Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-533-კ-02 1 აგვისტო, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე,

ნ. სხირტლაძე

სარჩელის მოთხოვნა: ხელშეკრულებების გაუქმება, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

შეგებებული სარჩელის მოთხოვნა: ხელშეკრულებების კანონიერად ცნობა, მესაკუთრეებად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 17 აგვისტოს ი. კ-ემ სარჩელი აღძრა მოპასუხეების: ქ. თბილისის მერიის საბინაო მეურნეობის სამმართველოსა და ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ქ. თბილისში, ... მდებარე ერთსართულიანი, ცხრაოთახიანი სახლი 444 კვ.მ საკარმიდამო ნაკვეთით 1918 წელს მოსარჩელის პ. ს-ო კ-ემ იყიდა სე. პ-ისგან. ს-ო კ-ის გარდაცვალების შემდეგ აღნიშნულ სახლში ცხოვრობდა მისი ვაჟი, მოსარჩელის მამა, გ. კ-ე ოჯახთან ერთად. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ამ სახლში ცხოვრება განაგრძეს მოსარჩელე ი. კ-ემ და მისმა ქალიშვილმა მ. მ-მა.

მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნულ სახლში, აგრეთვე, ცხოვრობს ოთხი ოჯახი დამქირავებლის უფლებით. მოსარჩელის წინააღმდეგობის მიუხედავად, ოთხივე ოჯახმა მოახდინა მათ მიერ დაკავებული ფართის პრივატიზება. მთლიანად სახლი რიცხული ყოფილა კომუნალურ ფონდში, რაც მოსარჩელისთვის ცნობილი არ იყო. ამასთან დაკავშირებით, მოსარჩელემ მიმართა ქ. თბილისის მერიას და ითხოვა აღნიშნული სახლის კომუნალურ ფონდში ჩარიცხვის საფუძველი. ქ. თბილისის მერიამ და ტექნიკური აღრიცხვის სამსახურმა მოსარჩელეს აცნობეს, რომ არსებობს სახლთმფლობელობის სააღრიცხვო ბარათი, სადაც მიწერილია, რომ სახლთმფლობელობა ტრესტის გამგებლობაში გადავიდა სახლის პატრონის 1933წ. 23 დეკემბრის ¹105 განცხადების საფუძველზე.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ ტექაღრიცხვის სამსახურში არ არსებობდა ზემოთ მითითებული სახლის მესაკუთრის განცხადება ან შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილება სახლის კომუნალურ ფონდში ჩარიცხვის შესახებ, რის გამოც დასტურდებოდა, რომ მთლიანად სახლი სახელმწიფოს უკანონო მფლობელობაში იყო.

მოსარჩელემ სარჩელით ითხოვა სახელმწიფოს უკანონო მფლობელობიდან სახლის დაბრუნება.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 11 დეკემბრის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ქ. თბილისში, ... მცხოვრები ფიზიკური პირები: ნ. მ-ე, მ. ძ-ი, ნ. გ-ი, გ. ნ-ე.

2001წ. 14 დეკემბერს ნ. მ-ემ, მ. ძ-მა, ნ. გ-მა და გ. ნ-ემ შეგებებული სარჩელი შეიტანეს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ი. კ-ის მიმართ.

შეგებებულ სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ... მცხოვრებმა გ. ნ-ემ, ქ. ფ-მა, ს. დ-მა, ვ. ნ-მა, ი. კ-ემ, ნ. კ-ემ და გ. კ-ემ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების საფუძველზე მოახდინეს მათ მიერ დაკავებული ბინების პრივატიზება.

შეგებებულ სარჩელში მითითებულია, რომ სადავო ბინების პრივატიზების შემდგომ მათმა მესაკუთრეებმა: ქ. ფ-მა 1993წ. 22 ივლისის ხელშეკრულებით ნ. მ-ეს მიყიდა ერთი 20 კვ.მ საცხოვრებელი ოთახი და 6,8 კვ.მ სარდაფი; ს. დ-მა 1993წ. 22 ივნისის ხელშეკრულებით მ. მ-ს მიყიდა 38 კვ.მ ორი ოთახი, ხოლო მ. მ-მა 1995წ. 28 დეკემბრის ხელშეკრულებით აღნიშნული ფართი მიყიდა ნ. გ-ს; ვ. ნ-მა 1993წ. 16 თებერვლის ხელშეკრულებით მის მიერ პრივატიზებული 24 კვ.მ ორი ოთახი მიყიდა ს. გ-ს, ხოლო ამ უკანასკნელმა 1998წ. 24 ივლისის ხელშეკრულებით აღნიშნული ფართი გაასხვისა მ. ძ-ზე. შეგებებული სარჩელის ავტორები: გ. ნ-ე, ნ. მ-ე, მ. ძ-ი და ნ. გ-ი ამჟამადაც აღნიშნულ ბინებში ცხოვრობენ.

