3გ-ად-522-კ-03 21 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: რეგიტსრაციიდან მოხსნა.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ე. შ.-მ, რომელშიც მიუთითა, რომ მისი შვილი ო. შ.-ი 1985 წლიდან 1995 წლამდე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ნ. რ.-თან. მათ შვილი არ ჰყოლიათ. 1989 წელს ნ.რ.-ი თავისი ინიციატივით წავიდა სახლიდან და მას შემდეგ ცხოვრობს ქ.თბილისში, ...-ის ქ.¹1, ბ.9-ში. ის, რომ ნ.რ.-ი არ ცხოვრობდა ... ქ.¹4-ში დასტურდება მთაწმინდის რაიონის შს სამმართველოს I ქვეგანყოფილების ინსპექტორის 1996წ. შემოწმებების აქტით და მისი უშუალო მეზობლების 1994წ. აქტებით. აღნიშნული აქტების საფუძველზე ნ. რ.-ი მთაწმინდა-კრწანისის შს სამმართველოს საპასპორტო სამსახურის მიერ მოხსნილი იქნა რეგისტრაციიდან, შემდეგ კი ამავე ორგანოს მიერ რეგისტრაცია კვლავ იქნა აღდგენილი.
მოსარჩელე მისი ყოფილი რძლის რეგისტრაციის აღდგენას მიიჩნევდა უკანონოდ და ითხოვდა ნ.რ.-ის რეგისტრაციიდან მოხსნისა და საცხოვრებელ ფართზე უფლებადაკარგულად ცნობას.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელის მიერ მოხდა სარჩელის შემცირება და ითხოვა მხოლოდ ნ.რ.-ის რეგისტრაციიდან მოხსნა.
მოპასუხე ნ.რ.-მა სარჩელი არ სცნო შემდეგ საფუძვლებზე მითითებით: მისი განქორწინება მეუღლესთან მოხდა 1995წ. ოქტომბრის თვეში. იგი იძულებული გახდა ოჯახიდან წასულიყო იმის გამო, რომ მისმა მეუღლემ – ო. შ.-მა მასთან განქორწინებამდე მოიყვანა მეორე ცოლი.
პირველად მისი რეგისტრაციიდან მოხსნა მოხდა 2000 წელს კრწანისი-მთაწმინდის საპასპორტო სამსახურის მიერ, რის გამოც მან საჩივრით მიმართა შს სამინისტროს საპასპორტო სამსახურის ხელმძღვანელობას და 2001წ. 22 მარტს მას აღუდგა რეგისტრაცია ... ქ. ¹4-ში.
რეგისტრაციაში აღდგენას საფუძვლად დაედო თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1992წ. 24 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც იგი ცნობილი იქნა ყოფილი დედამთილის ე. შ.-ის სახელზე რიცხულ ბინაში საცხოვრებელ ფართზე უფლებამოპოვებულად.
აღნიშნულზე მითითებით, მოპასუხე ითხოვდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საქმეში მესამე პირად ჩართულმა მთაწმინდა-კრწანისის რაიონის შს სამმართველოს საპასპორტო, სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის განყოფილების წარომადგენელმა მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ პირის რეგისტრაციიდან მოხსნისათვის არა აქვს მნიშვნელობა იმას, ცნობილია თუ არა იგი საცხოვრებელ ფართზე უფლებამოპოვებულად, რეგისტრაციიდან მოხსნის აუცილებელ პირობას წარმოადგენს პირის რეგისტრაციის ადგილზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ ცხოვრება. ასეთ შემთხვევაში იგი უნდა მოიხსნას რეგისტრაციიდან და აყვანილ იქნას აღრიცხვაზე იმ ადგილის მიხედვით, სადაც იგი ფაქტიურად ცხოვრობს.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 მარტის გადაწყვეტილებით ე. შ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.
მთაწმინდა-კრწანისის შს სამმართველოს საპასპორტო, სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის განყოფილებას დაევალა ქ. თბილისში, ... ქ.¹4-დან ნ. რ.-ის რეგისტრაციიდან მოხსნა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ნ.რ.-ის მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრებული იქნა თბილისის საოლქო სასამართლოში. აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ იგი 1985წ. ივნისიდან 1995წ. ოქტომბრამდე იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში ე. შ.-ის ვაჟთან – ო. შ.-თან და ცხოვრობდა მასთან ერთად ერთ ოჯახად ე. შ.-ის სახელზე რიცხულ კომუნალურ ბინაში. იგი იძულებული გახდა წამოსულიყო ბინიდან, რაც განპირობებული იყო არა მისი სურვილით, არამედ აუცილებლობით, რაც გამოიხატებოდა ერთოთახიან ბინაში მის ყოფილ მეუღლესთან და მის ახალ ცოლთან ერთად ცხოვრების შეუძლებლობით. მას სხვა საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნია. ერთადერთი ადგილი, სადაც მას აქვს საცხოვრებელი ფართი არის თბილისში, ... ქ.¹4-ში არსებული, ე. შ.-ის სახელზე რიცხული კომუნალური ბინა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა, გაუქმებულიყო კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 მარტის გადაწყვეტილება და საქმეზე გამოტანილი ყოფილიყო ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც უარი ეთქმებოდა მოსარჩელე ე. შ.-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
მოწინააღმდეგე მხარემ სააპელაციო საჩივარი არ სცნო და ითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 ოქტომბრის განჩინებით აპელანტ ნ. რ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 მარტის გადაწყვეტილება ტოვებული იქნა უცვლელად.
