Facebook Twitter

3გ-ად-524-კ-02 19 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა, სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების შეტანა, განაცდური ხელფასისა და მორალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 27 ნოემბერს ა. შ.-მ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების: სააქციო საზოგადოება “ჩ.-ის” და საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მიმართ სარჩელი აღძრა და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 11 სექტემბრის დადგენილების საფუძველზე (რომლითაც იგი რეაბილიტირებულად იქნა ცნობილი) სამუშაოზე აღდგენა, განაცდური ხელფასისა და მორალური ზიანის 50000 აშშ დოლარის ანაზღაურება მოითხოვა.

მოგვიანებით ა. შ.-მ სასამართლოში დამატებითი სასარჩელო განცხადება წარადგინა მოპასუხეების: საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სააქციო საზოგადოება “ჩ.-ის” მიმართ და მიუთითა შემდეგზე:

1996წ. 7 მარტს, თბილისის პროკურატურის საერთო ზედამხედველობის განყოფილებაში მოკვლეული მასალების საფუძველზე, სააქციო საზოგადოება “ჩ.-ის” ხელმძღვანელის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა დატაცების ფაქტთან დაკავშირებით. 1996წ. 3 აპრილს, მოსარჩელე სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნა მიცემული და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, რაც 1996წ. 12 ივლისს პირადი თავდებობით შეეცვალა.

1996წ. 19 აპრილს, საქართველოს მრეწველობის დეპერტამენტის თავმჯდომარის ¹25 ბრძანებით, მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან გადაყენებულ იქნა, რის საფუძველზეც სამეწარმეეო რეესტრში ცვლილება შევიდა.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 11 სექტემბრის დადგენილებით ა. შ.-ე რეაბილიტირებულად იქნა ცნობილი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა: ფინანსთა სამინისტროსათვის მორალური ზიანის 50000 აშშ დოლარის დაკისრება, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრასაგან 6000 ლარის განაცდურის ანაზღაურება და სააქციო საზოგადოება “ჩ.-ის” გენერალურ დირექტორად აღდგენა. ამასთან, სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების შეტანა და 1996წ. 30 დეკემბრიდან დღემდე სააქციო საზოგადოება “ჩ.-ის” სამეწარმეო რეესტრში შეტანილი ცვლილებების რეგისტრაციის გაუქმება.

მოპასუხე საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ თავის შესაგებელში აღნიშნა, რომ განსახილველ საქმეში იგი არასათანადო მოპასუხე იყო. ამასთან, მან სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ა. შ.-ე არა მარტო ქ. თბილისის პროკურატურის 1996წ. 5 აპრილის დადგენილების, არამედ მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაშვებული დარღვევების თაობაზე დეპარტამენტის კოლეგიის მიერ 1996წ. 19 აპრილს მიღებული დადგენილების საფუძველზეც იქნა გადაყენებული.

მოპასუხე სააქციო საზოგადოება “ჩ.-მ” სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ რეაბილიტირებული პირის ზიანი სახელმწიფომ უნდა აანაზღაუროს. მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლებულია მრეწველობის დეპარტამენტის მიერ 1996წ. მაისში. იმავე წლის დეკემბერში სასამართლოში რეგისტრაცია გაიარა კერძო სამართლის იურდიულმა პირმა სააქციო საზოგადოება “ჩ.-მ”, რომელმაც საერთო კრებაზე აირჩია სამეთვალყურეო საბჭო, ამ უკანასკნელმა კი გენერალური დირექტორი. ამდენად, სააქციო საზოგადოება “ჩ.-ის” გენერალური დირექტორის თანამდებობა არის არჩევითი და არა დანიშვნითი თანამდებობა.

