3გ-ად-523-კ-02 13 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე,),
გ. ქაჯაია,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 2 მაისს შპს “ს.-მ" სარჩელით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს თავდაცვის სამინისტროსა და კავშირის “ქ.-ის" მიმართ კონსიგნაციის წესით შესყიდული საქონლის საფასურის გადახდისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით:
1999წ. 26 იანვარს შპს “ს.-სა" და კავშირს “ქ.-ს" შორის გაფორმებული ¹5 ხელშეკრულება, რომლის თანახმად შპს “ს.-ს” 1998წ. 22 ოქტომბრის ¹112-ე ხელშეკრულების საფუძველზე (რომელიც დადებული იყო კავშირი _ “ქ.-სა” და თავდაცვის სამინისტროს შორის) თავდაცვის სამინისტროსათვის უნდა მიეწოდებინა 55 ტონა წიწიბურა, ღირებულებით 39545 აშშ დოლარი. კავშირმა თავისი გადახდისუნარიანობა დაადასტურა თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამხედრო საბიუჯეტო სახაზინო სამმართველოს საგარანტიო წერილით.
1999წ. 29 ივლისს კავშირი “ქ.-ს", თავდაცვის სამინისტროს და შპს “ს.-ს" შორის გაფორმდა ახალი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც კავშირმა “ქ.-მ" თავდაცვის სამინისტროს მიმართ მოთხოვნის უფლება დაუთმო შპს “ს.-ს". შესაბამისად, შპს “ს.-ა" გახდა კრედიტორი თავდაცვის სამინისტროს მიმართ 36168 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლებით. თავდაცვის სამინისტრომ ჯარიმის სახით იკისრა შპს “ს.-ს" სასარგებლოდ ყოველ ვადაგასულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,5%-ის გადახდა. ხელშეკრულების გაფორმების დღიდან გაუქმებულად ჩათვალა 1999წ. 26 იანვარს შპს “ს.-სა" და კავშირ “ქ.-ს" შორის 1999წ. 26 იანვარს გაფორმებული ¹5 ხელშეკრულება.Kთავდაცვის სამინისტრომ ნაწილობრივ შეასრულა, ვალდებულება, კერძოდ, გადაიხადა წიწიბურას ღირებულების ნაწილი და გადასახდელი დარჩა 15534 აშშ დოლარი.
მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდებული წიწიბურას საფასურის დარჩენილი ნაწილის 15534 აშშ დოლარის, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის პირგასამტეხლოს თანხის 45048 აშშ დოლარის, სულ 60582 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 მაისის გადაწყვეტილებით შპს “ს.-ს" სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე თავდაცვის სამინისტროს მის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 60582 აშშ დოლარი.
რიაონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თავდაცვის სამინისტრომ თბილისის საოლქო სასამართლოში.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 ოქტომბრის განჩინებით თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 მაისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ ხელშეკრულება ნაწილობრივ შესრულდა. აპელანტი მხარის წარმომადგენელმა აღიარა, რომ ¹15/99 ხელშეკრულებით მათ ეკისრებოდათ ვალდებულება ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან 45 საბანკო დღეში აენაზღაურებინათ თანხა, ხოლო აღნიშნულ ვადაში თანხის გადაუხდელეობის შეთხვევაშიOჯარიმის სახით გადაეხადათ გადასხდელი თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც ვერ შეასრულეს დაუფინანსებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, რაიონულმა სასამართლომ მართებულად მიუთითა სკ-ს 397-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მოვალე პასუხისმგებელია შესრულებისათვის მაშინაც, როცა შესრულების საგანი სხვა პირისაგან უნდა მიეღო და ვერ მიიღო. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ იქნა გაზიარებული აპელანტის არგუმენტი, რომ მხარემ ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, რადგან ვერ მიიღო დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
სააპელაციო პალატის მიერ ასევე არ იქნა გაზიარებული აპელანტის მოსაზრება სკ-ს 401-ე მუხლის გამოყენების თაობაზე, რადგან მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული ბიუჯეტიდან დაუფინანსებლობის პირობებშიც კი მოხდა ვალდებულების ნაწილობრივ შესრულება, რაც ადასტურებს მისი სრულად შესრულების შესაძლებლობას.
თავდაცვის სამინისტრომ თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 22 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება თავდაცვის სამინისტროსათვის საჯარიმო თანხის 45048 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
კასატორი აღნიშნავს, რომ 55 ტ წიწიბურას ღირებულების დარჩენილი ნაწილის – 15534 აშშ დოლარის გადაუხდელობა გამოწვეული იყო ქვეყანაში არსებული მძიმე საბიუჯეტო კრიზისით. თავდაცვის სამინისტრომ მისთვის გამოყოფილ ასიგნებებიდან ვერ მიიღო 1998-2001 წლებში 49,8 მლნ ლარი. თავდაცვის სამინისტროს გამოყოფილი ასიგნებების დროულად მიღების შემთხვევაში არ ექნებოდა ასეთი დავალიანებები. სკ-ს 401-ე მუხლის თანახმად კი, “ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული”.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 ოქტომბრის განჩინება შპს “ს.-ს” სასარგებლოდ საქართევლოს თავდაცვის სამინისტროსათვის ჯარიმის – 45048 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრების ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც განჩინება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული და მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, კერძოდ:
სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა დადგენილი ის გარემოება, აწარმოებდა თუ არა კასატორი, თავდაცვის სამინისტრო შპს “ს.-ს” მიერ წიწიბურას მიწოდების შემდგომ პერიოდში ამ პროდუქტის შესყიდვას და იყო თუ არა დაფინანსებული ეს მიწოდებები.
სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა იმ გარემოებაზეც, თუ რის საფუძველზე ჩაიდო 1999წ. 29 ივლისის ¹15/99 სამმხრივ ხელშეკრულებაში თავდაცვის სამინისტროს ვალდებულება განსახილველ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმის სახით გადაეხადა შპს “ს.-სათვის” გადასახდელი თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაშინ, როდესაც 1999წ. 26 იანვარს კავშირ “ქ.-სა” და შპს “ს.-ს” შორის დადებული ხელშეკრულება და თავდაცვის სამინისტროსა და კავშირ “ქ.-ს” შორის 1998წ. 22 ოქტომბერს გაფორმებული გენერალური ხელშეკრულებით საჯარიმო სანქციები გათვალისწინებული არ ყოფილა. საკასაციო სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს, იყო თუ არა სავალდებულო 1999წ. 29 ივლისის სამმხრივი ხელშეკრულების გაფორმებისას ფინანსთა სამინისტროს მხრიდან თახმობა, რადგან თავდაცვის სამინისტროსა და კავშირს შორის 1998 წელს დადებული გენერალურ ხელშეკრულება შეთანხმებული იქნა ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტთან.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები სრულყოფილად არ არის დადგენილი და სააპელაციო სასამართლოს განჩინება იურიდიულად არასრულად არის დასაბუთებული, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს. შესაბამისად, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 ოქტომბრის განჩინება უნდა გაუქმდეს და ზემოაღნიშნული მითითებებით საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 399-ე, 404-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 22 ოქტომბრის განჩინება შპს “ს.-ს” სასარგებლოდ თავდაცვის სამინისტროსათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმით – 45048 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. სახელმწიფო ბაჟის მხარეებისათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.