ზემოაღნიშნული განჩინება ნ. რ.-ის მიერ საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
საკასაციო საჩივარში კასატორი მიუთითებდა იმავე გარემოებებს, რასაც სააპელაციო საჩივარში. აქვე ის აღნიშნავდა, რომ მოსარჩელემ მხოლოდ იმიტომ შეიტანა სარჩელი მის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხის რეგისტრაციიდან მოხსნა, რომ იმ ზოლში, სადაც მათი სახლია, მიმდინარეობს ეტაპობრივი ნგრევა და აღნიშნული საცხოვრებელი სახლიც ხვდება ამ ზოლში, ამიტომ არც მშენებლებს და არც მის ყოფილ მეუღლეს არ აწყობთ მისი ბინაში რეგისტრაცია. კასატორი მიიჩნევდა, რომ რეგისტრაციის გაუქმებით, იგი დაკარგავდა უფლებას, როგორც საქართველოს მოქალაქე, ყოფილიყო რეგისტრირებული.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, კასატორი მოითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინების გაუქმებას.
მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა საკასაციო საჩივარი არ სცნო და მიუთითა, რომ რეგისტრაციის გაუქმებით კასატორის უფლებების შელახვის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, მხარის მოთხოვნა უსაფუძვლოა, არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოუსმინა მხარეთა ახსნა-განმარტებებს და გააანალიზა საქმეში წარმოდგენილი მასალები, მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილებული უნდა იქნეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განხილვის მიზნით უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ საქმეში მხარეებს წარმოადგენენ ფიზიკური პირები, ადმინისტრაციული ორგანო საქმეში ჩაბმულია მე-3 პირად, რომლის მიმართაც მისი პროცესუალური სტატუსიდან გამომდინარე, არ შეიძლება გამოტანილი იქნეს გადაწყვეტილება.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, იმისათვის, რომ დავა მიჩნეული იქნეს ადმინისტრაციული კატეგორიის დავად, აუცილებელია ორი ძირითადი პირობის არსებობა:
ა) სადავო სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან ან ადმინისტრაციული დავის საგანს წარმოადგენდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა;
ბ) სადავო სამართალურთიერთობაში მონაწილე ერთ-ერთ მხარეს უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანო.
განსახილველ საქმეში ფიზიკურ პირს _ ე. შ.-ს, მოპასუხედ დასახელებული ჰყავს ასევე ფიზიკური პირი _ ნ. რ.-ი. მოსარჩელე თავის მოთხოვნაში ძირითადად უთითებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხის მიერ რეგისტრაცია განხორციელებულია უკანონოდ, ამდენად, მისი მოთხოვნა ამ ეტაპზე მიმართულია მხოლოდ ფიზიკური პირის (და ამ უკანასკნელის ქმედების) და არა ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, შესაბამისად, მითითებული დავა ამ ეტაპზე, ვერ ჩაითვლება ადმინისტრაციული კატეგორიის დავად და განსახილველად ექვემდებარება თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.
აქვე საკასაციო სასამართლო მიუთითებს, იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელის მხრიდან მოხდება სარჩელის დაზუსტება და ეს უკანასკნელი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს, როგორც მოპასუხის მიერ რეგისტრაციის განხორციელების ეტაპზე ადგილი ჰქონდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევას, რასაც მოჰყვა უკანონო რეგისტრაცია და, შესაბამისად, მოსარჩელის უფლებების დარღვევა, დავა, მისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, მიიჩნევა ადმინისტრაციულ დავად და განსახილველად დაექვემდებარება ადმინისტრაციული სამართალწარმოების პრინციპებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ არაგანსჯადი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განხილვის მიზნით უნდა დაუბრუნდეს ამავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით სსკ-ს 490-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. რ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად განსჯადობით გადაეცეს ამავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.
3. მხარეთათვის ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმის არსებითად განხილვის შემდეგ.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.