Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-535-კ-02 31 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: საექსპროპრიაციო ქონების ღირებულების განსაზღვრა.

აღწერილობითი ნაწილი:

აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭომ 10.10. 02წ. განცხადებით მიმართა აჭარის ა./რ უმაღლეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ბათუმი-ქობულეთის მონაკვეთზე საავტომობილო გზისა და გვირაბის მშენებლობის ზოლში მოხვედრილი ქ. ბათუმის, ... მცხოვრები კ. გ-ს, ამავე ქუჩა ¹...-ში მცხოვრები აწგარდაცვლილი ნ. ბ-ის მემკვიდრე შვილების – მ. და ი. ბ-ეების, ... მცხოვრები ზ. ძ-ის, ... მცხოვრები ლ. გ-ის და ... მცხოვრები ნ. ბ-ის საკუთრებაში მყოფი უძრავი ქონების, საცხოვრებელი სახლის, დამხმარე ნაგებობის, მიწის ნაკვეთის და მასზე გაშენებული ყველა სახის ნარგავების ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 18.10.02წ. გადაწყვეტილებით განცხადება დაკმაყოფილდა, აჭარის ა./რ მინისტრთა საბჭოს ბათუმი-ქობულეთის გზებისა და გვირაბების გაყვანა-მშენებლობისათვის აუცოლებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიენიჭა მოქალაქეების: კ. გ-ს, მ. და ი. ბ-ეების, ზ. ძ-ის, ლ. გ-ის და ნ. ბ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების _ საცხოვრებელი სახლის, მიწის ნაკვეთის და მთლიანი ნარგავების ექსპროპრიაციის უფლება, სათანადო კომპენსაციით. კოლეგიამ აღნიშნა, რომ ბათუუმი-ქობულეთის მონაკვეთზე დაწესებულია გზების და გვირაბების მშენებლობა, რის შედეგადაც აღების ზოლში ხვდება მოქალაქეების კ. გ-ს, მ. და ი. ბ-ეების, ნ. ძ-ის, ლ. გ-ის, ნ. ბ-ის ქონება. კოლეგიამ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის, “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, შესაბამისი კომპენსაციით, ექსპროპრიაციას ექვემდებარება: კ. გ-ს უძრავი ქონება, რომლის ოჯახო შესდგება 5 სულისაგან, კერძოდ, საცხოვრებელი სახლი (166,4 კვ.მ), მიწის ნაკვეთი (1447 კვ.მ) და ნარგავები; მ. და ი. ბ-ეების საკუთრებაში არსებული ორსართულიანი სახლი (98,5 კვ.მ) და მიწის ნაკვეთი (486 კვ.მ) მრავალწლიანი ნარგავებით; ზ. ძ-ის საკუთრებაში არსებული ორსართულიანი სახლი (192,64 კვ.მ), მიწის ნაკვეთი (791 კვ.მ), მრავალწლიანი ნარგავები; ლ. გ-ის საკუთრებაში არსებული ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი (68,4 კვ.მ), მიწის ნაკვეთი (455 კვ. მ), მრავალწლიანი ნარგავები; ნ. ბ-ის საკუთრებაში არსებული ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი (95,64 კვ.მ), მიწის ნაკვეთი (466 კვ.მ), მასზე გაშენებული ნარგავებით.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 18.10.02წ. გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივრები შეიტანეს კ. გ-მ, ლ. გ-ემ, ნ. ბ-ემ. კ. გ-ა თავის საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს განცხადება არ არის ხელმოწერილი, ხელმოუწერელ განცხადებას თან ერთვის შპს “კ-ის” 05.10.02წ. დასკვნა ქონების ღირებულების თაობაზე, შეფასება აუდიტის მიერ ჩატარდა მოულოდნელად, კასატორს არ მიეცა საშუალება მოეწვია მისთვის მისაღები სპეციალისტები, სასამართლომ სსკ-ს 93-ე მუხლის დარღვევით არ უზრუნველყო მისი უფლება ესარგებლა კვალიფიციური დამცველის მომსახურებით, სსკ-ს 188-ე მუხლის საფუძველზე წარედგინა შესაგებელი. ქონების შეფასება არ შესრულებულა საბაზრო ფასების მიხედვით. აუდიტორი კასატორის ეზოში ჩატარებულ მშენებლობებს უწოდებს უკანონოს, აუდიტორს უნდა მოეხდინა ქონების შეფასება და არა ქონების სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა, დასკვნა არის მიკერძოებული, კასატორი არ ენდობა დასკვნას და თვლის, რომ ექსპროპრიაციისათვის განკუთვნილი ქონების შეფასება უნდა მოეხდინა არა სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ და ამდანად დამკვეთზე ფინანსურად დამოკიდებულ კომპანიას, არამედ მხარეთა მიერ ერთობლივად შედგენილ კომისიას ან სასამართლო ექსპერტიზას, ვინაიდან ქონების შეფასება მოითხოვს სპეციალურ ცოდნას, ქონების ექსპერტიზის ჩაუტარებლობით სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 162-ე მუხლის მოთხოვნები. სასამართლოს არ უმსჯელია დაინტერესებული მხარის მიერ დაქირავებული აუდიტორული კომპანიის არაობიექტური დასკვნის შესახებ, შემოიფარგლა ზოგადი ფრაზით სათანადო ანაზღაურების შესახებ, არ მიუთითა განმცხადებელს სადავო საკითხის მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით განსაზღვრის თაობაზე. სასამართლოს არ დაუნიშნავს თავისი ინიციატივით ექსპერტიზა და არ მისცა საშუალება მოსაპუხე მხარეს წარმოედგინა ალტერნეტიული დასკვნა, ამასთანავე სარჩელის დაკმაყოფილებით ფაქტიურად დაკანონდა კასატორისათვის მიუღებელი ქონების შეფასების დასკვნა. კასატორი თვლის, რომ კოლეგიის 18.10.02წ. გადაწყვეტილება მისი ქონების ექსპროპრიაციის უფლების გაცემის შესახებ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე, “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენსაციის” ¹1 ოქმის მოთხოვნებს, იურიდიულად დაუსაბუთებელია, მიღებულია სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის დარღვევით და უნდა გაუქმდეს.

