Facebook Twitter

3გ-ად-528-კ-02 20 იანვარი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლო ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა კასატორის, საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 21 ივნისის გადაწყვეტილებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 21.06.02წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე სს «პ.-ს” სარჩელი საქართველოს კონტროლის პალატის მიმართ, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 29.08.97წ. ¹399 ბრძანება ს.ს. ,,პ.-ს” საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი აგრეთვე საქართველოს კონტროლის პალატის 26.09.97წ. აქტის სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო ფონდის სასარგებლოდ 340137 ლარისა და საქართველოს საგზაო ფონდის სასარგებლოდ 5088 ლარის დავალიანების დაფიქსირების ნაწილში.

საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილება 12.12.02წ. საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს კონტროლის პალატის მიერ, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ს.ს. ,,პ.-ს” სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორმა ამასთან განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომელშიც მიუთითა, რომ საკასაციო საჩივარი მათ მიერ თავის დროზე ვერ იქნა წარმდგენილი სასამართლოში საქმის წარმოებაზე წარმომადგენლობით უფლებამოსილი პირების შვებულებაში ყოფნის გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევა და საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობით მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ს დებულებანი. სსკ-ს 397-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე, ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება და იგი იწყება ორივე მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად გაგზავნის დრო.

მოცემულ შემთხვევაში საქმიდან დგინდება, რომ კონტროლის პალატას საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილება გაეგზავნა 03.07.02წ., ხოლო საკასაციო საჩივარი საოლქო სასამართლოში შეტანილია 12.12.02წ., ამდენად, დარღვეულია კანონით დადგენილი გადაწყვეტილების გასაჩივრების ერთთვიანი ვადა, რომლის აღდგენასაც საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს. გასაჩივრების ვადის გაშვებას თვით საქართველოს კონტროლის პალატაც არ უარყოფს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს კონტროლის პალატის შუამდგომლობა გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის გაშვების საპატიოდ ცნობის შესახებ მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სსკ-ს 401-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, რის გამოც იგი უნდა დარჩეს განუხილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 408-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 21 ივნისის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.