Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹ 3გ-ად-530-კ-02 26 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

გ. ქაჯაია,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: ორი სახეობის პენსიის დანიშვნა.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 19 დეკემბერს მ. კ-ემ, მ. პ-მა, გ. ა-მა, ზ. გ-მა და მათმა წარმომადგენელმა ნ. წ-მა სარჩელით მიმართეს ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვეს ორი სახეობის პენსიის – ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურობის მიხედვით) ერთდროულად მიღების უფლების მინიჭება და დანამატის დანიშვნა იმ საფუძვლით, რომ ისინი წარმოადგენენ მე-2 ჯგუფის ინვალიდებს კანონის “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახების პენსიით უზრუნველყოფის შესახებ” მე-60 მუხლის თანახმად ეკუთვნით ორი სახეობის პენსია, ამასთან მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის დანამატით. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეებმა მოითხოვეს 1997წ. 1 იანვრიდან ომის ვეტერანის პენსიასთან ერთად დაენიშნოთ პენსია მოხუცებულობისათვის, რაც 14 ლარს შეადგენს და დანამატი 28 ლარი, სულ 42 ლარი.

მოპასუხე – სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ისანი-სამგორის რაიონული განყოფილებამ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 1997წ. 4 ნოემბრის ¹1/5/32 გადაწყვეტილების შესაბამისად აღნიშნული კანონი “ვრცელდება იმ ვეტერანებზე, რომლებმაც ომის შემდეგ გააგრძელეს სამხედრო სამსახური, აქვთ ოფიცრის წოდება და სათანადო წელთა ნამსახურობა”. აღნიშნული კატეგორიას კი არცერთი მოსარჩელე არ განეკუთვნება.

ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 6 თებერვლის განჩინებით საქმე სსკ-ს 272-ე მუხლის “ა” პუნქტის საფუძველზე შეწყდა წარმოებით როგორც სასამართლოს არა ქვემდებარე.

აღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელეებმა კერძო საჩივრით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს 2002წ. 6 თებერვლის განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა.

ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 20 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივარი არ იქნა მიჩნეული დასაშვებად და იგი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 3 მაისის განჩინებით გაუქმდა რაიონული სასამართლოს განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს.

საქმის განხილვის სტადიაზე ერთ-ერთი მოსარჩელე მ. პ-ი გარდაიცვალა. ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 ივნისის განჩინებით მ.პ-ის სარჩელი დატოვებული იქნა განუხილველად, გამოუცხადებლობის მოტივირებით.

ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 ივლისის გადაწყვეტილებით მ. კ-ეს, გ. ა-ს და ზ. გ-ს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ განმარტა, რომ “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი და მე-2 მუხლების თანახმად კანონის მოქმედება არ ვრცელდება მოსარჩელეებზე, ვინაიდან მათ არ უმსახურიათ ომის შემდგომ სამხედრო შეიარაღებულ ძალებში, არ გააჩნიათ ოფიცრის წოდება და არ ღებულობენ პენსიას წელთა ნამსახურობის მიხედვით.

რაიონულმა სასამართლომ მოთხოვნის უსაფუძვლობის მიზნით მიუთითა საკონსტიტუციო სასამართლოს 1997წ. 4 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად კანონი ვრცელდება იმ ვეტერანებზე, რომლებმაც ომის შემდგომ გააგრძელეს სამხედრო სამსახური, აქვთ ოფიცრის წოდება, სათანადო წელთა ნამსახურობა და დათხოვნილი იქნენ თადარიგში.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ.კ-ემ, გ.ა-მა, ზ.გ-მა და მათმა წარმომადგენელმა ნ.წ-მა. აპელანტებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლით:

1. აპელანტებმა მიუთითეს, რომ მათი მოთხოვნა ეყრდნობა საქართველოს 1996წ. 16 ოქტომბრის სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ კანონის მე-60 მუხლს, რომლის თანახმადაც “ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-1945 წლების ომში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების მონაწილეებს და მათთან გათანაბრებულ პირებს, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 75 წელი და ან არიან I-II ჯგუფის ინვალიდები, ეძლევათ ორი სახეობის პენსიის-ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო ერთდროულად მიღების უფლება. ამასთან მათ მოხუცებულობის პენსიაზე დაენიშნებათ დანამატი მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით”.

2. აპელანტებმა მიიჩნიეს, რომ ისინი შეესაბამებიან მე-60 მუხლის მოთხოვნებს – არიან დიდი სამამულო ომის მონაწილენი, 75 წელს გადაცილებულნი, I-II ჯგუფის ინვალიდები, იღებენ პენსიას ომის ინვალიდობის მიხედვით და დაგროვილი აქვთ შრომითი სტაჟი შრომის წელთა ნამსახურობისათვის. აღნიშნეს, რომ ამ მუხლით გაორმაგებული პენსიის მიღების უფლება აქვთ არა მარტო სამამულო ომის მონაწილეებს, არამედ მათთან გათანაბრებულ პირებსაც, ხოლო ეს უკანასკნელნი “ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის მე-7 მუხლის “ე” პუნქტისა არიან სამოქალაქო პირები, რომელთათვისაც ოფიცრის წოდება არ არის საჭირო.