მოპასუხე ფინანსთა სამინისტრომ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება იმისა, რომ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს 50000 აშშ დოლარის ოდენობით მორალური ზიანი, ვინაიდან, მორალური ზიანის განსაზღვრისას მნიშვნელობა აქვს ბრალის ხარისხს. ა. შ.-ის მიმართ კი საქმე შეწყვეტილია ვითარების შეცვლის გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი მორალური ზიანის ნაწილში დაუსაბუთებელია და მას დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 17 ივლისის გადაწყვეტილებით ა. შ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მოსარჩელისათვის განაცდურის სახით 6000 ლარის გადახდა და მის მიერ ადრე დაკავებული თანამდებობის ტოლფასი სამსახურით (თანამდებობით) უზრუნველყოფა დაევალა. ა. შ.-ს უარი ეთქვა სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების შეტანასა და სააქციო საზოგადოება “ჩ.-ის” რეგისტრაციის გაუქმებაზე. ფინანსთა სამინისტროს ა. შ.-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის 10000 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ა. შ.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

აპელანტის მითითებით, სააქციო საზოგადოება “ჩ.-ის” აქციები დღესაც სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენს. შესაბამისად ვერანაირი აქციონერთა საერთო კრება ვერ ჩატარდებოდა, ე.ი. ვერც სამეთვალყურეო საბჭო აირჩეოდა და ვერც სხვა დირექტორი დაინიშნებოდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გარეშე.

აპელანტის მოსაზრებით, ვინაიდან სამეწარმეო რეესტრის შესაბამისად სააქციო საზოგადოების აქციათა 51%-ზე მეტის მესაკუთრე სახელმწიფოა, ამავე საწარმოში უნდა მოხდეს ა. შ.-ის აღდგენა გენერალური დირექტორის თანამდებობაზე.

აპელანტის მითითებით, მართალია რაიონულმა სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა მორალური ზიანის გადახდის თაობაზე ნაწილობრივ დააკმაყოფილა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ა. შ.-ის სასარგებლოდ 10000 ლარის გადახდა დააკისრა, მაგრამ მან არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ა. შ.-ის მიმართ ბრალდება 30000 აშშ დოლარის მითვისების გამო იყო წაყენებული, რასაც ის 10000 აშშ დოლარიც ემატება, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში უზრუნველყოფის მიზნით სპეციალურ ანგარიშზე იყო შეტანილი. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა აგრეთვე ის სულიერი ტრამვები, რომლებიც მოსარჩელემ პრესის ფურცლებზე გამოქვეყნებული სტატიებითა და საინფორმაციო საშუალებებით მის შესახებ გავრცელებული ინფორმაციების შედეგად განიცადა, აგრეთვე უკანონო პატიმრობის გამო მძიმედ შერყეული ჯამრთელობა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აგრეთვე საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ იმ ნაწილში, რომლითაც ამ უკანასკნელს ა. შ.-ის სასარგებლოდ 6000 ლარის განაცდურის ანაზღაურება და მისი ტოლფასი სამსახურით უზრუნველყოფა დაეკისრა.

სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ ა. შ.-ე თანამდებობიდან სამეთვალყურეო საბჭომ გაანთავისუფლა, როცა სხვა დირექტორით შეცვალა, დეპარტამენტის მიერ მისი გადაყენებიდან 8 თვის შემდეგ. თუ სასამართლო სახელმწიფოს მაინც დააკისრებდა ა. შ.-ისათვის განაცდურის სახით საზღაურის გადახდას, მისი გაანგარიშება უნდა მომხდარიყო მხოლოდ 8 თვის ხელფასის ოდენობით, 1996წ. 19 აპრილიდან 1996წ. 30 აპრილამდე.

რაც შეეხება ა. შ.-ისათვის ტოლფასი სამუშაოს მიცემას, აპელანტის მოსაზრებით, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო მას ვერ უზრუნველყოფდა, რადგან “ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” 2000წ. 11 მაისის კანონით მრეწველობის სამინისტროს ლიკვიდაცია მოხდა. ამასთან, “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 55-ე მუხლის თანახმად დირექტორის არჩევა “ჩ.-ის” სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენციას წარმოადგენს.