კოლეგიის 18.10.02წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა აგრეთვე ნ. გ-ის მიერ, კასატორი აღნიშნავს, რომ მართალია ექსპროპრიაციის თანახმა იყო, მაგრამ იგი უნდა შესრულდეს რეალური ანაზღაურებით. კასატორი არ ეთანხმაბა საქმეში წარმოდგენილ 05.10.02წ. აუდიტორიულ დასკვნას, ვინაიდან მას არ მიეცა მისთვის მისაღები სპეციალისტების მოწვევის საშუალება, დასკვნა არის არასრულყოფილი და საჭიროებს გადამოწმებას, დასკვნაში არ არის აღნიშნული საკარმიდამო ნაკვეთში აშენებული კაპიტალური ავტოფარეხი და სამზარეულო. საკასაციო საჩივარში აღინიშნება აგრეთვე, რომ კასატორი მატერიალური ხელმოკლეობის გამო თავისი საკუთრება გამოყენებული აქვს შემოსავლის მიღების წყაროდ, იგი აქირავებს ავტოფარეხს და ერთ ოთახს, კოლეგიის გადაწყვეტილება უუარესებს მას საყოფაცხოვრებო პირობებს, რის გამო ქონების განმეორებითი აღწერისა და სათანადო ანაზღაურების მიზნით ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს აგრეთვე ნ. ბ-ე, რომელიც საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ ექსპროპრიაციის თანახმაა, მაგრამ არ ეთანხმება საქმეზე წარმოდგენილ აუდიტორულ დასკვნას და თვლის, რომ ორსართულიანი სახლის შეფასება 12000 დოლარად არის უკანონო, რის შედეგადაც უკანონოა აგრეთვე გასაჩივრებული გადაწყვეტილება. კასატორი აღნიშნავს, რომ მას არ მიეცა საშუალება მოეწვია მისთვის მისაღები სპეციალისტი, დასკვნა ცალმხრივია და საჭიროებს გადამოწმებას, რის გამო კასატორი ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

“ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ” კონვენციის ¹1 ოქმის 1-ლი მუხლის თანახმად არ დაიშვება ქონების ჩამოეთმევს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას საზოგადოებრივი ინტერესი მოითხოვს და იმ პირობით, რომელიც გათვალისწინებულია კანონით და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის შესაბამისად აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია საკუთრების ჩამორთმევა ექსპროპრიაციის გზით. “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად გზისა და მაგისტრალების მშენებლობა წარმოადგენს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის განხორციელების საფუძველს. ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საქართველოს კომსტიტუციის 21-ე მუხლის და მითითებული კანონის მე-3 მუხლის პირველი პინქტის შესაბამისად, “ბათუმი-ქობულეთის საავტომობილო გზისა და გვირაბის მშენებლობის უზრულველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 20.03.02წ. ბრძანებულებით აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს მიენიჭა ბათუმი-ქობულეთის მონაკვეთზე საავტომობილო გზისა და გვირაბის მშენებლობისას გასხვისების ზოლში მოხვედრილი კერძო საკუთრების ქონების ათვისების უფლება. აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭომ, “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამარღთლოს, რომლის 18.10.02წ. გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს მიენიჭა მოქალაქეების: კ. გ-ს, მ. და ი. ბ-ების, ნ. ძ-ის, ლ. გ-ის და ნ. ბ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ექსპროპრიაციის ერთჯერადი უფლება, სათანადო კომპენსაციით. ამდენად, აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს ექსპროპრიაციის უფლება, კანონის მე-3 მუხლის შესბამისად, მიენიჭა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებისა და სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე. სასამართლო გადაწყვეტილება შეიცავს საექსპროპრიაციო ქონების დეტალურ აღწერას და შესაბამის მითითებას კომპენსაციის გადახდის აუცილებლობის თაობაზე. საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის ბათუმი-ქობულეთის მონაკვეთზე საავტომობილო გზისა და გვირაბის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა პრესაში, ქ. ბათუმში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლების და შენობა-ნაგებობების გეგმის მიხედვით ათვისების თაობაზე 05.10.02წ. გამოქვეყნდა გაზეთ “ა-ში”.

