3გ-ად-532-კ-02 3 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: მიუღებელი საპენსიო დანამატის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
კასატორი მ.ა.-ა არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე. ბრძოლაში მიღებული ტრავმის შედეგად ცნობილი იქნა II ჯგუფის ომის ინვალიდად და 2002წ. პირველი ივლისიდან დაენიშნა ინვალიდობის გამო პენსია 78 ლარი და 40 თეთრის ოდენობით.
2002წ. 8 ივლისს მ.ა.-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის მდგომარეობის შეცვლამდე ყოველთვიურად 101 ლარისა და 13 თეთრის პენსიის, ასევე უკანასკნელი ერთი წლის საპენსიო განაცდურის – 279 ლარისა და 96 თეთრის დაკისრება. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა დააფუძნა იმ გარემოებებზე, რომ “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრების საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 41-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, მას, როგორც ომის მონაწილეს, ეკუთვნის მოხუცებულობის გამო მინიმალური პენსიის – 14 ლარის _ 100%, ხოლო ამავე კანონის 22-ე მუხლით, როგორც მეორე ჯგუფის ინვალიდს, მინიმალური პენსიის 2/3 _ 9 ლარი და 33 თეთრი, სულ – 23 ლარი და 33 თეთრი, რაც საერთო ჯამში ძირითად პენსიაზე დამატებით შეადგენს 101 ლარსა და 73 თეთრს.
მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ ყოველთვიურად 23 ლარისა და 33 თეთრის საპენსიო დანამატის ნაწილში.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 23 ივლისის გადაწყვეტილებით მ.ა.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საპენსიო დანამატის 23 ლარისა და 33 თეთრის პენსიაზე დარიცხვა 2002წ. პირველი ივლისიდან; მ.ა.-ს უარი ეთქვა ერთი წლის მიუღებელი საპენსიო დანამატის მოპასუხისათვის დაკისრებაზე, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.ა.-მ და მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ერთიწ. მიუღებელი საპენსიო დანამატის ანაზღაურება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 ნოემბრის განჩინებით მ.ა.-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს 2002წ. 23 ივლისის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს:
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მსჯელობა და აპელანტის მიერ წარდგენილი პირადი ბარათის საფუძველზე აღნიშნა, რომ პენსიის მომატების უფლება მ.ა.-მ მოიპოვა 2002წ. პირველი ივლისიდან. “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრების საპენსიო უზრუნვეოლყოფის შესახებ” კანონის 50-ე მუხლის თანახმად, თუ პენსიონერმა მიიღო პენსიის მომატების უფლება და დროულად არ მიმართა სათანადო ორგანოებს პენსიის მისაღებად, მაშინ მას ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის სხვაობა შეიძლება გადაუხადონ წარსული დროიდან, მაგრამ არაუმეტეს 12 თვისა, რომელიც წინ უძღოდა პენსიის გადასაანგარიშებლად მიმართვის დღეს. სააპელაციო სასამართლოს აზრით, კანონმდებელი 12 თვის სხვაობის გადახდის ვალდებულებას უკავშირებს პენსიის მომატების უფლების წარმოშობის მომენტს, მ.ა.-ს კი პენსიის მომატების უფლება წარმოეშვა 2002წ. პირველი ივლისიდან.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.ა.-მ და შემდეგი მოტივით მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანა და მოპასუხისათვის 697,2 ლარის დაკისრება, ასევე მორალური ზარალის ანაზღაურება 5000 ლარის ოდენობით:
კასატორის მითითებით მას 1998წ. 14 სექტემბრიდან დაენიშნა სამხედრო პენსია 45 ლარი, ხოლო საპენსიო დანამატის უფლება წარმოეშვა უფრო ადრე, 1996წ. 18 ოქტომბერს. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრების საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის მიხედვით, პენსია კანონით დადგენილი მომატებითა და დანამატით გაიცემა სრულად და შეუზღუდავად.
მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ ცნო საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, თანახმად სსკ-ს 410-ე მუხლისა და სააპელაციო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ.ა.-ს საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 ნოემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
1. კასატორმა მ.ა.-მ სარჩელი აღძრა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში და “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 41-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში მონაწილეობის მოტივით, მოითხოვა 2002წ. პირველი ივლისიდან 78 ლარისა და 40 თეთრის ოდენობით დანიშნულ პენსიაზე საპენსიო დანამატის, მოხუცებულობის გამო პენსიის 100% _ 14 ლარის და ამავე კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე 9 ლარისა და 33 თეთრის, სულ 23 ლარისა და 33 თეთრის დანიშვნა. ამასთან კასატორმა მოითხოვა ერთი წლის მიუღებელი საპენსიო დანამატის _ 279 ლარის და 96 თეთრის ანაზღაურება. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 23 ივლისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ.ა.-ს სარჩელი; 2002წ. 1 ივლისიდან სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 23 ლარისა და 33 თეთრის საპენსიო დანამატის დარიცხვა, ხოლო ერთი წლის მიუღებელი საპენსიო დანამატის ანაზღაურებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება კასატორ მ.ა.-ს მიერ გასაჩივრდა მხოლოდ ერთი წლის მიუღებელი საპენსიო დანამატის ნაწილში და საკასაციო წესით გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც აღნიშნულ საკითხს ეხება. ამიტომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება 2002წ. 1 ივლისიდან 23 ლარის და 33 თეთრის საპენსიო დანამატის დარიცხვის ნაწილში კანონიერ ძალაშია შესული, თანახმად სსკ-ს 264-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტისა და საკასაციო პალატა ამავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, პროცესუალურად უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ ერთი წლის მიუღებელი საპენსიო დანამატის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ.
2. სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს მიერ გაცემული ¹... საპენსიო მოწმობის მიხედვით, კასატორ მ.ა.-ს დაუდგინდა მეორე ჯგუფის ინვალიდობა და 1998წ. 21 სექტემბრიდან დაენიშნა პენსია 45 ლარის ოდენობით, ხოლო 2002წ. 1 ივლისიდან “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის საფუძველზე, კერძოდ მესამე თავის შესაბამისად კასატორს დაენიშნა ინვალიდობის გამო პენსია 78 ლარისა და 27 თეთრის ოდენობით. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა კასატორ მ.ა.-ს სარჩელი და ამავე კანონის 22-ე და 41-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, უკვე დანიშნულ პენსიაზე დაერიცხა საპენსიო დანამატი 23 ლარისა და 33 თეთრის ოდენობით, მაგრამ რაიონულმა და სააპელაციო სასამართლოებმა მართებულად უთხრეს უარი კასატორს სარჩელის აღძვრამდე 12 თვის საპენსიო დანამატის ანაზღაურებაზე. საკასაციო პალატა იზიარებს სასამართლოთა გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის კასატორის მიერ მითითებული 50-ე მუხლის შეღავათი მასზე ვერ გავრცელდება, ვინაიდან აღნიშნული ნორმა ეხება ამ კანონის საფუძველზე უკვე დარიცხული პენსიის შემდგომში გადაანგარიშებას. კერძოდ ამ ნორმის მიხედვით: “პენსიების ოდენობაში ცვლილებების შეტანის ვითარების წარმოქმნისას, გადაანგარიშება წარმოებს მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. თუ პენსიონერმა მიიღო პენსიის მომატების უფლება და დროულად არ მიმართა სათანადო ორგანოებს პენსიის მისაღებად, მაშინ მას ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის სხვაობა შეიძლება გადაუხადონ წარსული დროისათვის, მაგრამ არაუმეტეს 12 თვისა, რომელიც წინ უძღვოდა პენსიის გადასაანგარიშებლად მიმართვის დღეს”.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მიერ მითითებული 50-ე მუხლი ეხება “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის საფუძველზე უკვე დანიშნული (დარიცხული) პენსიის შემდგომში გადაანგარიშებას. კონკრეტულ შემთვევაში კასატორ მ.ა.-ს ინვალიდობის გამო პენსია ზემოაღნიშნული კანონის შესაბამისად დაენიშნა 2002წ. ივლისიდან, სარჩელი კასატორმა იმავე წლის 8 ივლისს შეიტანა საპენსიო დანამატის დარიცხვის შესახებ, რაც დაკმაყოფილდა რაიონული სასამართლოს მიერ და 2002წ. ივლისიდან ანუ ამ კანონის საფუძველზე ინვალიდობის გამო ძირითადი პენსიის დანიშვნის მომენტიდან სწორად დაენიშნა საპენსიო დანამატი 23 ლარისა და 33 თეთრის ოდენობით, ხოლო წინა 12 თვის საპენსიო დანამატის ანაზღაურებაზე მართებულად ეთქვა უარი, რადგან ამ კანონის 22-ე და 41-ე მუხლებით გათვალისწინებული საპენსიო შეღავათი ვრცელდება მხოლოდ იმ პენსიონრებზე, რომლებსაც “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის საფუძველზე დაენიშნათ პენსიები. საკასაციო პალატის აზრით, ამ კანონით გათვალისწინებული საპენსიო დანამატის ანაზღაურება ძირითადი პენსიის დანიშვნის წინა 12 თვეზე უკანონოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. კასატორი 12 თვის მიუღებელ საპენსიო დანამატთან ერთად საკასაციო საჩივრით დამატებით ითხოვს მორალური ზიანის ანაზღაურებას 5000 ლარის ოდენობით და ფონდისათვის 679 ლარისა და 20 თეთრის დაკისრებას, რაც ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სსკ-ს 406-ე მუხლით იმპერატიულად დადგენილია: “დავის საგნის შეცვლა ან გადიდება საკასაციო სასამართლოზე დაუშვებელია”.
ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, მ.ა.-ს საკასაციო საჩივარი სსკ-ს 410-ე თანახმად, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 ნოემბრის განჩინება, რადგან საკასაციო საჩივარში მითითებულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია და სააპელაციო პალატამ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სწორი შეფასებითა და კანონის მართებული გამოყენება-განმარტებით გამოიტანა კანონიერი განჩინება, რომელსაც საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ა.-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 ნოემბრის განჩინება;
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.