სააპელაციო სასამართლომ ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ განიხილა, რადგან მიიჩნია, რომ იგი კანონით დადგენილი ვადის დარღვევით იქნა შეტანილი სასამართლოში.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 ოქტომბრის განჩინებით აპელანტების ა. შ.-ის, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 17 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ა. შ.-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა და მისი ნაწილობრივ გაუქმება მოითხოვა, კერძოდ ა. შ.-ისათვის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.

კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ამასთან, გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული.

კასატორის განმარტებით “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 51.2. მუხლის თანახმად აქციონერის საკუთრების უფლება აქციაზე დასტურდება აქციათა რეესტრში ჩანაწერით. ასეთი ჩანაწერი კი მოპასუხე მხარის არც ერთ წარმომადგენელს არ წარმოუდგენია. ვინაიდან სამეწარმეო რეესტრის შესაბამისად სააქციო საზოგადოების აქციათა 100% მესაკუთრე სახელმწიფოა, ამავე საწარმოში უნდა მოხდეს მისი გენერალური დირექტორის თანამდებობაზე აღდგენა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მის მიერ მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი თანხის ოდენობა ისე შეამცირა, რომ არ დაუსაბუთებია, რატომ უნდა გადაუხადონ მას 10000 ლარი და არა 50000 აშშ დოლარი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აგრეთვე ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ.

კასატორის მითითებით, საქართველოს პრეზიდენტის 2000წ. 10 ივნისის ¹245 ბრძანებულების საფუძველზე, რომლითაც ლიკვიდირებულ იქნა მრეწველობის სამინისტრო მართალია მრეწველობის სამინისტროს ფუნქციების ნაწილი ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს გადაეცა, მაგრამ ამ უკანასკნელის დაქვემდებარებაში არ გადაცემულა არცერთი საწარმო და სამინისტროს ხელმძღვანელობას არც საწარმოთა მართვის და მათი ხელმძღვანელობის დანიშვნის ფუნქციები აქვს, როგორც მრეწველობის სამინისტროს გააჩნდა. ასეთ ფუნქციებს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოების მიმართ დღეს მთლიანად სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ახორციელებს. აქედან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს არავითარი უფლებამოსილება არ გააჩნია, რომ ა. შ.-ე რომელიმე საწარმოს დირექტორად დანიშნოს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტრომაც გაასაჩივრა. ფინანსთა სამინისტროს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა განეხილა მათი სააპელაციო საჩივარი და მიეღო გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროსათვის ა. შ.-ის სასარგებლოდ 10000 ლარის დაკისრების კანონიერების თაობაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და თვლის, რომ ა. შ.-ის, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 29 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული საქმის განხილვისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ: სააპელაციო სასამართლომ არ განიხილა ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ა. შ.-ის სასარგებლოდ მისთვის მორალური ზიანის 10000 ლარის დაკისრების თაობაზე, რადგან ჩათვალა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ იგი კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში არ შეიტანა, მაშინ, როცა ა. შ.-ს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილშიც ჰქონდა სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული და ნაცვლად 10000 ლარისა, საქართევლოს ფინანსთა სამინისტროზე 50000 აშშ დოლარის დაკისრებას ითხოვდა.

სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში არ გამოიყენა სსკ-ს 379-ე მუხლი, რომლის თანახმადაც მოწინააღმდეგე მხარეს საქმის ზეპირი განხილვის განმავლობაში შეუძლია წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას ნათქვამი უარი სააპელაციო საჩივარზე. ამ ნორმის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში ა. შ.-ის სააპელაციო საჩივრის შეგებებულ სააპელაციო საჩივარს წარმოადგენდა.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, რეაბილიტირებული პირისათვის ზიანის ანაზღაურებისას (მათ შორის მორალური ზიანის ანაზღაურებისას) გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 221-ე, 222-ე, 225-ე და 227-ე მუხლები, რომლებიც რეაბილიტირებულისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და დარღვეული უფლებების აღდგენის წესსა და პროცედურას ადგენენ. კერძოდ, თუ საქმის შეწყვეტის შემდეგ არ განისაზღვრა ზიანის ოდენობა, რეაბილიტირებულს უფლება აქვს პირდაპირ მიმართოს განსჯად სასამართლოს, რომელიც საქმეს განიხილავს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 227-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად. ამასთან, მიყენებული ზიანის ანაზღაურება და დარღვეული უფლების აღდგენა უნდა მოხდეს გამამართლებელი განაჩენის ან რეაბილიტაციის სხვა აქტის გამოტანიდან 6 თვის განმავლობაში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. შ.-ემ მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე კანონით დადგენილ 6 თვის განმავლობაში მიმართა სასამართლოს, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელმეორედ არსებითად განხილვისას უნდა იმსჯელოს ზიანის ანაზღაურების ნაწილში მოცემული საქმე მისი განსჯადია თუ არა, რადგან, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 228-ე მუხლი არ გულისხმობს სასამართლოს გადაწყვეტილებას მოქალაქის შრომითი, საპენსიო, საბინაო ან სხვა უფლების აღდგენის ანდა ქონებისა თუ მისი ღირებულების დაბრუნების თაობაზე. ეს ის შემთხვევაა, როდესაც უფლებამოსილი ორგანო თავისი გადაწყვეტილებით (სახელმწიფო, მმართველობის ან სხვა ორგანო, გარდა სასამართლოსი) ზემოთდასახელებულ რომელიმე უფლებას არ აღუდგენს რეაბილიტირებულს და ეს უკანასკნელი ამ ორგანოს წინააღმდეგ სასარჩელო წარმოების წესით მიმართავს სასამართლოს შრომითი, საპენსიო, საბინაო ან სხვა უფლების აღსადგენად, ანდა ქონებისა და მისი ღირებულების დასაბრუნებლად გამამართლებელი განაჩენის ან რეაბილიტაციის შესახებ სხვა აქტის გამოტანიდან 3 წლის განმავლობაში და მოითხოვს სახელმწიფო, მმართველობის ან სხვა ორგანოს გადაწყვეტილების შეცვლას ან გაუქმებას. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 228-ე მუხლში არაფერია ნათქვამი ზიანის ანაზღაურებაზე, მითუმეტეს მორალური ზიანის ანაზღაურებაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სკ-ს 1005-ე მუხლი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 221-ე, 222-ე, 225-ე და 227-ე მუხლებთან ერთად უნდა იქნეს გამოყენებული, რადგან მიყენებული ზიანის ანაზღაურება და უფლებების აღდგენა უნდა განხორციელდეს იმ წესითა და პროცედურით, რასაც ითვალისწინებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების ნაწილში საქმის ხელმეორედ არსებითად განხილვისას, სააპელაციო სასამართლომ უნდა დააზუსტოს აღნიშნული მოთხოვნა მოსარჩელე ა. შ.-ეს რომელი მოპასუხის მიმართ გააჩნია, კერძო სამართლის სუბიექტის – სს “ჩ.-ისა” თუ ადმინისტრაციული ორგანოს – ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მიმართ. სააპელაციო სასამართლომ ასევე უნდა გაარკვიოს “საქართველოს ეკონომიკისა და მრეწველობის სამინისტროების სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2000წ. 10 ივნისის ¹245 ბრძანებულების საფუძველზე მრეწველობის სამინისტროს ლიკვიდაციისას შეწყდა თუ არა ამ სამინისტროს ვალდებულებები. ხომ არ არის ამ ვალდებულებებზე პასუხისმგებელი ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო. სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს თუ რამდენად არის უფლებამოსილი აღნიშნული სამინისტრო აღადგინოს ა. შ.-ე ტოლფას თანამდებობაზე სააქციო საზოგადოების დირექტორად. სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში უნდა გამოიყენოს “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის დებულებები.

ზემოაღნშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი, სსკ-ს მე-12 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. შ.-ის, საქართვაელოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 29 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.