3გ-ად-534-კ-02 17 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: სამოსახლო მიწის ნაკვეთის გამოყოფა.
აღწერილობითი ნაწილი:
რ. შ-ემ 2000წ. ივლისში სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონის სასამართლოს მოპასუხე ..... მეურნეობის თავმჯდომარე რ. ჩ-ის მიმართ და მოითხოვა ...... კოლმეურნეობის რწმუნებულთა კრების 1991წ. 2 აპრილის ¹2 ოქმის გაუქმება და საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე პასპორტის გამოწერა.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ...... კოლმეურნეობის რწმუნებულთა კრების დადგენილების საფუძველზე საკარმიდამო მიწის ფონდში რიცხული ფართობიდან, მამის საცხოვრებელ სახლთან ახლოს მიეზომა 0,10 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელიც შემოღობა და სადაც ჩადგა დროებით საცხოვრებელი ავტომისაბმელი. 2000წ. ჩათვლით გამოყოფილ მიწის ნაკვეთის გადასახადი გადახდილი აქვს. ხელვაჩაურის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს და ზემდგომ ორგანოებს რამდენჯერმე მიმართა განცხადებით, მიწის პასპორტის გამოწერის შესახებ, მაგრამ უარი მიიღო. 1998 წელს გამგეობამ მიწის ნაკვეთის გადაცემა სცადა მეზობლისათვის იმ მოტივით, რომ ....... კოლმეურნეობის რწმუნებულთა კრების 1991წ. 24 აპრილს ¹2 ოქმით გაუქმდა მისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემა.
ზემდგომი ორგანოების მითითების საფუძველზე ორთაბათუმის საკრებულომ 2000წ. 29 თებერვალს ჩაატარა სოფლის ყრილობა. ყრილობაზე დამსწრეთა უმრავლესობით გადაწყდა 1990წ. 19 ოქტომბრის ¹8 დადგენილების აღდგენა და უკანონოდ წართმეული მიწის ნაკვეთის დაბრუნება, მაგრამ ორთაბათუმის თემის საკრებულოს ხელმძღვანელობამ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას, არასწორად აცნობა, რომ მოდავე მხარეებს შორის შეუთანხმებლობის გამო საკითხი დადებითად არ გადაწყვეტილა.
მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ 1991წ. 24 აპრილის ¹2 ოქმი არაკანონიერი და ტენდენციური იყო, რის გამოც ითხოვდა მის გაუქმებას და სადავო მიწის ნაკვეთზე პასპორტის გამოწერას.
სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონის ორთაბათუმის ..... მეურნეობის თავმჯდომარემ და მიუთითა, რომ 1987წ. 7 აპრილს ...... კოლმეურნეობის რწმუნებულთა კრებამ ჯ. ს-ს სამოსახლოდ გამოუყო 0,03ჰა მიწის ნაკვეთი, მისთვის ადრე გადაცემული 0,12 ჰა მიწის ფართობის გაგრძელებაზე, რომელიც შ. შ-ის დავის გამო ჩამოერთვა.
1990წ. 5 ივლისის რწმუნებულთა კრების გადაწყვეტილებით ზემოთ აღნიშნული 0,3 ფართობი კვლავ გადაეცა ჯ. ს-ს, ხოლო იმავე წლის 10 ოქტომბრის რწმუნებულთა კრებამ, რათა რ. შ-ეს დავა შეეწყვიტა, გამოუყო 0,10ჰა მიწის ნაკვეთი ¹..... ბრიგადის ტყე-ბუჩქნარის ხარჯზე და არა ის ფართობი, რომელსაც რ. შ-ე თვითნებურად ფლობდა და მიიტაცებასაც ცდილობდა.
1991წ. 24 აპრილს რწმუნებულთა კრების გადაწყვეტილებით 0,03ჰა ფართობი ჩამოერთვა ჯ. ს-ს, 0,10ჰა ფართობი რ. შ-ეს და ორივე ნაკვეთი ჩაირიცხა საკოლმეურნეო ფონდში. მიუხედავად ამისა, მოდავე მხარეებს შორის კონფლიქტი გაგრძელდა. ხელვაჩაურის რაიონის ორთაბათუმის ..... მეურნეობის თავმჯდომარე ითხოვდა, რ. შ-ეს გაენთავისუფლებინა თვითნებურად დაკავებული 0,10ჰა მიწის ნაკვეთი.
ხელვაჩაურის რაიონის სასამართლოს 2001წ. 27 მარტის გადაწყვეტილებით რ. შ-ის სარჩელი ორთაბათუმის ..... მეურნეობის 1991წ. 24 აპრილის ¹2 კრების ოქმის ბათილად ცნობის შესახებ უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფლდა.
დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი სადავო 0,10ჰა მიწის ნაკვეთზე არსებული ღობის დანგრევისა და გამონთავისუფლების შესახებ.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. შ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა, რომლითაც დაკმაყოფილდებოდა მისი სარჩელი.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 26 ივნისის განჩინებით გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონის სასამართლოს 27 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილელად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სასამართლოს დამატებითი სასარჩელო განცხადებით მიმართა რ. შ-ემ და მოითხოვა ორთაბათუმის საკრებულოს მეკომურთა კრების 2000წ. 13 სექტემბრის დადგენილების გაუქმება ნ. ჩ-ისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის ნაწილში იმ მოტივით, რომ ნ. ჩ-ისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი მოიცავდა მოსარჩელისათვის გამოყოფილ სადავო 0,10 ჰა მიწის ნაკვეთს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 ივლისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა რ. შ-ის სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი ...... კოლმეურნეობის რწმუნებულთა კრების 1991წ. 24 აპრილის ¹2 საოქმო დადგენილება და დაევალა ორთაბათუმის თემის საკრებულოს, ეხელმძღვანელა ...... რწმუნებულთა კრების 1990წ. 10 ოქტომბრის ¹8 დადგენილებით. მოსარჩელეს უარი ეთქვა ორთაბათუმის მეკომურთა კრების 2000წ. 13 სექტემბრის დადგენილების გაუქმებაზე.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. შ-ემ და მოითხოვა რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება ორთაბათუმის მეკომურთა კრების 2000წ. 13 სექტემბრის ¹4 დადგენილების გაუქმების შესახებ სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და 1998წ. 22 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტის გაუქმება.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს 2002წ. 2 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1985 და 1986 წლებში მონაცვლეობის მიზნით სამოსახლო მშენებლობისათვის ჯ. ს-ს 0.12 ჰა და 0,03 ჰა მიწის ნაკვეთები გამოეყო ...... ე.წ. “ ...... " ტერიტორიაზე, რაც სადავო გახადა რ. შ-ემ იმ მოტივით, რომ მიწა მათი მამა-პაპის “განაერთიანები" იყო. 1990წ. 10 ოქტომბერს რწმუნებულთა კრებამ კონფლიქტის გადაწყვეტის მიზნით მასაც გამოუყო საკარმიდამო 0,10 ჰა მიწის ნაკვეთი ¹..... ბრიგადის ტერიტორიაზე ბუჩქნარის ხარჯზე. ოქმში მითითებული იყო, რომ რ. შ-ეს მიწა ეძლეოდა არსებული ბუჩქნარის ხარჯზე, მაგრამ რ. შ-ე დაეუფლა ჯ. ს-ისათვის გამოყოფილ მიწის ნაკვეთის ნაწილს, რაც შემდგომში სადავო გახდა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რ. შ-ეს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 18 იანვრის ¹48 დადგენილების მე-5 პუნქტის შესაბამისად სწორად გამოეყო 0,10ჰა მიწის ნაკვეთი 1990წ. 10 ოქტომბრის დადგენილებით და რწმუნებულთა კრებამ 1991წ. 24 აპრილის ¹2 საოქმო დადგენილებით არასწორად გააუქმა ნაკვეთის გამოყოფა, რის გამოც იგი უკანონო იყო.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ორთაბათუმის მეკომურთა კრების 2000წ. 13 სექტემბრის დადგენილებით ნ. ჩ-ისათვის გამოყოფილი 0,25 ჰა მიწის ნაკვეთს არავითარი კავშირი არ ჰქონდა იმ მიწის ნაკვეთთან, რომელიც რ. შ-ეს 1990წ. 10 ოქტომბრის დადგენილებით გამოეყო. სააპელაციო პალატამ ექსპერტიზისა და შემოწმების აქტების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ რ. შ-ემ მიითვისა სხვა ნაკვეთი და არა ის ნაკვეთი, როემლიც მას 1990წ. 10 ოქტომბრის ¹8 დადგენილებით გამოეყო.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. შ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ორთაბათუმის მეკომურთა კრების 2000წ. 13 სექტემბრის დადგენილების გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორის მიაჩნია, რომ 1990 წილს 10 ოქტომბრის ...... კოლმეუნეობის რწმუნებულთა კრების ¹8 საოქმო დადგენილებით კანონიერად გამოეყო 0,10 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი ჯ. ს-ისათვის დამატებით გამოყოფილი 0,03 ჰა მიწის ნაკვეთის გაგრძელებაზე. იგი არ იზიარებს სასამართლოს მოტივაციას იმის თაობაზე, რომ თითქოს იგი დაეპატრონა იმ მიწის ნაკვეთს, რომელიც არის ჯ. ს-ისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი და აღნიშნავს, რომ ჯ. ს-ის მიწის ნაკვეთი სადავო არ ყოფილა, სადავოა ნ. ჩ-ისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი, რომელიც მიეზომა ჯ. ს-ის 0,03 ჰა ნაკვეთიდან და მისი ნაკვეთიდან გამოყოფილი 0,09 ჰა. კასატორი აღნიშნავს, რომ მისთვის გამოყოფილი 0,10 ჰა მიწის ნაკვეთის მდებარეობა სადავოც რომ იყოს, მას მაინც ეკუთვნის ის ნაკვეთი, რომელიც შემოღობილი აქვს და ფლობს, ვინაიდან საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1992წ. 18 იანვრის ¹48 დადგენილების მე-5 პუნქტის შესაბამისად მოქალაქეებზე რიცხული მიწის ნაკვეთები მათ საკუთრებად გამოცხადდა. მიაჩნია, რომ აღნიშნულიც საკმარისი საფუძველი იყო იმისათვის, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს დაეკმაყოფილებინა მისი სასარჩელო მოთხოვნა და გაეუქმებინა ორთაბათუმის მეკომურთა კრების 2000წ. 13 სექტემბრის დადგენილება.