აჭარის ა/რ უმარლეს სასამართლოში აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს განცხადების განხილვისას იმ პირებმა, რომელთა ქონების ნაწილი ექვემდებარებოდა ექსპროპრიაციას, მხარი დაუჭირეს სათანადო ანაზღაურების მიღებით მათი ქონების ექსპროპრიაციას, სასამართლო სხდომის ოქმის მიხედვით აღნიშნულ პირებს არ გამოუთქვამთ რაიმე პრეტენზია მინისტრთა საბჭოს მოთხოვნის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით. კასატორთა თანხმობა მათი ქონების ნაწილის ერთჯერადი ექსპროპრიაციის უფლების აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოსათვის მინიჭებაზე საკასაციო საჩივრებითაც დასტურდება, რომლებშიც კასატორები ადასტურებენ თანხმობას ქონების ექსპროპრიაციაზე და გამოთქვამენ პრეტენზიებს ქონების შეფასებასთან დაკავშირებით, კასატორების აზრით კანონის მოთხოვნათა დარღვევით არ მომხდარა საკუთრების ობიექტის შეფასება საბაზრო ფასების შესაბამისად, ქონება არ შეფასებულა დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ, აუდიტორული დასკვნა არის ცალმხრივი და არაობიექტური. საკასაციო პალატა კასატორთა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 18.10.02წ. გადაწყვეტილებით ექსპროპრიატორს მიენიჭა საზოგადოებრივი საჭიროებისათვის – გზისა და გვირაბის გაყვანა-მშენებლობისათვის საჭირო ქონების ჩამორთმევის ერთჯერადი უფლება სათანადო კომპენსაციის გადახდით. შესაბამისი ანაზღაურებით ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ მითითებას შეიცავს გასაჩივრებული გადაწყვეტილების როგორც სამოტივაციო ასევე სარეზოლუციო ნაწილები. საკასაციო სასამართლო კასატორთა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საკომპენსაციო თანხის და მისი გადახდის წესის შესახებ შეთანხმება, დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით ქონების აფასება, ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისად სავარაუდო საკომპენსაციო თანხის განსაზღვრა, “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” კანონის თანახმად, წარმოადგენს არა ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების, არამედ უფლების მინიჭების შემდეგ ექსპროპრიაციის განხორციელების აუცილებელ წინაპირობას. მოლაპარაკების დაწყება საკომპენსაციო თანხის და მისი გადახდის წესის შესახებ ექსპროპრიატორის მიერ მიმდინარეობს სასამართლოს გადაწყვეტილებით ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შემდეგ. კანონის თანახმად, ექსპროპრიატორის მიერ შეთავაზებული საკომპენსაციო თანხა არ უნდა იყოს ექსპროპრიატორის მიერ შეფასების შედეგად განსაზღვრულ თანხაზე ნაკლები. ამასთანავე, ქონების შეძენის შესახებ წინადადება უნდა ითვალისწინებდეს აგრეთვე იმ ქონების კომპენსაციასაც, რომლის ზომა, ფორმა და მდგომარეობა უმნიშვნელოა ან არაეკონომიურობის გამო – ნაკლებად ღირებული, მაგრამ დაკავშირებულია შესაძენ ქონებასთან და ამ ქონების გამოყენების გარეშე გამოუსადეგარია (6.4 მუხ.). ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხასთან დაკავშირებით, “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” კანონის მე-8 მუხლის მიხედვით, მხარეებს უფლება აქვთ სარჩელით მიმართონ სასამართლოს, ასეთ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია ქონების შეფასების მიზნით დანიშნოს დამოუკიდებელი ექსპერტი სსკ-ით დადგენილი წესით, რომელიც განსაზღვრულ ვადაში წარმოადგენს სასამართლოს დასკვნას საქსპროპრიაციო ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ. დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნის, აგრეთვე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე საექსპროპრიაციო ქონების საკომპენსაციო თანხის საბოლოო შეფასებას ახორციელებს სასამართლო. ამდენად, უმართებულოა კასატორ კ. გ-ს მოსაზრება სასამართლოს მიერ სსკ-ს 162-ე მუხლის (ექსპერტიზის დანიშვნა) დარღვევის შესახებ. საექსპროპრიაციო ქონების ღირებულების, კომპენსაციის ოდენობის საკითხი არ წარმოადგენდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილების განხილვის საგანს, სასამართლო გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს მიენიჭა კასატორთა უძრავი ქონების ექსპროპრიაციის უფლება, ქონების ღირებულების განსაზღვრა, საკომპენსაციო ზომები წარმოადგენენ ქონების ექსპროპრიაციის კანონით რაგლამენტირებული პროცესის შემდგომ ეტაპს, რის გამო საკასაციო საჩივრებში მოყვანილი მოსაზრებები იმის შესახებ, რომ არ მომხდარა საკუთრების ობიექტის შეფასება საბაზრო ფასების მიხედვით დამოუკიდებელი ექსპერტიზის მეშვეობით სცილდება ამ ეტაპზე სასამართლო განხილვის საგანს _ აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოსათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების საკითხს და არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კ. გ-ს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ განცხადება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ არის ხელმოუწერელი და აღნიშნავს, რომ თავად განმცხადებელს _ აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს პრეტენზია ამის თაობაზე არ გამოუთქვამს, საქმეში დაცულია ა/რ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი განცხადების ტექსტი, ნების გამოვლენა დასტურდება 18.10.02წ. ¹27/41 გაცემული მინდობილობით, რომელსაც ასევე ხელს აწერს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, მინდობილობის გამცემი ქ. ბათუმის მერიის იურიდიული განყოფილების გამგის მოადგილეს უფლებამოსილს ხდის მიიღოს მონაწილეობა სასამართლო პროცესში აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოზე ექსპროპრიატორის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით. უმართებულოა აგრეთვე კასატორ კ. გ-ს მოსაზრება მისი პროცესუალური უფლებების დარღვევის შესახებ. კ. გ-მ 16.10.02წ. მიმართა სასამართლოს პროცესის რამოდენიმე დღით გადადებასთან დაკავშირებით, ამასთანავე სასამართლოს მთავარ სხდომაზე პროცესის დაწყების წინ სსკ-ს 215-ე მუხლის შესაბამისად პროცესის მონაწილეებს მიეცათ განცხადებების ან შუამდგომლობის დაყენების წინადადება, შუამდგომლობა სხდომის გადადების შესახებ კ. გ-ს არ დაუსვია, საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის (სსკ-ს 291-ე მუხ.) დაცვით შენიშვნები სხდომის ოქმის მიმართ არ წარმოდგენილა. საფუძველს მოკლებულია აგრეთვე საკასაციო საჩივარში მოყვანილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ აუდიტი ქონების შეფასების ნაცვლად განსაზღვრა ქონების სამართლებრივი სტატუსი და მშენებლობებს უწოდა უკანონო, ასეთ შეფასებებს აუდიტორული დასკვნა არ შეიცავს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს, კოლეგიამ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი, ამდენად, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

საკასაცო პალატა სსკ-ს 47-ე მუხლის 1 ნაწილის საფუძველზე ათავისუფლებს კასატორებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კ. გ-ს, ლ. გ-ის, ნ. ბ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს. უცვლალდ დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 18.10.02წ. გადაწყვეტილება.

2. კასატორები განთავისუფლდნენ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.