შეგებებული სარჩელის ავტორთა განმარტებით, ისინი ბინების კანონიერი მესაკუთრეები იყვნენ და ითხოვეს სასამართლოს გადაწყვეტილებით მათი ცნობა ზემოთ აღნიშნული ბინების მესაკუთრეებად. თუმცა მიუთითეს, რომ ისინი თანახმანი იყვნენ დაეთმოთ საკუთარი ბინები, თუ ი. კ-ე მათ შეუძენდა ტოლფასი ფართობისა და ღირებულების ბინებს ... მიმდებარე ტერიტორიაზე.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ი. კ-ის მოთხოვნას, უკანონო მფლობელობიდან ნივთების გამოთხოვისა და ბინების პრივატიზების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე, უარი ეთქვა; გ. ნ-ის, ნ. გ-ის, ნ. მ-ისა და მ. ძ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა: ბინების პრივატიზების ხელშეკრულებები ცნობილ იქნა კანონიერად და შეგებებული სარჩელის ავტორები დარჩნენ შეძენილი საცხოვრებელი ბინების მესაკუთრეებად.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. კ-ის წარმომადგენელმა თ. ა-მა, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლომ 2002წ. 19 ნოემბერს განიხილა ი. კ-ის წარმომადგენელ თ. ა-ის სააპელაციო საჩივარი და გამოიტანა განჩინება, რომლითაც არ დააკმაყოფილა იგი. შესაბამისად, უცვლელად დარჩა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 იანვრის გადაწყვეტილება.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ი. კ-ის რწმუნებულმა მ. მ-მა, რომელმაც ითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 19 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია მტკიცებულებები და არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ ქ. თბილისში, ... მდებარე სახლი ს. კ-ემ 1918წ. 20 მარტს შეიძინა სე. პ-ისგან. ს. კ-ე გარდაიცვალა 1918წ. 20 ნოემბერს და მისი გარდაცვალების შემდეგ ამ სახლში ცხოვრება განაგრძო მისმა ვაჟიშვილმა გ. კ-ემ მეუღლითა და შვილებით. აღნიშნული სახლთმფლობელობა ქ. თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში 1941წ. 12 სექტემბრიდან აღრიცხულია საბინაო მეურნეობის სახელზე. სააღრიცხვო ბარათზე აღნიშნულია, რომ სახლთმფლობელი იყო ს. კ-ე და მისი 1933წ. 23 დეკემბრის ¹105 განცხადების საფუძველზე, 1933 წლიდან სადავო სახლთმფლობელობა გადავიდა სახლთა ტრესტის გამგებლობაში ანუ გახდა სახელმწიფო საკუთრება. აღნიშნულს მიუთითებს თავად კასატორიც საკასაციო საჩივარში და ადანაშაულებს კომუნალური ფონდის მოხელეებს.

საქმის მასალებში არ არის იმის მტკიცებულება, რომ განვლილი პერიოდის განმავლობაში ს. კ-ის მემკვიდრეებს სადავოდ გაეხადათ აღნიშნული სახლის მესაკუთრეობა. თავად მოსარჩელე ი. კ-ემაც 1993წ. 23 ივნისს მოახდინა მის სარგებლობაში არსებული ფართის პრივატიზება, ხოლო დიდუბის რაიონის გამგეობის 1996წ. 27 მარტისა და 1997წ. 17 აპრილის გადაწყვეტილებებით ი. კ-ის ოჯახს მისივე თხოვნით გადაეცა 4 კვ.მ და 8 კვ.მ დამხმარე სათავსები.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ შეგებებული სარჩელის ერთ-ერთმა ავტორმა გ. ნ-ემ, რომელიც სასამართლოში დავის პერიოდში გარდაიცვალა (მის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაერთო მისი შვილი მ. ნ-ე), მის მიერ დაკავებული ბინის პრივატიზება მოახდინა 1992წ. 3 ნოემბერს. სადავო ბინების მესაკუთრეებმა: ქ. ფ-მა 1993წ. 22 ივლისის ხელშეკრულებით ნ. მ-ეს მიყიდა ერთი 20 კვ.მ საცხოვრებელი ოთახი და 6,8 კვ.მ სარდაფი; ს. დ-მა 1993წ. 22 ივნისის ხელშეკრულებით მ. მ-ს მიყიდა 38 კვ.მ ორი ოთახი, ხოლო მ. მ-მა 1995წ. 28 დეკემბრის ხელშეკრულებით აღნიშნული ფართი მიყიდა ნ. გ-ს; ვ. ნ-მა 1993წ. 16 თებერვლის ხელშეკრულებით მის მიერ პრივატიზებული 24 კვ.მ ორი ოთახი მიყიდა ს. გ-ს, ხოლო ამ უკანასკნელმა 1998წ. 24 ივლისის ხელშეკრულებით აღნიშნული ფართი გაასხვისა მ. ძ-ზე. შეგებებული სარჩელის ავტორები: გ. ნ-ე, ნ. მ-ე, მ. ძ-ი და ნ. გ-ი ამჟამადაც აღნიშნულ ბინებში ცხოვრობენ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მ. ძ-ი, ნ. გ-ი და ნ. მ-ე არიან სადავო ბინების კეთილსინდისიერი შემძენები, ხოლო გ. ნ-ემ 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მოთხოვნათა დაცვით მოხდინა მის მიერ დაკავებული ბინის პრივატიზება.

ამდენად, აღნიშნული პრივატიზების ხელშეკრულებებისა და ზემოთ მითითებული ნასყიდობის ხელშეკრულებათა ბათილობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ, რადგანაც სკ-ს 172-ე მუხლის თანახმად, მხოლოდ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელე ი. კ-ე სადავო ბინების მესაკუთრე არ არის, ხოლო ვისგანაც ითხოვს ბინების გამოთხოვას, მათ კანონით დადგენილი წესით აქვთ მოპოვებული საკუთრების უფლება სადავო ბინებზე.

გარდა ამისა, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სადავო ბინების პრივატიზებისას და არც შემდგომ პრივატიზებული ბინების გასხვისებისას მოსარჩელეს არ გამოუთქვამს პრეტენზია და შესაბამისად, არ მიუმართავს სასამართლოსთვის. მხოლოდ 2000წ. 17 აგვისტოს აღძრა მან დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში სარჩელი სადავო ბინების პრივატიზების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელემ გაუშვა პრივატიზების ხელშეკრულებების ბათილობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 75-ე მუხლით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის საერთო ვადა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კასატორ ი. კ-ის წარმომადგენელ მ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.