კასატორის მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებულია და მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.
რ. შ-ის საკასაციო საჩივრის განხილვა უზენაეს სასამართლოში ორჯერ დაინიშნა, მაგრამ მოწინააღმდეგე მხარეები არ გამოცხადნენ. გამოცხადებული კასატორი დაეთანხმა სასამართლოს საქმის მხარეთა დასწრების გარეშე განხილვის თაობაზე.
საკასაციო სასამართლომ სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დაადგინა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო სსკ-ს 404-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. რ. შ-ე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 ნოემბრის განჩინებას ასაჩივრებს ორთაბათუმის კოლმეურნეობის მეკომურთა კრების 2000წ. 13 სექტემბრის დადგენილების გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილში. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 ივლისის გადაწყვეტილება ....... კოლმეურნეობის რწმუნებულთა კრების 1991წ. 24 აპრილის ¹2 საოქმო დადგენილების ბათილად ცნობის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში და ორთაბათუმის თემის საკრებულოს დაევალა, ეხელმძღვანელა ...... რწმუნებულთა კრების 1990წ. 10 ოქტომბრის ¹8 დადგენილებით, რომლითაც საქართველოს სსრ მიისტრთა საბჭოს 1990წ. 10 აპრილის ¹178 დადგენილებით საკარმიდამო მიწის ფონდში ჩარიცხული ფართობებიდან 0,10 ჰა სამოსახლოდ მიეზომა რ. შ-ეს (20X50), რომელიც წარმოადგენდა ბუჩქნარს და მდებარეობდა ¹..... ბრიგადის ტერიტორიაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიანია კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მას 1990წ. 10 ოქტომბრის ..... კოლმეურნეობის რწმუნებულთა კრების ¹8 საოქმო დადგენილებით გამოეყო 0,10 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი ჯ. ს-ისათვის დამატებით გამოყოფილი 0,03 ჰა მიწის ნაკვეთის გაგრძელებაზე არსებული 0,02 ჰა და მიმდებარე მიწის ნაკვეთის ხარჯზე, ვინაიდან ზემოხსენებულ დადგენილებაში (1990წ. 10 ოქტომბრის ¹8 ოქმი) მითითებულია, რომ რ. შ-ეს მიეზომა 0,10 ჰა ბუჩქნარის ფართობი ¹..... ბრიგადის ტერიტორიაზე და არა ჯ. ს-ისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის გაგრძელებაზე.
საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ..... კოლმეურნეობის რწმუნებულთა კრების ¹8 საოქმო დადგენილებით მისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვთის ადგილმდებარეობა სადავოც რომ იყოს, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1992წ. 18 იანვრის ¹489 დადგენილების მე-5 პუნქტის საფუძველზე მან საკუთრების უფელბა შეიძინა ფაქტობრივად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, ვინაიდან აღნიშნული დადგენილების შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებზე კანონით დადგენილი წესის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო, საბაღე ან სააგარაკო მიწები გადავიდა მათ საკუთრებაში. რ. შ-ეს საკუთრების უფლება წარმოეშვა 1990წ. 10 ოქტომბრის ¹89 საოქმო დადგენილებით გამოყოფილ 0,10 ჰა მიწის ნაკვეთზე, რომელიც წარმოადგენდა ბუჩქნარს ¹...... ბრიგადის ტერიტორიაზე და არა მის მიერ კანონიერი საფუძვლის გარეშე ფაქტობრივად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც ჯ. ს-ისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ნაწილს და მის გაგრძელებას წარმოადგენდა.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ორთაბათუმის (მასაურის) მეკომურთა კრების 2000წ. 13 სექტემბრის დადგენილებით ნ. ჩ-ისათვის სამოსახლოდ გამოყოფილი 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი (¹2 ბრიგადის ტერიტორიაზე) არ მოიცავს რ. შ-ისათვის ..... კოლმეურნეობის რწმუნებულთა კრების 1990წ. 10 ოქტომბრის ¹8 საოქმო დადგენილებით გამოყოფილი 0,10 ჰა მიწის ნაკვეთს, რის გამოც კასატორის მოთხოვნა უსაფუძვლოა და მის დაკამყოფილებაზე უარი უნდა ითქვას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 ნოემბრის განჩინება;
3. რ. შ-ეს გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 30 ლარის ოდენობით;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.