Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹3გ-ად-526-კ-02 14 მაისი, 2003 წ. ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

სარჩელის საგანი: მიუღებელი საპენსიო დანამატის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2002წ. 23 აპრილს ბ. წ-ემ სარჩელი აღძრა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან პენსიაზე იმყოფებოდა 1998წ. 1 ნოემბრიდან (ზღვრული ასაკის მიღწევასთან დაკავშირებით). წელთა ნამსახურობა დაუდგინდა 34 წლით და დაენიშნა პენსია 94,45 ლარი. გადაანგარიშების შემდეგ, 1999წ. 1 იანვრიდან, დაენიშნა პენსია 105,79 ლარი.

მოსარჩელის განმარტებით, თავდაცვის სამინისტროს საპენსიო განყოფილებამ პენსიის დაანგარიშებისას არ გაითვალისწინა “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის 41-ე მუხლის “ზ" პუნქტი, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოს სამხედრო ძალებში 20 და მეტი კალენდარული წლის ნამსახურობისათვის ასაკის გამო მინიმალური პენსიის 50%-ით მომატებას.

მოსარჩელე განმარტავდა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1993წ. 11 აგვისტოს @¹469 ბრძანებულების მე-8 პუნქტით მინიმალური პენსია განისაზღვრა 14 ლარის ოდენობით. 1998წ. 1 ნოემბრიდან 2002წ. აპრილის ჩათვლით მოსარჩელის კუთვნილ პენსიაზე არ დაირიცხა 294 ლარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ითხოვა:

1. მოპასუხის დავალდებულება მდგომარეობის შეცვლამდე მოსარჩელისათვის პენსიის დანამატის, 7 ლარის, დანიშვნის თაობაზე;

2. 1998წ. 1 ნოემბრიდან პენსიის დანამატის, 294 ლარის, ანაზღაურების დაკისრება მოპასუხისათვის;'

3. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.

ბ. წ-ემ დაზუსტებული სარჩელით მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს იმავე მოპასუხის მიმართ.

მოსარჩელემ დაზუსტებულ სარჩელში მიუთითა, რომ იყო მე-2 ჯგუფის ინვალიდი, რაც უკავშირდებოდა სამხედრო მოვალეობის შესრულებას.

მოსარჩელის განმარტებით, თავდაცვის სამინისტროს საპენსიო განყოფილებამ არ გაითვალისწინა “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნელყოფის შესახებ" კანონის მე-14 მუხლი, რომელიც ითვალისწინებდა წელთა ნამსახურობის გამო პენსიის მომატებას მე-2 ჯგუფის ინვალიდებისათვის, რომლებიც დაინვალიდნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ტრავმის შედეგად, კერძოდ, ასაკის გამო მინიმალური პენსიის 300%-ით მომატებას, რაც შეადგენდა 42 ლარს, ხოლო აღნიშნული კანონის 41-ე მუხლის “ზ" პუნქტის შესაბამისად, მინიმალური პენსიის 50%-ით მომატებას, რაც შეადგენდა 7 ლარს.

მოსარჩელის განმარტებით, 1998წ. 1 ნოემბრიდან 2002წ. აპრილის ჩათვლით მის კუთვნილ პენსიას არ დაერიცხა 1960 ლარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით ითხოვა:

1. მოპასუხის დავალდებულება მდგომარეობის შეცვლამდე მოსარჩელისათვის პენსიის დანამატის, 49 ლარის, დანიშვნის თაობაზე;

2. 1998წ. 1 ნოემბრიდან პენსიის დანამატის, 1960 ლარის, ანაზღაურების დაკისრება მოპასუხისათვის;

3. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 ივლისის გადაწყვეტილებით ბ. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხე საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდს ბ. წ-ის სასარგებლოდ დაეკისრა საპენსიო დანამატი _ 49 ლარი, აგრეთვე, მოპასუხეს “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის 41-ე მუხლის “ზ" პუნქტით გათვალისწინებული 50-პროცენტიანი და მე-14 მუხლის “ა" პუნქტით გათვალისწინებული 300-პროცენტიანი დანამატის ანაზღაურება 2001წ. 4 ივლისიდან.

აღნიშნული გადაწყვეტილება ბ. წ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეს მიუღებელი საპენსიო დანამატის ანაზღაურება დაეკისრა 2001წ. 4 ივლისიდან.

აპელანტმა ითხოვა, რომ სააპელაციო სასამართლოს შეეცვალა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 ივლისის გადაწყვეტილება ზემოთ აღნიშნულ ნაწილში იმგვარად, რომ მოპასუხეს მიუღებელი საპენსიო დანამატის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ 2001წ. 4 ივლისის ნაცვლად დაკისრებოდა 1998წ. 1 ნოემბრიდან 2001წ. 4 ივლისამდე, რაც შეადგენდა 1572 ლარსა და 74 თეთრს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 7 ნოემბრის განჩინებით ბ. წ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 ივლისის გადაწყვეტილების გასაჩივრებული მე-3 პუნქტი.

ბ. წ-ემ სააპელაციო სასამართლოს განჩინება გაასაჩივრა საკასაციო წესით.

კასატორმა საკასაციო საჩივრით ითხოვა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც მოპასუხე საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდს მოსარჩელე ბ. წ-ის სასარგებლოდ დაკისრებოდა მიუღებელი საპენსიო დანამატის სახით 1572 ლარი.

საკასაციო სასამართლოს სხდომაზე კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ საკასაციო საჩივარი ცნო და აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განჩინების გამოტანის შემდეგ მოპასუხემ მოიძია ბ. წ-ის განცხადება პენსიის გადაანგარიშების შესახებ, რომლითაც მოსარჩელეს საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის მიუმართავს 1998წ. 30 ოქტომბერს.

კასატორის მოწინააღმდეგე მხარის, ამჟამად სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის, უფლებამონაცვლე სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მისი მარწმუნებელი ორგანიზაცია თანახმაა, მოსარჩელეს მიუღებელი საპენსიო დანამატი აუნაზღაურდეს 1998წ. 1 დეკემბრიდან.

კასატორი ბ. წ-ე დაეთანხმა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელს და საკასაციო სასამართლოს სხდომაზე შეამცირა თავისი სარჩელი და საკასაციო საჩივარი, კერძოდ, მიუღებელი საპენსიო დანამატის მიღებას აღარ ითხოვს 1998წ. 1 ნოემბრიდან, არამედ თანხმობა განაცხადა მიუღებელი საპენსიო დანამატის 1998წ. 1 დეკემბრიდან ანაზღაურებაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს და მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმეზე უნდა გამოვიდეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდება საკასაციო საჩივარი.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული სამართალწარმოებაში მონაწილე საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი, უფლებამოსილია, ნაწილობრივ ცნოს სარჩელი და შესაბამისად _ საკასაციო საჩივარი, რადგანაც ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, კერძოდ, “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნელყოფის შესახებ" საქართველოს კანონს.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ პენსიის ოდენობის თაობაზე გადაანგარიშების მოთხოვნით ბ. წ-ემ 1998წ. 30 ოქტომბერს მიმართა საპენსიო ორგანოს “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად, რის გამოც მისი სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მას მისივე თანხმობით უნდა აუნაზღაურდეს საპენსიო დანამატი 1998წ. 1 დეკემბრიდან.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, სსკ-ს 399-ე, 372-ე მუხლებისა და 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე ცნობს სარჩელს, სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ბ. წ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 7 ნოემბრის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ბ. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. დაეკისროს საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდს ბ. წ-ის სასარგებლოდ მიუღებელი საპენსიიო დანამატის გადახდა 1998წ. 1 დეკემბრიდან;

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.