სამმართველოს და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გამცემი კომისიის მიერ სადაო საკითხზე მიღებული ყველა ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი. მათ შორის: ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2000წ. 30 ივნისის ¹67 გადაწყვეტილება, ზ-ეებზე მიწის იჯარით გაცემის ნაწილში, ამავე გამგეობის 2000წ. 22 სექტემბრის გადაწყვეტილება ზ-ეებზე მიწის იჯარით გაცემის შეჩერების შესახებ. ამავე რაიონის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გამცემი კომისიის 2000წ. 22 ივნისის სხდომის (ოქმი ¹11) დადგენილება ზ-ეებზე მიწის იჯარით გაცემის ნაწილში. გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს და ხ-ებს შორის სადავო მიწის იჯარის ხელშეკრულებები და მიწა თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას.

დაევალა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გამცემ კომისიას, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით ჩაეტარებინა კონკურსი სადავო მიწის იჯარით გაცემის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, ხ-ებს კონკურსის გარეშე იჯარის ხელშეკრულების გაფორმების უფლება არ უნდა მისცემოდათ, ვინაიდან ხ-ების მიერ წარდგენილ საიჯარო ხელშეკრულების ქსეროასლები და საქმეში არსებული აქტი მიწის იჯარით გაცემაზე იყო ბრიგადული ხელშეკრულება იჯარაზე ერგეს კოლმეურნეობასა და ბრიგადას შორის, საიჯარო ხელშეკრულება კი გაფორმებული უნდა ყოფილიყო მეიჯარესა და იჯარის მიმღებ პიროვნებას ან იურიდიულს პირს შორის. ასევე მიუთითა, რომ აღნიშნული ხელშეკრულებები შესაბამისობაში არ ყოფილა მოყვანილი “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ” კანონთან, რის გამოც 1997 წლიდან იგი ბათილად ითვლებოდა.

ასევე მიუთითა, რომ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობამ ზ-ეებზე ისე გასცა იჯარით მიწა, რომ საერთოდ არ უმსჯელია კონკურსის ჩატარებაზე და აღნიშნა, ვინაიდან სადავო მიწის ნაკვეთზე პრეტენზიას აცხადებდა რამდენიმე გვარი ამიტომ გამგეობას მიწის იჯარით გაცემაზე კონკურსი უნდა გამოეცხადებინა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ზ., ნ., ო. და სხვა ხ-ებმა (სულ 30 პირმა), რომლებმაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს, რომლითაც მათი სარჩელი დაკმაყოფილდება.

კასატორები მიუთითებენ, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იქონია მსჯელობა ძირითადი სარჩელის მართლზომიერებაზე. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს დასკვნას მათი სარჩელის შესახებ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ზ-ეები არიან მოპასუხეები, მაშინ როცა საქმეში ისინი ჩაბმული იყვნენ მესამე პირებად დამოუკიდებელი მოთხოვნით. ასევე არასწორად მიუთითა, რომ აპელანტები ხ-ები იყვნენ. არასწორადაა ფორმულირებული მათი სასარჩელო მოთხოვნები. კასატორთა აზრით სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა მათ მოთხოვნაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიაჩნია, რომ ხ-ების საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 7 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლოს თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ დაუშვა რედაქციული ხასიათის შეცდომები კერძოდ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს უწოდა სამოტივაციო ნაწილი, ამასთან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ იქონია მსჯელობა ზ., ნ. და ო. ხ-ების და სხვათა სარჩელის თაობაზე.

