გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-527-კ-02 6 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
ი. ნ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე _ გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვა მისი სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2002წ. 10 მაისის ¹8კ ბრძანების არაკანონიერად ცნობა შემდეგი საფუძვლებით:
გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციაში მუშაობდა 1991 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე. 2000წ. მარტის თვეში წარმატებით ჩააბარა ატესტაცია და დაინიშნა გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციაში გადასახდების აკრეფის განყოფილების მთავარ საგადასახადო ...ად. ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფროსი გ. კ-ი სისტემატურტად ახორციელებდა მასზე ზეწოლას და აიძულებდა, დაეტოვებინა სამსახური. 2002წ. 1 მაისს ინსპექციის უფროსმა დაიბარა თანამშრომლები და უთხრა, რომ სამსახურის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით დაეწერათ განცხადებები სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ, ხოლო შემდგომში მოხდებოდა ხელახალი დანიშვნები. მიუხედავად იმისა, რომ დაწერა განცხადება სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ, იგი მაინც ცხადდებოდა სამსახურში და ასრულებდა თავის მოვალეობას, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მან განცხადება დაწერა უფროსის მითითებით, მოტყუებით, რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, მაგრამ უფროსმა განცხადების საფუძველზე გამოსცა ¹8/კ ბრძანება მისი სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ. მიაჩნდა, რომ მოპასუხემ დაარღვია მისი უფლებები, რის გამოც ითხოვდა მისი განთავისუფლების შესახებ ბრძანებების ¹8/კ გაუქმებას და სამუშაოზე აღდგენას.
მოპასუხემ, საგადასახადო დეპარტამენტის გორის საოლქო საგადასახადო ისნპექციამ, სარჩელი არ ცნო და განმატა, ი. ნ-ემ 2002წ. 1 მაისს საკუთარი სურვილით დაწერა განცხადება დაკავებული თანამდებობიდან წასვლის შესახებ, რაც დაკმაყოფილდა «საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 95-ე მუხლის საფუძელზე. სინამდვილეს არ შეესაბამებოდა, უფროსის მითითებით მის მიერ განცხადების დაწერის ფაქტი.
გორის რაიონული სასმართლის 2002წ. 5 ივლისის გადაწყვეტილებით ი. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფროსმა შეცდომაში შეიყვანა, დააწერინა განცხადება, ვითომდა მოსალოდნელ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ნ-ემ არ იცოდა განთავისუფლების შესახებ, ვინაიდან იგი მ/წლის 29 მაისამდე ცხადდებოდა სამსახურში და ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას.
ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ნ-ის სამუშაოდან განთავისუფლებისას დარღვეული იყო «შრომის კანონთა კოდექსის" 41-ე მუხლის მოთხოვნები, არ ჩაბარებია შრომის წიგნაკი და არ მომხდარა საბოლოო ანგარიშსწორება.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაცოო წესით გაასაჩივრა გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ და მიუთითა, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც უკანონო და დასაუბუთებელი, უნდა გაუქმებულიყო, ვინაიდან მოსარჩელის მიმართ ზეწოლას ადგილი არ ჰქონდა და სამსახურიდან განთავისუფლების განცხადება ი. ნ-ემ თავისი სურვილით დაწერა. მოსალოდნელი რეორგანიზაციის შესახებ ადმინისტრაციას არანაირი ინფორმაცია არ მიუწოდებია და არც განცხადების დაწერა მოუთხოვია.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი: გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ნ-ე განთავისუფლებული იყო საკუთარი განცხადების საფუძველზე «საჯარო სამსახურის შეასხებ" კანონის 95-ე მუხლის შესაბამისად და არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმის თაობაზე, რომ სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ განცხადება შანტაჟის გზით იყო მოპოვებული. ასევე არ გაიზიარა, რომ მოსარჩელე თავის მოვალეობას ასრულებდა 29 მაისამდე იმ მოტივით, რომ არანაირი მტკიცებულება არ იყო წარმოდგენილი, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ნ-ემ. კასატორი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სამუშაოზე აღდგენას შემდეგი საფუძვლით:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ შეუძლებელია სამართლებრივი საფუძვლის შემოწმება.
სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა ინსპექციის უფროსის მიერ განცხადების მოტყუებით დაწერის შესახებ და შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ მტკიცებულების სახით წარმოდგენილი იყო იმავე თარიღით შედგენილი განყოფილების თანამშრომელ ნ. ხ-ის განცხადება სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ, რომელიც «იდენტური" იყო მისივე განცხადების, რადგან ორივე განცხადება დაწერილი იყო სამსახურის უფრსის კარნახით.
სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა სამსახურში გამოცხადების ძირითადი დამადასტურებელი დოკუმენტის _ სამსახურში გამოცხადების ჟურნალის თაობაზე და უსაფუძვლოდ მიუთითა, თითქოს არ იყო წარმოდგენილი მის მიერ სამსახურებრვი მოვალეობის შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება.
კასატორი მიუთიეთბს, რომ შკკ-ს 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად განთავისუფლების შემთხვევაში ადმინისტრაციამ უნდა მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება და დაუბრუნოს შრომის წიგნაკი. მოცემულ შემთხვევაში კი ადმინისტრაციას ზემოაღნიშნული კანონის არც ერთი მოთხოვნა არ შეუსრულებია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივარს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, მიაჩნია, რომ ი. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 სექტემბრის გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, რადგანაც წარმოდგენილი არ არის დამატებითი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა სწორად განმარტა იგი და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ ი. ნ-ის განთავისუფლება სამსახურიდან მოხდა მისი განცხადების საფუძველზე «საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 95-ე მუხლის საფუძველზე და არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სამსახურიდან განთავისუფლების განცხადება დაწერილი იყო ზემოქმედების შედეგად, ვინაიდან მის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ინსპექციის უფროსის მხრიდან მოტყუებისა და მასზე ძალდატანების შესახებ რაიმე მტკიცებულება. აღნიშნულის თაობაზე კასატორს არც ზემდგომი ორგანოსათვის მიუმართავს განცხადებით.
საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მისთვის ცნობილი არ იყო განთავისუფლების შესახებ ბრძანების არსებობა და იგი თავის მოვალეობას ასრულებდა ბრძანების გამოცემის შემდეგაც _ 29 მაისამდე. ვინაიდან კასატორის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის მიერ 10 მაისიდან 29 მაისამდე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას, არ უნდა იქნეს გაზიარებული კასატორის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დამადასტურებლად სამსახურში გამოცხადების სარეგისტრაციო ჟურნალში მის მიერ შესრულებული ხელს მოწერა, ვინაიდან რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას დაკითხული გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის საქმის მწარმოებელ ი. პ-ას ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ სამსახურში გამოცხადების სარეგისტრაციო ჟურნალი დაკარგული იყო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამრთლოს მიაჩნია, რომ ი. ნ-ის სამსახურიდან განთავისუფლება მოხდა მისი განცხადების საფუძველზე «საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 95-ე მუხლის საფუძველზე, გორის საოლქო საგადასახადო ისპექციის უფროსის მიერ კასატორის ზემოქმედებას ადგილი არ ჰქონია და უსაფუძვლოა მისი განმარტება, რომ განცხადება დაწერა რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, ვინაიდან მის მიერ 1 მაისიდან დათარიღებულ განცხადებაში განთავისუფლების საფუძვლად რეორგანიზაცია მითითებული არ არის, ხოლო 2002წ. მაისში გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციაში რეორგანიზაციას ადგილი არ ჰქონია.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. დარჩეს უცვლელი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახო საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 24 სექტემბრის გადაწყვეტილება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.