3. აპელანტებისათვის მისაღებია და იზიარებენ საკონსტიტუციო სასამართლოს 1997წ. 4 ნოემბრის გადაწყვეტილებას მ.დ-ის სარჩელთან მიმართებაში, მაგრამ მიუთითებენ, რომ აღნიშნული კანონის მე-60 მუხლს, რომლითაც ისინი ითხოვენ პენსიის დანიშვნას, იგი არ ეხება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 ივლისის გადაწყვეტილება.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს:

1. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ აპელანტები მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში არიან საქართველოს მოქალაქეები, 1941-45 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილენი, არიან დემობილიზირებულები, II ჯგუფის ინვალიდები, იღებენ პენსიას და სარგებლობენ ყველა იმ შეღავათებით, რაც გათვალისწინებულია კანონით “ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ”.

2. სასამართლომ გაიზიარა ის ფაქტიც, რომ აპელანტებს ომის შემდგომ სამხედრო ან შინაგან საქმეთა ორგანოებში არ უმსახურიათ, არ გააჩნიათ ოფიცრის წოდება და სათანადო წელთა ნამსახურობა არ არიან ვადიანი სამხედრო სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი პირები და არ ღებულობენ წელთა ნამსახურობის პენსიას.

3. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 1997წ. 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლი ვრცელდება სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეებზე, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გააგრძელეს სამხედრო სამსახური, აქვთ ოფიცრის წოდება და გააჩნიათ სათანადო წელთა ნამსახურობა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მ.კ-ეზე, გ.ა-ზე, ზ.გ-ზე ვერ გავრცელდება “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლი და შესაბამისად მათი სასარჩელო მოთხოვნებიც მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

2002წ. 12 დეკემბერს მ. კ-ემ, გ. ა-მა და ზ. გ-მა თბილისის საოლქო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში იმავე საფუძვლებით, რასაც სააპელაციო საჩივარში მიუთითებდნენ.

საკასაციო სასამართლოს სხდომაზე კასატორთა წარმომადგენელმა ნ.წ-მა განმარტა, რომ ერთ-ერთი კასატორი – ზ.გ-ი გარდაიცვალა და წარმოადგინა გარდაცვალების მოწმობა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება, დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ მ. კ-ის და გ. ა-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 ოქტომბრის განჩინების შეცვლით მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მ. კ-ესთან მიმართებაში დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: კასატორი არის დიდი სამამულო ომის მონაწილე, 75 წელს გადაცილებული პირი, ომის ინვალიდი და ღებულობს შესაბამის ინვალიდობის პენსიას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2002წ. 27 დეკემბრის და 2002წ. 25 ნოემბრის განჩინებების შესაბამისად, საქართველოს კანონის “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ მე-60 მუხლით გათვალისწინებული შეღავათების მიღების უფლების მქონე კატეგორიას განეკუთვნებიან კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილი ის პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ დიდ სამამულო ომში, შეუსრულდათ 75 წელი და აქვთ ოფიცრის წოდება ან და არიან ომის ინვალიდები.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორი მ. კ-ე სრულად აკმაყოფილებს მითითებულ პირობებს, მასზე უნდა გავრცელდეს აღნიშნული კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული შეღავათები და დაენიშნოს ორი სახეობის – ინვალიდობისა და მოხუცებულობის პენსია ერთდროულად მოხუცებულობისათვის დაწესებულები ორი მინიმალური პენსიის დანამატით.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მიხეილ კ-ესთან მიმართებაში სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიუთითა საკონსტიტუციო სასამართლოს 1997წ. 4 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, რადგან აღნიშნული კანონის პირველ მუხლში მოიაზრებიან ის პირებიც, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს დაინვალიდდნენ.

ამავე დროს საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი გ. ა-ის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან იგი არ არის მეორე მსოფლიო ომში დაინვალიდებული პირი, ინვალიდობა მას დადგენილი აქვს საერთო წესით და არ აკმაყოფილებს კანონის მე-60 მუხლის მოთხოვნებს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება გ. ა-ის ნაწილში უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო საასამართლო თვლის, რომ კასატორ მ. კ-ესთან მიმართებაში სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება მ. კ-ის ნაწილში არ არის საკმაოდ დასაბუთებული, აღნიშნული გარემოება კი სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

ამასთან საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე შესაძლებელია მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რადგან საქმის გარემოებები სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ზ. გ-ის საკასაციო საჩივარზე, რომელიც მოცემული საქმის სასამართლოში წარმოების პერიოდში, 2003წ. 20 თებერვალს გარდაიცვალა. სსკ-ს 279-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტისა და 92-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საკასაციო წარმოება უნდა შეჩერდეს მისი უფლებამოსილების დადგენამდე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით სსკ-ს 399-ე, 404-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს მ. კ-ის მოთხოვნის ნაწილში.

2. საკასაციო საჩივარი გ. ა-ის მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

3. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 ოქტომბრის განჩინება გაუქმდეს მ. კ-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

4. მ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

5. სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ისანი-სამგორის რაიონულ განყოფილებას დაევალოს მ. კ-ისათვის ინვალიდობის პენსიასთან ერთად მეორე სახეობის – მოხუცებულობის გამო პენსიის დანიშვნა პენსიაზე მოხუცებულობისათვის დაწესებულებული ორი მინიმალური პენსიის დანამატით 42 ლარის ოდენობით. აღნიშნული სხვაობის გადახდა მოპასუხეს დაეკისროს 2000წ. 21 ნოემბრიდან.

6. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 ოქტომბრის განჩინება უცვლელად დარჩეს გ. ა-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.

7. ზ.გ-ის საკასაციო საჩივარზე შეჩერდეს საკასაციო წარმოება კასატორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვიტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.