რაც შეეხება კასატორთა არგუმენტებს სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების არაკანონიერების თაობაზე, იგი გაზიარებული არ უნდა იქნეს.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას ზ., ნ. და ო. ხ-ების და სხვათა სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობის თაობაზე და აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული აქტი მიწის იჯარით გაცემაზე და ტიპობრივი ხელშეკრულება მიწის იჯარით გაცემაზე წარმოადგენს იჯარის ბრიგადულ ხელშეკრულებას ერგეს კოლმეურნეობასა და მის ბრიგადას (ხ. ხ-ს) შორის და არა მეიჯარესა და მოიჯარეს შორის გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებას. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ” საქართველოს კანონის თაობაზე პარლამენტის 28.06.96წ. დადგენილების თანახმად “რესპუბლიკის სოფლის მეურნეობაში საიჯარო ურთიერთობათა დებულების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 22.01.91წ. ¹22 დადგენილების შესაბამისად დადებული სასოფლო-სამეურნეო იჯარის ხელშეკრულებები, 1996წ. 31 დეკემბრამდე შესაბამისობაში მოყვანილი უნდა ყოფილიყო “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ” საქართველოს კანონთან. 1997წ. 1 იანვრიდან კანონთან შეუსაბამო ხელშეკრულებები ბათილად ითვლებოდა. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული დადგენილების თანახმად ერგეს კოლმეურნეობასა და ხასან ხ-ის ბრიგადას შორის 1993წ. 1 იანვარს გაფორმებული ბრიგადული ხელშეკრულებები შესაბამისობაში იქნა მოყვანილი მოქმედ კანონმდებლობასთან. რის გამოც, ის არ წარმოადგენს მოქმედ ხელშეკრულებას და კანონის თანახმად 1997წ. 1 იანვრიდან ითვლებოდა ბათილ ხელშეკრულებად. ვინაიდან მოსარჩელეები (ხ-ები) აღნიშნული ხელშეკრულებების (01.01.93) საფუძველზე ითხოვდნენ წერილობითი ფორმით ახალი ტიპიური საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებას, ამიტომ მათი მოთხოვნა სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია უსაფუძვლოდ.

საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 2 აგვისტოს ¹446 ბრძანებულებით დამტკიცებული “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ” დებულების თანახმად მიწის იჯარით გაცემა საკონკურსო ფორმით უნდა განხორციელდეს. აღნიშნული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მიწის იჯარით გაცემა უკონკურსოდ შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიწის იჯარით აღებას ითხოვს მხოლოდ ერთი პირი, ყველა სხვა შემთხვევაში იურიდიულ და ფიზიკურ პირებს მიწა იჯარით გადაეცემათ მხოლოდ კონკურსის წესით.

საქმეში არსებული მასალებით დადასტურებულია, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე იჯარის ხელშეკრულების გაფორმებას მოსარჩელეების (ხ-ები) გარდა ითხოვენ საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ჩართული მესამე პირებიც – გ-ეები და ზ-ები, რის გამოც, სადავო მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემა ზემოაღნიშნული დებულების შესაბამისად შესაძლებელია მხოლოდ კონკურსის წესით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საფუძვლიანია მესამე პირების გ-ეების და ზ-ეების დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა სადავო მიწის ნაკვეთის კონკურსის წესით იჯარით გაცემის შესახებ და იგი უნდა დაკმაყოფილდეს. ასევე უნდა დაკმაყოფილდეს გ-ეების მოთხოვნა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2000წ. 30 ივნისის ¹67 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ზ-ეებს კონკურსის გარეშე გადაეცათ იჯარით სადავო მიწის ნაკვეთი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის, სსკ-ს 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ზ., ნ., ო. ხ-ების და სხვათა საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 7 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. ზ., ნ., ო. ხ-ების და სხვათა სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

4. მესამე პირების – ე. და ა. ზ-ის და სხვათა, აგრეთვე, თ., ს. და მ. გ-ეების და სხვათა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდეს.

5. ბათილად იქნეს ცნობილი ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის, ხელვაჩაურის მიწის მართვის სამმართველოს და სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გამცემი კომისიის მიერ სადავო მიწის ნაკვეთზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება (ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2000წ. 30 ივნისის ¹67 გადაწყვეტილება და მიწის იჯარით გამცემი კომისიის 2000წ. 22 ივნისის ¹11 საოქმო დადგენილება ზ-ეებისათვის მიწის იჯარით გაცემის ნაწილში).

6. ბათილად იქნეს ცნობილი ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ...ს კოლმეურნეობასა და ხ. ხ-ს შორის 1993წ. 1 იანვარს გაფორმებული ტიპობრივი ხელშეკრულება და აქტი მიწის იჯარით გაცემაზე და სადავო მიწის ნაკვეთი თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდეს ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას.

7. დაევალოს ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გამცემ კომისიას, კანონმდებლობის შესაბამისად გამოაცხადოს და ჩაატაროს კონკურსი სადაო მიწის ნაკვეთის იჯარით გასაცემად.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.